reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: ერთადერთი ნათელი სახე კახი კალაძეა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:22
ინტერვიუ
ვალერი გელბახიანი: ერთადერთი ნათელი სახე კახი კალაძეა!
ავტორი:
26 ივნისი, 2015. 13:15


იურისტი ვალერი გელბახიანი „რეპორტიორს" სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა:


 - სასამართლოები არის აბსოლუტურად გადატვირთული. კანონით დადგენილ ვადებში საქმეების განხილვა ვერ ხერხდება, ვერც სამოქალაქო, ვერც ადმინისტრაციულ და ვერც სისხლის სამართლის საქმეებზე. ზოგჯერ წლობით არ იხილება საქმეები. თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, თითო მოსამართლეს 150 საქმეზე ნაკლები არ აწერია. ამიტომ, ფიზიკურად ვერ ესწრება გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადებში მიღება. ეს არ არის მოსამართლეების უპასუხისმგებლობით გამოწვეული შედეგი. ამას არასაკმარისი რაოდენობის სასამართლო კორპუსის არსებობა იწვევს. ამიტომ, დედაქალაქში მაინც, აუცილებელია მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა. დავუშვათ, თუ არის 30 მოსამართლე, ერთი ამდენი კიდევ არ ეყოფა იმ საქმეების განხილვას, რაც ამ წუთში დაგროვილია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამიტომ უნდა მოხდეს გამოხშირვა, ანუ მივლინება. შესაძლებელია მოსამართლეების მივლენა იმ სასამართლოებში, სადაც დიდი რაოდენობის დატვირთვაა. ან უნდა გაიზარდოს შტატები. ამით გაიზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, მაგრამ სახელმწიფოს უნდა უღირდეს ასეთი სახსრების გაღება, რომ გააიაფოს და გააადვილოს სწრაფი მართლმსაჯულება ქვეყანაში. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი და ამას სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის. ეს არის ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს.


აქვე არის მეორე პრობლემაც. იურიდიული სერვისი, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეს სთავაზობს, ზოგჯერ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელია, რადგან სამოქალაქო დავებზე სასარჩელო განაცხადების შეტანას წინ უძღვის სახელმწიფო ბაჟის შეტანა. ამის გამო, ხელმოკლე ადამიანებისთვის სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელება მიუწვდომელია. ეს კანონით დადგენილი დისკრიმინაციაა დ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეებს.


- უნდა დაინერგოს თუ არა სასამართლო სისტემაში ინსპექტორის ინსტიტუტი?


- იმ ინსტიტუტმა, რაც აქამდე იყო, ვერ იმუშავა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი დისციპლინარული სამართალწარმოება პრაქტიკულად მოკლა. არავითარი დისციპლინარული რეაგირება არ ხდება მოსამართლეთა ქცევის გამო, რადგან ამ კანონში ისეთი რამე წერია, რომ ვერავინ ვერასდროს გაარკვევს, როდის უნდა მოხდეს რეაგირება დისციპლინარული წესით. იქ წერია, რომ მოსამართლე, ანუ მოსამართლის ქცევა უნდა არღვევდეს სასამართლოს ავტორიტეტს გაუგებარია, შენობის შიგნით უნდა არღვევდეს მოსამართლე სასამართლოს ავტორიტეტს თუ მის გარეთ. ასეთ შემთხვევაში მოსამართლე დაუსჯელი რჩება, როდესაც არღვევს კონსტიტუციურ უფლებას, იყენებს არასწორ კანონს, აჭიანურებს პროცესს, უზრდის ხარჯებს. ამ ყველაფრის კომპენსაცია არანაირად არ ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ იმუშავა დღემდე არსებულმა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, დამატებით შემოდის მონიტორინგის უფლებით აღჭურვილი ინსტიტუტი. მაგრამ, საკითხავია, რა იქნება გაგრძელება.


მიმაჩნია, რომ ჩვენზე, ადვოკატებზე კარგი მონიტორინგები არ არსებობენ. ჩვენ ვიცით ყველა მოსამართლის ხასიათიც, ლექსიკაც, ცოდნის დონეც და ქცევის ხარისხიც. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც არსებობს მოსამართლის ქცევის შემსწავლელი ორგანო, მიწვეულები არიან ადვოკატები. ადვოკატებს უხდებათ მოსამართლის ამა თუ იმ საქციელის შეფასება. ჩვენთან ადვოკატი არის იგნორირებული და ბუნებრივია, სანამ ადვოკატიც შემფასებელი არ გახდება, მანამდე სასამართლოში ვითარება არ შეიცვლება.


სასამართლო რეფორმა განხორციელდა მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკურ ნაწილში, ანუ კარგი შენობები გაკეთდა, მოსამართლეებს კარგი ხელფასები დაენიშნათ და კომფორტული პირობები შეემნათ. მაგრამ მთავარი ამოცანა, რომ სასამართლო იყოს ხარისხიანი, ეს ნაკლოვანება დღეს არსებობს.

