reportiori.ge - ახალგაზრდა კომპოზიტორის ცხოვრება და კარიერა – ნიკა ნიკვაშვილი პარიზის კონსერვატორიაში ჩაირიცხა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 02:56
ინტერვიუ
ახალგაზრდა კომპოზიტორის ცხოვრება და კარიერა – ნიკა ნიკვაშვილი პარიზის კონსერვატორიაში ჩაირიცხა
ავტორი: ანა ნოდია
30 ივლისი, 2015. 17:39


„კომპოზიტორი არის რეზო ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, მე ვარ უბრალოდ მუსიკოსი. კომპოზიტორს დაგარქმევს ხალხი", - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ახალგაზრდა შემსრულებელი და კომპოზიტორი ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს. სულ რამდენიმე თვის წინ მიიღო პასუხი პარიზის კონსერვატორიაში ჩარიცხვის თაობაზე. თუმცა, როგორც ნიკასთან ინტერვიუში ირკვევა, საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად სჭირდება ფინანსური რესურსი, ვინაიდან იქ მუშაობის დრო აღარ ექნება.


ნიკა ნიკვაშვილი უკვე რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარი განაცხადა. როგორც ნიკვაშვილი „რეპორტიორთან" ინტერვიუში ჰყვება, რუსეთის მოქალაქეობის ფასად, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ სურდა.


უკვე კარგად ცნობილი შემსრულებელი ბიძინა კვერნაძის ხელში გაიზარდა. მას სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი კონცერტი და საღამო აქვს ჩატარებული. ნიკვაშვილი ამბობს, რომ სამშობლოდან წავიდა, რადგან „რთულია, საქართველოში შენი პროფესიით იცხოვრო, მითუმეტეს, თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ხარ". თუმცა, ის ყველა ქვეყანაში საქართველოს სახელით გამოდის და ძირითადად ასრულებს მხოლოდ ქართულ ნაწარმოებებს.


- როგორც ვიცით, თქვენს ოჯახში არავინ უკრავს. გაგვაცანით თქვენი ოჯახი, ვინ არიან ისინი?


- მართალია, მუსიკოსი არ მყავს ოჯახში, თუმცა ისინი არიან მუსიკის კარგი მსმენელები. მახსოვს, ჩემი ბებიები კარგად მღეროდნენ, როგორც მოყვარულები. დედაჩემს ბავშვობიდან დავყავდი ოპერაში, თეატრში. მამას არანაირი შეხება არ აქვს მუსიკასთან - მათემატიკოსია, დედა - უცხო ენების სპეციალისტი. მყავს და, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და დისშვილები. მე 28 წლის ვარ, ჩემი და - 32 წლის.


- თქვენ 3 წლიდან დაიწყეთ დაკვრა. როგორ მოვიდა თქვენამდე მუსიკა?


- საბავშვო ბაღიდან რომ ვბრუნდებოდი, რასაც ჩემი ბაღის მასწავლებელი უკრავდა, იმას ვიმეორებდი. ერთხელ დედას მეგობარი იყო მოსული, რომელიც ჯანო კახიძესთან ორკესტრში უკრავდა და მახსოვს მისი გაკვირვებული სახე. მე არ მქონდა ინსტრუმენტი, რადგან არავინ ფიქრობდა, რომ ჩვენს ოჯახში ვინმე მუსიკით დაინტერესდებოდა. მაგიდაზე ვუკრავდი ხოლმე. ამის შემდეგ პიანინო მომიტანეს. საკმაოდ გამართულად ვუკრავდი, ახლა რომ ვნახე საოჯახო არქივი, გამიკვირდა კიდეც. როდესაც გამოკვეთილად ჩნდება მონაცემები, ეს თავისთავად განსაზღვრავს ადამიანის ბედს. როგორ შეიძლება, აშკარად ხედავდე, ბავშვს აქვს მონაცემები ამ კუთხით და უთხრა - ჩააბარე სამედიცინოზეო. საბედნიეროდ, ოჯახი ხელს მიწყობდა, დედას დიდი დამსახურება აქვს ამ მხრივ. ზარმაცი ვიყავი, არ მიყვარდა მეცადინეობდა და სულ ცდილობდა, ამ საქმიანობისთვის არ დამენებებინა თავი.

