„საქართველოში როგორც იქნა დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, იმედია, ასე გაგრძელდება", - ასე ეხმაურება ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენის ფაქტს. როგორც ხაჭაპურიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, საქმე, რომელიც ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძისთვის დიდი ოდენობით ქონების გამოძალვას ეხება, ყველაზე მეტადაა გამყარებული მტკიცებულებებითა და არგუმენტებით.
რა მტკიცებულებებია საქმეში, რომელზეც დავით კეზერაშვილს ბრალი წარედგინა; მოითხოვს თუ არა დაზარალებული მხარე თავდაცვის ექს-მინისტრის ექსტრადირებას; კიდევ ვის დაკითხვას ითხოვს ადვოკატი აღნიშნულ საქმეზე და რა კავშირშია კომპანია „მეტალექსი" დავით კეზერაშვილთან? - ამის შესახებ „რეპორტიორს" ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:
- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და სისტემაში არსებულმა ახალმა დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძისთვის დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე. აღნიშნული ფაქტი მოხდა 2010 წელს, როდესაც ბატონი ნიჟარაძე „პიქსელის" შენობაში დაიბარა კეზერაშვილმა და მოსთხოვა წილების გადაფორმება და ბიზნესების დათმობა. ნიჟარაძემ მაშინ წინააღმდეგობა არ გაუწია, თუმცა ეს გაგრძელდა, გაიწელა გარკვეული პერიოდი. ამ დღეების განმავლობაში, ნიჟარაძის დასაშინებლად კეზერაშვილმა გამოიყენა სოდ-ის თანამშრომლები და მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ნიჟარაძეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სოდ-ს იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა დევი ჭელიძე. იმედია, დევი ჭელიძე დაიკითხება ამ საქმეზე.
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ მივმართეთ მთავარ პროკურატურას ხსენებული საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. პარალელურად, არ დაველოდეთ პროკურატურის მოქმედებას და რომ არ გაგვსვლოდა ხანდაზმულობის ვადები, მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს. დაახლოებით 10-მდე სარჩელი გვაქვს შეტანილი სასამართლოში. მაშინ, როდესაც პროკურატურაში გამოძიება ნელა მიმდინარეობდა, პარალელურად სასამართლოებში მიმდინარეობდა ხსენებული საქმეების სხვა ეპიზოდებზე, კერძოდ, წართმეული ქონების დაბრუნების შესახებ განხილვები.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ხსენებული გამოძიება ძალიან დაჩქარებული წესით დაიწყო. თავიდან გამომძიებელმა განგვიცხადა, რომ 3 თვე დასჭირდებოდა ამ საქმის გამოძიებას. სიმართლე გითხრათ, იმდენად მარტივად გამოსაძიებელი საქმეა, რომ შევშფოთდით, რა ამბავია 3 თვე. მაგრამ 3 თვე გადაიქცა 3 წლად. 3 წლის შემდეგ, გუშინ დადგა ეს შედეგი. საქმის გამოძიება პირადად ბატონი ირაკლი შოთაძის ზედამხედველობით მიმდინარეობდა.
- თქვენი აზრით, არის თუ არა საქმეში საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დავით კეზერაშვილის ბრალეულობას გამოკვეთს?
- მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არის ყველაზე მყარი საქმე, რომელიც კეზერაშვილის მიმართ პროკურატურას წარუდგენია. სხვა საქმეებში დაზარალებულების, ასე ვთქვათ, ზოგადი ცნებაა, კონკრეტული დაზარალებული არცერთ საქმეს არ ჰყავს. ჩვენ ამ შემთხვევაში, კონკრეტული დაზარალებული გვყავს. არსებობს მოწმეთა ჩვენებები, არსებობს დაზარალებულთა ჩვენებები, არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები, არსებობს გარკვეული ფარული ჩანაწერები, არსებობს საბანკო დოკუმენტაცია, რომელიც ნამდვილად არ ეგონა კეზერაშვილს რომ გამოძიებას ხელში ჩაუვარდებოდა. საერთოდ სხვა მტკიცებულებები რომ არ იყოს, მარტო ამ საბანკო დოკუმენტაციით დასტურდება მთელი დანაშაულებრივი სქემა. მტკიცებულებები იმაზე მეტია, ვიდრე სჭირდება ერთ ან ორ საქმეს.
დაინტერესებულები ვართ საქმის გამოძიებით, ჩვენთან ერთად საქმეზე მუშაობდა და მუშაობს გერმანული იურიდიული კომპანია. აბსოლუტურად კონტროლზე გვაქვს აყვანილი ყველა მტკიცებულება. პროკურატურას მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის. მაგრამ, ამავე დროს რევიზიას ვუწევთ, რათა არ დადგეს გაუგებარი შედეგები.
- ახლა რა პროცედურებია გასატარებელი? მოითხოვთ თუ არა კეზერაშვილის ექსტრადირებას ხელმეორედ?
