ვის ეკისრება თბილისში მომხდარ სტიქიაზე პასუხისმგებლობა, რატომ არ უნდა გამართოს საქართველოში კონცერტი ჯგუფმა „Placebo"-მ, ვინ ააგორა პატრიარქის წინააღმდეგ კამპანია, ამ და დედაქალაქში მიმდინარე სხვა პროცესებზე „რეპორტიორს" „თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა:
- ამ ტრაგედიის შემდეგ გავაკეთეთ განცხადება, რომ მომხდარზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც არასწორად დააპროექტეს და გააკეთეს ეს გზა. ძალიან ბევრი დარღვევის გამო მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, დაიღუპნენ ადამიანები და ქალაქში შექმნილია საშინელი ვითარება. აქ განსაკუთრებით საუბარია ქალაქის ყოფილ მერზე, გიგი უგულავაზე და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. შესაძლოა, უგულავას კარგი უნდოდა ქალაქისთვის, მაგრამ ნაჩქარევად და არასწორად გაკეთებულმა გზამ ასეთი შედეგი მოგვცა. მინდა, პროკურატურას მივმართო თხოვნით, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული საქმე. ერთი კვირა გავიდა ტრაგედიიდან და მაინც ყოველდღე ახალ პრობლემას ვაწყდებით.
- რას იტყვით ზოოპარკიდან გაქცეულ მტაცებელ ცხოველებზე და იმ გაურკვევლობაზე, რომელმაც კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?
- თავდაპირველად ზურაბ გურიელიძემ გამოიჩინა ჰუმანურობა ცხოველების მიმართ და ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს პიროვნება ცხოველებს გადაჰყვა და ადამიანების ფაქტორი არ გაითვალისწინა. გასაგებია, ცხოველი ყველას უყვარს, მაგრამ ადამიანია უპირველეს ყოვლისა და არ შეიძლება, ცხოველების გადარჩენის მიზნით გაწირო ადამიანი. დანაშაულია ის, რა განცხადებაც მან გააკეთა და არ იფიქრა მეორე დღეზე. როდესაც ვეფხვმა შეჭამა ადამიანი, მას შემდეგ არ უნდა მოგვესმინა, რომ თურმე ვერ დათვალეს რაღაც. განსაკუთრებით ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას უნდა სცოდნოდა, რომ მტაცებელი ცხოველები კვლავ დადიოდნენ ქალაქში და სიფრთხილის ზომები მიეღოთ.
- ჯგუფ „Placebo"-ს ბასისტმა შტეფან ოლსდალმა სოციალურ ქსელში თბილისში, სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის ამსახველი ფოტო გაავრცელა, სადაც ბეჰემოთი ქუჩებში სეირნობს და აღნიშნა, რომ სურდა, ამ ცირკს მალე შეერთებოდა. საზოგადოებამ მისი განცხადება შეურაცხყოფად აღიქვა. მოგვიანებით მუსიკოსმა ბოდიში მოიხადა, თუმცა, ქართველი საზოგადოების ნაწილი ჯგუფის კონცერტზე წასვლას აღარ გეგმავს და მუსიკოსს ბოიკოტს უცხადებს. თქვენი პოზიცია როგორია?
- ჯგუფ „Placebo"-ს წარმომადგენელმა მთელ საქართველოს მოსახლეობას დასცინა. სწორედ ამ ჯგუფს სურს, მონაწილეობა მიიღოს ივლისში დაგეგმილ „open air"-ში. საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზაციასთან ერთად უამრავი სხვადასხვა ორგანიზაცია და პიროვნება ეწინააღმდეგება მსგავსი განცხადების გამკეთებლების კონცერტს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ როგორმე ხელი შევუშალოთ ამ ჯგუფის კონცერტის ჩატარებას. რა ბოდიში უნდა მოიხადოს ისეთი, რომ ვაპატიოთ და დაგვავიწყდეს. ამდენი მსხვერპლი ნახა ქალაქმა და ასეთი დიდი ტრაგედიაა და ის კი დაგვცინის. აეროპორტშივე დავხვდებით ამ ჯგუფს და გავაპროტესტებთ მათ ჩამოსვლას. ასევე მოვუწოდებ მოსახლეობას, პროტესტი გამოუცხადოს ამ ჯგუფს, ამ კონცერტს. როგორც რუსეთის წარმომადგენელი მაღალჩინოსნის შემოთავაზებული დახმარება არ გვჭირდება და შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ისევე მიუღებელია „Placebo"-ს კონცერტი საქართველოში.
- სტიქიის შემდეგ ყველაზე დიდი იმედი და საზოგადოებისთვის საამაყო გახდა ახალგაზრდების ფაქტორი. უამრავი მოხალისე დღემდე შრომობს სტიქიით დაზარალებულ უბნებში და ცდილობს, ქალაქს ყოფილი იერ-სახე დაუბრუნოს. თქვენ აღნიშნავდით, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები შეინიშნება, რას გულისხმობთ?
