„რა უშლის ხელს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულების სწორად შეფასებასა და მათ ექსტრადირებას?" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რეპორტიორს" პასუხობს:
„მე მგონი, ნათელია ყველასთვის, რომ ქართული მართლმსაჯულების ინტერესები გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწირება. თუმცა, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ მოთხოვნით. თუკი პრინციპულები და თანმიმდევრულები ვიქნებით, ადრე თუ გვიან შედეგს მივიღებთ. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც ქვეყნები წლების განმავლობაში ითხოვდნენ კონკრეტული ეჭვმიტანილი პირის ექსტრადირებას. სააკაშვილი გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს ამოეფარა, გახდა „დასავლური ინტერესების" ვითომ მედროშე და ქართული მართლმსაჯულების წინაშე ამით დროებითი ალიბი მოიპოვა.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ სისხლისსამართლებრივი დევნის კომპეტენტურობას, აქ მეც მაქვს შეკითხვები. არც მე ვარ აღფრთოვანებული პროკურატურის მუშაობით. პროკურატურა არის ერთადერთი მონოპოლისტი სტრუქტურა, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების, ბრალის წაყენების და სასამართლოში მისი დამტკიცების უფლება. საზოგადოება უფრო მეტს მოელის მათგან.
ვგეგმავ, მთავარ პროკურორ ბადაშვილს შევხვდე და ვესაუბრო. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ სამართლიანობის იდეალებისთვის ბრძოლა ყველას მოწოდებაა. ამ ბრძოლას სურვილის გარდა, კომპეტენცია და შეუვალი პრინციპულობა სჭირდება. არავის არ ვაბრალებ, მაგრამ უხარისხო გამოძიებით საქმეები ფუჭდება, საქმეების გაფუჭებით კი სერიოზულ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილების „გარეცხვა" მოხდება. ქვეყნის მომავლის, მისი განვითარების წინაშე ამის დაშვების უფლება არა გვაქვს", - აცხადებს ქუცნაშვილი.