ცოტა ხნის წინათ უკრაინულმა მედიამ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ექს-პრეზიდენტი ყოფილ მთავარ პროკურორთან სულხან მოლაშვილის, ემზარ კვიციანისა და ლევან მამალაძის თავიდან მოშორების შესახებ ლაპარაკობს. პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულთან ემზარ კვიციანთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ...
- ბატონო ემზარ, იქნებ არ არის ნამდვილი ჩანაწერი, რომელიც უკრაინულმა მედიამ გაასაჯაროვა?
- დარწმუნებული ვარ ამ ინფორმაციის სიმართლეში. დიდი ხანია, ვამბობ, ძალოვან სტრუქტურებში საბოტაჟია-მეთქი. ყველა ჩემი საქმე დამუხრუჭებულია. ძალოვან სტრუქტურებს ჩემი თავისუფლება რომ ნდომოდათ, ავეჯს მაინც არ დამიბრუნებდნენ?! ბინა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გადმოგვცა, დღესაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. წლების წინათ დოლაბაურის ჩიხში ნანგრევებზე სამოთახიანი სახლი ავიშენე, იქ დღემდე უკანონოდ ცხოვრობს ვიღაც ზონდერი, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილმა დროებით გადასცა ორდერი. რამდენიმე დღის წინათ განვაცხადე, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის გადმოცემას ვითხოვ-მეთქი. ამ ჩანაწერში ადეიშვილი ხაზგასმით ამბობს, „ბოროტა" გაფრთხილებული გვყავს, როგორც კი ყვარლის სახლში ცხვირს შეყოფს, მაშინვე დაიჭერენ კვიციანსო. იგივე ხაფანგი აქვთ დაგებული დოლაბაურის სახლთან დაკავშირებითაც. ამიტომაც არ მიბრუნებს ვიღაც ზონდერი ჩემს ქონებას.
ვფიქრობ, სპეცსამსახურებმა შემთხვევით არ გაამჟღავნეს სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარი. ამით რაღაცის გადაფარვა სურთ.
- რას გულისხმობთ?
- ცოტა ხნის წინთ სოციალურ ქსელში პოსტი დავდე - ვინც თვლით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ამერიკის საელჩო აფერხებს, დაალაიქეთ-მეთქი. იმაზე მეტმა ადამიანმა მოიწონა ჩემი წინადადება, ვიდრე ველოდი. ხვალვე რომ გამოვაცხადო აქცია ამერიკის საელჩოს წინ, უამრავი ადამიანი გამოვა. სპეცსამსახურებს ამ ინფორმაციის გამჟღავნებით უნდათ, აზრი შეგვაცვლევინონ - თითქოს უცხოელები არაფერ შუაში არიან. არის მეორე ვარიანტიც: სპეცსამსახურები მართლა გვიპირებენ ლიკვიდაციას და პრევენციას ახდენენ. ამ ჩანაწერში სააკაშვილი ხაზგასმით ამბობს - მომაშორეთო... ეს ხომ პირდაპირი მასალაა პროკურატურისთვის? რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე? ადამიანმა სამი კაცის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა და რატომ დუმს პროკურატურა?!
- დღეს რაში უნდა სჭირდებოდეს სააკაშვილს ემზარ კვიციანის თავიდან მოშორება?
- მე, სულხან მოლაშვილი და ლევან მამალაძე საზოგადოებრივ მოძრაობას „სახალხო სამართალს" ვქმნით.
სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოძრაობას ვიწყებთ! აქვე ვაანონსებ: აქციებს კანცელარიის წინ კი არა, ამერიკის საელჩოსთან გავმართავთ, რადგან პროცესები, რომლებიც დღეს ჩვენ თვალწინ ვითარდება, ამერიკის საელჩოს მიერ არის მართული!
