reportiori.ge - შალვა ოგბაიძე: თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსიარულე ბომბებად არის ქცეული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:54
ინტერვიუ
შალვა ოგბაიძე: თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსიარულე ბომბებად არის ქცეული
18 ივნისი, 2015. 15:00




საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე „რეპორტიორს" თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქში ამ მიმართულებით სავალალო მდგომარეობაა. ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსები და მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობა, გადატვირთული მიკროავტობუსები, საცობები და ტრანსპორტის რეგულარობის პრობლემა დღეს დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შალვა ოგბაიძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებისთვის გაუთვალისწინებელი ბიუჯეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.


„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მოგეხსენებათ, ყველა დიდი ქალაქი „ბორბლებზე დგას". საზოგადოების უმრავლესობა გადასაადგილებლად იყენებს ავტობუსს, მიკროავტობუსს, მეტროპოლიტენს და ბაგირგზას. სამწუხაროდ ამ საუკუნის დასაწყისიდან ტროლეიბუსმა და ტრამვაიმ შეწყვიტა არსებობა. დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უმძიმეს მდგომარეობაშია. ეს არის ყველაზე რბილი შეფასება, მე უფრო მკვეთრ შეფასებას გავიმეტებდი, ამ მხრივ დედაქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა. 600-მდე ყვითელი ავტობუსი, რომელიც ყოველდღიურად გამოდის ხაზზე, პრაქტიკულად რამდენიმე საათის, ერთ-ორი რეისის შესრულების შემდეგ ბრუნდება პროფილაქტიკაში, რათა კვლავ შეკეთებაზე დადგეს. საუბარი ზედმეტია გამონაბოლქვზე, ტექნიკურ გამართულობაზე. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსიარულე ბომბებად არის ქცეული.

 

პრობლემებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულარობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ დამონტაჟდა ტაბლოები, რომელიც გვიჩვენებს ამ ავტობუსების გრაფიკს, 6-7 ავტობუსი ერთდროულად იყრის თავს ერთ გაჩერებაზე. ამ სფეროს მართვა უდიდესი პრობლემაა.

 

აღარაფერს ვამბობ ტაქსზე, რომელიც დედაქალაქის სამართლებრივი ჩარჩოდან გასული ფენომენია. დღეს ტაქსის სერვისის სფეროში დასაქმება მოითხოვს თანხას, ფირნიშის საფასურს, რასაც ავტომობილს ზემოდან ამაგრებენ.

 

რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას მეტროპოლიტენზეც, რომლის მოძრავი შემადგენლობა და ესკალატორები სავალალო დღეშია. ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც მერიის და საკრებულოს წინაშე დგას.

 

სამწუხაროდ, წლევანდელ ბიუჯეტში არცერთი ახალი ავტობუსის შეძენის თანხა გათვალისწინებული არ არის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში არსებული სავალალო მდგომარეობა წელს კიდევ უფრო დამძიმდება", - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.


შალვა ოგბაიძე საუბრობს მერიასა და თბილისის მიკროავტობუსების კომპანიას შორის არსებულ კორუფციულ გარიგებაზე, რომლის შედეგიც მძღოლებს და მგზავრებს მძიმე ტვირთად აწვება. ოგბაიძის თქმით, გაფორმებული ხელშეკრულება მიკროავტობუსების კომპანიას განუსაზღვრელ უფლებებს აძლევს, რის გამოც მძღოლებს უმძიმეს პირობებში უხდებათ მუშაობა.


„ავტობუსი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ემსახურება, განკუთვნილია როგორც მგზავრის მჯდომარე, ისე ფეხზე დგომით გადაყვანისთვის. რაც შეეხება ყვითელ მიკროავტობუსებს, ამ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალულია ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა.

