სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის პარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები და ბავშვები დალოცა. პატრიარქმა მათ სიტყვითაც მიმართა.
„ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ მძიმე დღეები ყოფილა საქართველოში, თუნდაც ჯალალ ედ დინის შემოსევის დროს, როდესაც ააოხრეს თბილისი, ქართველი ხალხი არ გაუტეხია მტერსაც. მტერს უნდოდა ქართველი ადამიანის ხერხემალში გადატეხა, მაგრამ ეს ვერ შეძლო", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა, შესაძლებელია დაიძლიოს შრომით და ერთობით. "ამ დღეებმა გვაუწყეს ჩვენ, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა", - განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ის მადლობელია უფლის, რომ ქართველ ერს ერთად ყოფნის ძალა მისცა და უფალმა აკურთხა ჩვენი ერი. პატრიარქმა დალოცა კრწანისის პარკში მყოფი ადამიანები და სრულიად საქართველო. "არ შეგეშინდეთ, ჩვენთან არს ღმერთი!", - ბრძანა პატრიარქმა.
სტიქიით დაზარალებულებს სასულიერო პირებმა ზეთი აცხეს და საჩუქრად ხატები და ჯვრები გადასცეს. დაზარალებულებს ასევე გადაეცათ სხვადასხვა სახის ტკბილეული.
კრწანისის პარკში მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის და საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და მათი ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მოეწყო. ღონისძიებას დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)