reportiori.ge - ემზარ კვიციანი – ის, რაც არასდროს უთქვამს... (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:45
ინტერვიუ
ემზარ კვიციანი – ის, რაც არასდროს უთქვამს... (ვიდეო)
13 ივლისი, 2015. 16:00


მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის  - „რეპორტიორის თვალით..." სტუმარია კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი:

 


 
- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, „რეპორტიორის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეთ. მაშინ თქვენს სამომავლო გეგმებზე გკითხეთ. პასუხი ასეთი იყო: „მთავარი გეგმა ჩემი აწეწილ-დაწეწილი ცხოვრების დალაგებაა. დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს... არ ვიცი, რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდები, ან რა იქნება საერთოდ... შევერკინები ცხოვრებას" - რა ხდება დღეს ემზარ კვიციანის ცხოვრებაში, დავლგდით?


- ვერ დავლაგდი. საამისოდ არანაირი საშუალება არ მომეცა, ამიტომ გავხდი იძულებული წავსულვიყავი პოლიტიკაში. აწეწილ-დაწეწილი ცხოვრება, დღემდე აწეწილ-დაწეწილ ცხოვრებად რჩება.


 
- თქვენთან მიმართებაში დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები. კითხვები, რომლებიც უშუალოდ თქვენ და საქართველოს უახლეს ისტორიას უკავშირდება. სანამ უშუალოდ ამ კითხვებზე გადავიდოდეთ, ვისაუბროთ თქვენზე, იმ თემებზე, რაზეც დღემდე არ გისაუბრიათ. დავიწყოთ თქვენი ბავშვობით.


- კოდორის ხეობაში, სოფელ ჩხალთაში დავიბადე. წარმოშობით მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოდან ვარ, მაზერია ჩვენი სოფელი. ამ სოფლიდან წამოვიდა მამაჩემი 14 წლის ასაკში კოდორის ხეობაში. 1961 წლის 25 მარტს დავიბადე. მერვე შვილი ვარ ჩვენს ოჯახში, ყველაზე უმცროსი. 4 და და 4 ძმა ვართ. და-ძმების გაზრდილი ვარ; დედაჩემი მასწავლებელი იყო და მათ უხდებოდათ ძირითადად ჩემთან ურთიერთობა. ჩემს გაზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ჩემს დას ნორას მიუძღვის, ჩემს გამო ერთი წელი გაუცდა სკოლა, მეათე კლასი. დედაჩემი სკოლაში ასწავლიდა იმ დროს, მე კი პატარა ვიყავი.


მანებივრებდნენ და ამავდროულად არც სიმკაცრე მაკლდა. ცოტა არ იყოს, ცელქი ბავშვი ვიყავი და მხვდებოდა კიდეც. ახლა მენატრება კიდეც - რომ მხვდებოდა მათგან. კარგი დრო იყო მაინც.


მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, ჩემი და-ძმები მეტიჩარას მეძახდნენ ხოლმე. 11 წლის ვიყავი, ზამთარში ქალი გადახტა ხიდიდან - დაჯი მერლანი. შვილი გარდაეცვალა და დაკრძალვაზე თქვა - თავს არ ვიცოცხლებო და მე დავინახე, როგორ გადახტა მდინარეში. მეც გადავხტი, მაგრამ მე მარტო რას ვუშველიდი, მერე უფროსებიც გადმოხტნენ და გადავარჩინეთ.


 
- „მონადირის" შექმნის ისტორიაზე გვიამბეთ.


- „მონადირის" შექმნის იდეა მაშინ წარმოიშვა, როცა დილარ ხაბულიანს ცხინვალში ვახლდი. ეს იყო ზვიადის დროს. მაშინ „სვანური საძმო" არსებობდა და ამ საძმოს წევრები ვიყავით ჩვენ. ზვიადს ვედექით გვერდით. მაშინ დილარი კულუმბეკოვს შეხვდა და ამ ადამიანმა ახსენა დაჯგუფება, რომელსაც ერქვა „მგლები". მაშინ მომივიდა აზრად - თუ საჭირო იქნებოდა და თუ ოდესმე შევქმნიდი რაიმე ორგანიზაციას, „მონადირეს" დავარქმევდი.


