საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგო სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს და დიდგორობის დღესასწაულის სტუმრებს მიმართა.
„ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს, - ბრძანა დიდმა ილიამ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დიდგორი ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველია, რომელზეც მტკიცე და წარმატებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ, დავით აღმაშენებლის მებრძოლების შთამომავლებს, შეუპოვრობა და თავდადება გვმართებს. მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის.
ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენი ერთიანობით და შრომით გავაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით გასულ წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - „დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.
წელს ორდენით მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, კაპრალი ნიკა კილანავა და კაპრალი გიორგი ცხვედიანი დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო ჯილდოები მათ პრემიერმა გადასცა.
დიდგორობის დღესასწაულს მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.