 

- ამის შემდეგ კონსერვატორიაში აგრძელებთ საქმიანობას, სადაც გენიალურ კომპოზიტორს ბიძინა კვერნაძეს ხვდებით და არათუ თანამშრომლობთ, არამედ იწყება თქვენი დიდი მეგობრობის ისტორია. მოგვიყევით...


- კონსერვატორია დავამთავრე, მყავდა ფანტასტიკური პედაგოგი. მადლიერი ვარ ბედის, რადგან საოცარი ადამიანები შემახვედრა. მყავდა პედაგოგები - ჯანო კახიძე, ვაჟა აზარაშვილი, ბიძინა კვერნაძე... საოცარი პლეადა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ნელ-ნელა მიდის. მათ წარუშლელი კვალი დატოვეს. ბიძინა კვერნაძე გარდა იმისა, რომ შესანიშნავი პედაგოგი იყო, საოცარი ადამიანი გახლდათ. მასთან ცხოვრების აკადემიას გაივლიდი. საოცარი გემოვნების პატრონი იყო, ამას ვერ ისწავლი, ეს თანდაყოლილი უნდა გქონდეს. მის ირგვლივ, ვინც იყო, მისი ახლობლები, სულ ერთად გვხედავდნენ. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ვერც მე და ვერც თვითონ ვერ ხვდებოდა, რომ ჩვენს შორის ეს ბარიერი იყო - ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. მე რომ მივედი კონსერვატორიაში, მყავდა თეორიის პროფესორი, რომელიც მამზადებდა - ივანე ჟღენტი. ვაბარებდი საგუნდო-სადირიჟოროზე, რადგან სასწავლებელი ამ მიმართულებით მქონდა დამთავრებული. მასთან მომზადების პერიოდში მითხრა - მოდი, გაგსინჯოს ბიძინა კვერნაძემ, მგონი, საკომპოზიტორო მონაცემები გაქვსო. მომერიდა, ეს რომ მითხრა. მახსოვს, დაურეკა და უთხრა, ჩემი მოსწავლე მოვა და გასინჯეო. კონსერვატორიის აუდიტორიებში რა ხდება, გარდან ჩანს... დავინახე, ბიძინა კვერნაძე იჯდა და მომერიდა შესვლა. შემრცხვა, ამხელა გენიოსთან როგორ გავბედო და შევიდე-მეთქი. ვერ შევედი და გავბრუნდი სახლში. სხვა დღეს ვცადე და ისევ ვერ შევედი. საბოლოოდ, მესამე ცდაზე შევედი. გაუკვირდა - სად ხარ ამდენ ხანსო. არ მახსოვს, რა მიზეზი ვუთხარი - ვღელავდი და ძალიან დაბნეული ვიყავი. მოვასმენინე ჩემი მუსიკა. ახლა რომ ვუკვირდები, არანაირი ღირებულება არ გააჩნდა, სრულიად დამწყები ადამიანის კომპოზიცია გახლდათ.

 



თუმცა, მან ჩემში დაინახა ის მარცვალი, პოტენციალი, რომელიც შეიძლებოდა განვითარებულიყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  მითხრა - დაივიწყე საგუნდო-სადირიჟორო. უნდა ჩააბარო საკომპოზიტოროზე და თან ძალიან მინდა, ჩემი მოსწავლე იყოო.

 

- და ალბათ, მაშინვე შეცვალეთ თქვენი გადაწყვეტილებაც და ცხოვრების გეგმაც...