მას მერე ორი წელი გავიდა და 1992 წელს უკვე ჩრდილოეთიდან გადმოდიოდნე „ბოევიკები", მათი შეჩერება გახდა საჭირო. სიტუაცია არეული იყო და სახელმწიფოს მათი შეჩერების საშუალება არ ჰქონდა. ამიტომაც ჩემი ინიციატივით შევიკრიბეთ, დაახლოებით 80 ახალგაზრდა. მინდოდა, ჩვენში ყველაზე უფროსი - ლადო აფრასიძე ყოფილიყო ხელმძღვანელი, მაგრამ უარი თქვა. მერე მე ამირჩიეს.


 
- კარგი ავტორიტეტი ჰქონდა ხეობაში ემზარს და ამიტომ ის ავირჩიეთო ლიდერად - ბატალიონ „მონადირის" შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თენგიზ კორძაიამ გვითხრა.


- ჩემი თანაკლასელი იყო თენგიზ კორძაია. იმ შეკრებასაც ესწრებოდა. რაც შეეხება ავტორიტეტს - საიდან მოდის ავტორიტეტი? როცა შენ გიყვარს ადამიანები, ადამიანებსაც უყვარხარ და ალბათ აქედან მოვიდა ეს ავტორიტეტიც.


 - იგივე ბატონი თენგიზი გვიყვებოდა - „სოხუმი რომ დაეცა, კოდორის ხეობას ლტოლვილების მასა მოაწვა, რომლებსაც აფხაზები მოსდევდნენ და სადაც იჭერდნენ, იქ კლავდნენ. ამ ხალხს ვიცავდით. ლტოლვილებმა რომ გადაიარეს, ხეობას ისევ ადგილობრივები შევრჩით დამცველებად. სისხლისმ და ცრემლის ფასად ვსწავლობდით ომს..." რა გახსოვთ იმ წლებიდან გამორჩეულად?


- დასამახსოვრებელი ბევრი რამ იყო... რაც არ მახსოვდა, ციხეში მარტო რომ ვიჯექი, ყველაფერი გავიხსენე. სასამართლოზე დამჭირდებოდა.


27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. ლტოლვილების მასა მოგვაწყდა. გზა გავაკეთე მაშინ, როცა მივხვდი, რომ ღალატის სუნი იდგა. გამაგრება დავიწყე გვირაბებთან. ჭუბერის და საკენის გზა შევაერთე. სამკილომეტრიანი გზა გავაკეთე. ხელსიუფელბას რომ დახმარება ვთხოვე საწვავით, მითხრეს, აი, 20 ლიტრი საწვავი და სახლში დაბრუნდიო. მერე რაჟდენ ჩაკვეტაძემ მომცა საწვავი, წამოვედი და გავაკეთე ეს გზა.


არც კი მიფიქრია, რომ ამდენი დევნილი მოგვაწყდებოდა, ვფიქრობდი, რომ მარტო სვანები დაბრუნდებოდნენ ამ გზით. 100-ათასობით ფეხშიშველი და მშიერი ადამიანი რომ მოგვაწყდა, დღეში, მინიმუმ ერთ ძროხას ან ხარს ვკლავდით, მორიგეობა გავაკეთეთ სოფლებში, არაფერი დავიტოვეთ... ასე ვუმასპინძლდებოდით ლტოლვილებს... მერე ძალიან ცუდად მოგვექცნენ. ჩუმად გვეუბნებიან მადლობას, გადაგვარჩინეთო, მაგრამ როცა სპეცსამსახურებში დავალებით რაღაც-რაღაცებს გვაბრალებენ, გაჩუმებული არიან და ამით გული გვატკინეს, მაგრამ ცხოვრება წინაა და კიდევ ბევრ რამეს მიხვდებიან.


- რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი?


- ეს ემსახურებოდა იმ ადამიანების დისკრედიტაციას, რომლებიც ხეობას ვიცავდით. ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ხეობის ჩაბარებას. ჯერ, მტერი რომ მოდიოდა, არ შემოვუშვით. მერე მტერმა თბილისისკენ გადმოინაცვლა და თბილისიდან შემოგვიტიეს. ვხედავდით, რომ თბილისიდან იყო დიდი დაინტერესება ხეობა ჩაბარებულიყო.


