reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: ზურაბ ჟვანიას შვილის საქციელი ნაციონალებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალია, რომ მათ ყველგან მისწვდებიან და ყველაფერზე პასუხს მოსთხოვენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:17
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: ზურაბ ჟვანიას შვილის საქციელი ნაციონალებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალია, რომ მათ ყველგან მისწვდებიან და ყველაფერზე პასუხს მოსთხოვენ!
ავტორი:
03 აგვისტო, 2015. 18:50


სულ რამდენიმე დღეში - 2015 წლის  8 აგვისტოს - 7 წელი შესრულდება იმ ავბედითი დღიდან, როცა სააკაშვილის თავქარიანობისა და პროვოკატორობის წყალობით, საქართველო რუსეთთან ომში ჩაერთო. 2008 წლის აგვისტოში, ცხინვალში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, მაშინდელმა ოპოზიციურმა სპექტრმა სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა და პირში წყალი ჩაიგუბა. ერთადერთი გამონაკლისი კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო, რომელმაც გაჩუმებას ხმამაღლა ლაპარაკი არჩია და სააკაშვილის ხელისუფლებას ქვეყნის ღალატში იმთავითვე დასდო ბრალი:


- აგვისტოს ომს „5-დღიან ომს" რომ უწოდებენ, ესეც სააკაშვილის მიერ შექმნილი ლეგენდაა, რადგან მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ დღენახევარი გაგრძელდა და 9 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში აღარ იყო არცერთი ქართული შენაერთი, თუ არ ჩავთვლით, იმ ბიჭებს, რომლებიც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, კეზერაშვილმა და სხვა არამზადებმა ბრძოლის ველზე ღვთის ანაბარა მიაგდეს!


საერთოდ, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ეს იყო რუსეთის დავალებით სააკაშვილის, მერაბიშვილისა და თემურ ალასანიას მიერ მომზადებული ავანტიურა, რომლისგანაც რუსეთმა სწორედ ისეთი შედეგი მიიღო, როგორიც შეკვეთილი ჰქონდა!


ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ - სააკაშვილის ხელისუფლება იყო წმინდა წყლის რუსული პროექტი - თავისი მერაბიშვილით, ბენდუქიძით, ძმები ბეჟუაშვილებით და სხვებით!

 

- ბატონო გოგა, ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც კონკრეტული ფაქტებით გამყარება სჭირდება!


- მერაბიშვილი წლების განმავლობაში დადიოდა ჩინეთსა და ბელორუსიაში, სადაც საიდუმლოდ ხვდებოდა რუსეთის „ეფ-ეს-ბე"-ს წარმომადგენლებს და მათგან დავალებებს იღებდა!


ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა, სად არის ახლა მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე ამირან მესხელი? რომ გავყვეთ, მის კვალსაც „ეფ-ეს-ბე"-ში ვიპოვით!


პროექტი „კოკოითი ფანდარასტ" და მისი უსტაბაში ვლადიმერ სანაკოევი ხომ კარგად გახსოვთ? ამ კაცმა თავისი პირით აღიარა, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ეფ-ეს-ბე"-ს დავალებით ვესტუმრე, მათ კი გულში ჩამიკრესო! მერაბიშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ სანაკოევი რუსების შემოგზავნილი იყო და მასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა!


ახალგორის რაიონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში რომ შეიყვანეს და „პრეზიდენტად" მეორე სანაკოევი დასვეს, ესეც „ეფ-ეს-ბე"-ს პროექტი იყო, რომელიც მერაბიშვილმა სააკაშვილის ხელით განახორციელა!


დღეს მერაბიშვილსა და სააკაშვილს, სამშობლოს ღალატის გარდა, ყველაფერს ედავებიან, არადა, მათ წინააღმდეგ მთავარი ბრალდება სწორედ სამშობლოს ღალატი უნდა იყოს!


- ახალი ხელისუფლების მოსვლიდან 3 წელი გადის და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პროკურატურას 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არ უნდა დაეწყო?

 

- ეს კითხვა ბატონ ირაკლი ალასანიას უნდა დაუსვათ, რადგან სწორედ ის ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროში შექმნილ კომისიას, რომელსაც აგვისტოს ომის კატასტროფული შედეგები უნდა გამოეკვლია და დაედგინა, რამ განაპირობა დღენახევარში ასეთი სამარცხვინო მარცხი. რა მოხდა ისეთი, რომ ნატო-ს მიერ გაწვრთნილმა ქართულმა ჯარმა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში შესანიშნავად იბრძვის, საქართველო ორი დღეც ვერ დაიცვა, მაშინ როცა 1992 წელს, ფაქტობრივად, არარსებული და მშიერ-მწყურვალი ქართული ჯარი წელიწადზე მეტხანს არ თმობდა პოზიციებს აფხაზეთში?!


ვკითხოთ ალასანიას - რა დაადგინა მისმა კომისიამ?! რა წარმოგვიდგინა არაფრისმთქმელი ფარატინა ქაღალდის გარდა?!

 

- რამდენიმე დღის წინათ ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსა ჟვანიამ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში გიორგი ბარამიძეს სცემა და თავი გაუტეხა. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?