- რა თქმა უნდა, იმავ წამს მივიღე გადაწყვეტილება და დავიწყე მასთან მუშაობა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი საოცარი მეგობრობის ისტორია. ძალიან ახლობელ ადამიანად მიმიჩნია. იმ დღიდან სულ ერთად ვიყავით, ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად. მასთან ჩამოვყალიბდი, როგორც ადამიანი. დაიხვეწა ჩემი გემოვნება, აზროვნება, ცნობიერება. მასთან ხშირად ვიყავი სახლში. იქ იყვნენ საოცარი სტუმრები, საოცარი გარემოცვა.

 


 


ძალიან საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა, რომელიც მისი სურვილით დავიწყეთ - მას ჰქონდა დაწერილი შესანიშნავი ნაწარმოები, რომელიც ჟღერდა კინომუსიკაში, ეს არ იყო ერთი მთლიანი ნაწარმოები, სჭირდებოდა ერთ კომპოზიციად ქცევა. შინაარსი კი რექვიემის ხასიათს ატარებდა. დამირეკა გოგი ჭიჭინაძემ და შემომთავაზა, ერთად გვემუშავა ამ პროექტზე. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება და სიხარული იყო. ბატონი ბიძინას 80 წლის იუბილე უწევდა. ღონისძიება ჩატარდა ოპერაში და სწორედ ამ საღამოზე გაჟღერდა პირველად ეს ნაწარმოებიც. გარდა მუსიკალური საკითხების მოგვარებისა, ვიყავი საღამოს ორგანიზატორიც. ისე ჩატარდა, როგორც იმსახურებდა ბატონი ბიძინა. ღირსეულად ჩაიარა ღონისძიებამ.


ამის შემდეგ გაკეთდა მეორე პროექტი, უკვე სიღნაღში, ღია ცის ქვეშ. შესანიშნავ ქალბატონ თამრიკო ლორთქიფანიძესთან ერთად გავაკეთეთ ბატონი ბიძინას საიუბილეო კონცერტი. იქ იყვნენ ჩვენი ესტრადის წარმომადგენლები - ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკერაძე, ლაშა ღლონტი, გოგი ჭიჭინაძე გახლდათ მთავარი დირიჟორი. მე აკომპანემენტს ვაკეთებდი.

 

 


 

ეს იყო ბოლო საღამო...


გაზაფხულზე კონსერვატორია დავამთავრე, ზაფხულში ბატონი ბიძინა გარდაიცვალა და შემოდგომაზე უკვე გადავწყვიტე მოსკოვში გამგზავრება.

 

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

 

- შემოქმედი ადამიანისთვის აუცილებელია ახლის ძიება, ერთ სივრცეში ტრიალი ხელს უშლის განვითარებას.


ძალიან რთულია, საქართველოში შენი პროფესიით იცხოვრო, მითუმეტეს, თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ხარ. ცუდ მდგომარეობაშია დღეს ეს სფერო. ძალიან ვნერვიულობ ამ მხრივ. როცა დავამთავრე სწავლა, მივხვდი, რომ პერსპექტივა ამ მხრივ არ იყო. პატარა ქვეყანაა და მითუმეტეს, როდესაც ქვეყანაში არ არის გამართული ეკონომიკა, ამ დროს ძნელია ხელოვნებაზე ფიქრი. მახსოვს, იმ პერიოდში თბილისში მანანა თოდაძე იყო ჩამოსული. ვუთხარი, რომ საქართველოდან გამგზავრება მსურდა. მანანა თოდაძე ძალიან დამეხმარა. მაშინ საბავშვო თეატრს აკეთებდა და მითხრა, წაგიყვან და დაგეხმარები, იქ იმუშაოო. ჩავედი მარტო, სრულიად უცხო ქალაქში. მანანა ძალიან მპატრონობდა. საბავშვო მუსიკალური სკოლა გვქონდა, ბევრი ბავშვი დადიოდა. მანანა ქართულ სიმღერებს ასწავლიდა. თუმცა, ეს ყველაფრი მალე დასრულდა. ქართული რესტორანი კეთდებოდა და თემურ თათარაშვილმა მითხრა, წამოდი ჩემთანო. იქაც ვიმუშავე. იყო ლამაზი საღამოები. ბევრი ქართველი მომღერალი მღეროდა. თუმცა, პარალელურად მქონდა ბევრი დაკვეთა, სხვადასხვა პროექტზე მიწევდა მუშაობა. ვაორკესტრებდი ნაწარმოებებს. ამას დიდი დრო და შრომა სჭირდება. დღედაღამ ამაზე ვმუშაობდი. ამიტომ, დავანებე თავი ყოველდღიურ სამუშაოს და გადავერთე სხვა, შემოქმედებით მხარეზე.


