„უკრაინის ხელისუფლების ქმედებები გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა სააკაშვილის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების სტილს", - ამ განცხადებას „ევრაზიული კავშირის" ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე „რეპორტიორთან" საუბარში აკეთებს:
„როგორც ცნობილია, უკრაინაში, კერძოდ, ოდესის ოლქში, ოფიციალური კიევისაგან განსხვავებული შეხედულებების გამო, დაკავებულნი არიან უკრაინელი ჟურნალისტები არტემ ბუზილა და ელენა გლიშჩინსკაია. დასტურდება, რომ ბუზილას მიმართ იყენებენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა მეთოდებს.
ჟურნალისტთა დასაცავად ხმა აიმაღლეს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტებმა, ევროპარლამენტის დეპუტატებმა, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებათა წარმომადგენლებმა. სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად დაიგეგმა საპროტესტო აქციის ჩატარება 24 ივნისს, ოდესის ოლქში. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ამ დილით ოდესაში ჩავიდა კოალიცია „ევრაზიული არჩევანის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი მამუკა ზანდუკელი, რომელიც, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ქვეყანაში არ შეუშვეს და იგი ამჯერად ოდესის აეროპორტში იმყოფება.
სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებები გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსა სააკაშვილის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების მოქმედების სტილს, რომლისთვისაც ნებისმიერი ხერხია მისაღები პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად.
მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხმა აიმაღლონ ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის წინააღმდეგ და ნუ ისარგებლებენ ორმაგი სტანდარტებით, როდესაც საქმე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ეხება", - აცხადებს ჭყოიძე.