reportiori.ge - ნანა კაკაბაძე - ის, რაც არასდროს უთქვამს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:52
ინტერვიუ
ნანა კაკაბაძე - ის, რაც არასდროს უთქვამს...
20 ივნისი, 2015. 14:58


მედიაჰოლდინგ რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის - რეპორტიორის თვალით..." სტუმარია უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:




 

- ქალბატონო ნანა, თქვენი ცხოვრება, ერთი შეხედვით, ადამიანის უფლებების დაცვისთვის ცხოვრებაა. რატომ აირჩიეთ ეს გზა?

 

- ეს ყველაფერი თავისით მოხდა. ყველაფერი 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ამ დროს საქართველოში ფეხს მოიკიდა და გაძლიერდა დისიდენტური მოძრაობა, რომელშიც იყვნენ თვალსაჩინო და გამორჩეული ადამიანები. მათ შორის იყვნენ - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვები.


როგორც ამბობენ, ჩვენ ვიყავით იმ დროს ყველაზე პატარა, ახალგაზრდა დისიდენტები საბჭოთა კავშირში. ჩვენი გუნდი ძირითადად გოგონებისგან შედგებოდა. მე და  თამრიკო ჩხეიძე, გამორჩეული თავისი ცხოვრების სტილით და განათლებით, ბედმა შეგვყარა და 70-იანი წლების ბოლოს ჩემს ცხოვრებაში დაიწყო პერიოდი, რომელიც უკავშირდებოდა პოლიტიკურ კატაკლიზმებს - აქციებს, დაპატიმრებებს, გადასახლებებს... ამ პერიოდში  ბრძოლა მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ქართული ენის, ტრადიციების დასაცავად, დამოუკიდებლობისთვის. აი, ამ ღირებულებების ირგვლივ იყვნენ გაერთიანებულები დისიდენტები.  


ყველაფერი სპონტანურად მოხდა... ალბათ, ყველაფერი უფლის ნებაა. დაახლოებით 1977 წელს გავხდი სიონის მრევლი. ამ დროს ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლად მოდის ილია მეორე. ამ პერიოდში სიონი გადაიქცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების თავშესაფრად. ასე გავიცანით ერთმანეთი მე, ზვიად გამსახურდიამ, თამრიკო ჩხეიძემ, მარიკა ბაღდავაძემ, მარინა კოშკაძემ, გია ჭანტურიამ, მამუკა გიორგაძემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და ძალიან ბევრმა...


ჩვენი პირველი საქმე ჟურნალისტ ნაზი შამანაურის საქმე იყო. ჩვენ გვყავდა მეგობარი, ინგილო თამრიკო, რომელიც მე-9 საავადმყოფოში მუშაობდა. მან გვითხრა, რომ მათთან ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გადმოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, რომელიც სასუნთქ აპარატზე  იყო შეერთებული. თამრიკო ამბობდა, რომ ამ ახალგაზრდა ქალს სხეულზე აღენიშნებოდა წამების კვალი. ყველაფრი საეჭვოდ იყო.  


იმ დროს ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ კომუნისტები ფსიქიატრიულ საავადმყოფოს იყენებდნენ, როგორც სადამსჯელო დაწესებულებას. დავეჭვდით, ხომ არ იყო ეს გოგო სხვაგვარად მოაზროვნე. ჩვენ მაშინვე დაიწყეთ საქმის შესწავლა.


როგორც ინგილო თამრიკომ გაარკვია, ნაზი შამანაური „ვაჟაობაზე" დაუკავებიათ.  ძალიან მალე თამრიკომ შეგვატყობინა, რომ ნაზი გარდაიცვალა. ამავდროულად გვითხრა, რომ ნაზის დედა იმყოფებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.


მაშინ მოვითხოვეთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შეშვება და მოხერხდა, რომ გვენახა ნაზი შამანაურის დედა. შემზარავი შთაბეჭდილება დაგვრჩა  -  ეს ქალბატონი იყურებოდა აბსოლუტურად ცივი თვალებით, გვეგონა, რომ საერთოდ ყრუ-მუნჯი იყო, სიტყვას არ ამბობდა... რადგან ნაზიზე ველაპარაკებოდით, მან იფიქრა, რომ ხელისუფლებისგან მიგზავნილები ვიყავით, რის გამოც პირს არ აღებდა საერთოდ. იყო შეშუპებულიც, ალბათ მედიკამენტებისგან და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის ამ მედიკამენტების გამო ვერ მეტყველებდა.


