ეს არის ახალშობილი შვილიშვილისთვის ბებიის მიერ დაწერილი წერილი, რომელიც 24 პუნქტისგან შედგება. დარწმუნებული ვარ, წერილი ყოველი ჩვენგანისთვის ახლობელი და გულშიჩამწვდომი იქნება.
"ნეტავ შემძლებოდა, ეს წერილი მეოთხედი საუკუნის წინ დედაშენისთვის დამეწერა... ძალიან ვნანობ, მაგრამ მაშინ 25 წლის ვიყავი და მსგავსზე არაფერზე მიფიქრია. სამაგიეროდ, უამრავი სხვა საქმე მქონდა: დილით ადრიანად მესაუზმებინა შვილი, წამეყვანა საბავშვო ბაღში, შემდეგ გავქცეულიყავი ლექციებზე, საღამოს დამელაგებინა სახლი და მომემზადებინა ვახშამი.
ბაბუაშენი ღამის ცვლაში მუშაობდა და არავინ მყავდა მომხმარებელი. დედაშენი კი ხშირად ავადმყოფობდა, არ ეძინა მთელი ღამე და განუწყვეტლივ ტიროდა. საქმე დროის უქონლობაშიც არ იყო. 25 წლის ასაკში მხოლოდ ერბოკვერცხის მომზადების რეცეპტს თუ გაუზიარებ შვილს. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ 50 წლის ასაკშიც ბევრი ვიცი ცხოვრების შესახებ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მე შენი ბებია ვარ, ჩვენ (გინდა თუ არა შენ) ბევრი საერთო გვაქვს და მე ვოცნებობ, რომ ბედნიერი იყო.
1. ნუ შეგეშინდება დაცემის
ველოსიპედიდან, საქანელიდან, ციგურებიდან და სწორი ადგილიდანაც კი. მტკივნეული იქნება (ხანდახან ძალიანაც), მაგრამ ისწავლი, იყო მოხერხებული, სწრაფი და ადგე მაშინაც კი, როცა მხოლოდ ტირილი გენდომება.
2. ნუ შეგეშინდება ჩხუბის, ბიჭებთანაც კი; მით უმეტეს, პატარა ბიჭებთან
გეტყვიან, "გოგოები არ ჩხუბობენ" და დაგცინებენ ჩალურჯებული თვალის გამო, მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ. იმის უნარი, დაიჭირო შენ დასარტყმელად მოღერებული ხელი და უპასუხო დაუფიქრებლად, არც ისე ცუდი ტონია. სხვათა შორის, კარგ ჩხუბში საერთოდ ვერ გრძნობ ტკივილს, ხოლო დალურჯებული თვალი ერთ კვირაში გაივლის.
3. ნუ გეშინია ძაღლების
იმიტომ, რომ შენს მშობლებს ორი ჰყავთ, მე და ბაბუაშენს 3 გვყავდა, და იმედი მაქვს, რომ ყველა მათგანი გეყვარება, რადგან სხვა გზა არ გაქვს.
4. ნუ შეგეშინდება ილაპარაკო ის, რასაც ფიქრობ
აუცილებელი არ არის, იყო "ზრდილობიანი გოგო" და გაჩუმდე, როცა შეგიძლია, რომ იკამათო. არ ხარ ვალდებული, რომ დაფარო შენი აზრი "მეგობრობის" გამო, არც "სიყვარულისთვის." თუ შენგან მხოლოდ ლოიალურობას მოელიან, ჭირსაც წაუღია მასეთი მეგობრობა და სიყვარული.
5. ნუ შეგეშინდება საკუთარი შეცდომების აღიარების. ნუ შეგრცხვება ბოდიშის მოხდის
მხოლოდ ძლიერ გოგოებს შეუძლიათ ეს! შენ ხომ სწორედ ასეთი გაიზრდები. საშინლად რთულია თქვა: "მაპატიე, არ ვიყავი მართალი. როგორ გამოვასწორო ეს ყველაფერი"? მაგრამ როცა ამას ისწავლი, ვეღარავინ დაგამარცხებს.
6. ნუ შეგეშინდება დაბალი შეფასების მიღების
არა მარტო სკოლაში (თუმცა სკოლაშიც). 2-იანი არც ისე ცუდი ნიშანია. სამაგიეროდ, შენ გაიგებ, სად არის შენი სუსტი წერტილი და რაზე უნდა იმუშაო. და დაიმახსოვრე, რომ ცუდი ნიშანი არ ნიშნავს, რომ შენ ხარ ცუდი. ეს, უბრალოდ, მოტივაციაა, რომ იმოქმედო.