ამას გარდა, რუსულ „ვოისში" მონაწილეობას იღებდნენ ქართველი შემსრულებლები - გიორგი მელიქიშვილი, გელა გურალია, ეთერ ბერიაშვილი. ისინი არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები. „ვოისის" დასრულების შემდეგ, გელამ შემომთავაზა თანამშრომლობა, საგასტროლო ტური დაგვეწყო. 35 კონცერტი ჩავატარეთ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. ყველგან დარბაზი სავსე იყო.

 

 


 

 

ამის პარალელურად მიწევდა ბევრ მომღერალთან მუშაობა და ფაქტიურად 24-საათიანი შრომა.

 

- რატომ ვერ გააგრძელეთ სწავლა მოსკოვში?


- სწავლის გაგრძელება მინდოდა. ბაკალავრიატი მქონდა აქ დამთავრებული და ეს არ არის სრულყოფილი განათლება. პრაქტიკა ყველაზე დიდი გამოცდილებაა, ზოგიერთი ამთავრებს ყველაფერს, თუმცა პრაქტიკული მუშაობის საშუალება არ ეძლევა. მე ამის დიდი არეალი მქონდა. სულ კონცერტები, გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრ მომღერალთან მუშაობა და ა.შ. როცა დავლაგდი მოსკოვში და ჩავჯექი რიტმში, ამის შემდეგ გადავწყვიტე პროფესორ ტარნოპოლსკისთან მისვლა - ის არის მოსკოვის კონსერვატორიაში კათედრის გამგე. მან მითხრა, იქნებ მოსკოვში კი არა, ევროპაში მიიღო განათლებაო. ამას გარდა, მოსკოვში ძალიან დიდი გადასახადი იყო. ძალიან დამეხმარა თბილისის გრიბოედოვის თეატრის რუსული კლუბის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი, რომელმაც იზრუნა, რომ მოსკოვის ხელისუფლებას გამოეყო ეს თანხა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის განათლების სამინისტროს გამოეყო სწავლის საფასური. ნამდვილად ასე მოხდა, გამოყვეს ეს თანხა. თუმცა, ხდება ასეთი რამ - კონსერვატორიაში რომ მივედი, მეუბნებიან, თანხმობას ველოდებით სამინისტროსგან. წავიდოდი სამინისტროში და - პასუხს ველოდებით კონსერვატორიიდანო. ასე გავიდა რამდენიმე თვე. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს თანხა სხვა მიზნებში გაიფლანგა. თანხა, რომლისთვისაც ამ ადამიანმა იწვალა, ჩემი სწავლისთვის არ დახარჯულა. შევეშვი, რა უნდა მექნა? დაიწყო სასწავლო წელი...

 

- სამაგიეროდ, ახალი ამბავი გაქვთ - პარიზის კონსერვატორიაში ჩაირიცხეთ. როდის იწყებთ სწავლას?