- რაც ბუსა ჟვანიამ ბარამიძეს გაუკეთა, ეს იმისი ნიშანია, რომ სააკაშვილის ბანდის მიერ განადგურებული ადამიანების შვილები წამოიზარდნენ და თუ სამართალს სახელმწიფო არ აღასრულებს, მაშინ ისინი საკუთარი ხერხებითა და შეხედულებებით გააკეთებენ ამას!


დიახ, ზურაბ ჟვანიას შვილის საქციელი ნაციონალებისათვის ძალიან სერიოზული სიგნალია, რომ მათ ყველგან მისწვდებიან და ყველაფერზე პასუხს მოსთხოვენ!


- ამ ყველაფრის ფონზე ინტერპოლმა კეზერაშვილი წითელი ცირკულარიდან ამოიღო და მასზე ძებნა შეწყვიტა!

 

- ინტერპოლის არსებობა ჩემთვის მაშინ დამთავრდა, როცა წითელი ცირკულარიდან ადეიშვილი ამოიღეს, ამიტომ ახლა კეზერაშვილზე ძებნის შეწყვეტა აღარ მიკვირს!


უბრალოდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ინტერპოლის, ისევე, როგორც სხვა მრავალი საერთაშორისო სტრუქტურის „გამაზვა" ძალიან მარტივად არის შესაძლებელი!


ბოკერიაც კი არ უარყოფს, რომ ხელისუფლებაში ცალი კალოშით მოსული და წერა-კითხვის უცოდინარი კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ უცებ მილიარდერი გახდა, ინტერპოლს კი შეკითხვაც არ უჩნდება, როგორ შეძლო ეს და მასზე ძებნასაც კი წყვეტს.


აი, ასეთია დღეს მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც კანონსა და სამართალზე მაღლა დგას!


- პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინათ ნაციონალი კაკო ბობოხიძის ძმა - ნაციონალი ლევან ბობოხიძე შეიწყალა, გასულ კვირას ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიე მომზადებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამაზე რას იტყვით?

 

- რასაც მარგველაშვილი აკეთებს, ამას ინტრიგანობა ჰქვია და მეტი არაფერი!


დიახ, მარგველაშვილი თავისი მრჩევლის - ვიღაც აბაშიშვილის დონეზე ცდილობს ქვეყნის მართვას! თურმე, მთელმა მთავრობამ, პარლამენტმა და საქართველოს მოსახლეობამ ვიღაც აბაშიშვილის ჭკუაზე უნდა იაროს - აი, ეს არის მარგველაშვილის დამოკიდებულება თავისი ქვეყნისადმი და ქართველი ხალხის წინაშე მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ვიღაც აბაშიშვილით იზომება!


საერთოდ, ყოველთვის ხმამაღლა ვამბობდი და ახლაც იგივე პოზიცია მაქვს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, რადგან უახლოესი წარსულის მწარე გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ ინსტიტუტმა ჩვენ ქვეყანაში არ გაამართლა!


- როგორ აფასებთ შინაგან საქმეთა მინისტრად - გიორგი მღებრიშვილის, სასჯელაღსრულების მინისტრად კი კახი კახიშვილის დანიშვნას?


- გიორგი მღებრიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ადამიანმა სასჯელაღსრულების სისტემაში ძალიან რთული და წარმატებული რეფორმები განახორციელა, რაც იმედს მაძლევს, რომ გიორგი მღებრიშვილი ძალიან საპასუხისმგებლო ახალ თანამდებობაზეც წარმატებით გააგრძელებს მუშაობას!


იმავეს თქმა შემიძლია კახი კახიშვილზეც, რომელიც მღებრიშვილის პირველი მოადგილე იყო და პენიტენციური სისტემის რეფორმირებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.


კახის დიდი ხანია, ვიცნობ და მის ქებას აღარ შევუდგები. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ იგი შესანიშნავი იურისტია, საზოგადოებრივი სექტორიდან მოდის და კარგად ესმის, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. სასჯელაღსრულების სისტემის სათავეში კი სწორედ ასეთი კაცი უნდა იდგეს!


ერთი სიტყვით, შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილისა და სასჯელაღსრულების მინისტრად კახი კახიშვილის დანიშვნით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუკეთესო საკადრო გადაწყვეტილება მიიღო!


- გიორგი მღებრიშვილი პირადად ირაკლი ღარიბაშვილის კადრად ითვლება და ამიტომაც ამბობენ,რომ შინაგან საქმეთა მინისტრად მისი დანიშვნით პრემიერმა პოზიციები გაიმყარა. არადა, მანამდე მუსირებდა აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ღარიბაშვილის კონტროლის ქვეშ არ დააბრუნებდა, რადგან პრემიერს ბოლომდე აღარ ენდობოდა. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

 

- ეს ნაციონალების და ე.წ. ექსპერტების მიერ შემოგდებული და გავრცელებული მითითებებია, რომლებსაც სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს!


ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართვს და არა, - ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ თუნდაც თბილისში მომხდარი საშინელი სტიქიის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსაც და მის მთავრობასაც ქვეყნის მართვა ძალიან კარგად შეუძლიათ!


შეცდომებს რაც შეეხება, ყველა მთავრობას ჰქონია, აქვს, ექნება და ეს სრულებით ნორმალურია!


მე არ ვიცი, ვისი კადრია მღებრიშვილი, მაგრამ ვიცი, რომ ის ნამდვილად კარგი კადრია და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს სწორი კადრების სწორ ადგილას დანიშვნის უნარი აქვს!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016