reportiori.ge - დათო ფერაძე: სანიკიძე ერთ-ერთი ჭანჭიკია, მხოლოდ შემსრულებელი და მეტი არაფერი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:26
ინტერვიუ
დათო ფერაძე: სანიკიძე ერთ-ერთი ჭანჭიკია, მხოლოდ შემსრულებელი და მეტი არაფერი
11 ივლისი, 2015. 15:36


განათლების სისტემაში მიმდინარე საკითხებზე, „რეპორტიორს" „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი დათო ფერაძე ესაუბრა:

 

- წლის ბოლოს სიტუაცია არის ისეთი, როგორსაც ვპროგნოზირებდი თვეების წინ - რთული, დრამატული და საგანგაშო. ზუსტად ისე მიმდინარეობს პროცესები, როგორც ვაცხადებდი. ამის გადამოწმება უადვილესია. თუ გადავხედავთ ინტერნეტ თუ ბეჭდვით მედიასაშუალებებს, სადაც ჩემი „განგაშის ზარების" ხმა ასე თუ ისე ისმოდა და ისმის, შეიძლება, ისეთი წარმოდგენა შეექმნას ადამიანს, თითქოს მე დავგეგმე და ჩემს გეგმას მიჰყვება სანიკიძის უწყება.


კი არ მიხარია, ჩემი პროგნოზები რომ მართლდება, პირიქით, მწყინს და ის უფრო მეტად მწყინს, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო დღესაც არ ითვალისწინებს ჩემს განგაშს და ახლა მაინც არ მიმართავს ქმედით ღონისძიებებს სანიკიძის სამარცხვინო საგანმანათლებლო პოლიტიკისა და მისი ბინძური მეთოდების აღსაკვეთად. ხომ შეიძლება, მთავრობაში ვინმე დაფიქრებულიყო და ეთქვა, ეს კაცი ამდენი ხანია რის საშიშროებაზეც გვაფრთხილებს, ყველაფერი უკლებლივ ხდება და მოდი, ერთხელ მაინც დავუჯეროთო...

 

- რატომ არ იბერტყავენ ყურს?


- სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა ის, რომ სანიკიძის ე.წ. პოლიტიკა ზემდგომთათვისაც მისაღებია და თავად სანიკიძე ერთ-ერთი ჭანჭიკია, მხოლოდ შემსრულებელი და მეტი არაფერი. სიბინძურეში კი არის გაწაფული, მაგრამ, როგორც ჩანს, უფრო მრჩეველთა დახმარებით გადის ფონს, თორემ რამდენჯერ გამოავლინა სრული უნიათობა.

 

- რას გულისხმობთ?


- უკანასკნელი მაგალითები მახსენდება, როდესაც ერთ-ერთ სკოლაში მეათეკლასელი მოსწავლე შეუძლოდ გახდა და ეს გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებულ ნერვულ სტრესს დააბრალა. იმდენიც კი არ იცის, რომ მეათეკლასელებს გამოსაშვები გამოცდები არ აქვთ. ან, როდესაც საგამოცდო ცენტრების კონდიცირებაზე შეეკითხნენ, მან უპასუხა, ამინდი ხელს გვიწყობს და აბიტურიენტებსაც არ სცხელათო. ასეთ ელემენტარულ საკითხებში კი არაა ეს ადამიანი ადეკვატური.

 

- რჩევები ახსენეთ, ვის რჩევას ითვალისწინებს სანიკიძე?


- ადრეც მითქვამს და კვლავ გავიმეორებ: პირველ რიგში მისი დამხმარეა სიბინძურეში, სიყალბეში, საქმეების შეკერვაში გაქნილი სამინისტროს შიდა აუდიტის შეფი ალექსანდრე ონოფრიშვილი. შევარდნაძის დროინდელი აგენტი და მიშას დროინდელი კეზერაშვილის უწყების მაღალჩინოსანი. სიბინძურეების დაგეგმვასა და მართვაში სანიკიძე ასეთ ადამიანებს ეყრდნობა. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ სამინისტროში მრავლადაა ღირსეული და ერუდირებული ადამიანიც.

 

- 116-ე საჯარო სკოლაზე კიდევ მიდის ზეწოლა?


- მაგას უკვე შევეჩვიეთ და ყურადღებას აღარც ვაქცევთ, სამინისტროდან ვერ ბედავენ შემოსვლას. იციან, რომ კინწისკვრით და სკანდალით გავყრით. ამიტომ, რესურს-ცენტრის თანამშრომლებს ავალებენ მუდმივ მონიტორინგს. სკოლაში ივნისის ბოლომდე ისხდნენ რესურს ცენტრის თანამშრომლებიც და დოკუმენტების შემოწმებაზე თვალებს ითხრიდნენ. ფაქტობრივად, ეს ადამიანები სამსახურში ჩვენს სკოლაში დადიან... რა ქნან, ავალებენ სანიკიძის უწყებიდან, როგორც გინდათ, ისე აღმოუჩინეთ დარღვევებიო, მაგრამ ვერ პოულობენ. ჩვენც გვებრალებიან და ჯერჯერობით ვუშვებთ სკოლაში. თუმცა, უკვე ისე შევეჩვიეთ, რომ არ მოვიდნენ და სასკოლო დოკუმენტების კირკიტს თავი დაანებონ, შეიძლება, გულიც კი დაგვწყდეს

 

- მაინც გასაკვირია, რომ ასეთი „დაინტერესების" მიუხედავად, ვერაფერი აღმოუჩინეს სკოლას...