7. ნუ შეგეშინდება წაგების
წაგება - დაცემასავით არის. რაც უფრო მტკივნეულია, მით სასარგებლოა. თუ წააგე (ბიოლოგიის ოლიმპიადაში ან კლასში ყველაზე ლამაზი ბიჭისთვის ბრძოლაში), დაიმახსოვრე, ამან ძალიან გაზარდა შენი შანსები, მოიგო შემდეგ ჯერზე. ახლა ხომ შენ ზუსტად იცი, სად შეგიძლია დაარტყა.
8. ნუ შეგეშინდება არაპოპულარულობის
ჯერ ერთი, ეს გაივლის; მეორეც, შენი "არაპოპულარულობა" - საუკეთესო მიზანია, დაკავდე რაიმე უჩვეულოთი. სანამ ყველა ეს "მეფე-დედოფლები" საღამოებზე ივლიან, დროს გაატარებენ კაფეებსა და ბარებში, ინტერნეტში, შენ ისწავლი მიზანში სროლას, ცხენზე ჯირითს ან პინგვინების მოთვინიერებას. 20 წლის "პოპულარულები" ჯერ კიდევ ინტერნეტში იბოდიალებენ, შენ კი წახვალ შენს პირველ ექსპედიციაში ანტარქტიდაზე.
9. ნუ შეგეშინდება შეყვარების
ეს ოდესმე მაინც მოხდება - ასე ვართ მოწყობილები. ასე რომ, ნუ შეეწინააღმდეგები და დატკბი იმით, რომ შენ უკვე დიდი გოგო ხარ.
10. ნუ შეგეშინდება მისთვის ამის თქმის
რას კარგავ? თუ ის შენ მიმართ გულგრილია, დაანებებ მასზე ფიქრს თავს და იპოვი იმას, ვინც გიპასუხებს გრძნობებზე. მაგრამ თუ ისიც შეყვარებულია? თავად დაფიქრდი. მასაც ხომ ეშინია, რომ "არას" ეტყვი. მას, ვინც "ქალურ თავმოყვარეობაზე" გიჩიჩინებს, უბრალოდ, შურს შენი. შენ ხომ უკვე ყველაფერი გაქვს.
11. ნუ შეგეშინდება პირველი კოცნის
დაუჯერე ბებიას, ეს საოცარია! თუ იმაზე ნერვიულობ, რომ არ იცი კოცნა და სულელივით გამოგივა, მაშინ მართლა სულელი ხარ. ყველა ქალმა საოცარი კოცნა იცის. კოცნა ჩვენ გენებში გვაქვს.
12. ნუ შეგეშინდება პირველი სექსის
მაგრამ ძალიან გთხოვ, ეს იმასთან გქონდეს, ვინც მართლა გიყვარს. და ნუ დაივიწყებ შესაძლო შედეგებს.
13. ნუ შეგეშინდება იმის, რომ ვერ გათხოვდე
ჩემს დროშიც კი გაუთხოვრობა რაღაც საშინელებად არ ითვლებოდა. ასე რომ, როცა შენ გაიზრდები, არავისი საქმე არ იქნება, გეკეთება თუ არა მარჯვენა ხელის არათითზე ბეჭედი. და კიდევ, დაკვირვებული ვარ, რომ ჩემი გაუთხოვარი დაქალები ცხოვრობდნენ და აგრძელებენ ცხოვრებას ჩემზე არანაკლებ კარგად, ხანდახან კი უფრო საინტერესოდ და მხიარულადაც (არ გაბედო და არ უთხრა ამის შესახებ ბაბუაშენს).
14. ნუ შეგეშინდება გათხოვების
უცხო შენს ტერიტორიაზე - საშინელებაა. ამიტომაც შეეცადე, შეხვდე "შენს" ადამიანს და მაშინ ყველაფერი გამოგივა, მის მიერ თავმოხდილად დატოვებული კბილის პასტაც აღარ გაგაღიზიანებს. სამაგიეროდ, გეყოლება გვერდით ის, ვინც დილაობით ძაღლს გაასეირნებს.