გვიანობამდე დავრჩით და გვიან მოგვიწია ნაზის დედასთან გასაუბრება, რომელიც აღწერდა უსაშინლეს სიტუაციას. ის გვიყვებოდა, როგორ აწამებდნენ მის შვილს გვერდით ოთახში, როგორ კიოდა ის და ითხოვდა შველას -  მეძახდა და მე ვერაფრით ვეხმარებოდიო. არ მგონია, ახლა ცოცხალი იყოს, იმიტომ, რომ მისი ხმა - ტირილის და ტკივილის აღარ მესმისო... რაღაც დროის მერე, ჩვენ იძულებულ გავხდით, მისთვის გვეთქვა, რომ ნაზი გარდაიცვალა.


ნაზის დედა ჩვენი თავდებობით გაათავისულეს და დუშეთში წავიყვანეთ. მან მოგვცა ნაზი შამანაურის დღიურები, ჩანაწერები... ეს არის ყოველაფერი, რასაც ჩემი შვილი ფიქრობდა და რის გამოც მოკლესო.


გადაწყვეტილი გვქონდა ნაზი შამანაურის სამოქალაქო პანაშვიდის გადახდა, რაშიც ინტელიგენციის გარკვეული ნაწლი მიიღებდა მონაწილეობას და გვინდოდა მისი ამ სახით დაკრძალვა.  ასეთი პანაშვიდი, ფაქტობრივად, მზად იყო, მაგრამ  ნაზის დედამ მეორე დღესვე გაწყვიტა ჩემთან კონტქატი და საერთოდ აღარ უნდოდა ჩვენი ნახვა და ნაზის დაკრძალვას, ისე, როგორც ჩვენ ვაპირებდით, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. არ ვიცი, რა ჰქონდა დედამისს დასაკარგი, მაგრამ როგორც ჩანს, სიკვდილის შიში ძლიერია და თან იმასაც ამბობდა, არ ვიცი, რას უზმენ ჩემი შვილის საფლავსაც კიო. სულ ამას გეკითხებოდა - ჩემი შვილის საფლავს ხომ არ წამართმევენო? ჩვენ მას დავემორჩილეთ...


რადგან არ გამოვიდა პომპეზური დაკრძალვა, გავაკეთეთ პროკლამაციები, რაზეც ნაზის ამბავი დავწერეთ, რომ ის მოკლულ იქნა და ეს ამბავი  გავავრცელეთ ხალხში. ნაზი შამანურის საქმე დღემდე ცნობილ საქმეს დარჩა თავისუფალ საქართველოში, რომელიც ბევრმა ადამიანმა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგვარად გამოიყენა.


ეს საქმე იყო იმის მაგალითი, თუ როგორ უსწორდებოდნენ სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს საბჭოთა ქვეყანაში.  


დაკრძალვის მერე დღიურებზე მუშაობა დავიწყეთ. მისი დაბეჭდვა და გავრცელება გვინდოდა, რაზეც ოჯახის თანხმობას ველოდით. გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ჩვენს საქმიანობასაც იგივე შედეგი ელოდა, რაც ნაზის საქმიანობას, იმიტომ, რომ როცა ნაზი შამანაურის დღიურებს ვკითხულობდით, იქ მართლაც არ იყო იმაზე დიდი „დანაშაული", რასაც ჩვენ ჩავდიოდით.  


ჩვენი უნივერსიტეტების ხელმძღვანელობამ მალე იგრძნო ის ძალა, რომელიც გაგვიჩნდა ახალგაზრდობას.


ამის მერე  იყო 1978 წლის აქცია, ქართული ენის დაცვის მიზნით, რასაც ქართველი ხალხის გამარჯვება მოჰყვა. ამ ამბიდან ერთი წლის მერე გადავწვიტეთ, ამ აქციის წლისთავი აღგვენიშნა.