- არის რაღაც ნიუანსები. მაგალითად, იყო ასეთი კურიოზული შემთხვევა, როდესაც მასწავლებლებისა და ერთ-ერთი კლასის დამრიგებლისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს ერთი წლის წინანდელ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა სკოლის გარეთ და თან, როგორც ვთქვი, ერთი წლის წინ. უნდათ, რომ ასეთ თითიდან გამოწოვილ „დანაშაულებს" ჩაეჭიდნონ. სანიკიძის სამინისტროდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოშიც შეიტანეს საჩივარი, რომ სკოლის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში რამე დარღვევა აღმოეჩინათ, სააგენტომ დადო დასკვნა, რომ სკოლას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა ამ მხრივაც. ამაზე სულ გაცოფდნენ. ანუ, ხომ ხვდებით, ის კი არ უხარიათ, რომ სკოლა გამართულად და წარმატებით მუშაობს. პირიქით, უნდათ რომ ასე არ იყოს. რაღა თქმა უნდა, სანიკიძისგან ეს არც მიკვირს.

 

- რთულ სიტუაციაზე საუბრობთ. ამ დროს საქართველოს მასწავლებლები თითქოს კმაყოფილნი არიან, სახელფასო ზრდასაც ელოდებიან და სადაც სანიკიძე ჩადის, სიხარულითაც ხვდებიან...


- რა ქნან, ხომ არ სცემენ? ხვდებიან თავაზიანად, მაგრამ, აბა მათ გულში ჩავიხედოთ, რა ხდება. თუმცა, არც ასეთ დახვედრებს ვამართლებ. ღიმილით კი არა, კუდამოძუებული უნდა გამოისტუმრო სანიკიძე სკოლიდან. მარტო იმის გამო, ასე ურცხვად რომ დადის სკოლებში და მასწავლებლებს თვალს უსწორებს. სირცხვილი მორალური კატეგორიაა და გასაგებია, არ რცხვენია, მაგრამ, მასწავლებლებს რატომ აქვთ პირში წყალი ჩაგუბებული? არ უნდა მიიღონ და მორჩა. მაგრამ ამას ვინ გაბედავს.


ხელფასს რაც შეეხება, მე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არის სრული ბლეფი. თუ რომელიმე მასწავლებელს კიდევ ჰგონია, რომ სახელფასო პოლიტიკაში რამე ცვლილება განხორცილდება და მითუმეტეს სექტემბრიდან, ძალიან გულუბრყვილოდ ცდება. ხელფასი არ იზრდება, არა!.. ხელფასის ბოლო გაზრდა განხორციელდა 2012 წლის დასაწყისში, ეს იყო და ეს... იმის მერე, დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემის გამო, ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა დაეცა და დღეს მასწავლებელს იმაზე დაბალი ხელფასი აქვს, ვიდრე 2012 წლის მომატებამდე ჰქონდა. მოიმატებს ძალიან მცირე რაოდენობის მასწავლებელთა ხელფასი, მაგრამ არა იმ ოდენობამდე, რომ 2012 წლის ხელფასს გაუტოლდეს მსყიდველობითი თვალსაზრისით.

 

- როგორც ჩანს, არ იციან მასწავლებლებმა ეს...


- მარტო მე რამდენი ხანია ვყვირი ამაზე. შეიძლება, ეს არ იცის მასწავლებელთა ძალიან მცირე რაოდენობამ, მაგრამ, უმრავლესობამ თუ იცის, მერე რა? ამით რამე იცვლება? მე ვეუბნები რომ ერთადერთი გამოსავალი არის „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა"-მეთქი. ვერ ბედავენ და...

 

- პროფკავშირი რას აკეთებს ამ დროს?

- რომელი პროფკავშირი? სანიკიძესთან შეხმატკბილებული და პედაგოგთა საწევროებზე ორიენტირებული პროფკავშირი? მე ვფიქრობ, პროფკავშირი დღეს არის სიტუაციის მძევალი, ის ან უნდა გადახალისდეს და პედაგოგების ინტერესებზე ორიენტირებულმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს, ან არა და, მაშინ განათლების სამინისტროს დამატებით რგოლად უნდა ჩამოყალიბდნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016