ინვესტორები შესაძლოა შეჩერებული პროექტების გაგრძელების შემთხვევაში ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საინვესტიციო ვალდებულებების გადახედვის მიზნით შექმნილმა კომისიამ ყველა კომპანიის საქმე განიხილა, სადაც პროექტების განახლების რეალური პოტენციალი არსებობდა.
მისივე თქმით, კომისიამ კომპანიებს ზოგიერთ შემთხვევაში ვალდებულებების პირობები შეუმსუბუქა, ხოლო ზოგიერთს დარიცხული ჯარიმები ეპატია.
„ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც დარიცხული ჯარიმებისაგან პროექტის გაგრძელების პირობით გათავისუფლდება „თბილისის უნივერმაღის" პროექტია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კომისიის მიღებული გადაწყვეტილებები მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.