„ბედი, რომელიც მე არ მეღირსა...“ - გალაკტიონის მერის უცნობი ფოტოები (ფოტორეპორტაჟი)
10 აგვისტო, 2015. 11:23
იუხედავად იმისა, რომ სამი ცოლი ჰყავდა და უამრავი ქალბატონი ეტრფოდა, გალაკტიონის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი სილამაზით განთქმულმა არისტოკრატმა ქალმა მერი შერვაშიძემ დაიკავა.
ქართული პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 მარტს სოფელ ჭყვიშში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.1908 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გალაკტიონმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა.
პოეტის პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოქვეყნდა, თუმცა აღიარება და პოეზიის მეფის ტიტული 1914 და 1919 წელს გამოქვეყნებულმა კრებულებმა „ლექსები“ და „არტისტული ყვავილები“ მოუტანა... დიდებისა და აღიარების მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში გაატარა, რამაც გარკვეული კვალი დატყო მის შემოქმედებას. გალაკტიონ ტაბიძემ 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ვაკის სამკურნალო კომბინატის მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა, რომელსაც პაციენტის სამოსი ეცვა. 13 მეტრი იფრინა და მიწაზე დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით, ექიმებმა სიკვდილის მიზეზად, ტრავმული შოკი დაასახელეს. ხალათის ჯიბეში მას პაპიროსი „რეკორდი“, სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი, ფანქარი და 281 მანეთი უპოვეს“. ეს მამაკაცი გალაკტიონ ტაბიძე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სამი ცოლი ჰყავდა და უამრავი ქალბატონი ეტრფოდა, გალაკტიონის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი სილამაზით განთქმულმა არისტოკრატმა ქალმა მერი შერვაშიძემ დაიკავა. სწორედ მან, ვისაც პოეტმა თავისი უკვდავი „მერი“ უძღვნა.
გალაკტიონის მუზა 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მერი შერვაშიძის მამა, აფხაზი თავადი პროკოფი შერვაშიძე, რუსეთის დუმის დეპუტატი იყო, თავად მერი კი იმპერატრიცას დედის ფრეილინა გახლდათ.
პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა.
იმ მიზნით, რომ მერი შერვაშიძეზე ექორწინა, შერვაშიძეების კვალს გამოჰყვა იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ადიუტანტი გიგუშა ერისთავიც.
ერისთავმა და შერვაშიძემ ჯვარი 1918 წელს, ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში დაიწერეს.
1921 წელს საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მერი, ოჯახთან ერთად, საფრანგეთში გემით გაემგზავრა. გზად მიმავალებს სტამბულში გაჩერება მოუწიათ, სადაც მერიმ მსოფლიო სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
პარიზში ცხოვრების დროს მშვენიერი თავადის ასული კოკო შანელის მოდელი გახდა.
როგორც აღწერენ, მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი ქალი, შავი თვალებითა და წაბლისფერი თმით.
არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმოდა.
იყო თავმდაბალი და დიდსულოვანი ადამიანი და მეგობართა ვიწრო წრე ჰყავდა.
მერი შერვაშიძე სრულიად ახალგაზრდა დაქვრივდა, ისე, რომ შვილი არ შესძენია.
სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა, სადაც საკუთარი მოახლეც კი ჰყავდა.
როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერი შერვაშიძეზე უგონოდ შეყვარებული ყოფილა ადმირალ მაკაროვის ვაჟი, რომელსაც გარდაცვალების წინ მერისთვის ანდერძით 5 000 დოლარი დაუტოვებია, რაც იმ დროისთვის უზარმაზარ თანხას წარმოადგენდა.
გალაკტიონის მუზამ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ზღაპრული სილამაზე.
ის 1986 წელს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მშვენიერი მერისა და გალაკტიონის ნაცნობობაზე უამრავი ვერსია არსებობს.
ერთ-ერთის თანახმად, გალაკტიონმა მერი 1935 წელს პარიზში ნახა. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზი იყო. მისი ხილვით შთაგონებულმა გალაკტიონმა დაწერა ლექსი „მერი“.
მეორე ვერსიის თანახმად, გალაკტიონმა მერი პირველად ქუთაისში, ქუჩაში მიმავალი ნახა. შემდეგ კი მისი ფოტო გაზეთში იხილა.
თავად მერი გალაკტიონთან ნაცნობობას უარყოფდა და ამ თემაზე არასოდეს საუბრობდა.
ამ თემაზე საუბარი არც პოეტს ჰყვარებია.
მერი პროკოფის ასული შერვაშიძე-ერისთავი
გადაღებულია სანკტ-პეტერბურგში.
„მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი „მერი“, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით, თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი... ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“ - გალაკტიონ ტაბიძე.
მერის მამა პროკოფი შერვაშიძე
დები შერვაშიძეები: ელენა, მერი თამარა
მერი შერვაშიძე-ერისთავი
რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მერი შერვაშიძის ნახვისას განცვიფრება ვერ დაუმალავს და წამოუძახია:
„Грешно, княжна, быть такой красивой!“
მერი შერვაშიძე-ერისთავი
„გალაკტიონმა ლადო გუდიაშვილს მიუტანა ფოტოსურათი და სთხოვა, მერი შერვაშიძის სურათი დაეხატა. ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა, ეს ჩემი მერი არ არისო“.
