პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს:
"როდესაც სამოქალაქო სექტორი ან იგივე „ნაციონალური მოძრაობა" რუსთავი 2-ზე საუბრისას მას "თავისუფალ მედიად" მოიხსენიებს, ძალიან უსამართლოა, უბრალოდ სიცრუეა და არასწორია.
თუ ხელისუფლებას გულისხმობენ, დიახ, ის თავისუფალია ხელისუფლებისგან, რაც სწორია და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის ხომ მთლიანად დამოკიდებულია ნაცმოძრაობაზე. ამას პირდაპირ და აშკარად ადასტურებს მისივე მენეჯერის, გვარამიას ერთ-ერთი ინტერვიუც, რაც ამ სივრცეშიც შეგიძლიათ მოიძიოთ. ეს უკანასკნელი არაერთხელ ღიად და საჯაროდ დაგვემუქრა ხან ჯოჯოხეთით, ხან ომით. ეს ადამიანი არ მალავს პირდაპირ კავშირებს ნაცებთან, მათგან რჩევებსაც იღებს და ბინძურ დავალებებსაც. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ ნაცების ერთ-ერთი იდეოლოგი, ლიდერი, დეპუტატი, პროკურორი, მინისტრი იყო... მეტი რაღა არგუმენტია საჭირო იმისთვის, რომ დავიჯეროთ - ეს არხი ემსახურება ერთადერთს: ნაცების ნებისმიერი გზით დაბრუნებას ხელისუფლებაში!
კი ბატონო, ემსახურონ, იყვნენ ოპოზიციაში, გვებრძოლონ, გვაკრიტიკონ, ბევრჯერ ცილი დაგვწამონ! სიტყვის თავისუფლება ხომ დაცულია! მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ფიქრობთ, რომ ამათ ეთერებში უნდა მივიდეთ და შოუები ვაკეთებინოთ, თანაც ადამიანების ნერვების ფასად?! მოვა ისევ სექტემბერი, გამოგვიძახებს გაბუნია ან მისი მსგავსი, ხოდა ჩვენც არ დავაყოვნოთ, გავიქცეთ, ეს ხომ მაინც "რუსთავია"!" - წერს მანანა კობახიძე.