- ხშირად მიწევდა წასვლა პარიზში. მიყვარს ეს ქალაქი და თან ბოლო პერიოდში საქმიანი ვიზიტებიც დაემატა, ერთ-ერთ ბოლო წასვლაზე წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესის აღმშენებელთა ეგიდით კეთდებოდა საქველმოქმედო საღამო. მქონდა მიწვევა და ჩავედი მოსკოვიდან. ელგა ფორჩხიძე, მაია გოგსაძე, ჯაბა ქარსელაძე, „სუხიშვილები" - ბევრი ადამიანი შეიკრიბა ამ ეკლესიის ირგვლივ. მეც მივიღე ამ კონცერტში მონაწილეობა, სადაც ასევე გამოდიოდა ნონა ჯავახიძე - პარიზის ოპერის სოპრანო. ქალბატონი ნონა მოვიდა რეპეტიციაზე, მომისმინა, ძალიან მოეწონა და მითხრა - როგორ შეიძლება, შენ აქ არ სწავლობდეო. მომცა კონსერვატორიის კოორდინატები და მითხრა, შენი მონაცემები შეიტანეო.


ამასთან დაკავშირებითაც უცნაური ისტორია მოხდა - შევაგროვე საბუთები. აუცილებელი იყო სამი 15-წუთიანი დიდი ფორმის ნაწარმოების გაგზავნა, მე გავგზავნე - სიმფონიური, საგუნდო და ინსტრუმენტული ჟანრის ნაწარმოებები. ამას გარდა CV, სამოტივაციო წერილი, ნიშნების ფურცელი კონსერვატორიიდან და სხვა დოკუმენტები. ეს ყველაფერი შევაგროვე და გავგზავნე. ჩაიწერეს ჩემი მოსკოვის ნომერი და მეილი. თქვეს, ყველაფერი წესრიგშია და დაგიკავშირდებითო. ადგილი ძალიან ცოტა იყო და განცხადებები - ბევრი. ეს მითხრეს კიდეც. ერთი თვე გავიდა და არანაირი პასუხი არ მიმიღია. დარწმუნებული ვიყავი, ევროპაში უამრავი ნიჭიერი ადამიანია და ალბათ სხვა აირჩიეს. ჩემი მეგობარი ჯაბა ქარსელაძე ცხოვრობს პარიზში, რომელმაც გადაწყვიტა, დაერეკა კონსერვატორიაში და მოეკითხა ჩემი ამბავი.


მე წამოსული ვიყავი თბილისში, ვაკეთებდი ინგა ფერაძის კონცერტს. მათ არ იცოდნენ თბილისის ნომერი, ჰქონდათ მხოლოდ მოსკოვის ნომერი. ჯაბას უთხრეს, ვრეკავთ და გამორთულია, ორი ნაწარმოები აკლია და სასწრაფოდ გამოგვიგზავნოსო. ჯაბამ მაშინვე დამირეკა და ყველაფრის მოგვარება დავიწყე. ამის შემდეგ მივიღე ფოსტაზე მოწვევის დოკუმენტი, რომ ვარ ჩარიცხული... წესით, ყველაფერი თუ კარგად იქნება, სწავლას ოქტომბერში უნდა შევუდგე... კურსი სამწლიანია. სამი წელი საფრანგეთში მომიწევს ცხოვრება, თუ ყველაფერი კარგად განვითარდება.

 

- რას გულისხმობთ, რა პრობლემა შეიძლება იყოს?


- იმისთვის, რომ იქ იცხოვრო, ბევრი რამ არის საჭირო. ძალიან რთულია იქ სტუდენტისთვის ცხოვრება. შენ ვერ ახერხებ მუშაობას, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო მიაქვს სწავლას. მომიწევს ბევრ მოწვევაზე უარის თქმაც. რთულია იმ ქალაქში ცხოვრება. ამისთვის რესურსია საჭირო.

 

- ქართულ მხარეს, კულტურის ან განათლების სამინისტროს თუ მიმართეთ?


