reportiori.ge - 2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:55
რელიგია
2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა
02 ნოემბერი, 2013. 00:00

2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა.

მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო. მამა ადრე დაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ. დედა - შემოდგომში მონაზონი ანა, გარდაიცვალა 2000 წლის 26 აპრილს, ვნების კვირაში. დაკრძალულია წმიდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში. ძმა ადრევე გარდაცვლილა. ჰყავს ორი და. სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში 6 წელი.

„ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში, არ მახსოვს მასწავლებელს მისთვის შენიშვნა მიეცა, დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას. მისი ერთადერთი გართობა ეს იყო. რომელი დღეები არ ვიცი, მაგრამ კარგად მახსოვს, ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა. შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა. ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა, მუდმივად ტოვებდა საჭმელს", - ასე იგონებს მის ბავშვობას მეზობელი ჟენია ქობელაშვილი.

ბავშვობაში მეზობლების ჩხუბს შეესწრო; ერთმა ქალმა უთხრა მეორეს, რა ჯვარზე მაცვი ქრისტესავითო.

გაკვირვებულმა ვასიკომ იკითხა - რატომ აცვეს ქრისტე ჯვარსო? პასუხი ვერავინ გასცა, უთხრეს ეკლესიაში წასულიყო. სამწუხაროდ, ისიც დაკეტილი დახვდა. ყარაულმა ურჩია წაეკითხა ქრისტეს ისტორია. ამის შემდეგ დაიწყო ფულის შეგროვება და ღვთის წყალობით შეიძინა წიგნი, რომლითაც ქრისტეს ცხოვრებას გაეცნო.

ღვთისაგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით ააშენა სენაკი ალიზით, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. შიგ სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად იმ დროს შეიტანა ბალიში, როცა თვითონ სენაკში არ იმყოფებოდა. მოვიდა თუ არა, ბალიში ნაჯახით აკუწა და განრისხებულმა თქვა: „როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი - იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდა".

მამა გაბრიელმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება. სწორედ ამ დროს მივიდა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში. დედებმა დააპურეს, მაგრამ ღამე არ გაათევინეს. მადლი ღვთისა მასში იმდენად დიდი იყო, სახლში არ წავიდა, ღამე ჭიშკართან გაათია და დილით ღვთისმშობელს სთხოვა: „ამ ქვეყნიდან ისე ნუ გამიყვან, აქ რომ სენაკი არ მომცე". უსმინა ღმერთმა და სიცოცხლის ბოლო წლები სამთავროს მონასტერში გაატარა. იგი კოშკში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს კურთხევა მან (როგორც თვითონ ამბობდა) ღვთისმშობლისა და ორი პატრიარქისაგან მიიღო.

დედის მუცლიდანვე გამორჩეული ჭურჭელი ღვთისა ეკლესიით საზრდოობდა. როდესაც გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ბათუმში, შევიდა ტაძარში და ნიკოლოზ სასწაულმოქმედს სთხოვა: დრო მიეცა ეკლესიაში სასიარულოდ. ღვთის წყალობა მან უსწრაფესად მიიღო. მეორე დღესვე გამოიძახეს და უთხრეს: დამტარებლად დაგნიშნეთო. დაკისრებულ მოვალეობას მორჩებოდა თუ არა, მაშინვე ტაძარს მიაშურებდა. იქ ისწავლა ხუცური დამწერლობა და ბნელჟამობის დროს სარდაფში გადამალული საეკლესიო წიგნებიც აღმოაჩინა. მღვდელმა ჩუმად აზიარა საკურთხეველში. ოთხშაბათს და პარასკევს მუცელს აიტკივებდა და ხორცს არ ჭამდა. ასე გაატარა მან ჯარისათვის განსაზღვრული დრო ნახევრად ჯარში და ნახევრად ეკლესიაში.

ჯარიდან დაბრუნებულს ოჯახის წევრებმა ცოლის შერთვა დააძალეს; ერთი ლამაზი გოგოც აჩვენეს. მან ქუდიც კი არ მოიხადა, ისე დაჯდა, სიტყვა არ წამოსცდენია, ადგა და გავიდა გარეთ. დაჟინებული თხოვნა ოჯახის წევრებისა რომ აეცდინა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წავიდა, რათა თვითონვე ეთქვათ უარი მის ცოლობაზე. ექიმებს უკვირდათ: აქ ხალხი ძალით მოჰყავთ, ეს კი თავის ფეხით მოვიდაო. თუმცა, იმ უღმერთოების ჟამს, დაიწყო თუ არა ქრისტეს დიდებაზე ქადაგება, მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი: სულიერ ავადმყოფად ჩათვალეს და სახლში მხოლოდ დედის ზედამხედველობის ქვეშ გაუშვეს.