გიგუშა ნიკოლოზის ძე ერისთავი - მერი შერვაშიძის ქმარი
გიგუშა ერისთავმა დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსის სამხედრო სკოლა და შემდეგ პეტერბურგში პაჟთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელი. სამხედრო კარიერა ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკში განაგრძო და ამ პოლკის მეთაური გახდა. საქართველოში ჩამოსვლამდე იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ადიუტანტი იყო.
გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში.
მერი შერვაშიძე-ერისთავი
სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი, გადმოცემით, გალაკტიონ ტაბიძის მუზა, ცნობილი ფრანგი დიზაინერის, კოკო შანელის მოდელი.
სურათზე მერი ფრეილინას მოოქროვილ ალუბლისფერ სამოსშია გამოწყობილი და გულზე ბრილიანტის შიფრი - ფრეილინების ნიშანი უკეთია.
ბაბო დადიანისადმი გაგზავნილ წერილში მერი შერვაშიძე წერდა: „დაიბეჭდა თუ არა ლექსი „მერი“, იმ პერიოდში ყველა საუბრობდა, რომ ტაბიძემ ეს ნაწარმოები მე მომიძღვნა. პირადად ჩემთვის მას ეს არ გადმოუცია…“
მარცხნიდან პირველი მერი შერვაშიძე
მერი შერვაშიძე
მაღალი, ზღაპრულად ლამაზი პირისახის, ფრიად დახვეწილი მიხრა-მოხრისა და ჟესტიკულაციის ქალბატონი არაჩვეულებრივი მეტყველებით.
მერი შერვაშიძე
ბაბო დადიანის გადმოცემით,საქართველოში რამდენიმე ქალი აცხადებდა, გალაკტიონის მუზა მე ვიყავიო. „ამ თემაზე კითხვით მივმართე გალაკტიონს. მან წვერზე ხელი ჩამოისვა და ღიმილით მიპასუხა: ისე მომაბეზრეს ამ ქალებმა თავი, რომ ყველას ვეუბნები, შენ მოგიძღვენი მერი, შენ მოგიძღვენიო... მაგრამ, ქალბატონო ბაბო, ამ ლექსს, თქვენი მერის გარდა, ვერავის მივუძღვნიდიო“.
ხანდაზმული მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. იშვიათად ეკონტაქტებოდა ქართველ ემიგრანტებს და ქართულ ეკლესიაშიც იშვიათად შეივლიდა ხოლმე. ზოგიერთს დღესაც ახსოვს ხანშიშესული ლამაზი ქალბატონი, რომელსაც ხელში ყოველთვის იები ეჭირა.
გალაკტიონ ტაბიძე - საქართველოს სახალხო პოეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! / მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, / სანდომიან ცის ელვა და ფერი / მწუხარე იყო, ვით შემოდგომა! / .... და შრიალებდა ტოტი ვერხვისა, / რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი! / ბედი, რომელიც მე არ მეღირსა / ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი...“
1915 წელი.
მერი შერვაშიძე სტამბულში
მერი შერვაშიძე - მოდელი
პარიზი, 1935 წელი.
მარჯვნიდან: მერი შერვაშიძე, გიგუშა ერისთავი და რიმა ერისთავი
გამოცემის თარიღი 1926 წელი.
გალაკტიონ ტაბიძე
„ისევ მაწვალებს ფიქრი თვითმკვლელობაზე, რომელიც მეგონა, რომ სამუდამოდ ჩამოვიშორე. მე მიხარია, რომ ჩემივე საკუთარი ნებით შემიძლია შევაჩერო ეს მოუსვენარი გულის ცემა“. - პოეტის დღიურიდან.
ზაქარია ბერიშვილი - რეჟისორი და მსახიობი; ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი - მსახიობი, რეჟისორი. ნიკოლოზ ერისთავი - ქსნის ერისთავთა რეზიდენციის ბოლო მემკვიდრე და ცნობილი დეკლამატორი; მერი შერვაშიძე - სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი, გალაკტიონ ტაბიძის მუზა (პირველ რიგში მარცხნიდან მეხუთე).
მერი შერვაშიძე
ტიფლისში ცნობილ რუს მხატვარს საველი სორინს დახატული ჰყავს მერი შერვაშიძე.
კომუნისტების მოსვლის შემდეგ მხატვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა. მისმა ქვრივმა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მონტე-კარლოში ცხოვრობდა, მერის პორტრეტი მონაკოს პრინცს რენეს გადასცა და ამჟამადაც სასახლეში ინახება. ამბობენ, რომ მერის პორტრეტი პრინცესა გრეის კელის ოთახში ეკიდა.
გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე და სასულიერო სემინარიის რექტორი თეოდორე ჩუდეცკი
თბილისი. 1956 წელი.
გალაკტიონ ტაბიძე, იპოლიტე ვართაგავა - მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი და იური ჩიკვაიძე - ლიტერატორი.
1954 წელი. ფოტო გადაღებულია შეხმანის ფოტოატელიეში დღევანდელი ტაბიძის ქუჩაზე.
წყარო: funtime.ge