დავბეჭდეთ პროკლამაციები, რომლებიც გავავრცელეთ უნივერსიტეტში. 14 აპრილს ყველას ვეპატიჟებოდით სვეტიცხოველში. ამ დღის ლოცვის დღედ გამოცხადება გადავწყვიტეთ.  ძალიან ბევრ სტუდენტს ველოდით მცხეთაში, მაგრამ ვხედავთ,რომ არავინ არ ჩამოდის. უკვე გვეგონა, რომ არ შედგა ღონისძიება, რადგან სტუდენტები არ გამოუშვეს, ამ დროს მორბის რამდენიმე ახალგაზრდა და გვეუბნებიან, რომ ყველაფერი რიგზეა, ტივები შეკრეს და გადმოდიან სტუდენტებიო. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებამ გზები გადაკეტა, მაგრამ ამ სტუდენტებმა ტივები შეკრეს მტკვარზე და გადმოდიოდნენ. მოკლედ, ძალიან კარგი ღონისძიება შედგა, რომელიც არ დარჩენილა დაუსჯელი.


ღონისძიების მერე მსვლელობით წამოვედით და არსენას ძეგლს რომ მივუახლოვდით,  მილიციელები უკნიდან მოგვეპარნენ, დაგვაკავეს და მე, თამრიკო და მარიკა აღმოვჩნდით მილიციის მანქანაში და, ფაქტობრივად, გაგვიტაცეს. მიგვიყვანეს საპატრიარქოს გვერდით, სადაც იყო მაშინ მილიციის შენობა. ღამის სამ საათამდე ვიყავით იქ. ჩვენს წინააღმდეგ აღძრეს საქმე, როგორც ბოროტი ხულიგნობა - 120 მილიციელის ცემის ფაქტზე. უმეტესობა თურმე მე და თამრიკოს გვიცემია. გაგვასამართლეს მე, თამრიკო, მარიკა და ირაკლი წერეთელი.


- რამდენი წელი მოგისაჯეს?

 

- 5 წელი მოგვისაჯეს, 2 წელი ვიყავით ციხეში. მერე ამნისტია შეგვეხო. მაშინ 21 წლის ვიყავი.


- როგორ გახსენდებათ ციხეში გატარებული დღეები?

 

- ყველაფერი ძალიან კარგად და ძალიან თბილად მახსენდება.  თავდაპირველად, როცა  დაგვაკავეს, არ უთქვამთ, რომ დაპატიმრებულები ვიყავით. მე-5 იზოლატორში მიგვიყვანეს, რომელიც უკვე დანგრეულია. ნაზი შამანაურის ინციდენტის მერე, მეგონა, რომ ჩვენც ფსიქიატრიულში მივყავდით. რომან გვენცაძის კაბინეტში ვისხედით, როცა მას დაურეკეს ცეკადან და  როცა უთხრეს - უნდა დავაპატიმროთო.


პირველად, წინასწარი დაკავების საკნებში უნდა წავეყვანეთ. რომანმა მითხრა, რაც არ უნდა მოხდეს, სულ რომ ამაფეთქონ, შენ და თამრიკოს ვერ დაგაშორებთ, ერთად იყავით, თუნდაც ერთი ღამე, თორემ, მერე, ერთმანეთს როდის შეხვდებით ცხოვრების მანძილზე, არავინ იცის, ამიტომ ეს ღამე მაინც დაგამახსოვრდებათო. შესვლისას რომან გვენცაძეს ვუთხარი - დიდი მადლობა ამ დღისთვის-მეთქი. თამრიკომ არ იცოდა, ჩვენი ერთად შესვლა რომ არ შეიძლებოდა და მითხრა - რა სისულელეს აკეთებ, რატომ უთხარი მადლობა?! გვიჭერენ და მადლობას ეუბნებიო?!


საკანში ერთი ქალი იყო, ე.წ. ნასედკა, რომელსაც ჩვენთვის თვალყური უნდა ედევნებინა. საუბრის შინაარსი კი არ აინტერესებდა მაინცდამაინც, უბრალოდ, თავი რომ არ მოგვეკლა ან რამე ასეთი... ჩვენ ამ დროს ასეთ რამეებზე საერთოდ არ ვფიქრობდით. თამრიკო ამბობდა - ხომ ხედავ, დაიკეტა ეს კარი, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ დაიკეტა ყველაფერი. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გარესამყარო არსებობს, იმიტომ, რომ თუ ჩვენ გარესამყაროზე ვიფიქრებთ, ყოველთვის იქნება ლტოლვა გარესამყაროსკენო. როცა ადამიანი კვდება, ის თავის ცხოვრებას სხვაგან იწყებს, აი, ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ცხოვრებას აქ ვიწყებთო. მე ასე ვფიქრობდი... რაღაცნაირად გადამავიწყდა, რომ გარეთ, საერთოდ, რამე არსებობდა...


