reportiori.ge - მარინა ბერიძე: იქნებ მადლობის და ბოდიშის თქმა გვესწავლა?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:47
ინტერვიუ
მარინა ბერიძე: იქნებ მადლობის და ბოდიშის თქმა გვესწავლა?!
01 ივლისი, 2015. 18:43


მარინა ბერიძე 13 ივნისის სტიქიური უბედურების უშუალო თვითმხილველია. რა ნახა მან იმ ღამით, როგორ აფასებს მთავრობის მიერ გამოვლენილ ძალსიხმევას და ვინ და როგორ დაამახსოვრა თავი განვითარებული მოვლენების შემდეგ?

 

„რეპორტიორს" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ღონისძიებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე ესაუბრა:

 

- მე უშუალოდ ვარ იმ სტიქიური უბედურების თვითმხილველი. ზოოპარკის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობ, ჭავჭავაძის №5-ში. 13 ივნისის ღამის 12 საათიდან, 14 ივნისის დილის 7 საათამდე, მე-11 სართულზე ფეხზე ვიდექი, განვითარებულ მოვლენებს ვუყურებდი და ერთადერთი შეგრძნება მქონდა. ეს იყო დაუცველობის შეგრძნება... ჩემს თვალწინ დაიფარა ზოოპარკი უცებ წყლით... იყო ღმუილი, რომელიც წამებში გაჩერდა. შემზარავი იყო... მერე ატყდა სროლა...


ვუყურებდი, როგორ იხერგებოდნენ მანქანები და საშველი არ იყო... მე იქ 5 საათამდე არავინ მინახავს, ალბათ, ვერც შემოდიოდნენ ტერიტორიაზე მაშველები და პატრული. ჩემს წინ, განათების ბოძზე, ზუსტად 4 საათის განმავლობაში იყო დაკიდებული კაცი და მშველელი არავინ იყო. კორპუსებიდან ფარნებით ვუნათებდით არემარეს და ასე ვამხნევებდით.

 

- მომდევნო დღეეებში, ის დაუცველობის შეგრძნება, რომელიც ზემოთ ახსენეთ, შეგეცვალათ?


- პირველი ორი დღე, ჩემი შეფასებით, სრული პანიკა იყო. თუმცა, ვერავის დავუკარგავ იმას, რომ დღე და ღამე იმუშავეს და მუშაობენ. სტიქია ცუდი რამეა, ალბათ გამოუცდელობის გამოც მოხდა ის, რაც ხდებოდა იმ ღამეს. სტიქიის წინაშე უსუსური ხარ, რა გინდა ქნა?! სულ ვადარებ ხოლმე - რა უფრო დიდი უბედურებაა - სტიქია, თუ ომი? არ ვიცი... ალბათ, სტიქია... იმიტომ, რომ საერთოდ ვერაფრით ვერ შეებრძოლები... ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ...


- როგორ ფიქრობთ, მთავრობას რომ სხვაგვარად ემოქმედა, შევძლებდით თუნდაც იმ ადამიანური მსხვერპლის არიდებას?


- ვერ გაუძლო იმ 112-მაც ამდენ ზარს... სიმართლე რომ გითხრათ, ამ მოვლენებზე ფიქრისას, არანაირი მთავრობა არ გამხსენებია... საერთოდ, არ მახასიათებს, რომ ვინმეს რამე დავაბრალო, არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას, მაგრამ გინდა, რომ შედგეს შენი ქვეყანა ბოლოს და ბოლოს. უბრალოდ, უსუსურობის განცდა მქონდა. მინდოდა, დამენახა ჯარი, ვერტმფრენი...

 

- დღევანდელი გადასახედიდან, ვინ დაგამახსოვრათ თავი თავისი ქმედებებით და ა.შ?


- მოხალისეებმა. ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა და გათენებისთანავე მთელი მისი კლასი გაცვივდა, თუმცა, ეს რამდენად სწორი იყო, არ ვიცი. ველოდი, რომ მეორე დღესვე გამოცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა, ჯარი შეესეოდა ადგილებს და ის გააკეთებდა იმას, რაც მოქალაქეებმა გააკეთეს. მე მგონია, რომ ბავშვებისთვისაც ძალიან დიდი ტრავმა იყო ის, რაც მოხდა.


ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველები რომ გაერთიანდნენ, მარტო ეს რად ღირდა! მარტო ის რად ღირდა, რომ ასეთი კახი კალაძე დავინახე?! ეს უკვე ძალიან დიდი პოზიტივია.


არანაირი თითის გაშვერები არ უნდა იყოს არც ერთ მხარეს. იმან რა შეძლო და ამან რა შეძლოო... შენ რა შეძელი?! ყველაზე მეტად, მაინც ახალგაზრდების ერთსულოვნება დამამახსოვრდა, ძალიან ივაჟკაცეს, მაგრამ იმას აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი, რომ დღედაღამ მუშაობს მთავრობა და უკვე ძალიან ბევრი საქმე გააკეთეს.

 

- ქალბატონო მარინა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, მაინც ვერ აცდნენ ოპონენტების მწვავე კრიტიკას. ხშირად ისმოდა - დღეს რომ „ნაციონალები" ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, სხვა ვითარება გვექნებოდა. არ იქნებოდა ამხელა მსხვერპლიო და ა.შ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტორი შედეგზე გავლენას იქონიებდა?


- სისულელეა! რა შუაშია?! ერთმანეთის ჯიბრზე საქმე არ კეთდება! უსიყვარულოდ არაფერი არ კეთდება, სიმღერას ვერ წერს კომპოზიტორი თუ არ უყვარს. ერთმანეთის ჯიბრზე ვერ ვიარსებებთ, ვერც ერთ სფეროში ვერ წავალთ წინ.


უაღრესად ტრავმირებულია ქვეყანა და როგორ გამოვალთ ამ მდგომარებიდან - არ ვიცი. იმის ნაცვლად, რომ ყველანი ერთად ვიდგეთ, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, დღენახევარი ეყო ხალხს ერთად ყოფნა - მერე დაიწყო გადაბრალებები... საერთოდ, იქნებ გვესწავლა მადლობის და ბოდიშის თქმა?! იქნებ გვესწავლა შეცდომებზე?! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანა არავის ანაღვლებს, მთავარია, პოლიტიკური ქულები დაიწერონ...


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016