reportiori.ge - რამაზ საყვარელიძე: 4 მილიარდი ისე მიიღო წინა ხელისუფლებამ ომის შემდეგ, რომ დღემდე არ ვიცით, სად წავიდა ის ფული!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:53
ინტერვიუ
რამაზ საყვარელიძე: 4 მილიარდი ისე მიიღო წინა ხელისუფლებამ ომის შემდეგ, რომ დღემდე არ ვიცით, სად წავიდა ის ფული!
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 11:37


არის თუ არა საფრთხე, რომ საბერძნეთის მსგავს ვითარებაში საქართველოც აღმოჩნდეს და რა პრევენციული ზომები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რომ დასავლეთთან დაპირისპირების რეჟიმში არ აღმოჩნდეს, - ამის შესახებ „რეპორტიორს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა:


- საბერძნეთში პროცესები ახლა იწყება. ისეთი შთაბეჭდილება გვქონდა, რომ 5 ივლისი დაასრულებდა პროცესებს, მაგრამ გაცილებით რთული პროცესი დაიწყო. ამ მხრივ საყურადღებოა ციპრასის შეფასება, რომ მან მადლობა გადაუხადა ბერძნებს მოლაპარაკებებში ზურგის გამაგრებისთვის. ე.ი. ის არ აპირებს მოლაპარაკებებზე უარის თქმას, უბრალოდ, თავის პირობებს დააყენებს და იბრძოლებს ამისთვის. ამდენად საბერძნეთი არ აღმოჩნდა დამყოლი პარტნიორი. საბერძნეთმა გადაწყვიტა, რომ თავისი პრეტენზიებიც წამოაყენოს. ვინ არის ახლა აქ დამნაშავე? ზოგად-პოლიტიკური შეფასებისა და საღი აზრის დონეზე, ორივე მხარე დამნაშავეა. გუშინდელი დღე წამგებიანი იყო როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის. საბერძნეთმაც მიიყვანა იქამდე საქმე, რომ დეფოლტის პირას აღმოჩნდა, მაგრამ ევროპამაც მიიყვანა საქმე იქამდე, რომ ფაქტობრივად ევროპული ერთიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ახლა ევროპას უწევს უკანდასახევი გზების ძებნა ისე, რომ თან უკან დაიხიოს და თან ამაყი სახე შეინარჩუნოს. ესეც წაგებაა. ამ ორ წაგებაში ჩვენთვის ორივე საყურადღებოა.


- რა ბედი ეწევათ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც საბერძნეთში მუშაობენ და როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე?


- ცუდმა ცხოვრებამ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, საქართველოში პროფესიული მიგრანტების გაჩენა გამოიწვია. კი იმყოფებიან ეს ადამიანები საბერძნეთში, მაგრამ მათგან უკვე ნახევარმა სხვა მიმართულებით აიღო გეზი. ანუ, მათთვის მიგრაცია პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს. ამდენად, ეს უაღრესად კეთილშობილი ხალხი, რომელიც საბერძნეთიდან 200 მლნ-მდე აგზავნიდა აქ თავისი ახლობლების გადასარჩენად, სიცოცხლისუნარიანია ახალი გზების საპოვნელად. ეს თემა ანალიტიკოსებისთვის უფრო მეტი ყურადღების ობიექტი არაა, ვიდრე სხვა საკითხები.


- ამ შემთხვევაში, რა არის ანალიტიკოსებისთვის უფრო მეტი ყურადღების საგანი?


- ანალიტიკოსებისთვის მეტ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ არის შანსი, საქართველო თითქმის იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც საბერძნეთია. არც ჩვენ გვიყვარს პირობების დაცვა და ჩვენთანაც ქრება მილიონები და ჩვენი ვალებიც ძალიან სწრაფად იზრდება. არ ვსაუბრობ რომელიმე ხელისუფლებაზე, უბრალოდ, საქართველოს, როგორც ქვეყნის ხასიათი ჯერჯერობით ასეთია. ქვეყანას ვალის აღება ურჩევნია, ვიდრე იმ ვალის დახარჯვაზე ფიქრი. 4 მილიარდი ისე მიიღო წინა ხელისუფლებამ ომის შემდეგ, რომ დღემდე არ ვიცით, სად წავიდა ის ფული.