ერთხელ, მახსოვს, სოფო ხორგუანმა დამირეკა და ძალიან გამაბრაზა. იმ დროს მე და სოფო ვმეგობრობდით. დამირეკა და მითხრა - შენ რატომ ხარ ჯარის შესვლის წინააღმდეგი?! საქართველოს პრეზიდენტია და სადაც უნდა, იქ შეიყვანსო ჯარს! ეს ისეთი თემა იყო, რაზეც მას არ უნდა დაერეკა ჩემთვის, მაგრამ რადგანაც დამირეკა, მეც გავეცი პასუხი. ვუთხარი, რომ ეს არ იყო ზუგდიდი ან მესტია, ეს არის ანკლავი, რომელიც გვაძლევს საშუალებას და მომავლის იმედს, რომ აფხაზეთში დავბრუნდებით.


- რატომ დაგირეკათ სოფო ხორგუანმა?


- ალბათ, ვინმემ სთხოვა, რადგან ჩემი ახლობელი იყო. სხვათა შორის, მას მერე ჩვენს შორის ურთიერთობა გაცივდა.


 
 - მიხეილ საკაშვილის გაპრეზიდენტებას როგორ შეხვდით?


- ერთ-ერთი იმათთაგანი ვიყავი, ვინც მისი გაპრეზიდენტების წინააღმდეგი იყო. ვიცნობდი, ვიცოდი, როგორი ფლიდიც იყო, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ედგნენ გევრდში და სხვის საქმეს გააკეთებდა და ასეც მოხდა.


 
- თქვენი თანამდებობა, 2004 წლის დეკემბერში აფხაზეთის მაშინდელი ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით გაუქმდა. დღევანდელი გადასახედიდან შეაფასეთ მისი ეს გადაწყვეტილება?


- რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, პირადად ვუთხარი ირაკლის. რამდენად სწორი ვიყავი მე, ეს ცხოვრებამ გვიჩვენა.


„ჩვენ ახლა ეკონომიკურად მოვაძლიერებთ ხეობას, გზებს გავაკეთებთ - ინფრასტრუქტურას შევქმნით, ჯარსაც შევიყვანთ..." - და ჯარი რომ ახსენა, გავაჩერე და ვუთხარი - თუ ხელშეკრულების გაუქმებამდე ჯარის შეყვანას აპირებდა, გამოდიოდა, რომ ხეობის ჩაბარება ჰქონდა გადაწყვეტილი ხელისუფლებას. - გამორიცხულია, მე აქ არ ვარო?! ვუთხარი, მის ნაცვლად ოდესმე სხვა რომ დაენიშნათ, მაშინ ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი ხეობაზე? - მე ვიქნებიო, - გამიმეორა. ამიტომ ვეკითხები ყოველთვის, როცა ამის საშუალება მეძლევა - ბატონო ირაკლი, რატომ ჩააბარეთ კოდორის ხეობა მტერს?! ასეა, სიტყვა თქვა და ... ირაკლი ალასანია ისე მიიყვანეს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილი - „მონადირის" მოსასპობად, ხოლო - ალასანია გუბერნიის მოსასპობად. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფელები ყოფილან და არამარტო ეს ორი. როგოორც აღმოჩნდა, მთელი ის ჯგუფი ჩართული იყო კოდორის ხეობის გასხვისებაში და შემდგომ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად - მთელი ქვეყნის გასხვისებაში. კოდორის ხეობა ჩაბარდა, გაერო-ში მაშინ ვინ იყო ჩვენი წარმომადგენელი? - ირაკლი ალასანია. გაერო-მ რა? - უბრალოდ დაბურძგლა და სულ ეს იყო.


 
- ფიქრია ჩიხრაძე იხსნებს 2006 წლის ერთ-ერთ შეხვედრას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრაზე ირაკლი ალასანია კბილებით იცავდა პოზიციას, რომ „მონადირე" არ გაუქმებულიყო.


- არ გამიკვირდება, თქვან, რომ ერთ-ერთი კბილი მაშინ მოიტეხა. სისულელეა, ესაა მლიქვნელობა იმისთვის, რომ მერე ირაკლი გააპიარონ.


 
- თქვენი და, ქალბატონი ნორა კვიციანი 2006 წელს კოდორის ცნობილი მოვლენების დროს დააპატიმრეს. ელოდით თუ არა, რომ მას 6-წლიანი სასჯელისთვის გაიმეტებდნენ?


- მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ჩემი და იყო ტყვე, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერავინ ლაპარაკობდა. ხალხმა იცოდა, რომ მართლები ვიყავით, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმის ეშინოდათ.


- თუ გქონიათ დანაშაულის შეგრძნება მის მიმართ იმ ყველაფრის გამო?
 


- ჩემი და ნორა ჩანდა მაშინ სხვებზე უფრო, რადგან დაჭერილი იყო, მაგრამ არც სხვები იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში. დანაშაულის შეგრძნება დღესაც მაწუხებს ჩემი ოჯახის, დების, ძმების წინაშე, იმიტომ, რომ ჩემს გამო ჯოჯოხეთი გაიარეს. მე რომ არ ამეღო საკუთარ თავზე სამშობლოს დაცვა, ჩემი ოჯახიც ისე იცხოვრებდა, როგორც სხვა დანარჩენი საქართველო, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ეს? ჰოდა, ვიღაც მაინც დაისჯებოდა და დავისაჯეთ ჩვენ.


რაც შეხება ნორას, ის არამარტო იმის გამო დაისაჯა, რომ ჩემი და და ბაჩოს დედაა. ნორა თავადაც ძალიან აქტიურია. ნორა რომ ხეობაში ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ხეობას ვერ ჩააბარებდნენ. 3 500 შეიარაღებული ჯარისკაციდან, 100 კაცს მაინც გამონახავდა, რომლებსაც ხეობიდან უბრძოლველად არ გამოუშვებდა. აი, ამიტომ მოაშორეს ნორა ხეობას. იყო მომენტი, როცა მიმატოვეს და 13 კაცით დავრჩი სოფელ ლათაში. არანაირი პოზიციები არ მეჭირა, ორი კვირა ვიყავით 13 კაცი და შევინარჩუნეთ სოფელი ლათა. ეს იმიტომ, რომ გამყიდველი არ გვყავდა არავინ. ჩემმა დებმა დააბრუნეს ხალხი უკან.
 


- ანუ, თქვენ თვლით, რომ კოდორის ხეობის შენარჩუნება შესაძლებელი იყო?


- შესაძლებელი იყო. 3500 კაცი, იცით, რა ძალა?


- დღეს როგორ უყურებთ კოდორის ხეობის დაბრუნების საკითხს? რამდენად არსებობს ამის შანსი?



- დღეს სისულელეა ფიქრიც კი, რომ აფხაზეთის გარეშე კოდორის ხეობას დავიბრუნებთ. რუსების ბაზაა შექმნილი იქ უკვე.


 
- რუსეთის მოწინააღმდეგე, როგორ მოხვდით რუსეთში? - ეს არის კითხვა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია...



- ისე დამიგეს ეს ხაფანგი, რომ მერე კოდორის ხეობის მცხოვრებლებს ეფიქრათ, თითქოს მე მათ ვუღალატე და გავიქეცი ქვეყნიდან. სხვათა შორის, როგორ მოვხვდი რუსეთში, ტელევიზიით არ მითქვამს არასდროს - როცა ჩეჩნებთან მოუვიდათ ჩვენს ბიჭებს პატარა სროლები (ის 15-წუთიანი სროლები დადგმული იყო, ის ხდებოდა ჩვენგან კილომეტრ-ნახევარში. დადგმული სცენა იყო, თითქოს კვიციანმა ესროლა), რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა დამირეკეს - სასწრაფოდ ჩამოდი, სალაპარაკო გვაქვსო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სააკაშვილს ეხმარებოდნენ ხელისუფლებაში მოსვლაში.


- ტარიელ ონიანს გულისხმობთ?


- ონიანი, გიორგაძე და შალიკიანი. მათი გავლენები საქართველოში ყველასთვის ცნობილია და იმედი გამოჩნდა, რომ იქნებ მათი მეშვეობით რამე დარეგულირებულიყო. საღამოს ჩავედით სოფელ ჩხალთაში, სადაც დამხვდა კაცი. ღამის ორ საათზე გადაგვიყვანეს ამ ჩვენს ქართველებთან შესახვედრად. გადავედით და ნიღბიანები დამხვდნენ იქ. ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს. ასე მოვხვდი რუსეთში.


