reportiori.ge - სოსო ცისკარიშვილი: იქნებ ჯერ საკუთარ „ჩარეცხილებს" მოვუსმინოთ და ისინი შევახვედროთ მოწვეულ ექსპერტებს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:17
ინტერვიუ
სოსო ცისკარიშვილი: იქნებ ჯერ საკუთარ „ჩარეცხილებს" მოვუსმინოთ და ისინი შევახვედროთ მოწვეულ ექსპერტებს?!
ავტორი:
24 ივნისი, 2015. 11:02


პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თბილისში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებს სიმშვიდისა და სპეკულაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.


თბილისში მომხდარი სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ქმედებებზე „რეპორტიორს" პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა:


- არსებობს ტერმინი „ღვთის რისხვა", როგორც ჩანს, დავიმსახურეთ. თუნდაც იმიტომ, რომ ათწლეულების მანძილზე არ ვიღებთ შესაბამის ზომებს, რომ მთის ფერდობები ხეებისგან არ დაიცალოს. ეს არცთუ ისე გამჭვირვალე ბიზნესი, რასაკვირველია, საფრთხის შემცველი იყო, არის და იქნება, თუ ხელისუფლებებს არ ექნებათ ერთიანი მიდგომა ბუნების მიმართ. ამ ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ პროფესიონალები, რომელთაც ხელეწიფებათ პროგნოზირებაც, საფრთხის თავიდან აცილებაც და წინსწრებად გარკვეული შეფასებების ჩამოყალიბებაც, აღმოჩნდნენ „ჩარეცხილები". რამდენიმე დღეა, რაც ვისმენთ ამ ადამიანების გამოსვლებს და კიდევ უფრო გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ინტელექტუალური კაპიტალის მქონე ერს არ ჰქონდა საშუალება, რაიმე მკაფიო ინფორმაცია ჰქონოდა არსებულ და შესაძლო ბუნებრივ კატასტროფაზე.


- ფიქრობთ, რომ სტიქიის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება უფრო აქტიურად ითანამშრომლებს ამ ადამიანებთან?


- დღესაც ხელისუფლებისგან ვისმენთ, რომ სიტუაციის შესაფასებლად უცხოელ ექსპერტებს ჩამოიყვანენ. უკაცრავად, იქნებ ჯერ საკუთარ „ჩარეცხილებს" მოვუსმინოთ და ისინი შევახვედროთ მერე მოწვეულ ექსპერტებს?! ნებისმიერი საქმიანი მსჯელობა უნდა განხორციელდეს პოლიტიკოსების გარეშე. სამწუხაროდ,  ტრაგედია უკვე იქცა პოლიტიკური დაპირისპირების გამძაფრების საშუალებად. სირცხვილია, როდესაც ვგლოვობთ, თანაქალაქელებს ხან ვპოულობთ და ხან ვერა, დაახლოებით 20 ადამიანი გადაჰყვა ამ ტრაგედიას და ამ დროს ვისმენთ გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან დღევანდელი ხელისუფლების უსუსურობაზე საუბრებს. ძალიან მძიმეა მოსმენა, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა ამ ყველაფრით ცდილობს, პოლიტიკური შემადგენელი წინ წამოსწიოს. ლაყბობის ნაცვლად რომ რაიმე კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, უმჯობესია.


- რას ურჩევდით პოლიტიკურ ძალებს ამ ვითარებაში?


- ვიდრე სიტუაცია არ დაწყნარდება, თავშეკავებულობა მართებთ პოლიტიკოსებს. ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება ამ ვითარების შესახებ უზნეობაა და მიუღებელია საზოგადოებისთვის. პოლიტიკოსებს ვურჩევ, მიჰბაძონ და გაკვეთილი აიღონ მოხალისეებისგან, იმ ადამიანებისგან, რომელთათვისაც დახმარების სათხოვნელად დაძახება საჭირო არ გამხდარა. ეს ახალგაზრდები, თავანთი სულიერი განწყობიდან გამომდინარე, დაუფიქრებლად გამოვიდნენ თანაქალაქელთა გადასარჩენად და მათთვის კეთილდღეობის დასაბრუნებლად. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამჟღავნებენ უმაღლეს მოქალაქეობრივ თვისებებს. ამას ევროპაში სამოქალაქო საზოგადოებას ეძახიან. აი, ამ ახალგაზრდებს უნდა მიჰბაძონ ახალგაზრდა პოლიტიკოსებმაც, რომელთაც, პრაქტიკულად, ტელემაყურებელი და მკითხველი უკვე აღიქვამს, როგორც მიტინგომანიით შეპყრობილ პირებს. საკუთარი კარიერის პერსპექტივაზე, უმჯობესია, მას შემდეგ დაფიქრდნენ, როდესაც ყველაფერი რიგზე იქნება.


- უნდა აღძრულიყო თუ არა სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე სისხლის სამართლის საქმე?

 

- ნაადრევად მიმაჩნია პროკურატურაში დაწყებული ძიება, რომელიც იკვლევს, თუ რა იყო შეცდომა, რა იყო მიზეზი და რა იყო დანაშაული. ვიდრე ქართველი უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტები თავისუფალ რეჟიმში არ გაუცვლიან ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს, მანამდე მათი პროკურატურაში ტარება არის სწორედ ის ქცევა, რასაც ხშირად გვახსენებენ საზღვარგარეთიდან და აღქმულია როგორც პოლიტიკური ზეწოლა. ნაადრევია, ბატონებო, ცხელი გონებით ჭეშმარიტებას ვერ დავადგენთ, ყველაფერს დრო და სიდინჯე სჭირდება. მოსწრებაზე რაიმე საქმის გაკეთება მხოლოდ სპორტში შეიძლება, ვინ ვის მიასწრებს, რომ ბურთი დაარტყას კარში. როდესაც ასეთი კატასტროფაა სახეზე, მხოლოდ ანალოგიური უბედურების განმეორების პრევენციაზე უნდა ვიზრუნოთ. ჯერ პროფესიონალებმა გული უნდა იჯერონ ერთმანეთთან კამათით და ეს იქნება სრულიად საჯარო კამათი, რომელშიც მოსახლეობაც გაიზიარებს რომელიმე მხარის აზრს. მთავარია, ყველაფერმა ამან პოლიტიკური დატვირთვა არ მიიღოს.


თანდათან გონს მოეგება თითოეული ჩვენგანი, გადავიტანთ ამ დიდ ტკივილსაც. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ უბედურებამ შვა სხივი უკეთესი პერსპექტივისა და ამ სხივს ახალგაზრდა მოხალისეები ჰქვია.


- უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვ,ა სოციალურ ქსელში დაწერა ანეკდოტი, ქართველ ჰიპოპოტამზე, რაზეც სააკაშვილს ბევრი უცინია. როგორ ფიქრობთ, რამ გაამხიარულა მიხეილ სააკაშვილი?


- ავაკოვის განცხადება უფრო საბაბია, ვიდრე მიზეზი. მიზეზი კი უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქართველი მამლუქის მიმართ, როგორც ჩანს, ავაკოვის დამოკიდებულება დიდად თბილი არაა. ავაკოვმა აღწერილი ფაქტი გამოიყენა, როგორც გარკვეული გულის მოფხანის შესაძლებლობა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016