reportiori.ge - ნიკო კახეთელიძე: „აღმშენებლობა“ პრობლემად შეუტრიალდა თბილისს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:01
ინტერვიუ
ნიკო კახეთელიძე: „აღმშენებლობა“ პრობლემად შეუტრიალდა თბილისს
ავტორი:
16 ივნისი, 2015. 11:22


„ვაკე ფაქტობრივად აშენებულია მიწაყრილზე და შესაბამისად, ასეთი ჩარევის შედეგად, თუკი წინასწარ გათვლილი დამზღვევი ღონისძიებები არ არსებობს, მოსახლეობა მუდმივი საფრთხის წინაშე დგება".


ნიკო კახეთელიძეს საზოგადოება იცნობს როგორც დედაქალაქის პრობლემატიკით დაინტერესებულ ურბანისტს, მას დღემდე აქვს რადიო „უცნობის" ეთერში საავტორო გადაცემა „აივნებიან ქალაქში", სადაც დედაქალაქის მოსახლეობისთვის აქტუალურ საჭირბოროტო საკითხებს უმაღლესი კომპეტენციით განიხილავენ. დღეს ნიკო კახეთელიძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსია, მასთან ინტერვიუ სწორედ ამ სამსახურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვით დავიწყეთ.


-ბატონო ნიკო, შემოსავლების სამსახურში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი პროექტების განხორციელება მუდმივი პროცესი უნდა იყოს, რა პროექტები მიმდინარეობს სადღეისოდ?


-ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შემოსავლების სამსახურში ხორციელდება, მთელი ამ სამსახურის არსებობის მანძილზე, ასეთი მასშტაბით არ განხორციელებულა. საუბარია რამდენიმე ახალი საბაჟოს მშენებლობაზე, - ეს არის ნინოწმინდის საბაჟო, კარწახის საბაჟო და ლაგოდეხის საბაჟო. ასევე, უკვე დავასრულეთ ყაზბეგის საბაჟო და გაფორმების ეკონომიკური ზონა ლილოში.


-ინფრასტრუქტული პროექტების განხორციელებისას დღევანდელი ხელისუფლება დადგა გარკვეული პრობლემების წინაშე, საუბარია ყოფილი ხელისუფლების პერიოდში დაწყებულ პროექტებზე, რომელთა რევიზიასაც გარკვეული დრო დასჭირდა.


-ყველა ეს პროექტი დაწყებულია დღევანდელი მთავრობის მოსვლამდე, ჩვენ არ შეგვიცვლია პროექტების შემსრულებლები, თუმცა, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ მათი დახვეწა. შემოსავლების სამსახურს გააჩნია ძალიან ბევრი ობიექტი, - ეს არის სერვისცენტრები, სამსახურის რეგიონალური ცენტრები, საბაჟოები, გაფორმების ეკონომიკური ზონები და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი მეურნეობაა.


არცერთი პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, არ ყოფილა სრულყოფილი, მეტიც, არცერთს არ ჰქონია ნორმალური პროექტის სახე. ხშირად, ის ტერიტორიები, რომლებზეც მშენებლობა მიმდინარეობდა, არ ყოფილა დამაგრებული შემოსავლების სამსახურზე და არც რაიმე ნებართვა არსებობდა ამ მშენებლობების. ბუნებრივია, ამ სიტუაციის გამოსწორებას გარკვეული დრო დასჭირდა. მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა მხოლოდ ჩვენთან, ეს პრობლემები იდგა ქვეყანაში მიმდინარე მეტ-ნაკლებად ყველა სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ტენდერები ტარდებოდა პროექტების გარეშე, არ იყო შესწავლილი ისეთი ელემენტარული საკითხები, როგორიცაა მაგალითად გეოლოგია და ასე შემდეგ.


მაგალითად, ლაგოდეხის საბაჟოს პროექტი ჩვენ ხელახლა გავიტანეთ ტენდერზე. წარმოიდგინეთ, წინა ტენდერით მოთხოვნა იყო რკინაბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა, პროექტში კი იდო ლითონის კონსტრუქციის აგება. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ და ვისაც მშენებლობასთან ჰქონია შეხება, დამემოწმება, რომ მსგავსი რამ წარმოუდგენელია, - სულ სხვა ხარჯებია და სულ სხვა პროცესი.


რეალურად, პრობლემა იყო მართვაში და არა შემსრულებლებში, ამ სისტემაში ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანი მუშაობდა და მუშაობს, თუმცა, ისინი იღებდნენ არასწორ დავალებებს, მაგალითად, 10 დღეში პროექტის დამუშავება წარმოუდგენელია, საბაჟო მრავალკომპონენტიანი ნაგებობაა, სადაც ძალიან ბევრი სპეციფიკაა გასათვალისწინებელი და მსგავსი პროექტის დამუშავება ერთ კვირაში წარმოუდგენელია.