- ჩვენ მზად ვართ, პროკურატურა მზადაა. იმედია, საბრალდებო დასკვნითი სახე მალე წარიმართება სასამართლოში. რაც შეეხება პროცედურას, რადგან კეზერაშვილი ძებნილია, ახალი ბრალდების საფუძველზე, პროკურატურა დღეს-ხვალ მოითხოვს, რომ მას აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდოს. მაგრამ ეს გარემოება, რომ მას ახალი ბრალი წარედგინა, იძლევა საფუძველს, თავიდან გამოცხადდეს მისი ექსტრადირების მოთხოვნა იმ სახელმწიფოში, სადაც იგი ამჟამად იმყოფება. თუ ექსტრადირების საკითხი არ გადაწყდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ არ დაველოდებით მას და საქმე წარიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია, იგი გასამართლდეს დაუსწრებლად. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევა ძალაში, რაც მოგვცემს საფუძველს, რომ შემდგომში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წართმეული ქონებები უკან დაუბრუნდეს. მართალია, ეს ქონება ოფშორული კომპანიების ანგარიშებზეა დარეგისტრირებული, მაგრამ ფირმა, ბიზნესები საქართველოშია რეგისტრირებული.
მოგეხსენებათ, იაკობაშვილი აცხადებდა, რომ ფოთის პორტი შეიძინა კეზერაშვილისგან და შემდეგ მიჰყიდა „როსნეფტს". თუმცა, როგორც ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან ირკვევა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით კეზერაშვილის სახელზეა. ფაქტია, რომ რასაც ჩვენ ვედავებით, კეზერაშვილის სახელზეა.
- და მაინც, კეზერაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საქმესაც ის ბედი ეწევა, რაც სხვა დანარჩენს.
- ამ საქმეს ეწევა ისეთივე ბედი, როგორიც ეწია მეხუთე ნავმისადგომს, რომელიც მოვიგეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამისთვის მადლობას ვუხდი ქალბატონ თეა ხამხაძეს, რომელმაც მიიღო 21-ე საუკუნის, უაღრესად პროგრესული გადაწყვეტილება. საქართველოს სამართლის ისტორიაში პირველად, სამოქალაქო კოდექსში არსებული ნორმა და ტერმინი „ამორალური გარიგება" განმარტა გერმანული სამართლის პრაქტიკაზე დაყრდნობით. საუბარია, რომ ბიზნესმენმა ნიჟარაძემ მიჰყიდა სხვა კომპანიას რამდენიმე მილიონად ღირებული კომპანია 1000 ლარად. ეს 1000 ლარიც არ არის გადახდილი. ეს გარიგება ქალბატონმა თეა ხამხაძემ ჩათვალა ამორალურ გარიგებად. ეს იყო პირველი შემთხვევა. ამ საქმეზე ახლა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს განხილვა.
საქართველოში როგორც იქნა დაიწყო სამართლიანობის აღდგენა, იმედია, ასე გაგრძელდება.
- როგორია თქვენი ვარაუდი, მოხერხდება ამ ეტაპზე დავით კეზერაშვილის ექსტრადირება?
- თუ კეზერაშვილის ექსტრადიციაზე დადგება საკითხი, ბუნებრივია, პროკურატურა ჩავა სასამართლო პროცესებზე, მაგრამ მათთან ერთად ჩვენც ჩავალთ სასამართლოზე და მივიღებთ უშუალო მონაწილეობას, როგორც მხარე. საქართველო, მგონი, მიცნობს საკმაოდ გახმაურებული და ბევრი მოგებული საქმით. დამერწმუნეთ, საკმაოდ კარგად დავუსაბუთებ ნებისმიერი სახელმწიფოს პროკურატურას, რომ მტკიცებულებები სახეზეა და უნდა მოხდეს კეზერაშვილის ექსტრადირება.
- სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ კომპანია „მეტალექსი", რომელიც პროკურატურის გუშინდელ განცხადებაშიცაა მოხსენიებული, არანაირ კავშირში არაა დავით კეზერაშვილთან. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ვის ეკუთვნის ეს კომპანია და რა კავშირშია კეზერაშვილთან?
- ესაა ზუსტად ის მეხუთე ნავმისადგომი, რაზეც მე გესაუბრებოდით. ამ საკითხთან დაკავშირებით შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში. ამ შემთხვევაში ერთი მხრიდან ჩაერთო სოსო მგელაძე და მეორე მხარედ ჩაერთო კეზერაშვილის ადვოკატი ბატონი მინდელი. მინდელმა განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ჩვენი მხარე ამტკიცებდა, რომ კეზერაშვილმა დაიბარა ნიჟარაძე და უთხრა, რომ სწორედ ამ კომპანიის სახელზე უნდა გადაეფორმებინა თავისი კომპანია. მართლაც, დაახლოებით 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კომპანია 1000 ლარად შეიძინა იოსებ მგელაძის კომპანიამ. რას მელაპარაკება ახლა სოსო ბარათაშვილი, ვერ გამიგია?! 2-მილიონიანი ქონება მომცეს ვინმემ 1000 ლარად, დღესვე ვიყიდი! გაყიდოს იოსებ მგელაძემ თავისი კომპანია 1000 ლარად და მე ვიყიდი! რატომ არ ყიდის?! ეს 1000 ლარიც კი არ მისცეს ნიჟარაძეს. ამიტომ უწოდა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას ამორალური. როგორ შეიძლება 2-მილიონიანი ქონების 1000 ლარად გაყიდვა?! რა, ბიზნესმენი ნიჟარაძე „შექანდა?!" ერთ-ერთი იყო ეს კომპანია, რომელზეც კეზერაშვილმა ძალით გადააფორმებინა ნიჟარაძეს.