 
- ეს არ იყო ტყვეობა?


- ეს იყო ტყვეობა, მაგრამ, შეიძლება ითქვას - ელიტარული ტყვეობა - პატივისცემით მეპყრობოდნენ. ასე მოვხვდი ერთ ოთახში, რომელსაც შეიარაღებული 500-600 კაცი იცავდა. დამიდგეს ტელევიზორი და მაყურებინეს, რა ხდებოდა კოდორის ხეობაში - გამოდიოდა გიორგი არველაძე, რომლიც გაჰკიოდა, რომ კვიციანი გაიქცა, მოღალატეა და ა.შ. გაოგნებული უყურებდნენ თურმე, ცალკე „მონადირის" წევრები და ცალკე კოდორის მოსახლეობა, რომლებიც ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მე ან გავიქცეოდი, ან ვინმე გამიტყუებდა. მოხდა ისე, რომ მე არ ვარ. მერე დაარწმუნეს „მონადირის" წევრები, რომ მე მათ ვუღლატე და გავიქეცი.


გამწარებული ვიყავი. ამბობდნენ, რომ ქალია მოკლული და არ ამბობდნენ, ვისზე იყო საუბარი. მაინც მეგონა, რომ ნორა მომიკლეს, თუმცა, ის ქალი, ვინც მოკლეს, რუსუდან გერლიანი, იგივე ჩემი და იყო.


ამ დროს მოვიდა ერთ-ერთი რუსი ჩემთან. ხელში ფურცელი ეჭირა. რუსი, მაგრამ სააკაშვილის თანამშრომელი. ჩემთან საუბრობენ ისე, რომ თითქოს სააკაშვილი არ მოსწონთ და აგინებენ. ერთი შენი თანხმობა გვჭირდება, შევდივართ და ვანადგურებთ სააკაშვილსო. გამიკვირდა, ამისთვის ჩემი თანხმობა რაში სჭირდებოდათ. ვკითხე კიდეც, რატომ უნდოდათ მაინცდამაინც ამ შეთანხმებაზე ჩემი ხელმოწერა. უარი ვუთხარი და მომშორდა.


ამის მერე მოვიდა აფხაზი გარი კუპალბა, რომელმაც იგივე მითხრა. გამეცინა - იმან რომ მითხრა, ის რუსია და ამიტომ იკადრა და შენ რატომ მეუბნები, შენ ხომ კავკასიელი ხარ, ღალატზე მიბიძგებ-მეთქი?! შეცბა, მომიბოდიშა და მითხრა - ილორში, ჩვენთან, გამსახურდია რომ მოიყვანეს, შევთავაზეთ, შევარდნაძის წინააღმდეგ გავერთიანებულიყავით, მაგრამ უარი გვითხრა და ხომ ხედავ, რით დაამთავრა, გქონდეს ეს მხედველობაშიო. ეს მითხრა და წავიდა. აი, იქ ვნახე გამსახურდიას მიერ ჩადენილი გმირობა. ის იყო როგორც ქართველების, ასევე აფხაზების პრეზიდენტი და რომ გაერთიანებულიყო აფხაზებთან, ეს არ იქნებოდა ღალატი, რადგან საკუთარ თანამოქალაქეებთან ერთად წამოვიდოდა, მაგრამ არ გააკეთა. იმ დღის მერე ზვიად გამსახურდია ჩემს თვალში გმირია.


 
- შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება რუსეთში?
 


- სანამ მე გამიტყუებდნენ, ჩემი ოჯახი უკვე სოჭში ჰყავდათ. ჩემი გაბრიელა მაშინ ორწლინახევრის იყო. სად წავიდოდი, წავედი იქ, სადაც ოჯახი იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემს ოჯახს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ პირადად მე კარგს არაფერს ველოდი. რუსები იმაზე მეტად დიდსულოვნები აღმოჩნდნენ, ვიდრე მე ვფიქრობდი - დღეს, ჩემი ოჯახიც ცოცხალია და მეც, მათთან ერთად.


 
- ეს როგორ მოხდა?