ის ღამე გავათენეთ. მიგვიყვანეს მე-5 იზოლატორში. ჩვენ გვეგონა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიგვიყვანეს. პატიმრებს კი ეგონათ, რომ რადგან მთელი მთავრობა გვახლდა, ჩვენ ვიყავით კომისია. ცალ-ცალკე საკნებში გადაგვანაწილეს.


ჩემს საკანში რომ შევედით, პატიმრები აიწურნენ, ამხელა თანამდებობის პირები ცხოვრებაში არ ჰყავდათ ნანახი.  მაშინ მთავრობის პირებს მიუწვდომელ, ხელშეუხებელ ნაწილად აღიქვამდნენ.


საკანში შესვლისას, პატიმრებს რომ შევხედე, მეგონა, რომ ეს იყო ამ ადამიანების ავადმყოფური გამოხედვა, იმიტომ რომ ვთვლიდი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიყავი. დამტოვეს, კარი მიიხურა, მაგრამ არ ჩაიკეტა. როგორც მერე მითხრეს, პატიმრები ფიქრობდნენ, რომ მე კომისიის წევრი ვიყავი და მათთვის კითხვები უნდა დამესვა.


დავრჩი, ვუყურებ და ვფიქრობ  - როგორ უნდა ველაპარაკო ფსიქიკურად შეშლილ ადამიანებს?! მერე იმედი გამიჩნდა, იქნებ ყველა არ არის შეშლილი და ვინმე პოლიტიკურიც ზის-მეთქი... აი, ამ გაუგბრობაში ვარ და ამ დროს მეუბნება ერთ-ერთი პატიმარი - ხომ არ დაბრძანდებით, რომ დავიწყოთო. შემეშინდა, ნეტა რა უნდა დაიწყოს ამ ადამიანმა-მეთქი.  სად-მეთქი, ვკითხე და მიმითითა, აი, აქო, გრძელი მაგიდა  იდგა. ვფიქრობ, რას მიპირებენ, ნეტა ამ მაგიდაზე არ დამაკრან და რამე არ ქნან-მეთქი... მოშორებით ნარზე დავჯექი. ბოლოს, რომ მითხრეს, რამდენი წუთი გაქვთო, აი, მანდ ვიფიქრე, ესენი სულ გაგიჟებულან-მეთქი... ვუთხარი, რომ ჩემს იქ ყოფნას მე არ ვწყვეტდი... ბოლოს ვკითხე, თქვენ რამდენი ხანი იქნებით-მეთქი? ჩამოთვალეს, მე ამდენი მაქვს მოსჯილი, მე ამდენიო... გამიკვირდა - რას ჰქვია მოსჯილი, ციხე ხომ არ არის-მეთქი?!  და ეს იყო მომენტი, როცა პატიმრებმა ჩათვალეს, რომ მე ვერ ვიყავი კარგად და  მიპასუხეს, კი, ეს ციხეაო... გაოგნებული ვეკითხები - ეს ფსიქიატრიული არ არის-მეთქი? არა, ციხეაო და მახსოვს, როგორ გადავეხვიე ჩემს გვერდით მდგომ ქალს და ვკოცნიდი -  რა კარგია, რომ ციხეში მოვხვდით-თქო... ამის მერე მოვუყევი ჩემი ამბავიც...


იმ დროს ციხის უფროსი მიბოდიშებდა, კიდევ კარგი, ისეთი პერიოდია, კარგი ხალხი დააპატიმრეს, მაგალითად, შამპანურის ქარხნის თანამშრომლები, მეცნიერ-თანამშრომლები, უნივერსიტეტის ხალხი ზიანო... ეს ხალხი მაშინ კორუფციისთვის იჯდა.


