reportiori.ge - პეტრე მამრაძე: თომას ჯეფერსონს მიაჩნდა, რომ ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა და სასტიკად სჯიდა მსგავს ურთიერთობებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:21
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: თომას ჯეფერსონს მიაჩნდა, რომ ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა და სასტიკად სჯიდა მსგავს ურთიერთობებს!
ავტორი:
06 ივლისი, 2015. 12:30


„მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებზე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- ბატონო პეტრე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისის სტიქიაზე საუბრისას აცხადებს, „მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც იმ ექსტრემალურ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლებოდა. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ საერთოდ, ნებისმიერ მთავრობას ამ სტიქიის პრევენცია შეეძლო?" თქვენ რა მოსაზრება გაქვთ, გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ შესაძლებლობების მაქსიმუმი?


- მას შემდეგ, რაც სტიქია დაიწყო, განვითარდა და ადამიანები იღუპებოდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ცდილობდნენ, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ. ეს ფაქტია. სხვა საქმეა, რამდენად იყვნენ მომზადებულები, რამდენად აწყობილად მუშაობდნენ სამსახურები. აქ, მიმაჩნია, რომ იყო ხარვეზები. არაერთხელ აღინიშნა, რომ საკმარისი იყო, გაეცათ ბრძანება და საპატრულო პოლიციას დროზე გადაეკეტა მიმდებარე ქუჩები, მანქანები არ მოხვდებოდნენ იქ, სადაც მოხვდნენ. ეს არ გაკეთდა. ჯერ მათ პროფესიონალური მუშაობა არ იციან. ასევე პრობლემა იყო ვეფხვთან დაკავშირებით. შესაბამისი კომისია შექმნილი არ იყო, იდენტიფიკაცია არ იყო მომხდარი და მოსახლეობას უთხრეს, რომ არ არსებობდა მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის გარეთ. ასე რომ, ერთი მხრივ, იყო დიდი მცდელობა, მეორე მხრივ, გამოჩნდა, რომ მზად არ იყვნენ.


- ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. როგორ ფიქრობთ, რა ფორმატით უნდა გაგრძელდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და რამდენად ემხრობით მთავრობის მიერ არჩეულ გზას?

 

- ამ საკითხში ხელისუფლებას ნაკლებად ვსაყვედურობ. მათ იმას მაინც მიაღწიეს, რომ ნაკლებად აღიზიანებენ რუსეთის ამჟამინდელ მთავრობას და ნაკლებად აძლევენ საბაბს, რომ საქართველოს მიმართ აგრესიული იყოს. თუმცა, როდესაც განუწყვეტელი პიარი მიდის, რომ ძალიან ძლიერ იარაღს ვყიდულობთ NATO-სგან, ეს არის სრული ბლეფი. ეს ის ძლიერი იარაღია, რუსეთს ნებისმიერ დროს რომ შეუძლია გაიტანოს ქვეყნიდან. ისედაც თბილისიდან 25 კილომეტრში დგას რუსის ტანკები და ვერავითარი ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი ვერ შეაჩერებს სახმელეთო ჯარების მოძრაობას. რუსეთს შეუძლია, შემოვიდეს და გაზიდოს, ისე როგორც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურისა და დიდი ღალატის შემდეგ შემოვიდნენ და გაზიდეს რამდენიმე მილიარდი დოლარის სამხედრო შეიარაღება და საქონელი. ამერიკელები მაშინაც აფრთხილებდნენ სააკაშვილს. რუსებმა ყველაფერი წაიღეს იმ ცნობილი „ბუკების" ჩათვლით, რომლებიც მერე უკრაინელი სეპარატისტების ხელში აღმოჩნდა, რატომღაც.


- რა ვითარებაა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური თვალსაზრისით?


- საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა და უახლოეს მომავალში ვერ აღდგება ცნობილი ვითარების გამო. ამ მხრივ ზედმეტი მოლოდინის შექმნა, რომ თურმე ჩვენ შეგვიძლია, დავარეგულიროთ ურთიერთობა რუსეთთან და ასე შევიდეთ NATO-ში, არის ორმაგი ტყუილი. NATO არ აპირებს საქართველოს მიღებას თავის რიგებში, ამ ისტორიულ ეტაპზე.