- ჩვეულებრივ. ომის დროს, არც დაწერილი კანონი დამირღვევია და არც დაუწერელი. არც ერთი ტყვე არ დამიხვრეტია, არც მიწამებია, თუ ვინმე ცოცხალი ჩამივარდა ხელში, ყველა ცოცხალი დავაბრუნე.


ერთი ვერტმფრენი რომ ჩამოვაგდეთ, ეკიპაჟში 5 კაცი იყო, რუსები იყვნენ. რომ ავედით და ვნახეთ მიცვალებულები, ისე არ დავტოვეთ, ყველა დავასაფლავეთ და ჯვარი გავუკეთეთ. მათ წასასვენებლად რომ მოვიდნენ სპეცრაზმელები, ისე მიყურებდნენ, როგორც მტერს. რომ ავიყვანე და გაპატიოსნებული მიცვალებულები ნახეს, სახე გაუნათდათ და ისე წავიდნენ, თითქოს ცოცხლები წაიყვანეს. სადაც არ უნდა იყო კაცი, კაცურად უნდა მოიქცე. უიარაღო მტერზე ხელი არ უნდა ასწიო, რომ გარდაიცვლება, მით უმეტეს. ეს არის წესი, რომელსაც თუ დაარღვევ, წინ დაგხვდება. თუ არ დაარღვევ, ისიც წინ დაგხვდება. ჰოდა, სწორედ ეს დამხვდა წინ.


- თქვენზე უამრავი ჭორ-მართალი გვსმენია. რომელი იყო მათგან ისეთი, რომელმაც ყველაზე მეტად გატკინათ გული?


- ყველაზე მეტად გული მეტკინა, როცა ქვეყნის ღალატი დამაბრალეს. თან ამაზე საუბრობდა, მაგალითად, ნიკა გვარამია, არა მგონია, საერთოდ ჯარში იყოს ნამყოფი. რომ გაგახსენდება, რას გაბრალებენ და მერე გახსენდება შენს მიერ გავლილი გზა, როგორ წვლობდი... რა გადაიტანე... მაგრამ ალბათ, როცა როცა მართალი ხარ, ვერაფერს გავნებენ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე და ასევე, ჩემი დის პატიმრობა.


 
- ბატონო ემზარ, სვანებზე რომ ანეკდოტებს გიყვებიან, რა რეაქცია გაქვთ?


- ჩვეულებრივი. ძალიან მომწონს, როცა სუფთა სვანურ ანეკდოტებს ჰყვებიან, მაგრამ „გადმოთარგმნილი" ანეკდოტები არ მომწონს. კახელებს რაც შვენის, ის არ შვენის სვანებს, სვანებს რაც შვენის, ის არ შვენის მეგრელს და ა.შ.


 
- რომელია სუფთა სვანური ანეკდოტი?


- ერთ ცოცხალ ანეკდოტს მოგიყვებით. მე და ჩემი ბიძაშვილები ვართ სახინკლეში. სულ სამნი ვართ. ერთ-ერთ გადაცემაში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე იყო საუბარი. მთავრობაშიც არიანო, ამბობდნენ. ძველ მთვრობაზეა საუბარი, შევარდნაძის დროინდელზე. მე ვთქვი, რომ წარმატებულები არიან და წინ-წინ მიიწევენ მთავრობაში-მეთქი. ბიძაშვილმა - წაიწევენ წინ, აბა, უკნიდან ჯიკაობენ და...


 
- როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვთ „ნაციონალებს" მთავრობაში დაბრუნების შანსი?


 
- ნული!


 
- რატომ?


- რომელ ხელისუფელბაში, უკრაინის მთავრობაში არიან და აქ ვინ დააბრუნებთ?!


 
- არსებული ხელისუფლების დროს, როცა ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტეთ, აეროპორტიდან პირდაპირ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდით. ყველას გვსმენია და ბევრს უნახავს ის არაადამიანური პირობები, რაშიც ყოფილი ხელისუფლების დროს პატიმრები ჰყავდათ. თქვენს დროს რა ხდებოდა, როგორ პირობებში მოგიწიათ ყოფნა და როგორ გეპყრობოდნენ?


 
- ნორმალური პირობები იყო, საკვები არ მომწონდა, რა თქმა უნდა. ისე, პარასკევს თევზი კარგი იყო, დილაობით ფაფები იყო ასევე, კარგი. სასჯელაღსრულების სამინისტროს კი აქედან მივმართავ - შეცვალონ ლობიოს მომწოდებელი, თორემ ლობიოს შეაძულებენ ხალხს. ძალიან ცუდი ლობიო იყო.