- არავისთვის მითქვამს. მგონი, მათ ძალიან ბევრი ხარჯი აქვთ. მერიდება ამგვარ საკითხებზე ვინმესთვის მიმართვა. ძალიან რთული პერიოდები მქონია, მაგრამ არავისთვის არასოდეს მიმიმართავს. გამოვმძვრალვარ სხვადასხვა სიტუაციებიდან.

 

- პარიზის კონსერვატორიაში ბევრი ქართველი არ აბარებს...


- არა, ძალიან იშვიათია...


საკუთარი თავისთვის არავის მივმართავ. თუმცა, სხვას თუ სჭირდება, აუცილებლად ვაკეთებ. ინგა ფერაძის საღამო კეთდებოდა და მერიას მივმართე. მისი საღამო თბილისში ადრე არასდროს გაკეთებულა. პროექტში მონაწილეობა ბევრმა ნიჭიერმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის - ნინო ქათამაძემ, მანანა მენაბდემ...

 

 

 


პროექტის იდეა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში გაჩნდა. ინგა ფერაძემ ის ცხოვრების გზა გაიარა, რომ იმსახურებდა, გაკეთებულიყო კონცერტი. ფერაძის ალბომი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და საჭირო იყო კონცერტის გაკეთება - ალბომის პრეზენტაცია. ქეთი დოლიძე ძალიან დაგვეხმარა, კონცერტი თუმანიშვილის თეატრში დაიგეგმა. თუმცა, საორგანიზაციო და სხვა საკითხებისთვის, დახმარება იყო საჭირო. და მადლობას ვუხდი მერიას, რომ დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინეს.

 

- უახლოეს პერიოდში რას გეგმავთ საქართველოში?


- თამრიკო ჭოხონელიძეს ვესაუბრე ამ დღეებში, ერთად ვაკეთებთ არჩილ კერესელიძის საღამოს. ამავე დროს, ქეთი დოლიძის მოწვევით მე და მანანა მენაბდე ვგეგმავთ კონცერტს. მე და მანანა მენაბდეს გვაქვს საერთო პროგრამა, ძალიან ბევრი საერთო კონცერტი გვაქვს გაკეთებული.

 

 

 

 

- როგორ აფასებთ თქვენს თანატოლებს - ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებს, მომღერლებს, კომპოზიტორებს...


- ის თაობა, ვინც ჩემს პერიოდში კონსერვატორიაში სწავლობდა, ძალიან ნიჭიერები, წარმატებული ადამიანები არიან. საოცრად ვამაყობ მათი მიღწევებით და ძალიან ვგულშემატკივრობ თითოეულ მათგანს.

 

 

 


ამავდროულად, აუცილებლად უნდა ვთქვა - მიმაჩნია, რომ ქვეყანაში პროფესიონალიზმის დეფიციტია. განათლება არის, თუმცა ვინც განათლებას იღებს, იმას არაფერს ეკითხებიან და ავტორიტეტულ ადამიანებად ითვლებიან ისინი, ვისაც არ აქვთ არანაირი მუსიკალური განათლება. მუსიკალური პროექტები რომ შევაფასოთ - ჟიურიში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს არ იცნობენ, ელემენტარულად, მუსიკალურ ტერმინოლოგიას ვერ ფლობენ. შეფასებაზე საუბარი ზედმეტია. ეს არის დილეტანტიზმი. მუსიკალური კრიტიკა ძალიან დიდი ხანია არ მომისმენია. გარდა იმისა, რომ კაბა რამდენჯერ გამოიცვალა შემსრულებელმა და ვინ დააფინანსა კონცერტი, შემოქმედებითი კუთხით არაფერი ისმის. კი, ისიც უნდა დაწერო, რა კაბა ეცვა და როგორი ვარცხნილობა ჰქონდა, მაგრამ უნდა გაკეთდეს არგუმენტირებული შეფასება, რა იმღერა, როგორ იმღერა, რა იყო ახალი... მუსიკის კრიტიკოსები, შემფასებლები სჭირდება ქვეყანას. ტელევიზიებში რაც ხდება, ეს დროის ფუჭი კარგვაა. ამას შოუ ჰქვია? ეს არც შოუა...

