გთავაზობთ საინტერესო სტატიას, რომელიც ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა პოპულარულმა გამოცემა Business Insider-მა გამოაქვეყნა .
დღევანდელ დღეს, მონდომებას და ძალისხმევას თუ არ დაიშურებთ, არ არის რთული გახდე წარმატებული, სამაგიეროდ ძალიან რთულია გახდე გამორჩეულად წარმატებული. რეცეპტი ამისთვის არ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე პიროვნული თვისება, რაც გამორჩეულად წარმატებულებს ახასიათებთ - ანუ იმ ადამიანებს, ვინც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ჩვეულებრივი მოკვდავების ცხოვრებაზე. წაიკითხეთ ქვემოთმოყვანილი სია და ნახეთ თუ რამდენ ამგვარ თვისებას ფლობთ:
სხვის წარმატებაში ბედნიერების პოვნის უნარი. ყველაზე წარმატებული გუნდი ის გუნდია, რომლის წევრებიც ერთმანეთს ეხმარებიან, საკუთარი მიზნები უკანა პლანზე გადააქვთ და გუნდურ წარმატებას ყველაფერზე წინ აყენებენ.
ახალი გამოცდილებების დაუღალავი ძიება. ზოგჯერ ამ უნარს მხოლოდ აზარტულ მოთამაშეებს, ყურადღების დეფიციტის მქონე ადამიანებსა და ნარკომანებს მიაკუთვნებენ ხოლმე, თუმცა სინამდვილეში სიახლის ძებნის უნარი ეს ის თვისებაა, რაც თქვენს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და პიროვნულ ზრდას უზრუნველყოფს. ავანტურისა და თავგადასავლების სურვილს აუცილებლად თან უნდა ერთვოდის იმის გაცნობიერება, რომ თქვენ სულაც არ ხართ მთავარი ამ დედამიწაზე, და მაშინ თქვენ იძენთ იმ კრეატიულობას, რომელსაც მთელი საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.
არ ფიქრობთ თუ როგორ დააბალანსოთ სამსახური და ცხოვრება, ფიქრობთ მხოლოდ ცხოვრებაზე.სამსახურისა და პირადი ცხოვრების საზღვრები დღეს უკვე პირობითი გახდა. შენ ხარ შენი სამსახური, შენი სამსახური შენი ცხოვრებაა, შენი ცხოვრება კი სამსახურია. იგივე ეხება ოჯახს, მეგობრებს და ინტერესებს - მათ ვერ გამიჯნავ ერთმანეთისგან, რადგანაც მათი ერთობლიობა გხდის იმას, ვინც ხარ. გამორჩეულად წარმატებული ადამიანები ახერხებენ თავაინთ ყოველდღიურ საქმიან ცხოვრებაში ოჯახის წევრების, მეგობრების, მისწრაფებებისა და ინტერესის სფეროების ჩართვას, და არამც და არამც საქმეზე თავის დანებებას. თუ ამას ვერ ახერხებთ, თქვენ არ ცხოვრობთ, თქვენ მხოლოდ მუშაობთ.
უაღრესად დიდი თანაგრძნობის უნარი. თუკი არ ქმნით სრულიად ახალს, რაც დიდი იშვიათობაა, თქვენი ბიზნესი ან პროფესია აუცილებლად დაფუძნებული იქნება არსებული საჭიროების ან პრობლემის გადაჭრაზე. შეუძლებელია პრობლემის ან საჭიროების აღმოფხვრა თუკი თქვენს თავს სხვა ადამიანის ადგილას არ დააყენებთ. გამორჩეულად წარმატებული ადამიანები გამუდმებით ცდილობენ მოვლენების სხვა ადამიანების თვალით დანახვას და თანაუგრძნობენ მათ. წარმატება წრიული პროცესია, ადრე თუ გვიან იგი თქვენს თანამშრომლებსაც შეეხება.
5. უმტკიცებთ არა სხვებს, არამედ თქვენს თავს. ბევრი ადამიანის მოტივაციის წყარო იმის დამტკიცებაა, რომ სხვები ცდებიან, თვითონ კი მართალია. გამორჩეულად წარმატებული ადამიანების მამოძრავებელი ძალა კი უფრო ღრმა და პირადულია - მათ სურთ ყველაზე მნიშნველოვან ადამიანს, საკუთარ თავს, დაუმტკიცონ რაღაც. სწორედ ეს ბადებს ნამდვილ და უძლიერეს მოტივაციას, შეუპოვრობას და მისწრაფებას.
ყურადღებას არ აქცევთ 40 საათიან სამუშაო კვირას. კვლევებმა აჩვენა, რომ 40 საათიანი სამუშაო კვირის გრაფიკი ამცირებს პროდუქტიულობას. უაღრესად წარმატებული ხალხი მუშაობს ბევრს, ისინი შეუბრალებელნი არიან თავაინთი თავის მიმართ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის მოიძებნება თქვენზე ჭკვიანი და ნიჭიერი, და იმისთვის, რომ კონკურენტებს აჯობოთ, უნდა იმუშაოთ ულიმიტოდ. სწორედ ეს არის წარმატების გასაღები.
ფულს უყურებთ როგორც პასუხისმგებლობას, და არა როგორც ჯილდოს. წარმატებული ადამიანები არ ყიდულობენ 17 ავტომობილს ან 40,000 დოლარიან ნაძვის ხეს. ფული მათთვის ჯილდო როდია, არამედ საშუალებაა, რაც უკან, ბიზნესში უნდა ჩაიდოს, გაუნაწილდეს კარგ თანამშრომლებს და დაუბრუნდეს საზოგადოებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ფულმა არა მარტო თქვენი ცხოვრება, არამედ სხვების ცხოვრებაც უნდა გააუმჯობესოს. რაც მთავარია წარმატებული ადამიანი ამას ზედმეტი რეკლამირების გარეშე აკეთებს, ნამდვილი ჯილდო ქმედებაში და არა აღიარებაში მდგომარეობს.
არ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებული ბრძანდებით. სოციალური ქსელების ერაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის „გაპიარება". ჭეშმარიტად წარმატებული ადამიანები ამას არ აკეთებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ მათი წარმატება კარგი დაგეგმვის, დიდი შრომის და შეუპოვრობის შედეგია, მაგრამ მათ ასევე იციან რომ მენტორების, წარჩინებული თანამშრომებისა და იღბლის გარეშე ვერაფერს მიაღწევდნენ. სიმდაბლე, რჩევების მიღების უნარი, ბევრი კითხვის დასმა და სხვების დაფასება წარმატებული ადამიანების მახასიათებელი ნიშნებია.
მიგაჩნიათ, რომ წარმატება წარმავალია, ღირსება და პატივისცემა კი მუდმივი. თანამშრომლებისთვის დიდი ხელფასის და შეღავათების დაწესება კარგია. თუმცა, თუკი თანამშრომლების თავმოყვარეობა შეილახა, დიდი ხელფასიც კი ვერ შეძლებს ამის გამოსწორებას. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც წარმატებული ადამიანები უზიარებენ მათ გარშემომყოფთ, ეს ღირსება და პატივისცემაა. გააკეთეთ ეს, რადგან როცა ამას აკეთებთ, ყველაფერი დანარჩენი მოგვარდება.
რედაქტორის შენიშვნა: ვვარაუდობთ, რომ მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი ნიშნები საქართველოში წარმატების საწინდარი არ არის.
წყარო: postalioni.com