ასევე, სასამართლოში შემაქვს სარჩელი, სადაც კომპენსაციის სახით სააკაშვილის ყვარლის სახლის გადმოცემას და 50 მილიონს ვითხოვ. მინდა, ამ სახლში ჩვენი მოძრაობის კახეთის რეგიონის ცენტრი განთავსდეს. კოდორში ჩემს სახლში ხომ ჰქონდათ პოლიცია გახსნილი, ჰოდა, მეც ვაპირებ, სწორედ სააკაშვილის ყვარლის სახლიდან ვიბრძოლო სამართლიანობის აღსადგენად. 50 მილიონს მხოლოდ ჩემთვის კი არა, გაჭირვებული ხალხისთვის ვითხოვ, რომელიც საკუთარი ფუძიდან აყარეს. კეთილი ინებონ და კოდორის ხეობიდან წამოსულ თითო ოჯახზე თითო მილიონი გადმოგვცენ. აკი, დასავლეთმა კოდორის ხეობის ჩაბარების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებას 4-ნახევარი მილიარდი გადმოურიცხა.
- კი მაგრამ, ეს რამდენად რეალურია?!
- ადამიანს, რომელმაც, როგორც ამბობენ, 19 მილიარდი მოიპარა, კაპიკები რომ გააგდებინო, თავისუფლად არის შესაძლებელი. აფხაზეთის მესამედი რუსეთს ჩააბარეს, იცით, ეს რა ღირს? მილიარდი დოლარი მარტო ორ წელიწადში ჩამოწერეს! ჩვენ, კოდორელები, ფიზიკურად და მორალურად გაგვანადგურეს. ასე რომ, ის, რასაც ვითხოვთ, მიზერულია, მთავარია, ხელისუფლების ნება იყოს და მათი მხარე არ დაიკავოს.
- ანტიამერიკული განწყობის გამო, შესაძლოა, ოპონენტებმა რუსეთის მიერ მართული გიწოდონ. სხვათაშორის, აღნიშნულ ჩანაწერში სააკაშვილმაც ახსენა, კვიციანი ამდენ ხანი რუსეთში რომ იჯდა, ბებიაჩემის ბებიასთან იყოო?!
- ბებიმისის კი არა, ბაბუამისის თანაგუნდელებთან ერთად ვიყავი, იმ ბაბუასი, „კაგებეს" გენერალი რომ იყო. მთელი ოჯახი „კაგებეშნიკები" არიან და აქეთ მწამებს ცილს! სხვათაშორის, მის დიდ ბებიასაც ვიცნობდი. მაშინ შევხვდი, როცა სააკაშვილისთვის გადასაცემად ხუთასი დოლარი მივუტანე.
ამოვიდა ყელში იმის შიშით ცხოვრება, რომ ვინმემ რუსეთისგან მართულის იარლიყი არ მომაკეროს. საქართველოში რუსეთის საელჩო რომ იყოს, იქაც გავმართავდით ანალოგიურ აქციებს - ეს ორი უზარმაზარი სახელმწიფო ერთად მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ
სააკაშვილი და მისი გუნდი იმათზე ამბობდნენ, პრორუსები არიანო, ვინც რუსეთს არ აწყობდა. პირდაპირ ვამბობ - რუსეთმა, კერძოდ კი, იგორ გიორგაძემ შექმნა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა". მე გავშიფრე ეს სქემა. იგორ გიორგაძის მომხრეები იმისთვის დაიჭირეს, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი პროდასავლელებად გაესაღებინათ. დიახ, გიორგაძემ ამისთვის გაწირა ამდენი ადამიანი, მათ შორის, ცოლის დისშვილი, სამი შვილის დედა, არაჩვეულებრივი ქალბატონი მაია თოუფრია. გეკითხებით, რა გააკეთა სააკაშვილმა საქართველოში რუსეთის საწინააღმდეგო?! ყველაფერი რუსეთს ჩაუგდო ხელში. იმავეს აკეთებს ახლა უკრაინაშიც. სააკაშვილის ხელით სურთ უკრაინის დაშლა, რომელსაც ფულის ჩამოწერის, აფერისტობისა და თაღლითობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. 50-მილიონიანი პოსტსაბჭოთა ქვეყანა შუაგულ ევროპაში ვის სჭირდება?! გაუგებარია, რატომ ვერ ხვდება ამას ხალხი?!