 

- „ისლამურმა სახელმწიფომ" კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადა. არის თუ არა აღნიშნული ვითარება საქართველოსთვის საფრთხის შემცველი და რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ ასეთ სიტუაციაში?

 

- „ისლამური სახელმწიფოს" განცხადება, რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია. უყურადღებოდ დატოვება მოვლენის, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, წარმოუდგენელი და შეუძლებელია. უნდა დადგინდეს, რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია. საშიშია ის თვითნებობა, რასაც „ისლამური სახელმწიფო" ახორციელებს. ამას ადევს სეპარატისტული და რელიგიური დაპირისპირების ნიშანი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს საკითხი. ასეთი ქმედებები კანონით აკრძალულია და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს აღკვეთილი და დასჯადი.


- ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ახალი სამთავრობო უწყების ჩამოყალიბებაზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიზანშეწონილია ე.წ. მთის სამინისტროს არსებობა და რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს მთის მინისტრს?


- არ დაგიმალავთ, ცოტა უცნაურად მომხვდა ყურში, მთასა და ბარს ცალ-ცალკე მინისტრები რომ უნდა ჰყავდეთ. ვიფიქრე, რომ მთის მინისტრი ცოტა სახალისოდ ჟღერდა. მაგრამ, კონსტიტუციურად თუ შევხედავთ, პირიქით -  აუცილებელიც კია! კონსტიტუციაში წერია, რომ მაღალმთიან რეგიონებს საქართველოში უწესდებათ გარკვეული შეღავათები და უპირატესობები, რომლის თაობაზეც ცალკე კანონმდებლობა უნდა არსებობდეს. მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ შევარდნაძის პერიოდში მიიღეს კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ, სააკაშვილმა ეს კანონი გააუქმა და მთა დატოვა უყურადღებოდ და მუნიციპალურ ერთეულებად აქცია. ეს მუნიციპალიტეტები მიბმულია რეგიონებზე და გამოდის შეუსაბამო ერთეულები. მაგალითად, სვანეთის ნაწილი მიბმულია იმერეთზე, ნაწილი კი - სამეგრელოზე.


ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება, რომ მაღალმთიან რეგიონებს ეყოლებათ თავიანთი მთავრობის წევრი, რომელიც ვალდებული იქნება, განავითაროს ამ რეგიონების ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოციალური პირობები გააუმჯობესოს და ა.შ. დღეს სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი უფლებამოსილი პირი საქართველოს მთავრობას არ ჰყავს. რადგან საუბარია, რომ ეს უნდა იყოს უპორტფელო მინისტრი, ანუ პრაქტიკულად მას სამინისტროს აპარატი არ ეყოლება, ეს დიდ ხარჯებს არ გამოიწვევს. სამაგიეროდ, მაღალმთიან რეგიონებს მთავრობაში ექნებათ ქვოტა.

 

- ხედავთ თუ არა „ქართულ ოცნებაში" ახალი სახეების საჭიროებას?


- „ქართული ოცნება" 5-6 პარტიისგან შემდგარი კოალიციაა, მაგრამ თავად „ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა, აღარ ჩანს თითქმის... თუ ავიღებთ, რომ მანანა კობახიძეა ცალკე აღებული „ოცნება", ამ პიროვნების იდენტიფიკაციას პოლიტიკასთან ჩემთვის დიდი ღირებულება არ აქვს. „ოცნება" თუ აპირებს, რომ იოცნებოს, ამ ადამიანებით ვერ იოცნებებს. პიროვნულად არავის ვაკნინებ, უბრალოდ არ არიან პოლიტიკურად ისეთი გამწევი ძალები, რომლებმაც საქართველოში ამინდი უნდა შექმნან და სახელმწიფოებრივი განვითარების ახალი საფეხური მიიღონ.


ერთადერთი ნათელი სახეა კახი კალაძე. ყველა რთულ ვითარებაში ჩანს, რომ მას პატრიოტული დამოკიდებულებები აქვს და გულთან მიაქვს ის ტკივილი, რაც ქვეყანაშია... მაგრამ, ამ შემთხვევაში, კალაძე „ოცნებასთან" ერთად იძირება.


„ოცნებამ" ძალაუფლება დაკარგა და გადავიდა „რესპუბლიკელების" ხელში! ეს არის ფაქტობრივი მდგომარეობა და ამას ცალკეული ანალიზი სჭირდება, რა შეიძლება კიდევ მივიღოთ. ჩვენ შეიძლება მივიღოთ, რომ „რესპუბლიკელებმა" მიიღონ შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი და მთლიანად აკონტროლონ საქართველოს ხელისუფლება.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016