15. ნუ შეგეშინდება ქორწილის, თუნდაც ყველაზე სულელურის
მე, მაგალითად, შემეშინდა. მომეჩვენა, რომ ძალიან სულელურად გამოვიყურებოდი კაბა-ტორტში და ვწითლდებოდი ყოველ სადღეგრძელოზე. ახლა კი სიამოვნებით ვათვალიერებ ფოტოებს, სადაც კაბა-ტორტში ვარ გამოწყობილი და ერთი სული მაქვს, როდის გაჩვენებ შენც, როგორი ახალგაზრდები და სულელები ვიყავით მე და ბაბუაშენი. გაუძელი სირცხვილის 5 საათს, სამაგიეროდ, შემდეგ გექნება ის, რაც სასიამოვნოდ გაგახსენდება.
16. ნუ შეგეშინდება მშობიარობის
არ მოგატყუებ, საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ მედიცინა წინ მიიწევს. ასე რომ, ვფიქრობ, შენ პრობლემა არ გექნება. ჩვენ გენეტიკურად გვაქვს - სწრაფად ვაჩენთ და მაშინვე მეორე შვილზე ვიწყებთ ფიქრს.
17. ნუ შეგეშინდება განქორწინების
თუ ეს მოხდება (ყველაფერი შეიძლება მოხდეს) უბრალოდ, რომელიმეს სისულელის გამო ან დანაშაულით - ნუ დაღონდები. განქორწინება - ეს, ბოლოს და ბოლოს, რაღაცა ახლის დასაწყისია, შესაძლოა, ბევრად საინტერესოსიც კი.
18. ნუ შეგეშინდება მარტოობის
იცი, რაღაც მომენტში მარტოობა - საუკეთესოა, რაც კი შეიძლება მოხდეს. ყველას არ აქვს იმის შანსი, დარჩეს მარტო ყველაზე ახლობელ ადამიანთან - საკუთარ თავთან. თუ გაგიმართლებს, დატკბი ამ შესაძლებლობით. დიდხნიანი მარტოობა მაინც არ გემუქრება - ვიცი ჩვენი გენის ამბავი.
19. ნუ შეგეშინდება იყო ძლიერი
ალბათ გეტყვიან, რომ ქალი უნდა იყოს (ან ითამაშოს) სუსტი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მიჩიჩინებდნენ. ჰოდა, უსმინე ბებიაშენს - ქალს არავისი ვალი არ აქვს. სწორედ ასეთ ქალებთან არიან ყველაზე ძლიერები და საუკეთესოები მამაკაცები.
20. ნუ შეგეშინდება იყო უცნაური
მე ხომ არ მეშინია ამის!
21. ნუ გეშინია ტირილის
მკითხავ, როგორ შეიძლება იყო ძლიერი და თან იტირო? გიპასუხებ: ცრემლები - ძლიერის უფლებაა, რადგან როცა ძლიერი ხარ, რასაც გინდა, იმას აკეთებ. გინდა - ტირი, გინდა - იცინი, გინდა - კბილის პასტის ტუბს არ აფარებ სახურავს.
22. ნუ შეგეშინდება ახლის მოსინჯვის
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხარ და რას იტყვის შენზე ხალხი. მიიღე ცხოვრებისგან ყველაფერი, რასაც გთავაზობს. და თუ არ გთავაზობს, წაგლიჯე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად არანორმალურად გამოიყურება გვერდიდან შენი სურვილი. მაგალითად, თუ 50 წლის ასაკში მოგინდება იყიდო მოტოციკლი - მიდი და იყიდე. ზოგიერთმა ჩემმა დაქალმა იყიდა.
23. ნუ შეგეშინდება დაბერების
ეს საშიში არ არის, მაგრამ უცნაურია. სამაგიეროდ, ცხოვრებას მეტად აფასებ (მაპატიე, რომ ბანალური ვარ), მეტად გიყვარს და გეცოდება ახლობლები და რატომღაც გიჩნდება სურვილი, დაუწერო უცნაური წერილები შენს შვილიშვილებს.
24. ნუ შეგეშინდება ახლობლების დაკარგვის
დიდხანს ვყოყმანობდი, დამეწერა თუ არა ეს საერთოდ, მაგრამ მე და შენ ხომ ვიცით, რომ დაშორება და ახლობლის დაკარგვა გარდაუვალია. ამიტომაც გიყვარდეს შენი ახლობლები, სანამ შენ გვერდით არიან, იმდენად ძლიერად, რამდენადაც შეგიძლია. ეს სიყვარული არ ქრება.
წყარო: qartveli.ge