„დარწმუნებული ვარ, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილი ესაუბრებიან ქადაგიძეს - როგორმე ხელოვნურად შეიქმნას კრიზისული სიტუაციები", - ამ განცხადებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე for.ge-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე აკეთებს. ვიდეოში ჩანს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებიან:
„დამნაშავეებთან და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ადამიანებთან ახლო მეგობრობა ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირისა, რა თქმა უნდა, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩემთვის არანაირი სიახლე არ ყოფილა ის, რომ ბატონი ქადაგიძე გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მათი მსახური! როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახლავთ ხელისუფლებისა და ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალის მსახური, სავარაუდოa, რომ სასიკეთოს არაფერს გააკეთებს. არც აკეთებს სასიკეთოს!
სერიოზული ეჭვები იბადება, ლარის კურსის ვარდნა ხომ არ იყო მიზანმიმართული საბოტაჟი?! ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღენიადაგ საუბრობს ხელისუფლების შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ სერიოზული საფუძველი იმისათვის, რომ გამოიწვიონ მასობრივი პროტესტი ქვეყანაში. ამის ყველაზე კარგი საფუძველი არის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესება და ადამიანებისთვის ხელოვნურად სიდუხჭირის შექმნა. სწორედ ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგად მოხდა ის, რომ ლარის კურსი დაეცა.
ბატონი ქადაგიძე უტიფრად აცხადებს, რომ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ ასე არ არის. ის გახლავთ უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალური ფრთისა, რომელსაც გიგა ბოკერიას ფრთა ეწოდება. მე ვნახე ის კადრები, რომელიც გავრცელდა და ჩანს, გიგა ბოკერიას მეუღლე როგორი ინტენსივობით ესაუბრება ბატონ ქადაგიძეს. მე დარწმუნებული ვარ, ბატონი ბოკერია და ქალბატონი ჩერგოლეიშვილი იმას არ ესაუბრებოდნენ, როგორმე ლარის კურსი გაამყაროს და ამით ხელისუფლებას და ქვეყანას მოუტანოს სიკეთე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი პირიქით ესაუბრებიან ქადაგიძეს - როგორმე ხელოვნურად შეიქმნას კრიზისული სიტუაციები, რათა შემდგომში, სააკაშვილმა, ბოკერიამ და მათმა ამფსონებმა მღვრიე წყალში დაიჭირონ თევზი.
ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ საკვანძო თანამდებობებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩატოვა თავისი ერთგული ხალხი. ეს მანიშნებელია, რომ არაფერს კარგს ქვეყნისთვის არ გააკეთებენ. ხვალ რომ „ნაციონალური მოძრაობა" მოვიდეს ხელისუფლებაში, მე და ჩემი თანამებრძოლები არანაირ თანამდებობაზე არ გავჩერდებით. ქადაგიძე და მისნაირები ყველანაირ დამცირებას, შეურაცხყოფას აიტანენ საზოგადოებისგან, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნონ თანამდებობა და გააფუჭონ საქმე. ეს არის შემაშფოთებელი მოვლენა, რასაც სათანადო რეაგირება სჭირდება.
დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის მიერ კომპრომატებით დაჭერილი პიროვნებები ყოველთვის გააკეთებენ იმას, რასაც სააკაშვილი უბრძანებს. ხოლო ეს უკანასკნელი - სააკაშვილი, საქართველოსთვის კარგს არასოდეს არავის არაფერს ეტყვის.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მეგობრობს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან თუ წევრებთან, პოტენციურად ნებისმიერ დროს არის საბოტაჟის მომწყობი ადამიანი. რა თქმა უნდა, ქვეყანა მუდმივად საშიშროების წინაშე იქნება, ვიდრე საკვანძო თანამდებობებს ჩანერგილი ადამიანები იკავებენ. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ქვეყანაში მონეტარულ პოლიტიკას, ეროვნული ვალუტის სიმყარე მასზე არის დამოკიდებული. ნათლად ვხედავთ, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის" მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად მოხდა ლარის გაუფასურება. შემოდგომაზე ეს ადამიანი რას იზამს, არაპროგნოზირებადია! პროგნოზირებადი არის ის, რომ კარგს არაფერს იზამს!" -