- როდესაც ეს უბედურება დატრიალდა ჩვენს ქალაქში, ძალიან დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდების ფაქტორმა. სწორედ ახალგაზრდები და მოხალისეები გახლდნენ ის პიროვნებები, რომლებიც პრაქტიკულად დღემდე იღებენ სამუშაოებში მონაწილეობას და ასუფთავებენ ქალაქს. თუმცა, აქ ძალიან ცუდი ტენდენცია შეიმჩნევა „ნაციონალების" მხრიდან. არ მინდა, ჩემი განცხადება ისე იყოს აღქმული, თითქოს მე ვეწინააღმდეგები მოხალისეების მოქმედებას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყოფილი ხელისუფლება ამ ყველაფერს სათავისოდ იყენებს. ყოფილი ხელისუფლება მოსახლეობას თავს ახვევს აზრს, რომ თითქოს დღევანდელი ხელისუფლება უუნარო და უმოქმედოა და ყველაფერი ახალგაზრდებისა და მოხალისეების ხელით კეთდება. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დაკნინების მცდელობა. არ შეიძლება, დღევანდელი მთავრობის დიდი წვლილი არ დავინახოთ და არ აღვნიშნოთ, რომ მათ რამდენიმე დღეში დაასტაბილურეს სიტუაცია. იყო პატარ-პატარა ნიუანსები, მაგრამ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა და 2-3 დღეში ვითარება დაასტაბილურა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა" მაინც ყველაფერს სათავისოდ იყენებს და ცდილობს, ბრალი დასდოს ხელისუფლებას და დააკნინოს იგი. ყველაფერი ის, რაც მოხდა, მაინც წინა ხელისუფლების ბრალია. გასაგებია, რომ მეწყერი ჩამოწვა, წყალი დაგუბდა და ა.შ. მაგრამ ის წყალი რომ წამოვიდა, კალაპოტში ვერ ჩაეტია, რადგან რამდენიმე წლის წინ უგულავამ და სააკაშვილმა ეს კალაპოტი დააპატარავეს. როგორ შეიძლებოდა იმ ტერიტორიაზე თუნდაც მშენებლობების ნებართვების გაცემა, რომელიც კალაპოტს კიდევ უფრო აპატარავებდა. ამ უფლებების გაცემის შედეგად მივიღეთ ამდენი მსხვერპლი. რომ არ ყოფილიყო იმდენი სახლი, რომ არ ყოფილიყო დაპატარავებული კალაპოტი და შეცვლილი ვერეს ხეობა, ჩვენ არ მივიღებდით იმას, რაც მივიღეთ.
- უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებაზე რა აზრის ხართ და როგორ ფიქრობთ, რამ გაამხიარულა მიხეილ სააკაშვილი?
- ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინაში არიან გარკვეული წრეები, რომლებისთვისაც მიუღებელია უცხო სხეულის, ანუ სააკაშვილისა და მისი ბანდფორმირების მოკალათება ოდესაში და უკრაინის ხელისუფლებაში. ჩემი აზრით, ნორმალურია, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, მათ მიმართ კანონიერი და ლეგიტიმური პრობლემა წამოჭრან. ვერ ვხვდები, საერთოდ რა კავშირი ჰქონდა სააკაშვილს უკრაინასთან. მსგავსი ინფორმაციების გაჟონვა, რომ თურმე სააკაშვილზე ხუმრობენ, სააკაშვილი ხუმრობს, გასაგებია ყველასთვის. სააკაშვილი, ადეიშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა" ისეთი ღვარძლიანები არიან, რომ სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, რომ თურმე ეს პიროვნებები გახარებულები იყვნენ თბილისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. კი, ეს ფაქტი ცოტა წარმოუდგენელია, მაგრამ იმ ადამიანისგან, რომელიც 2008 წელს გაგანია ომის დროს აქ კონცერტებს გვიმართავდა, ყველაფერია მოსალოდნელი.
გუშინ ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც გამოდის სააკაშვილი და მომტირალი სახით ახალგაზრდებს მადლობას უხდის. ჩვენ, ახალგაზრდებს, გვახსოვს 2008 წელი, როდესაც რეზერვისტებში ყოფნის დროს, გორში „ნაციონალების" მაშინდელმა სარდლობამ მიგვატოვა. ჩვენ გვახსოვს 2007 წელი, როდესაც ჩემი არაერთი თანატოლი რეზინის ტყვიებით დააზიანეს და ზოგი დააკოჭლეს კიდეც. გვახსოვს 26 მაისი, როდესაც უსასტიკესად გაგვისწორდნენ. ეს ყველაფერი გვახსოვს და ახლა სააკაშვილის უკრაინიდან გადახდილი მადლობები სისულელეა. დიახ, ასეთი კარგი თაობა წამოვედით, მაგრამ ეს „ნაციონალების" დამსახურება ნამდვილად არ არის. ჩვენ უფრო კარგად და ბედნერად ვიქნებოდით, რომ არა სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმი, რომელიც საკუთარ ზურგებზე ვიწვნიეთ.
- ბოლო რამდენიმე დღეა უწმინდესის წინააღმდეგ მიმართული კამპანია საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხად იქცა. როგორ ფიქრობთ, ვისგან მოდის პატრიარქის წინააღმდეგ წამოსული ტალღა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
- ეს ტალღა წამოვიდა ყოფილი „კმარელებისგან" და „თუთბერიძეებისგან", რომლებიც დღესდღეობით მაქსიმალურად ცდილობენ პატრიარქისა და ეკლესიის დაკნინებას და ამ თემით სპეკულირებას. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ სწორედ ეკლესიაა თავშესაფარი, პატრონი, ტკივილის გამზიარებელი და დამამშვიდებელი ყველა გაჭირვებული ადამიანისა. ჩვენ დავინახეთ, რომ საპატრიარქომ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად დიდი წვლილი გასწია. ავიღოთ თუნდაც ის სამღვდელოება, რომელიც ეს დღეები იდგა ახალგაზრდებთან ერთად და ჩართული იყო სამუშაოებში და თუნდაც მატერიალური დახმარება, რომელიც ეკლესიამ გაიღო.
ჩვენ ასე იმ საბჭოთა კავშირს ვემსგავსებთ, რომელიც ეკლესიებს არბევდა და ანგრევდა. უნდა ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ თაობა, რომელიც კვლავ დაანგრევს ეკლესიებს, თუნდაც სიტყვიერად.