იგრძნეს, რომ ჩვენ, სხვა ადამიანები მოვხვდით სხვა სამყაროში და ყველა ცდილობდა, რომ შეექმნათ გარემო, რომელიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნებოდა. საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება დღეს არ არის და ყველაზე მეტად ეს მტკივა... როცა ჩემს წარსულს ვიხსენებ, აი, ეს მახსენდება განუმეორებლად... როცა სააკაშვილმა ომი გამოუცხადა ე.წ. კანონიერ ქურდებს, ჩემს თვალში ისეთები იყვნენ, როგორებიც მე ისინი ციხეში დამხვდნენ და მოგიყვებით, როგორები იყვნენ ისინი...


ციხეში პრაქტიკანტი გოგონები იყვნენ. მათ საკნამდე უნდა მივეყვანეთ. ამ გოგონებმა იცოდნენ, ვინ ვიყავით. ერთ დღეს ერთ-ერთი მოდის და ყურში მიჩურჩულებს - ნანა, თქვენთან „პადაგრევიაო".  ვფქრობ, ნეტა ეს „პადაგრევია" რა არის-მეთქი. არ შევიმჩნიე, ისედაც ბევრი რამ არ ვიცოდი და   ესეც რომ არ ვიცოდი, არ ვთქვი.  


ამ დროს ციხეს რუსის ყველაზე აგრესიული ბატალიონი იცავდა, ამ დროს ციხეში შემოვიდა ეს  ე.წ. პადაგრევი და ეს გოგონა დაინტერესდა და მეკითხება -  ხომ არ იცით, ვის შეიძლება გამოეგზავნა ამ სიტუაციაში „პადაგრევი".  გამოგზავნა რომ გავიგე რაღაცის, ოჯახის გარდა ვის შეიძლებოდა რამე გამოეგზავნა და ვუთხარი, როგორ არა - მამაჩემი-მეთქი. მამათქვენი ქურდიაო? - გადავირიე, ლამის რაღაც ჩავარტყი, - რა ქურდი, მამაჩემი გეოლოგია-მეთქი. პასუხიც არ გამცა,  მიხვდა, რომ აზრზე ვერ მოვედი. მე კი ძალიან გავბრაზდი, ამ თავხედმა როგორ მითხრა - მამაშენი ქურდიაო... რადგან მე ციხეში მოვხვდი, მამაჩემს  რა აკადრეს-მეთქი...


შევედი საკანში. ყველა ფეხზე დგას ჯარივით. ყველა რაღაცას მანიშნებს თვალით, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მეუბნება.  ბოლოს ყველა ერთად მომიახლოვდა და ჩურჩულებენ - ნანა, შენთან „პადაგრევიაო" მოსული და  სანამ არ დაღამდება და დაბნელდება, მანამდე ვერ გაჩვენებთო.


დაღამდა, სინათლეები ჩააქრეს... მოკლედ, დაძინების დრო მოვიდა. მიმიყვანეს საწოლთან და მეუბნებიან  - აი, ამ „ადიელის" ქვეშ დევსო შენი „პადაგრევი".  არ ვიცოდი, რა მექნა და იდოს-მეთქი, ვუთხარი.  რას ამბობო, - შეიცხადეს. აბა რა უნდა ვუქნათ-მეთქი? - უნდა შეჭამოო. დისიდენტობის დროს, პროკლამაციებზე როცა იჭერდნენ, ახალგაზრდები ამ პროკლამაციებს ჭამდნენ, რომ არ ეპოვათ. ვფიქრობდი, ახლა აქ რა იყო ისეთი, რომ უნდა შემეჭამა. ცხოვრებაში არ მიჭამია ქაღალდი და ჯერ ამაზე ვფიქრობ და ვიკითხე - მარტო მე-მეთქი?  რა ვიცითო... - მხრები აიწურეს, - შენი გადასაწყვეტიაო.  


გადახსნეს ეს ადიელა და რაც ვხედავ - ტორტი, შოკოლადები, კანფეტები და წერილი... გაოცებულმა ვიკითხე, ეს ვინ გამომიგზავნა-მეთქი და მითხრეს, „ქურდებმა" გამოგიგზავნესო. მაშინ მივხვდი, რატომ მკითხა იმ გოგონამ - მამაშენი ქურდიაო?  კიდევ უფრო გაოცებულმა ვიკითხე - მე რატომ გამომიგზავნეს „ქურდებმა" და  - თავიანთი პატივისცემა გამოავლინესო.  მერე მითხრეს, იცით, ეს რა დაუჯდებოდათო ქურდებსო? არ ვიცი-მეთქი. კარგი, თუ არ იცი, მაშინ არ არისო საჭირო და ეს ასევე დამთავრდა...


