საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ერთ-ერთ რესტორანში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად იმყოფება, „რეპორტიორთან" აფასებს:
„ეს კადრები გავრცელდებოდა თუ არა, ჩვენ გვქონდა პრეტენზია გიორგი ქადაგიძესთან. მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან არ უნდა იყოს ოპოზიციაში. კანონით განსაზღვრული ფუნქციები უნდა შეასრულოს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის ის, რომ კურსი აკონტროლოს და არ დააზარალოს საქართველოს მოსახლეობა. ეს პრეტენზიები გვქონდა. მიუხედავად იმისა, ბატონ ქადაგიძეს რა სიმპათიები აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით, თავისი ვალდებულება უნდა შეესრულებინა. ეროვნული ბანკის მიზანი უნდა იყოს, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს და არა ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების ლობირება. ჩვენ ერთიანნი უნდა ვყოფილიყავით პრობლემების წინაშე და არა ოპონირების რეჟიმში ჩავმდგარიყავით.
კითხვის ნიშნები არსებობს, რაც წარმოშობს ბრალდებებს. ადამიანი მხილებული რომ იყოს, ბრალდება ფორმალურად მაინც უნდა დადასტურდეს. თუ ვინმეს ბრალი საფუძვლიანად წაეყენება, ამ პროცესმა ფორმალურად უნდა დაადასტუროს. პრეტენზიები გაჟღერებულია და თუ ეს პრეტენზიები მტკიცებულებების სახით ჩამოყალიბდება და სამართლებრივ შედეგს მოიტანს, ეს იქნება პროცესის ნაწილი. ნაციონალები სატელევიზიო განცხადებებით ადამიანებს სამსახურებიდან ხსნიდნენ. ეს სამართლებრივი სახელმწიფოს მახასიათებელი არ არის. ქადაგიძის განყენებული პოზიცია ყველა შემთხვევაში იყო დამაზარალებელი პრობლემის გადაწყვეტისას", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.