სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება. პატრიარქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 16.00 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტიდან ილია მეორე სამების საპატრიარქოში მიბრძანდება, სადაც პარაკლისს გადაიხდის.
პატრიარქი ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში გეგმური სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩასატარებლად 14 ივლისს გაემგზავრა, სადაც გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა.
„კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე „facebook"-გვერდზე წერს, რომ დღეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში დაბრუნდება.
„სასიხარულო ინფორმაცია... როგორც გერმანიიდან გვაცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, 28 ივლისს, თბილისში დაბრუნდება, უწმიდესი 16 საათსა და 30 წუთზე სამების საკათედრო ტაძარში გადაიხდის პარაკლისს", - წერს ვარდოსანიძე.