რაც შეეხება მოპყრობას, ძალიან კარგად მეპყრობოდნენ, ძალიან კარგი ბიჭები მუშაობდნენ, განსაკუთრებით ჩემდამი იყო კარგი მოპყრობა. მთელი 11 თვე მარტო ვიყავი, არანაირი დისკომფორტი, პირიქით, რაც მსმენია, იმასთან შედარებით სასჯელაღსრულების დაწესებულება იყო ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.


- „მეგობრებო, დღეს გავწევრიანდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში", ანუ წავედი პოლიტიკაში", - პოლიტიკაში წასვლამდე დაწერეთ. რატომ მაინცდამაინც „პატრიოტთა ალიანსი"?


- პირველი, იმიტომ, რომ ვარ სვანი, მთის კაცი. მთის ადამიანი ასოცირდება პატრიოტიზმთან. მეორე - „პატრიოტთა ალიანსი", - ანუ ყველა იქ უნდა შევიკრიბოთ, ვისაც გული შესტკივა ქვეყანაზე და რაღაცის გაკეთება გვინდა. მესამე და მთავარი - „პატრიოტთა ალიანსში" არიან ირმა ინაშვილი და დავით-თარხან მოურავი, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემი ქვეყნის დაუძინებელი მტრების გადაჩოჩებაში. ახლა მეც შევუერთდი იმისთვის, რომ არამარტო გადავაჩოჩოთ, არამედ საერთოდ გავაქროთ პოლიტიკური რუკიდან და ამას ჩვენ გავაკეთებთ - „პატრიოტთა ალიანსი" ხელისუფლებაში მოვა!


 - თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპს მიიჩნევთ თუ არა შეცდომად?


- შეცდომად ვთვლი მომენტებს, როცა ვინმეს გულს ვტკენდი. სხვა, რა ვიცი... არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ ამით ვინმე დაზარალებულიყო, პირიქით, ბევრჯერ ამის გამო მე დავზარალებულვარ. არც ვნანობ, არც მინანია არასდროს, მაგრამ გაცხარებისას, ახალგაზრდობაში, როცა უფრო იმპულსური ვიყავი, იყო მომენტები, როცა გული ვატკინე, მეგობრებსაც, ახლობლებსაც - ლაპარაკით. ამიტომ მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს - რაც უნდა მოხდეს, ნაკლებად ატკინეთ გული ერთმანეთს.


- ადამიანები ადამიანებს გასაჭირში ცნობენ. თუ გახსენდებათ ადამიანები, რომლებისგანაც ელოდით გულიანობას, გვერდში დგომას, მაგრამ იმედები გაგიცრუეს?



- არიან ადამიანები, რომლებმაც მიღალატეს პირდაპირი გაგებით. ამავდროულად არიან ადამიანები, რომლებიც შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, რომელთა მიმართაც არანაირი უარყოფითი გრძნობა არ მქონია. ვინც შეგნებულად მიღალატა, იმათ ვერ ვაპატიებ ამ დრომდე, ამხელა ქრისტიანიც ვერ ვარ ჯერჯერობით, აწი ვნახოთ... ისე, ჩემი ღალატი რომ დაიჯერეს, თუნდაც ცოტა ხნით, ამით გული დამწყვიტეს... ბევრმა მომიბოდიშა კიდეც, მაგალითად მალხაზ თოფურიამ, პირდაპირ ეთერში... ერთხელ ქუჩაშიც გამაჩერა გამვლელმა. ხელები დამიკოცნა და მომიბოდიშა - ერთ დროს მეც დავიჯერეო... ხშირად ხდება ასეთი რამეები. ღმერთმა შეუნდოს ყველას...


 
- თქვენი შეფასებით, ვინ არის ემზარ კვიციანი?


- ჩვეულებრივი სვანი, ჩვეულებრივი ქართველი... მე ვარ სვანი, მაშასადამე ვარ ქართველი - მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ კავკასიელი. აი, ეს ვარ ჩემი შეფასებით.  


ინტერვიუს ვიდეოვერსია:






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016