ხოლო, რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას, მაქსიმუმი კეთდება აბაშიძე-კარასინის ფორმატში. მეტ-ნაკლებად აღდგა ვაჭრობა, ტურიზმი მატულობს, გაადვილდა მისვლა-მოსვლა.


ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ თავიდანვე შესაცვლელი იყო ე.წ. საოკუპაციო ტერიტორიების კანონი, რომელიც სააკაშვილმა თითქოს პუტინის ბრძანებით და დავალებით შემოიღო. ამ კანონით დანარჩენი მსოფლიოსაგან ჩვენი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის იზოლაცია ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსკლუზიური, მონოპოლისტური უფლება ეძლევა რუსეთს, რომელიც ისედაც იქ დგას. დღემდე არ შეცვალა ახალმა ხელისუფლებამ ეს კანონი, დღემდე არ გაუღო კარი ჩვენს აფხაზებსა და ოსებს.


ჟენევის პროცესი აუცილებელია. ეს უსაფრთხოებას ემსახურება და მიმართულია იქით, რომ არ გაუარესდეს ვითარება. აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა იყოს ხელშეწყობილი და ასე უნდა ვიარსებოთ. სხვა გზა უბრალოდ არ არის. უნდა ვიარსებოთ კიდევ იმ იმედით, რომ რუსეთში ვითარება საკმაოდ მალე შეიცვლება. პუტინის რეჟიმმა თავისი არსებობის რესურსი ამოწურა.


- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. რამდენად ემხრობით აღნიშნულ ფაქტს და როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ამ კუთხით?


- სულ რაღაც 50 წლის წინ ამერიკელი თეთრკანიანი მოქალაქისთვის რომ ეთქვათ, რომ ამ კანონს მიიღებდნენ, ვერ დაიჯერებდა. თომას ჯეფერსონს მიაჩნდა, რომ ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა და სასტიკად სჯიდა მსგავს ურთიერთობებს. მე ამას კი არ ვემხრობი, მაგრამ აქ უნდა ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველა სახელმწიფოს გვეხება. თითქმის 200 წლის წინათ ალექსის დე ტოკვილი წერდა, რომ საზოგადოებრივი აზრი ამერიკაში გაცილებით დიდი ტირანი და დესპოტია, ვიდრე ევროპაში ნებისმიერი ადგილობრივი დიქტატორი. ამას სხვებიც აღნიშნავდნენ. ჯეფერსონიც წერდა ამის შესახებ.


ობამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფეხს ითრევდა კანონზე ხელის მოწერაზე, ახლა აცხადებს, რომ ბედნიერია. შეგახსენებთ, ცოლ-ქმარი კლინტონების წყვილი იყო პირველი, რომელმაც უარი განაცხადა ვიეტნამელი ვეტერანების ყოველწლიურ შეხვედრასა და აღლუმზე დასწრებაზე და ამის ნაცვლად ესწრებოდნენ გეების პარადებს. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუანგარიშეს, რომ გაცილებით მეტ ხმას მოიპოვებდნენ გეების პარადებზე დასწრების შედეგად. ეს განსაზღვრავს ყველაფერს. ანუ, პოლიტიკოსები მისდევენ არა თავის პრინციპებს და იდეებს, არამედ უყურებენ, თუ საით ქრის საზოგადოებრივი აზრი და იმას ემსახურებიან. ეს ტრაგედიაა. უნდა ვიცოდეთ, რომ გადამწყვეტი ესაა სწორედ.


50 წლის წინათ, ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციამ ერთ დღეში მიიღო გადაწყვეტილება და ერთ დღეში აღიარა, რომ ჰომოსექსუალიზმი პათოლოგია არაა. რატომ? ახალი სამეცნიერო კვლევები ჩაატარეს? რაიმე აღმოჩენა გააკეთეს? არა, უბრალოდ პრესაში მომზადდა შესაბამისი აზრი, გეი-აქტივისტები მიუვარდნენ მათ, დაბლოკეს შენობა და ასეთ პირობებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული. დღემდე, ანონიმურ გამოკითხვებში ამერიკელი ფსიქიატრები აღიარებენ, რომ ეს არის პათოლოგია და გადახრა, ხოლო საჯარო გამოსვლებში ვერცერთი ბედავს ამის თქმას. ეს ორმაგი სტანდარტი სამწუხაროდ არსებობს. ეს არის შიში საზოგადოებრივი აზრისა. იტყვი რაღაცას და ყველაფერს დაკარგავ, არსებობის საშუალებასაც კი, რადგან სამსახურსაც ვეღარ იშოვი.


- ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და მეტი კონკრეტიკისთვის ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, რამდენად იზიარებთ?


- რაც შეგვეხება ჩვენ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ეს პოზიცია ოჯახის შესახებ კონსტიტუციაშიც გამაგრდეს. ეს პროცესი შემდეგ ცვლილებებს უფრო რთულს გახდის. თუ ამაზე საუბრები დაიწყება, მოსახლეობას საშუალება ექნება, ფეხზე დადგეს და მობილიზება მოახდინოს. რატომ უნდა მოხდეს ეს? რადგან, ლგბტ-ებისთვის შვილების აყვანის უფლების მიცემა დამღუპველია. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ერთი მხრივ ჰომოფობიას ადგილი არ ჰქონდეს საქართველოში, ისე როგორც არ ჰქონია აქამდე, მეორე მხრივ კი, ხელი არ შევუწყოთ ჰომოფილიას.


ღმერთმა ნუ ქნას ეს სიტუაცია შეიცვალოს. ახლა ჯერჯერობით არ შეიცვლება, თუნდაც ეკლესიის წყალობით.


- თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი ეწოდა. ამ საკითხზე საზოგადოების მხრიდან მრავალი მოსაზრება გაჟღერდა. თქვენთვის რამდენად მისაღებია აღნიშნული და ხომ არ გქონდათ ალტერნატიული ვერსია?


- ძალიან მომწონს ეს სახელი. რადგან შოთა რუსთაველი მთელ მსოფლიოში სპეციალისტების მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი პოეტი, მოაზროვნე. ზოგმა მის გამოც კი ისწავლა ქართული ენა. დანტეს გვერდით დგას შოთა რუსთაველი. მაგრამ ძალიან ბევრმა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ უცხოეთში ამის შესახებ არ იცის. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც იცის, რას ნიშნავს ჩვენთვის შოთა რუსთაველი, ამ იდეის რაიმე საწინააღმდეგო ჰქონდეს.

 

- საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებიც რომ მიმოვიხილოთ. რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რამდენად ეხება საბერძნეთის კრიზისი დანარჩენ მსოფლიოს?


- ჯერ კიდევ წლების წინ, 2008 წლიდან დაწყებული, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები, ფინანსისტები და პოლიტოლოგები აფრთხილებდნენ ყველას, როგორც ევროგაერთიანებას, ისე საბერძნეთის მთავრობას, რომ სიტუაცია რთულდებოდა. მაშინდელმა კრიზისმა ყველაზე მეტად საბერძნეთს დაარტყა. ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი 25 %-ით შემცირდა. ეს უაღრესად დიდი ზარალია. მთავრობამ ვერ მიიღო სათანადო ზომები, ხოლო ევროკავშირმა არ გაუწია ამას ანგარიში და ისევ თავისი შტამპით იმოქმედა. ამას დღეს აღიარებენ კიდეც. ამის შედეგად, გამწარებულმა მოსახლეობამ ხმა მისცა კომუნისტური პარტიის ყოფილ ლიდერს, ციპრასს, ადამიანს, რომელმაც თავის შვილს ერნესტო დაარქვა, ჩე გევარას პატივსაცემად. ამ ადამიანმა წარმოადგინა პროგრამა, რომელიც შეუსრულებადი იყო. მაგრამ ხალხმა მას მისცა ხმა.


თუკი ბერძნები დღესაც დაუჭერენ მხარს ციპრასს, ამას ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო მძიმე ვითარება მოჰყვება. ევროკავშირი ამჟამად სწორად იქცევა. იუნკერმა პირდაპირ უწოდა „პოკერის შულერი მოთამაშე ციპრასს". ეს მართალია, რადგან შანტაჟი მისი მხრიდან განუწყვეტელია. ეს ყველაფერი ნიმუშია, თუ რა ხდება, როცა ჭეშმარიტი პოლიტიკური ნება ჩანაცვლებულია ბიუროკრატების, ჩინოვნიკების კონკრეტული ინტერესებითა და შტამპური მოქმედებებით. ვითარება რთული და ევროპისათვის ეს არის დიდი გამცოდა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016