საბერძნეთში ეს თანხები სოციალური დონის განმტკიცებას მაინც ხმარდებოდა. ციპრასმა ამის შედეგი მიიღო კიდეც და მოსახლეობამ მხარი მას დაუჭირა.

 

- რა როლი ეკისრება ევროპას ასეთ ვითარებაში საქართველოსთან მიმართებით და არის თუ არა შანსი, ევროპულმა სტრუქტურებმა იგივე გზა აირჩიონ, რაც საბერძნეთთან მიმართებაში ჰქონდათ?


- ჩვენთან მიმართებაში დასავლეთმაც შეიძლება გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც საბერძნეთთან ჰქონდა. ანუ, ვერ განსაზღვროს, რა ნაბიჯს რა მოჰყვება. ამის მწარე პოლიტიკური მაგალითი ჩვენ გვაქვს. ამბობდა პუტინი, თუ აღიარებთ კოსოვოს, მე აფხაზეთს და ოსეთს ვაღიარებო. ათიდან ერთი უცხოელი თუ ახერხებდა თქმას, რაში სჭირდებოდათ კოსოვოს აღიარება, პოლიტიკური თვალსაზრისით, გარდა რუსეთის ჯიბრისა. იმ ჯიბრზე თუ პასუხი აქვს რუსეთს, მაშინ რატომ ეჯიბრები?! აღმოჩნდა, რომ ამათ კოსოვო დიდის ამბით აღიარეს, რუსეთმა კი სისხლიანად აღიარა აფხაზეთი და ოსეთი. ასეთი ბევრი მაგალითია. ე.ი დასავლეთი თავის ნაბიჯებს ყოველთვის კარგად ვერ ითვლის. თავისი გადმოსახედიდან უყურებენ, იმას გთავაზობენ, რაც მათთვის მართალია, მაგრამ ის სიმართლე შენზე როგორ გადატყდება, რომ უხსნი, არც გისმენენ და არც სჯერათ. დასავლეთს თავისი ხასიათობრივი სირთულეები და სიჯიუტეები აქვს. ბერძნული მაგალითი ჩვენი ხელისუფლებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს.


- რა მოქმედებები უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ ასეთ ვითარებაში?


- დასავლეთისთვის მხოლოდ თავის დაქნევა საკმარისი არაა. მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ მათ გააგებინონ, რომ რაღაც ნაბიჯები თუ არ გადადგა, შეიძლება იმის საწინააღმდეგო შედეგები მიიღოს, რაც თავად უნდა.


ამდენი ხანია ამბობდა და ახლა უკვე მინისტრის რანგში აგრძელებს ძახილს თინა ხიდაშელი, NATO-სკენ მიგვიშვითო. საქართველოდან ამაზე ლაპარაკი მიდის იმიტომ, რომ ხვდებიან, ნეიტრალურად განწყობილი მოსახლეობის დიდი ნაწილი თუკი ნახავს, რომ დასავლეთი არაფრის გარანტია არაა და ჩრდილოეთი გარანტიაა, შეეგუება იმას, რომელიც უფრო სახეიროა. მე კიდევ მიკვირს, რომ ამდენი ხანი შეძლო პროდასავლურმა ორიენტაციამ საქართველოში ფეხზე მყარად დგომა.

 

- რისი გარანტია შეიძლება იყოს რუსეთი?


- საქართველოში გამჯდარია ასეთი ფორმულა, რომ თუ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვექნება, რუსეთი აღარ დაგვარტყამს, აღარ ჩაკეტავს საზღვარს და ა.შ. ეს მოსაზრება მცდარია მაგრამ, პოლიტიკაში გადამწყვეტი სწორედ სტერეოტიპებია.


აგერ სომხეთს შევხედოთ, რომელსაც რუსეთის გამო შეექმნა პრობლემები. ასე რომ, არც თავის მეგობარს ინდობს რუსეთი, არათუ ლოიალურად მყოფ მოსახლეობას. რუსეთისგან ტკბილი სიტყვით რაიმეს გამოტყუება არარეალურია. მაგრამ, ქართულ რეალობაში და განწყობილებებში შეიძლება იმუშაოს ანდაზამ „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო". ამიტომ ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში.

