„ვინ ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკურ სიმყარეზე?" - „რეპორტიორის" ამ შეკითხვას საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პასუხობს:
„მუშაობენ ეკონომიკური პროფილის უწყებები, თუმცა შედეგები სასურველისაგან ჯერ შორის არის. სამუშაო გასაძლიერებელია. ეკონომიკის სამინისტროს აქვს ნორმალური ხედვა, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობით სურთ, მკვდარი კაპიტალი ეკონომიკურ ბრუნვაში მოაქციონ. აქვთ მოსაზრება, გადავიდნენ ანაბრების დაზღვევის სისტემაზე, რაც გაზრდის დაგროვილი ფულის რაოდენობას და შესაბამისად, ამ ფულით შესაძლებელი იქნება საკრედიტო პოტენციალის გააფართოება. ასევე, სურთ, გადავიდნენ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე, რაც, ერთი მხრივ, 6-7 წლის შემდეგ მოსპობს ყველასათვის თანაბრ პენსიას (მინიმალური სოციალური პენსია შენარჩუნებული იქნება) და, მეორე მხრივ, შექმნის ფულად მასას, რომელიც მოქალაქეების საპენსიო ასაკის მიღწევამდე ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს ეკონომიკაში.
საპენსიო ფული გროვდება მოქალაქის მიერ სამუშაოს წარმოების და იქიდან მიღებული შემოსავლიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდით. თუ დღეს მოქალაქეები მოტივირებული არ არიან თავიანთი შემოსავლების ლეგალიზაციაში და ხელზე იღებენ ხელფასს, მოგების, ქირის თუ სხვა თანხებს, დაგროვებითი პენსია მძლავრი მასტიმულირებელია რეალური შემოსავლების ჩვენებისთვის. აჩვენებ შემოსავალს, დააგროვებთ პენსიას, საპენსიო ასაკის მიღწევისას გექნებათ არა მინიმალური სოციალური პენსია, არამედ შენი შრომის შესაბამისი. სანამ ადამიანს საპენსიო ასაკი დაუდგება, ეს ფული სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი გამოწვევების დამარცხებისთვის არასაკმარისი", - ამბობს ქუცნაშვილი.