 

- ქართულ მუსიკალურ კონკურსებს როგორ აფასებთ?


- წინააღმდეგი ვარ... ასეთ პატარა ქვეყანაში არ შეიძლება, ამდენი მუსიკალური კონკურსი ტარდებოდეს. ეს ხომ ამერიკა არ არის? სადაც უამრავი ქალაქია. აქ ტარდება დაუსრულებელი მუსიკალური კონკურსები, სხვადასხვა ტიპის. კი, არიან ნიჭიერი ბავშვები. მაგრამ, რა ხდება, იცით? მოდიან და მიდიან... როგორია, გაიმარჯვა მუსიკალურ კონკურსში და ყველაფერი ამით დასრულდა. ფიქრობს, რატომ არ არის წარმატებული? რატომ არ აქვს სამსახური? რატომ არ იწვევენ კონცერტებზე? რატომ არ აქვს კარიერა?.. არ არის განვითარების საშუალება, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებენ. რჩება მხოლოდ ამბიცია. ამას გარდა, მაღალ ხმაზე სიმღერა ბევრს შეუძლია, მაგრამ ამას სიმღერა არ ჰქვია.

 

- საქართველოს ამ მიმართულებით განვითარებას თუ უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?


- მიშა ცაგარელი მეუბნებოდა, როდესაც მასთან ვიყავი, შენს ქვეყანას ვერ მოშორდები. თუკი მოშორდები, მაინც ქართულ საქმეს გააკეთებო. ასეა, ნებისმიერ ქვეყანაში მივდივარ საქართველოს სახელით და ვასრულებ ყოველთვის ქართულ ნაწარმოებებს. უცხოურ ნაწარმოებებს მე ნაკლებად ვასრულებ. მე ასე მესმის. დღეს ტენდენციაა დასავლური მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების, მღერიან არაქართულ სიმღერებს... ეს დიდ ინტერესს არ იწვევს. მათთანაც არაჩვეულებრივად მღერიან. მათ შენი აინტერესებთ... შენი გაცნობა უნდათ. ქართულ ფოლკლორზე მსოფლიოში გიჟდებიან. ეს ფენომენალური მოვლენაა. შენი თვითმყოფადობა ყველგან უნდა გამოავლინო. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი და ამ შემთხვევაში ჩემი ვალი.


სადაც მივდივარ, ვცხოვრობ, საქართველოსთან ყოველდღიური კავშირი მაქვს, ახალ ამბებს ვიგებ. ვერ ვშორდები აქაურობას. სულ ვფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ სარგებელი ჰქონდეს ქვეყანას. ძალიან ბევრი იდეა მაქვს, როგორ შეიცვალოს არსებული მუსიკალური ჩავარდნა. მაგრამ, თუ დავჭირდები, შემეკითხებიან, გავაკეთებ... მე საზღვარგარეთ ვიღებ განათლებას, რათა ჩემს ქვეყანას მოვახმარო. ეს არის ჩემი მიზანი.

 

- თქვენ არაერთი შეხვედრა გქონდათ პატრიარქთან, თუმცა ერთ-ერთი შეხვედრა გამორჩეული იყო...


- დიახ, ასეა. სანამ ბატონი ბიძინა ცოცხალი იყო, ხშირად მივყვებოდი საპატრიაქროში. ძალიან მიყვარს ის გარემო, ატმოსფერო. მაგრამ ერთი შეხვედრა მახსოვს. მისული ვიყავი სტუმრად. ვფიქრობ, არ მიცნობდა უწმინდესი. მთხოვა, დაუკარიო. რომ მოვრჩი დაკვრას, მოვიდა, სამაჯური მაჩუქა, ჩემი ხელები ნახა და მითხრა - ძალიან მაგონებს რახმანინოვის თითებს და ვფიქრობ, ისეთივე წარმატებული იქნები, როგორიც რახმანინოვიო.