 

- როგორ უნდა „აიძულოს" საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთი, რომ ჩვენი გადმოსახედიდან შეხედოს კონკრეტულ საკითხებს?


- გრძელვადიანი პერსპექტივით მოხდა ერთი მოვლენა, რომელზეც საქართველოს რეაქცია ჰქონდა, ეს არის ობამასეული ოდა, რომ ერთსქესიანები შეიძლება დაქორწინდნენ. ამას მოჰყვა ერთ-ერთი აფრიკელი ლიდერის შეთავაზება, თუ გინდა, შენზე ვიქორწინებო. სასაცილოდ გაიხადა თავი ობამამ, ამხელა ქვეყნის ლიდერმა.


ამას იმიტომ ვამბობ, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯი მომგებიანი შეიძლება იყოს დემოკრატებისთვის, მათ რომ უფრო მეტი ხმა მიიღონ არჩევნებში, ვიდრე იღებენ. მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკის, როგორც ქვეყნისა და ქრისტიანული ცივილიზაციის ბედ-იღბალს ეხება ის, რაც ობამამ გააკეთა. ამ ცივილიზაციის დისკრედიტაციაა ის, რაც ობამამ გააკეთა. როცა წარმავალი ხარ, ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც შენი ქვეყნისა და ევროპული ცივილიზაციის მომავალ თაობებს წინ დახვდებათ!


დაცინვას კაცი არ მოუკლავს და აიტან, მაგრამ ჩვენ სულ უფრო ახლოს ვგრნობთ, როგორ დაიძაბება ურთიერთობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ცივილიზაციათა კონფლიქტში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია დემოგრაფიას. აღმოსავლეთი დემოგრაფიული ბერკეტით აპირებს დასავლეთის დამარცხებას. ამ ფონზე კი, შენ ოდას უმღერი ერთსქესიანთა ქორწინებას, ეს ნიშნავს, რომ მოდა შემოგაქვს ამის და თუკი ამას დააკანონებ, რაღა დემოგრაფიაზეა ლაპარაკი. ისეთ გლობალურ თემებში, როგორიცაა ცივილიზაციის კონფლიქტი, ეს ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს ნაღვერდალი იმ კოცონში, რაც იქნება. ამაზეც ვერ დაფიქრდა დასავლეთი და ჩვენ ვითხოვთ, რომ დაფიქრდეს. ადამიანები, რომლებიც თავისი ინტერესით ვერ ფიქრობენ, სხვისი ინტერესით მათი დაფიქრება კიდევ უფრო ძნელია.


- ანუ, ამ ეტაპზე მოვლენების განვითარება დამოკიდებულია, თუ რამდენად შეეცდება ევროპა საბერძნეთის შენარჩუნებას?


- თუკი ბზარი გაჩნდება ევროპულ სტრუქტურებში, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე სურათი იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ისეთი ბებერი და ძლიერი ევროპელი, როგორიც ინგლისია, დღემდე არ შედის ევროზონაში და დღემდე უყურებს, საით გადაიხაროს. ამ დღეებში განაცხადა კიდეც, რომ ორივე ვარიანტისთვის მზადაა. თუკი ინგლისი ამოძრავდება მთელი თავისი რესურსებით, კიდევ მოიძებნებიან ქვეყნები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ ევროზონის ეკონომიკის მიმართ. მერე ჩვენ სად მივდივართ? ევროზონის მოშლა ევროკავშირზე, ევროპულ პოლიტიკაზე იქონიებს კარდინალურ გავლენას, შეარყევს ფინანსურ ინსტიტუტებს და ეს ყველაფერი ჩვენზეც აისახება. ამ სიტუაციას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა ის დროა, ვგულშემატკივრობდეთ, რომ ბერძნებმა მოძებნონ გასაღები ევროპელ პარტნიორებთან და აიძულონ ევროპა, გადადგას ნაბიჯები საბერნეთის შესანარჩუნებლად. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016