reportiori.ge - ანი მიროტაძე: ყოფილ ხელისუფლებას გადაწყვეტილებები ძალიან უპასუხისმგებლოდ აქვს მიღებული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:44
ინტერვიუ
ანი მიროტაძე: ყოფილ ხელისუფლებას გადაწყვეტილებები ძალიან უპასუხისმგებლოდ აქვს მიღებული!
ავტორი:
18 ივნისი, 2015. 20:06




რა ბედი ელის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ე.წ. ახალ გზას, აღიძრა თუ არა დედაქალაქში მომხდარი სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე საქმე, როგორი რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ სტიქიის დროს და რა გეგმები აქვს სამომავლოდ?


ამ და დედაქალაქში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ესაუბრა:


- ყველა გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო და გამოვხატო ჩემი თანადგომა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ თითოეული მოქალაქის თანადგომა მათთვის ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასევე მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო დაზარალებული მოქალაქეების მიმართ და გამოვთქვა იმედი, რომ მაქსიმალურად მალე მოხდება მათთვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი პირობების შექმნა. ადამიანებმა თავი საკუთარ პრობლემებთან მარტო არ უნდა იგრძნონ. ჩვენ ყველა ერთად ძალიან სერიოზულად დავზარალდით, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ ერთი მომენტი, როდესაც უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოვუაროთ ერთმანეთს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს და ვიდრე გადაწყვეტილებებს მივიღებთ დავფიქრდეთ ხოლმე, რა საფრთხის მომტანია იგი. ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისელების და არამარტო მათ მიმართ, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ამ დრომდე დგანან და ეხმარებიან თავიანთ თანამოქალაქეებს. ამ ძალიან მძიმე წუთებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ არნახული თანადგომა და გვერდით დგომა. მე ამაყი ვიყავი, როდესაც ამ ადამიანებს ვუყურებდი. ამ ახალგაზრდების მაქსიმალურმა ჩართულობამ მაფიქრებინა, რომ როდესაც ჩვენ გვყავს ასეთი მოქალაქეები, ყველაფერს დავძლევთ.

 

- რა აქტივობებს განახორციელებს პარლამენტი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის?


- ჩვენ ვიმსჯელეთ, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა, გარდა ადამიანური მხარდაჭერისა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოვყოთ მილიონი ლარი დაზარალებულთა დასახმარებლად. ასევე ჩვენ დავიწყეთ საკომიტეტო მოსმენები. მიმდინარე კვირაში გვექნება პირველი მოსმენა. ამ მიმართულებით რამდენიმე კომიტეტი დაიწყებს მუშაობას, ჩავრთავთ ექსპერტებს, გამოვიყენებთ საერთაშორისო გამოცდილებასაც. უნდა გავარკვიოთ, სად არის პრობლემა. თუ აღმოვაჩენთ, რომ მშენებლობებზე გაცემული ნებართვები არ არის შესაბამისი დასკვნებით გამყარებული, რასაკვირველია, ვიფიქრებთ, რომ კანონი გასამკაცრებელია. 


- ექსპერტები და გეოლოგები აცხადებენ, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზის მშენებლობამ და მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევამ გაზარდა სტიქიის სიმძლავრე და სწორედ ამან გამოიწვია მსხვერპლიც. რამდენად ემხრობით ამ ვერსიას და უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება აღნიშნული მიმართულებით?


- დღის წესრიგში დადგა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება. ალბათ, არ ვფიქრობდით ამაზე, ვიდრე სტიქიამ არ შეგვახსენა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, ხელისუფლება ზრუნავდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ნებისმიერი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება, ყველა რისკი უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გააზრებული, რომ ასეთი ფაქტის წინაშე აღარ აღმოვჩნდეთ. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში მაინცდამაინც დამნაშავეები ვეძებო, მაგრამ, ფაქტია, რომ საქმე გვაქვს რაღაც გადაცდომასთან, გაურკვევლობასთან, რომელმაც ეს მძიმე შედეგები გამოიწვია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ბოლო მძიმე შემთხვევა და მძიმე დღეები საქართველოში. უახლოეს მომავალში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები სტიქიის შესახებ ყველა კითხვას გასცემენ პასუხს, ვინაიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. კიდევ ერთხელ მინდა ვისურვო, რომ  ჩვენ ყველანი ვიზრუნებთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.