სწორედ ამ დროს დაიწყო თავის ეზოში საკუთარი ხელით ეკლესიის აშენება. იგი ხშირად ამბობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა".

რწმენისაგან დაცლილი იმჟამინდელი ხელისუფალნი ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად ანადგურებდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას აიძულებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც მივიდოდნენ, რაღაც ნაწილს ეკლესიისას დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ აღადგინეთო.

ერთხელაც, მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გაჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება ისე უთხრა: „მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ დაანგრიეთ". შეშინებიათ, წასულან და მუშები მოუყვანიათ. ბერს მათთვის კიდევ უთქვამს: „ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელი". ამჯერად უფრო შეშინებიათ და წასულან. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას.

საოცარი სისპეტაკით ასრულებდა ბერი გაბრიელი სალოსის მსოფლმხედველობით ქრისტიანული მოძღვრების ყველა მოთხოვნას, რომელსაც უფლისა და მოყვასის სიყვარული მიუძღოდა კელაპტრად, სიყვარული, რისი უპირატესობაც შესანიშნავად არის გადმოცემული პავლე მოციქულის წერილში: „წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი".

ასეთი მრწამსით განვლო ბერმა ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლე, რომლის ბოლო დღე გახლდათ 1995 წლის 2 ნოემბერი, დღით ოთხშაბათი. დილიდანვე მის სენაკში შეიკრიბნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, სამთავროს დედათა მონასტრის დედები და დები. მამა საბამ (კუჭავა), მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე აზიარებდა მამა გაბრიელს, რამდენიმე პარაკლისი გადაუხადა.

ამ დღეს შემდეგნაირად იგონებს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი და სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე): „საპატრიარქოში ვიყავით, როცა გავიგეთ მამა გაბრიელის ამბავი. კათოლიკოს-პატრიარქმა მაშინვე აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, დღეს უკვე მიტროპოლიტი დანიელი, წაეკითხა მისთვის ლოცვები. იმწამსვე გავემგზავრეთ სამთავროში. გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და მხოლოდ ხუთი წუთი შევფერხდით, ძალიან შევწუხდით, მეუფეს ვკითხე: ნუთუ ცოცხალს ვერ მივუსწრებთ-მეთქი. მან ასეთი პასუხი გამცა: ბერი იმხელა ღვთისმსახური იყო, ღმერთი ისე არ გაიყვანს თუ მღვდელმთავარი არ მივაო. მართლაც ცოცხალს მივუსწარით. მეუფემ ლოცვების კითხვა დაამთავრა თუ არა, მამა გაბრიელმა მაშინვე განუტევა სული".

მეუფე დანიელმა და მისმა მკურნალმა ექიმმა - ზურაბ ვარაზაშვილმა - შემოსეს იგი იმ ქვეყნისათვის და მისი ცხედარი კოშკიდან გადაასვენეს სამთავროს ფერისცვალების ტაძარში.

დადგა მისი დაკრძალვის დღე. ანდერძისაებრ, იგი ჭილოფში გაახვიეს, საფლავში სათუთად ჩაასვენეს, მაგრამ მიწის მიყრა ვერავინ შეძლო. ბოლოს ასეთი რამ მოისაზრეს; გაცრილი მიწა სააფლავის კიდეებს ნელ-ნელა მიაყარეს და როცა მიწა მის ცხედარს ასცილდა, თვითონვე დაიწყო გადაფარება ნაზად და სათუთად.

ღმერთმა მას დიდი ერთგულებისა და უკიდეგანო რწმენისათვის გარდაცვალების შემდეგაც დაუტოვა კურნების ძალა. ამიტომაა რომ დაუსრულებლად მოედინება მავანი და მავანი სამთავროს მონასტერში და მისი კანდელის ზეთის კურნებით კმაყოფილი, მიჰყვებათ მადლი იმ მიწისა, სადაც თოთხმეტი წლის წმიდა ნინომ დაისადგურა. ეს მაყვლოვანი გახლავთ, მამა გაბრიელის უსაყვარლესი ადგილი. ნატერფალი ქრისტიანობის მადლის მომფენისა. მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი მრავალნი მოედინებიან უცხო ქვეყნებიდანაც და ასეც ხდება, რომ მის მიმართ მადლიერებას და პატივისცემას, ჩვენდა გასაკვირად, ქართულ ენაზე შესრულებული საეკლესიო საგალობლებით გამოხატავენ. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016