15 მაისიდან საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო რევოლუციური პრეპარატი განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის უფასოდ გაიცემა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის მწაროებელ კომპანიას შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„ბატონი დავითის დამსახურებაა, რომ ეს პროექტი წარმატებულად განხორციელდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წელიწადში 20 000 C ჰეპატიტით დაავადებულს სახელმწიფო სრულიად უფასოდ უმკურნალებს. პროექტის ღირებულებაა 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 1000-მდე ადამიანი. 5000-მდე ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია, რომლებიც გამოკვლევებს გადიან. მონაცემები იგზავნება სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში, სადაც ექსპერტები იხილავენ და გადაწყვეტილებას იღებენ მკურნალობის ჩართვასთან დაკავშირებით.
სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ წინასწარი მონაცემებით C ჰეპატიტით დაავადებული არის 200 000 ადამიანი, თუმცა, ეს მონაცემები არის ძალიან ძველი და ზუსტი რაოდენობის დასადგენად ტარდება კვლევა, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში დამთავრდება.
„ყველა რეგიონში 7000-მდე ადამიანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკვლევა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 3000-ზე მეტი ადამიანია გამოკვლეული. გამოკითხვა სპეციალური კითხვარით ხდება. შემდეგ ხდება სისხლის კვლევა C და B ჰეპატიტის ვირუსებზე. ეს მონაცემები შეჯამდება აგვისტოს შუა რიცხვებში.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისთვისაც ხელმისაწვდომია მკურნალობა, სპეციალურად მათთვის ზუგდიდში გაიხსნა სამკურნალო სახლი. გადმოვლენ და იმკურნალებენ", - განუცხადეს „რეპორტიორს" უწყების პრეს-სამსახურში.
თბილისში არსებულ კლინიკა „ნეოლაბში" დღეის მდგომარეობით 115 პაციენტი მკურნალობს. რა შედეგები მიიღეს თვენახევრის მკურნალობის შემდეგ, არიან თუ არა პაციენტები კმაყოფილები პირველადი შედეგებით და რამდენად გაამართლა აღნიშნულმა პრეპარატმა კლინიკის ექიმი-ინფექციონისტი, მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი გვესაუბრება:
„ჩვენს კლინიკაში უკვე დაწყებული აქვს მკურნალობა 115 ადამიანს და პირველადი შედეგები ნაწილობრივ არის. ერთი თვის თავზე კეთდება ვირუსის რაოდენობის საკონტროლო განსაზღვრა. ყველას აქვს მნიშვნელოვნად დავარდნილი ვირუსის რაოდენობა და ზოგს უკვე ნული აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მკურნალობა ეფექტურია და უნდა გაგრძელდეს.
- რა დროს სჭირდება პაციენტის სრულად განკურნებას?
- მკურნალობის ხანგრძლივობა არის სამი თვიდან ერთ წლამდე.
- რა პროცედურებს გადის კლინიკაში მოსული პაციენტი?
- იწყებს გამოკვლევებით. თავიდან დგინდება ვირუსი გამრავლებადი ფორმით აქვს თუ არა. თუ გამრავლებადია, ამის შემდეგ დგინდება ღვიძლის დაზიანების ხარისხი. თუკი მესამე-მეოთხე დაზიანება აქვს პირველი ეტაპის პროგრამაში ჯდება. თუ აქვს მსუბუქი დაზიანება, მაშინ აღარ გრძელდება მისი გამოკვლევა, გრძელდება ამ პაციენტის შემდგომი კვლევა და მკურნალობა, პროგრამის მეორე ეტაპისთვის, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი.
- ძირითადად რა პრეტენზიები აქვთ პაციენტებს?
- უკმაყოფილებაა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მძიმე და კომპენსირებული ცეროზი. რომლებსაც ეგონათ, რომ მათთვის ეს მკურნალობა იქნებოდა ჯადოსნური ჯოხი და მთლიანად მორჩებოდნენ. როდესაც ვუხსნით, რომ მკურნალობა არის ვირუსის საწინააღმდეგოდ მიმართული და მათი მძიმე მდგომარეობა ერთი ხელის დაკვრით არ გამოსწორდება, რომ ბევრი სხვა რამ სჭირდება, ეს პაციენტში იწვევს გაღიზიანებას. თუმცა, ძირითადად ყველა პროცედურა კარგად მიდის.
გაამართლა თუ არა ამ პრეპარატმა, საბოლოოდ ვისაუბრებთ მაშინ, როცა პაციენტების ნაკადი დაასრულებს მკურნალობას. იქიდან 12 კვირაში, ანუ სამ თვეში გავაკეთებთ ვირუსის რაოდენობის განსაზღვრას და ვნახავთ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს. ამის შემდეგ დაითვლება გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა.
პირველადი მონაცემებით, ერთი თვის თავზე მივიღეთ ის შედეგი, რასაცა ველოდით. ვირუსის ძალიან სერიოზული კლება აღინიშნება.
„რეპორტიორი" ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ვალერი კვარაცხელიას ესაუბრა:
- ბატონო ვალერი, შევაჯამოთ პირველადი შედეგები, რა ვითარებაა 15 მაისის შემდეგ, როცა დაიწყო პრეპარატების გაცემა პაციენტებისთვის?
- მას შემდეგ რაც ეს პროგრამა დაიწყო, თავიდან იყო 4 სერვისცენტრი, მხოლოდ თბილისში. ამას დაემატა ბათუმი, ზუგდიდი, სამი სერვისცენტრი ქუთაისში. ეს ცენტრები ახორციელებენ პაციენტების მიღებას, მათ გამოკვლევას. ამის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, მათი მკურნალობის პროცესში ჩართვის თაობაზე. დღეის მდგომარეობით 5 000-ზე მეტი პაციენტი არის დარეგისტრირებული ამ სერვისცენტრებში. პროცესი მიმდინარეობს ნორმალურად. განსაკუთრებული ხარვეზები არ გვქონია. არის უმნიშვნელო პრობლემები, რასაც ვასწორებთ. პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან. ბევრ პაციენტს, მკურნალობის 24-28 დღეს ვირუსი გაუქრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რასაც ველოდით ამ პრეპარატით მკურნალობის შემდეგ. თუმცა, ეს შუალედური ინფორმაციაა, საბოლოოდ კურსი ჯერ არავის დამთავრებია.
- რამდენ ხანში მთავრდება სრული კურსი?
- სხვადასხვა კურსია. არის 4 და 12 კვირიანი კურსი, იმისდა მიხედვით, როგორია ღვიძლის დაზიანება.
- ქვეყანაში რა რაოდენობის ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული?
- მკურნალობის პარალელურად მიმდინარეობს სერიოზული გამოკვლევა, რომელიც თბილისში დასრულდა. ამ ეტაპზე რეგიონებში იკვლევენ. 4 აგვისტოსთვის გვეცოდინება ქვეყანაში C ჰეპატიტით დაავადებულთა სრული რაოდენობა. არსებობს ძველი მონაცემები და ახლა მიმდინარეობს ახალი კვლევა.
- ის პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ მძიმე მდგომარეობა, თუმცა ამ ვირუსის მატარებლები არიან, როდიდან ჩაერთვებიან პროგრამაში?
- 5 000 პაციენტი იყო, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან მძიმე მდგომარეობა და ესაჭიროებოდათ გადაუდებელი მკურნალობა. როგორც კი მოვრჩებით ამ პაციენტების მკურნალობას, შემოდგომიდან შეგვეძლება იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებიც მეორე რეგისტრაციაში ჩაჯდებიან.