პასუხი, თუ რა და რატომ მოხდა, გვექნება მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე დასრულდება და ფაქტობრივი გარემოებები შეიკრიბება. ვფიქრობ, ამ პროცესში აუცილებელი გახდება სპეციალისტების ჩართვაც, ვინაიდან მათი კომპეტენტური დასკვნაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ ეს იყო სტიქია, მაშინ ეს იქნება კარგი მაგალითი, რომ სტიქიისთვის ნებისმიერი ქვეყანა უფრო უკეთ უნდა იყოს მომზადებული. მაგრამ, თუ ეს იყო გამოწვეული გარკვეული სხვა ფაქტორებით, რომელმაც განაპირობა სტიქიის გამძლავრება, რასაკვირველია უნდა დადგეს საკითხი, რომ უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

- რამდენად კმაყოფილი ხართ სახელმწიფო უწყებების მუშაობით? საზოგადოებაში ვრცელდება განცხადებები, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურმა რეაგირება დაიგვიანა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?


- ზოგადად არასდროს ვარ კმაყოფილი, როდესაც ასეთი მძიმე შედეგი დგება, თუმცა არცერთი ფაქტი არ მაქვს, რომელიც მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა. ახლა  ვიღაცას უნდა, რაღაც დაგვაბრალოს, მათ შორის ყოფილ ხელისუფლებას, რომელსაც ყველა გადაწყვეტილება ძალიან უპასუხისმგებლოდ აქვს მიღებული. მაგრამ, მიმაჩნია, რომ მათ პრეტენზიების უფლება არ აქვთ. ვფიქრობ, რომ მთელი რესურსია ჩართული, რომ ადამიანების დახმარება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. როდესაც ამ პროცესებს დავასრულებთ, მეორე დღიდანვე საჭიროა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გარემოზე ზემოქმედება არ მოვახდინოთ და ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ.

 

- რა ბედი ელის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ე.წ. ახალ გზას?


- „ახალი გზა" ცოტა ხნით დაკონსერვდება, რადგან ეს საკითხი სადავოა. სპეციალისტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ამ გზის მშენებლობა არ უნდა მომხდარიყო. რატომ არ უნდა მომხდარიყო, ან როგორი უნდა იყოს სამომავლოდ, ესაა გასარკვევი და იქამდე გზა დაკონსერვდება. რაც შეეხება სვანიძის ქუჩას, იქ შემოწმდება სახლების ვარგისიანობა, ნიადაგის მდგომარეობა და შემდეგ გადაწყდება მოსახლეობის ბედი. მაქსიმალურ კონრტოლზეა ეს საკითხები აყვანილი.

 

- ზოოპარკის გადატანის საკითხი თუ განიხილება აქტიურად?


- ბოლო წლების განმავლობაში სულ მესმოდა, რომ ზოოპარკი არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრში. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ზოოპარკი აქ არ უნდა ყოფილიყო. გასაგებია, რომ მთელი ბავშვობა აქ გვაქვს გატარებული და გვიყვარდა ეს ადგილი, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და რაღაცები იცვლება. ასევე აცხადებენ, რომ უგულავას უნდოდა გადატანა და აქციები გაუმართეს და არ მისცეს საშუალება. ეტყობა, „ნაციონალებს" მყარად არ ჰქონდათ გადაწყვეტილი გადატანა, თორემ არცერთ აქციას მათთვის არასდროს ხელი არ შეუშლია. საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ უნდა შეირჩეს შესაბამისი ტერიტორია, სადაც ახალი ზოოპარკი განთავსდება. ეს არ არის პრობლემა, პირიქით ამით მეტნ-აკლებად მოგვარდება საფრთხე.


- რა თანხებით აანაზღაურებს ხელისუფლება სტიქიის შედეგად არსებულ ზარალს და ხომ არ იმოქმედებს ეს ყველაფერი სოციალურ პროექტებზე?


- ცენტრალურ მთავრობას აქვს სარეზერვო ფონდი, სარეზერვო ფონდი აქვს ასევე დედაქალაქის მთავრობას, პრეზიდენტს. ჩვენ, ასევე, დონორების დახმარების იმედი გვაქვს. არ ვფიქრობ, რომ ზარალი იმხელაა, რომ თანხა ვერ შეგროვდეს და სოციალურ პროექტებს მოაკლდეს. 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016