ამის მერე უდიდეს ყურადღებას ვგრძნობდი... იმ ტორტში წერილი იყო. წერილში ეწერა - ნანა, კომუნისტები ამაზე მეტად არ გაწითლდებიან და დროა, მარტო აქ ყოფნაზე კი არა, გასვლაზეც იფიქროო.. ამაზე მეტი არ შერცხვებათო. ვერაფერი გავიგე...


ამის მერე მოხდა ასეთი რამ - ამ ციხის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ გაითხარა გვირაბი, ორი „ქურდი" გადმოვიდა ჩვენს კორპუსში, ერთი ჩემი მოგვარე იყო - კაკაბაძე. ჩვენს ქვემოთ „ბალნიჩკა" იყო, სადაც გათბობის მილი ჩადიოდა დაბლა. ამ მილში ქლიბით იმუშავეს და ფურცელი ამოაძვრინეს - ამ წერილით შემატყობინეს - შუაღამისას მზად  იყავითო... ვერ მივხვდი, რა იყო ეს მზადება. მერე, როგორც გვითხრეს - ქურდებს გზა გაუკეთებიათ ჩვენს გასაყვანად. მაშინ მივხვდი, რომ ისინი კიდევ არ იყვნენ აზრზე, ჩვენ რა საქმეზე მოვხვდით იქ და ვუთხარით, რომ ჩვენ ჩვენი ფეხით, ჩვენი საქმიანობის გამო მივედით იქ და შესაძლოა, მოვმკვდარვიყავით, მაგრამ გაპარვით ვერ გავიპარებოდით. თან პასუხისმგებლობა ვიგრძენით...


ბოლოს გვითხრეს, თქვენ გახვალთ თუ არ გახვალთ, გვირაბი გათხრილია, ეს გზა უნდა შედგესო... შემზარავი ღამე იყო. იქ მსხვერპლიც იყო... არც ვიცი, საერთოდ თუ ვინემ გადარჩა ამ გაქცევის შედეგად... 


ციხეში ბევრი ძალიან მძიმე ღამე იყო, მაგრამ ეს განსაკუთრებით მძიმე იყო.  მძიმე იყო ის ღამეები, როცა ციხეში ხდებოდა დახვრეტები, თუმცა, არავინ იცოდა, როდის იყო დახვრეტის დღე. ეს დღე გასაიდუმლოებული ჰქონდათ. ამ დღეს ციხეში ხდებოდა რაღაცა უჩვეულო. იდუმალი სიჩუმე ისადგურებდა, ალბათ, ისეთი სიჩუმე, სიკვდილს რომ ახლავს თან.  ყველამ იცოდა, რომ ამ დღეს ვიღაცები გაიყვანეს დასახვრეტად. ამას გრძნობდა ყველა...


- ამ წლებმა რა გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენზე, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაზე?

 

- მივხვდი, რა არის მთავარი ცხოვრებაში.  მივხვდი, საერთოდ, რატომ შექმნა უფალმა ადამიანი... კი არავის ვუსურვებ ოდესმე, რომ პატიმარი იყოს, მაგრამ - ორი გზა არსებობს ცხოვრებაში - მარტო ის გზა არ არის ცხოვრებაში, რასაც ადამიანების უმეტესობა გადის, არსებობს მეორე გზაც, ეკლიანი, რომელსაც პატიმრები გადიან. ვისაც ეს გზა არ აქვს გავლილი, მგონია, რომ არ  არიან სრულფასოვანი ადამიანები.  ცუდი გაგებით კი არ ვამბობ, უბრალოდ, ამ ადამიანებს არ შეუძლიათ, ცხოვრება სრულად აღიქვან. ისინი სამყაროს მხოლოდ ნაწილს იცნობენ... ამიტომ, ჩემთვის ის ადამიანები არიან ღირებულები, რომლებსაც ცხოვრების ორივე გზა აქვთ გავლილი და საინტერესოა ასევე, როგორ აქვთ ეს გზა გავლილი, იმიტომ რომ, შეცდომებისაგან არც ერთ გზაზე არ ხარ  დაზღვეული...  


ინტერვიუს ვიდეოვერსია:

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016