საინტერესო და სახასიათო ფაქტი მოხდა ადლიის გეზის მშენებლობისას, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, სადაც ეს ნაგებობა უნდა აშენებულიყო, იყო კერძო პირის საკუთრება, ანუ სახელმწიფო ართმევდა ამ ადამიანს ქონებას. ჩვენ ბუნებრივია, გავითვალისწინეთ მესაკუთრის ინტერესები და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ადამიანი შესაბამისი ალტერნატიული ფართით დავაკმაყოფილოთ, რაზეც ის თანახმაა და მიესალმება ჩვენს გადაწყვეტილებას.


- პროექტების რევიზიის შედეგად, შეიცვალა თუ არა მათი ხარჯთაღრიცხვა?


- მე ვიტყოდი, რომ მოხდა ხარჯების ოპტიმიზაცია, ხშირ შემთხვევაში ხარჯები შემცირდა, თუმცა, იყო შემთხვევები, რომ არასრულყოფილი პროექტის არსებობის გამო, ხარჯები გაიზარდა. მაგალითად, ნინოწმინდაში არ იყო შესწავლილი გეოლოგიური მდგომარეობა და ჩვენ მოგვიხდა კოლოსალური მიწის სამუშაოების ჩატარება. რეალურად მოხდა ყველა პროექტის გადახედვა და მათი სრულყოფა. ჩვენ ვთანამშრომლობდით პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტების კომისიასთან, რომელსაც აქამდე დავით ნარმანია ხელმძღვანელობდა.


- ბატონო ნიკო, მსგავსი პრობლემა თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წინაშე იდგა, თქვენ ამ პროექტების ნაკლოვანებებზე რამდენიმე წლის წინ დაიწყეთ საუბარი, მაინტერესებს ამ პრობლემის თქვენი ზოგადი შეფასება, რატომ მუშაობდა ყოფილი ხელისუფლება ასე არაპრაგმატულად?


- სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე, მე აქტიურად ვადევნებდი თვალს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, ჩემი პროფესიისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ვაკეთებდი ამ პროექტების მონიტორინგს. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ყველაფერი კეთდებოდა სპონტანურად, წინასწარი გეგმის გარეშე. ხშირ შემთხვევაში, თავად პროექტის ხელმძღვანელისთვისაც არ იყო ნათელი, რას აშენებდნენ, არ იცოდნენ, როგორ უნდა აეშენებინათ, შესაბამისად, კოლოსალური ფინანსები იხარჯებოდა არამიზნობრივად.


- ბატონო ნიკო, გადავიდეთ დედაქალაქის პრობლემატიკაზე, რეალურად, თბილისის მერია ერთადერთი სტრუქტურაა, რომელსაც დღემდე ყოფილის ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიდგომების ნაკლოვანებებზე, რომელია ყველაზე მწვავე პრობლემები დედაქალაქში?


- თბილისის მერია იყო ერთ-ერთი ყველაზე დახურული ორგანიზაცია, საიდანაც ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იყო. ხშირად ვეცადე ამ სტრუქტურიდან გარკვეული ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ ამაოდ.


თბილისში ყველაზე მძიმე პრობლემა ეს არის ეკოლოგიის პრობლემა, კომუნიკაციების პრობლემა, - სანიაღვრე და საკანალიზაციო კოლექტორების გაუმართაობამ მსხვერპლიც კი გამოიწვია. კეთდებოდა გზები და ამ კომუნიკაციების გათვლა არ ხდებოდა, ეს რეალურად დღეს წარმოშობს პრობლემას. ინტენსიური 15-წუთიანი ნალექის შემდეგ დედაქალაქში მანქანით მოძრაობაც კი რთულდება. ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა სპონტანურად, ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გათვალისწინების გარეშე.


საქალაქო-სამეურნეო მშენებლობას აქვს ასეთი თვისება, - ხარვეზები თავს იჩენს წლების შემდეგ, ამიტომ, ამ საქმეში აუცილებელია ძალიან მარალი კვალიფიკაციის ადამიანების ჩართვა, რომლებიც გაითვალისწინებენ წლების შემდეგ მოსალოდნელ პრობლემებს. საქალაქო მეურნეობაში დაშვებული შეცდობების გამოსწორება გაცილებით დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული (ხშირად შეუძლებელიც კია მათი გამოსწორება), ვიდრე მშენებლობის ხარჯები შეიძლება იყოს.

 

- თქვენ ახსენეთ ეკოლოგიური პრობლემები, ამ საკითხზე საუბრისას აუცილებლად დგება დილემა, ეკოლოგია თუ ინფრასტრუქტურა. ამის საუკეთესო მაგალითია გმირთა მოედნისა და თამარაშვილის გამზირის დამაკავშირებელი გზა. ერთი მხრივ, განიტვირთა მოძრაობა, ხოლო მეორე მხრივ, განადგურდა დედაქალაქის ორი ყველაზე გამწვანებული ცენტრი...


- სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ კომუნისტებმა რატომ არ ააშენეს არაფერი და რატომ იქცა ეს ადგილები ბაღად, მათ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. იმიტომ, რომ იქ ძალიან რთული გეოლოგიური პროცესები მომდინარეობს. გარდა გეოლოგიისა, ეს ადგილი მდინარე ვერეს ხეობაა და ვერე ფაქტობრივად სარკოფაგში მოაქციეს, რაც ძალიან საშიში თემაა. ეს იმ ტიპის ჩარევაა, რომლის გამოსწორება წარმოუდგენელია. იქ გაიჭრა კლდე, რომელიც მუდამ იშლება და ჩამოიქცევა ახალ გზაზე.

აქაც იმ ტიპის პრობლემა იყო, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ამ გზის პროექტი დღესაც არ არსებობს. პროექტირება მიმდინარეობდა სპონტანურად, - უცებ ფურცელზე რაღაც კონკრეტული მონაკვეთი გამოიხაზებოდა, შემდგომ შემდეგი მონაკვეთი და ა.შ. ასეთი მიდგომა, მშენებლობაში ეს დაუშვებელია, მითუმეტეს, ეს არის ქალაქის ცენტრი და ეს არის ის ნაწილი, სადაც ქალაქისთვის ძალიან რთული კვანძია.


კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა არის ის, რომ ეს ხდება ვაკის მონაკვეთში, ვაკე ფაქტობრივად აშენებულია მიწაყრილზე და შესაბამისად, ასეთი ჩარევის შედეგად, თუკი წინასწარ გათვლილი დამზღვევი ღონისძიებები არ არსებობს, მოსახლეობა მუდმივი საფრთხის წინაშე დგება. დღეს პრობლემა ლოკალურად იჩენს ხოლმე თავს, ჩამოიშლება კლდე, იკეტება გზა და ხდება გაწმენდა, დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია აუცილებლად გამწვავდება.


- დედაქალაქის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებში ეკოლოგიური პრობლემატიკა წამყვანია, გავიხსენოთ დავით ნარმანიას „ერთი მილიონი ხის" პროექტი, რომელსაც გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რეალურად, სად არის ის რეზერვი, რის ხარჯზეც ეკოლოგიური სიტუაციის გამოსწორება შეიძლება?


- მერიას აქვს გარკვეული ტერიტორიები, რომელიც ძირითადად გადის ხოლმე აუქციონებზე და იყიდება. რეზერვი არის ზუსტად იქ, მერიამ სწორედ ეს ტერიტორიები უნდა აითვისოს და მათ ხარჯზე მოხდეს პრობლემის დაბალანსება. თუ ეკონომიკას ჩავხედავთ, თუ მერია გაყიდდა ამ მიწებს, ხსენებული მიწებისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც გამწვანებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, ვერ აანაზღაურებს იმ ეკოლოგიურ პრობლემას, რომელიც თბილისში არსებობს.


გარდა ამისა, უფრო მთავარია ის, რომ დედაქალაქის ურბანული განვითარების კონცეფცია მოერგოს ეკოლოგიურ პრობლემატიკას. ნებისმიერი პროექტის დამტკიცების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას მწვანე საფარის გაშენება კონკრეტული კორპუსის თუ სხვა ტიპის ნაგებობის ირგვლივ.


დღეს რა ხდება, მთელი აქცენტი დასმულია მოგების მაქსიმიზებაზე, მახსენდება გოგობაშვილის ქუჩა, აივნები, ფაქტობრივად, გადმოსულია საავტომობილო გზაზე. ასეთი მოდგომა ანგრევს ქალაქს და ანგრევს იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას.


ზოგადად, ქალაქი და ნებისმიერი დასახლებული პუნქტი უნდა იყოს საშუალება, სადაც მოსახლეობა თავს იგრძნობს კომფორტულად, - პროექტები ხორციელდება მოსახლეობისთვის. მაგრამ დღეს თბილისი ისეთ მდგომარეობაშია, რომ თითოეულმა მცხოვრებმა, პირიქით, უნდა მოიკლოს რაღაც იმისთვის, რომ ქალაქი გაჯანსაღდეს.


ეს ყველაფერი მიმდინარეობდა აღმშენებლობის ეგიდით. იყო რაღაც მშენებლობები, რომელიც კონკრეტული ადამიანების სურვილებზე იყო გათვლილი და რა შედეგს მოიტანდა ეს ქალაქისთვის, ამაზე არავინ ფიქრობდა. ანუ ეს „აღმშენებლობა" პრობლემად შეუტრიალდა თბილისს.


მშენებლობას, არქიტექტურას და ურბანულ ტემატიკას აქვს ერთი აქსიომატური მომენტი. იმას, რასაც შეცვლი რეფორმით, მაგალითად სოციალურ დარგებში ან ეკონომიკაში, აქ უკვე ვეღარ შეცვლი, ამას ვეღარაფერს უზამ. ეს არის ფაქტობრივად, ტვირთი, რომელიც გაწევს და მას ქალაქის ბიუჯეტიდან გამუდმებით სჭირდება სერიოზული ასიგნებები.




წყარო: bfm.ge, ლევან მარტაძე


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016