„წიგნის ხე" - ლიტერატურა გარემოს დასაცავად - ახალგაზრდა ავტორების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიონმა", CENN-ის მხარდაჭერითა და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადა, რომელიც სამ ნაწილად განხორციელდება და პირველი ეტაპი სატყეო თემატიკას დაეთმობა.
კონკურსი მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას - მხატვრული ლიტერატურის დახმარებით.
„ნაჯახის აღსარება", „კუნძის თავგადასავალი", „წერილი ნაძვებს" - ესაა მხატვრული ღირებულების მქონე ნებისმიერი ჟანრის პოეტური ან პროზაული ნაწარმოების სათაურები, რომლის გაგზავნაც 14-დან 19 წლამდე ასაკის ნებისმიერ ავტორს შეეძლება.
კონკურსანტს უფლება აქვს, გაგზავნოს მხოლოდ ერთი ნაწარმოები, რომელიც არ უნდა იყოს გამოქვეყნებული წიგნებში, პერიოდიკასა და ინტერნეტ-სივრცეში და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს. ასევე არ მიიღება თავისუფალი თემა და ესსე. საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს 4 გვერდს (შრიფტის ზომა: 12. შრიფტის სახე: Acadnusx);
ნაწარმოებები უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტაზე konkursi2015@yahoo.com. წინასწარი შერჩევის შედეგად ფინალურ ეტაპზე გასული ტექსტები Forestry.cenn.org-ზე განთავსდება.
კონკურსის მედიაპარტნიორები არიან reportiori.ge, აჭარის ტელევიზია და რადიო „აჭარა".
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ : 599-07-60-86; 598-26-30-04; 591-98-93-76.