შინაგან საქმეთა სამინსიტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1960 წელს დაბადებული ჯემალ მ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, ხოლო 1976 წელს დაბადებული დავით ზ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ჯემალ მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას 49 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,392 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დავით ზ-ს პირადი ჩხრეკისას 3 აბი „სუბოქსინი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,008 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.
სამინისტროს განცხადებით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ჯემალ მ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 4-ე „ა" ქვეპუნქტით), ხოლო დავით ზ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).