როცა საქართველოსა და რუსეთს შორის არის დავა, რა თქმა უნდა, საქართველოს მხარეს ვარ, მაგრამ, თუ რუსეთსა და ამერიკელებს შორის იქნება არჩევანი გასაკეთებელი, მე რუსეთის მხარეს დავდგები! მართლმადიდებელი რუსეთი ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამერიკა, რომელიც დღეს ოფიციალურად „გაპედერასტდა"!
„მალადეც" ღარიბაშვილს! ვაჟკაცურად მოიქცა, როცა „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ერთსქესიანთა ქორწინება დაგმო! ბატონო ირაკლი, უნდა იცოდეთ, რომ პირადად მე და არა მხოლოდ მე, საქართველოს მოსახლეობა მხარს გიჭერთ ყველა ქართულ საქმეში, ამ დიდ ბრძოლაში მარტო არა ხართ, თუმცა...
- რა, თუმცა?
- ნაციონალების პარპაშს ბოლო უნდა მოეღოს! ეს მხოლოდ სიტყვებში არ უნდა გამოიხატებოდეს! აუცილებლად უნდა ჩატარდეს რეფორმები პროკურატურაში!
- ახალი დეპარტამენტი უკვე შეიქმნა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა, „ასავალ-დასავალისათვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში...
- მერედა, რას აკეთებს ახალი დეპარტამენტი?! მეც ვიყავი მისული, მაგრამ რეაგირება ნული იყო. მითხრეს, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, შენს საქმეს სამი ინსტანცია აქვს გავლილი და სასამართლოს მიმართეო. სასამართლო გეუბნება, ახალი გარემოება გვინდაო. ჯადოსნური წრეა შეკრული, რომლის გარღვევაც შეუძლებელია!
მაინტერესებს, ჩვენს ქვეყანას საერთდ ჰყავს თუ არა სპეცსამსახურები?! რისთვის იღებენ ხელფასს? ამდენი ტერიტორიები გასხვისდა, ამდენჯერ გაიყიდა ქვეყანა და ვინმე დაისაჯა ამისთვის? სხვის სამსახურში მყოფი სპეცსამსახურები, ჯობს, საერთოდ არ არსებობდეს! როგორ ფიქრობთ, 2008 წელს, როცა სააკაშვილის ხელით რუსებმა ომი დაიწყეს, სპეცსამსახურებმა არ იცოდნენ?! რატომ არ მოსთხოვეს სააკაშვილს პასუხი?! ჩვენი ქვეყნის გამყიდველი მიხეილ სააკაშვილი დღეს რომ უკრაინაში ბოგინობს და ამდენს ბედავს, ესეც სპეცსამსახურების უმოქმედობის ბრალია. ისინი უცხოელებზე მუშაობენ და არა - საქართველოზე! აი, რატომ ვაპირებთ აქციების გამართვას სწორედ ამერიკის საელჩოს წინ! ჩვენ, დაზარალებულები, უშუალოდ ამერიკას მოვთხოვთ პასუხს სამართლიანობის აღდგენაზე! მერე ნახავთ, როგორ გააქტიურდებიან. ღარიბაშვილს იმიტომ უნდა დავუდგეთ გვერდით, რომ უცხოელებმა დაინახონ - სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ბლოკავენ, ერთი-ორი კაცის ახირება კი არა, ქართველი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ირაკლი ღარიბაშვილს ერეკლე მესამე დავარქვი. მინდა, გაამართლოს იმედები და ღირსეული მმართველის სახელით დარჩეს ისტორიაში. ბატონო პრემიერო! ვიცი, გეშინიათ იმის, რომ შესაძლოა, გადამწყვეტ მომენტში საზოგადოება გვერდით არ დაგიდგეთ. ხმამაღლა გეუბნებით - იყავით პრინციპული, დადექით კაცურად და ხალხი თქვენს გვერდით იქნება!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"