 

 

 

 

- მუსიკოსები ამბობენ, რომ სცენაზე სხვა ჰაერია, რომელსაც საკუთარი ოთახში ვერ შეიქმნი. რა არის სცენა თქვენთვის?


- სცენაზე გასვლისას ახლაც ყოველთვის ვღელავ. ვერ ვიგებ იმ ადამიანებისას, რომლებიც ამბობენ, რომ არ ნერვიულობენ. შეუძლებელია, აუდიტორიის წინაშე გამოდიოდე და არ ღელავდე. როგორ ჩაივლის, წინასწარ არაფერი იცი. სცენა სხვა სამყაროა.

 

- იმპოროვიზაციას თუ მიმართავთ ხოლმე?


- კი, როგორ არა. რამდენჯერ მომღერლები „გადამირჩენია". ერთხელ, პარიზში, ერთ-ერთ კონცერტზე გავედი და როიალის სკამი არ იდგა. დგანან მომღერლები, ყველაფერი მზად არის, უნდა დავიწყოთ და სკამი არ არის. მივედი მომღერლებთან, დავუჩოქე და თან ჩავჩურჩულე - სკამი მოიტანეთ. ჩემი ამ ქმედების შედეგად მთელი დარბაზი ფეხზე დადგა და დაიწყო აპლოდისმენტები, დაინგრა დარბაზი - ვერ მიხვდნენ, სინამდვილეში რაც მოხდა. ამასობაში კი სკამი დადგეს.

 

- ცნობილ ფრანგ კომპოზიტორთან - მიშელ ლეგრანთან გქონდათ შეხვედრა... როგორც ვიცი, ის თქვენი მუსიკით აღფრთოვანებული დარჩა...


- ჩვენ მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს. ის უკეთილშობილესი ადამიანია. შემთხვევით მოხდა ჩვენი შეხვედრა. კლუბში ვასრულებდი მის მუსიკას, არ ვიცოდი, რომ იქ მოვიდოდა. შემოსულა და მომისმინა. მიყურა კარგა ხანს, ძალიან შემრცხვა მის წინაშე და გავიმართლე თავი, რომ მე არ მქონდა კარგი საშემსრულებლო ტექნიკა. მან კი სითბოთი ჩამიხუტა და მითხრა, შენ ფლობ იმ მუსიკალურობას, რაც დღესდღეობით მუსიკოსების 90%-ის დეფიციტია. ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანიაო. თუ ჩავალ პარიზში, მინდა, კიდევ ვნახო...

 

- რაზე გინდათ იმუშაოთ მომავალში?


- მინდა თეატრის და კინოს მუსიკალურად გაფორმება. ძალიან საინტერესო სფეროა.

 

- როდის ქმნით მუსიკას, ამისთვის თუ გჭირდებათ განწყობ, რა არის თქვენი შემოქმედების წყარო?


- ყოველი დღე და ის ემოციები, რომელსაც ვიღებთ. ხან დადებითია, ხან - უარყოფითი, მაგრამ ყველაფერი არის განწყობა და ეს ყველაფერი აისახება შემოქმედებაში. ამას ვერ გაექცა ვერცერთი კომპოზიტორი. ყველა ეპოქას ეტყობა. რეზო ლაღიძეს ნადირობა უყვარდა, ამ დროს მოსდიოდა მუზა. მე არ მაქვს ასეთი გამორჩეული საქმე.

 

- ჰობი და გატაცებები...


- მიყვარს ცურვა. გატაცებული ვარ ფიტნესით. ასევე,სამთო-სათხილამურო სპორტით. ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ხშირად ველოსიპედით დავდივარ. სამწუხაროდ, თბილისში არ არის საველოსიპედო ბილიკები. მოსკოვში, ევროპაში თითქმის ყველგან ვცდილობ ვიარო ველოსიპედით. ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016