 

წინა ხელისუფლების დროს ერთგვარი გარიგება მოხდა, რომელიც შეიცავს აშკარა კორუფციის ნიშნებს. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას მისცეს განუსაზღვრელი უფლებები. თბილისის მერიას და ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მთელი სიმძიმე გადადის მძღოლზე და მგზავრებზე. ხაზგასმით ვამბობ, 21-ე საუკუნეში, თბილისში მძღოლი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი. მძღოლი არის უუფლებო, მას თითქმის ორ თვეში ერთხელ უზრდიან ყოველდღიურ გადასახადს, ისე, რომ ტარიფის ფასი არ იცვლება, ამიტომ მძღოლი იძულებულია, მგზავრები ფეხზე დააყენოს და არ ჩართოს კონდიციონერი. დღეს ჩვენი თანამოქალაქეები წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული კორუფციული გარიგების შედეგს იმკიან. სამწუხაროდ, მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა ამ ხელშეკრულების გადასინჯვას არ აპირებს". -აცხადებს შალვა ოგბაიძე.


დედაქალაქში არანაკლებ პრობლემას ქმნის გადატვირთული მოძრაობა ე.წ. საცობები. ოგბაიძე ამის მიზეზად თბილისის მერიის აღმასრულებელ ხელისუფლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახურის არარსებობას ასახელებს.


„საგზაო მოძრაობის ორგანიზების ერთ-ერთი პარამეტრის გაუარესების, ე.წ. საცობის წარმოშობის მიზეზი მრავალნაირია. ამ პრობლემას პირველ რიგში უნდა იდენტიფიცირება, როგორც კონკრეტულ ავადმყოფობას კონკრეტული დიაგნოზი და რეცეპტი სჭირდება, ასევე კონკრეტულ ადგილზე წარმოშობილ პრობლემას აქვს კონკრეტული ამოხსნა, ანუ „საცობებს" სჭირდება ერთგვარი მართვა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია მოძრაობის ორგანიზება და თუ ჩვენ გადავხედავთ თბილისის მერიის აღმასრულებელ ხელისუფლებას, აღმოვაჩენთ, რომ დედაქალაქს არ გააჩნია გარემოს დაცვის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახური", - აცხადებს შალვა ოგბაიძე.


საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს, მისი თქმით, საჭიროა სწრაფი მოქმედების გეგმა და გასატარებელი რეფორმების სტრატეგია. დღესდღეობით პრობლემის გამოსწორების გზებზე მხოლოდ ზოგადი ფრაზები ისმის. შლვა ოგბაიძეს თბილისის მართვის მენეჯმენტში არსებული ვაკუუმი მიაჩნია მერიის და საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ოგბაიძის თქმით, არსებული მდგომარეობის უგულებელყოფა დედაქალაქს კიდევ უფრო მძიმე შედეგამდე მიიყვანს.


„ერთია შეუიარაღებელი თვალით დანახული პრობლემები, რომელიც ხელისგულზე დევს, მეორეა მისი მოგვარების გზები. სამწუხაროდ, გამოსწორების გზებზე მხოლოდ ზოგადი ფრაზები ისმის. ამ ხელისუფლებას უკვე მესამე წელია, ამ კუთხით თითქმის არაფერი გაუკეთებია, უფრო მეტიც, გაუკეთებლობას კიდევ რაღაცნაირად შეეგუება კაცი, სფეროში გასატარებელი რეფორმების სტრატეგია არ ჩანს, არ არსებობს ამ სფეროში სწრაფი მოქმედების გეგმის მონახაზი .

 

თბილისის მასშტაბით ჩვენ გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე თითქმის ყველა სფეროსთვის შესაბამისი საქალაქო სამსახური, ეს არის კულტურის, განათლების, ჯანდაცვის სამსახურები, მაგრამ სამსახური, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა სატრანსპორტო სისტემებზე, საცობებზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ასეთი სამსახური არ არსებობს. მე ვსაუბრობ მენეჯმენტში არსებულ ხარვეზზე, თბილისის მართვის მენეჯმენტში არსებულ ვაკუუმზე, სწორედ ეს მიმაჩნია თბილისის მერიის და საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ეს სამსახურები, ხშირ შემთხევაში, დაკავებული არიან ყოველდღიური, ლოკალური საკითხებით, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია. არ არსებობს ხუთ-ათ წელზე გაწერილი გეგმა, რაც პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი გზაა. არსებული მდგომარეობის უგულებელყოფამ უკვე მიგვიყვანა იქ, სადაც ვართ, ეს არის საცობი, გზაში ნერვების დაწყვეტა, არაკომფორტული მგზავრობა, გამონაბოლქვი. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელობაა", - აცხადებს შალვა ოგბაიძე.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016