reportiori.ge - როდემდე შეიძლება გრიგოლია სვამდეს შეკითხვას ისე, რომ არც უსმენდეს პასუხს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 05:32
მედია
როდემდე შეიძლება გრიგოლია სვამდეს შეკითხვას ისე, რომ არც უსმენდეს პასუხს?
ავტორი:
02 სექტემბერი, 2015. 11:15


ტელევიზიების ენა სიძულვილითაა აღსავსე და, ნაცვლად სამოქალაქო თანხმობისა და კონსოლიდაციისა, თავად სამაუწყებლო კომპანიები ანგრევთ ერთსულოვნებას, აპირისპირებთ მხარეებს.


სახელმწიფოს პრიორიტეტი, ერთ-ერთი უპირველესი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და განვითარება უნდა იყოს, თორემ ძალიან დიდი დრო დასჭირდება ევროპულ ქვეყნად შედგომას.


მიზანმიმართულმა ეროვნულმა ნიჰილიზმმა შვა არაქართული ფენომენი, -ინდიფერენტული და ეგოცენტრული.


ტრადიციულად, საქართველოში სამი რამ ყველამ იცის: ფეხბურთი, ლიტერატურა და პოლიტიკა. ახლა ამას დაემატა ჟურნალისტიკა. ვისაც არ ეზარება, მიკროფონი უჭირავს ხელში - მერე რა, მსახიობია, ინჟინერი, ბანკირი თუ გეოლოგი?!


დიდი ხანია, საქართველოში ე.წ. მეოთხე ხელისუფლება გაბატონებულ კლასად იქცა, უმჯობესია ითქვას, - კასტად!


თანამედროვე ტელევიზიები, ძირითადად, მომართულია არა პოზიტივზე, არამედ -ნეგატივზე, უარყოფითზე, სკანდალურზე... ასეთი დამოკიდებულება არ არის მხოლოდ არაპროფესიონალიზმის შედეგი  - ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა საზოგადოებრივი აზრის შექმნის, ჩამოყალიბებისა და მართვისა.


ერთ-ერთი უპირველესი ნაკლი (ზეპირმეტყველების დაბალ კულტურასთან ერთად) ტელეჟურნალისტთა ფსევდოინტელექტუალიზმია.


წიგნს უნდა წაკითხვა და არა - გადათვალიერება, თანაც რაც შეიძლება ბევრი უნდა იკითხო და საფუძვლიანად უნდა გესმოდეს ის სფერო მაინც, რომლის შესახებაც ადამიანებს ესაუბრები.


ტელესახეებს სჭირდებათ ახლო ნაცნობები მაღალ სახელისუფლებო წრეებში, სნობური მიდრეკილებების დასაკმაყოფილებლად კი -  დასაყრდენი ხელოვანთა წრეებში  და, ამასთანავე,  მასების უპირობო სიყვარული.


ვერბალური კომუნიკაცია ეკრანზე განუყოფელია ვიზუალურისაგან. უმრავლეს შემთხვევაში სასაცილოა საავტორო გადაცემათა წამყვანების ჩაცმულობა, კაბების შრიალ-შრიალი და მაკიაჟი. ერთმა ქართველმა ოპერატორმა, რომელიც დიდი ხანია საბერძნეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, თქვა: ვუყურებდი გადაცემას, ბუხართან იჯდა წამყვანი, ნ. ჟორჟოლიანი, რაღაც სადედოფლო კაბის მსგავსი ეცვა და ასე ესაუბრებოდა სტუმარსო. საქმეს ისიც აფერხებს, რომ  არ არსებობს პროფესიული კრიტიკა, რომელიც წამოაჩენდა და განსაზღვრავდა გადაცემისა თუ წამყვანის ავ-კარგს. თუმცა, სხვის აზრს ვინ აქცევს დღეს ყურადღებას?! წერეთ და იკითხეთო - ამ განწყობაზეა უმრავლესობა!


ის, რაც, ზოგადად, ქვეყანაში ზეპირმეტყველების კუთხით ხდება, ვერბალური ნონსენსია. მომრავლდნენ ისეთი ჟურნალისტები, რომელთა საარტიკულაციო-საწარმოთქმო სისტემა თანდაყოლილი დეფექტებითაა სავსე (ზოგს რბილი, ზოგსაც მაგარი „ლ" აქვს (ვინმემ არ უნდა უთხრას თ. ასათიანს, მიხედოს თავის გამაგრებულ ლასს?!). ზოგიერთი იმდენად გაუმართავად, ბუნდოვნად საუბრობს (მაგალითად, რ. მუჯირი), ვერც გაარჩევ, რას ამბობს).


ამასთანავე, დაუძლეველ პრობლემას ქმნის გაუაზრებელი კონსტრუქციები, უამრავი ნეოლოგიზმი, დარღვეული სინტაქსი და მოშლილი ფონეტიკური სისტემა.


ვინ ვართ ჩვენ დღეს? - საკუთარი დედის მაგინებელი, ბილწსიტყვაობის უმძიმეს ცოდვაში ჩარჩენილი ერი! მეტი სასჯელი და უბედურება რაღა უნდა იყოს! ამიტომ წერდა თავის დროზე სულით შეძრული პოეტი ანა კალანდაძე: „ბილწსიტყვაობას ქვეყნისთვის ნარკომანიაზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია". წერა და აზროვნება ერთი მთლიანი პროცესია, ლოგიკა კი დიდი ხანია აღარ გვაქვს არაფერში, ამისი ნათელი მაგალითია „ანუს" ასე ხშირად და უკონტექსტოდ გამოყენება, ფრაზის, წინადადების, საუბრის „ანუთი" (ძველად ე. ი - ით) დაწყება, ვითომდა ლოგიკას მივყვებით, რაღაცას ვუხსნით ერთმანეთს და ვაზუსტებთ ჩვენსავე ნათქვამს.


ხშირად მინატრია, ვიცხოვრო იმ ქვეყანაში, რომელშიც არ არის ტელეისტერია და რადიოს უფრო მეტი მსმენელი ჰყავს. ჯერ ერთი, ამდენი გაყალბებული, არაფრისმთქმელი, უნიჭო და უკულტურო სახის ყურება; მათი ცხოვრების წესის გაპიარება და ვითომ კომპეტენტური (საექსპერტო) აზრების ფრქვევა უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს, ამდენი გასართობი შოუპროგრამა და ტაკიმასხარა წამყვანები, რომლებსაც არც ესთეტიკა აქვთ და არც ეთიკა. მათი ვითომ „სვეტური" დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მხოლოდ პოპულარობის სინდრომით შეპყრობილი ადამიანების  უსუსურ ბორგვას მაგონებს.


გარდა ამისა, ტელესივრცე სავსეა სკანდალებზე აგებული გადაცემებით, სენსაციებზე, ერთობ პიკანტურსა და ინტიმურ თემებზე დასმული აქცენტებით (ჟურნალისტური პროვინციალიზმი), რომელი ერთი ჩამოვთვალო... აღარ მოგწყინდათ ამდენი ტრანსი და მაჩო; ამდენი ფსევდო და ანტი?! იქნებ განმიმარტოთ ვინმემ, რა ჰქვია იმ ტელეპოლიტიკას, რომელსაც აინტერებს ერთი კანონდამრღვევი თუ დაუმორჩილებელი უწიგნურ-უტიფარი ქალის ცხოვრება?! როდემდე უნდა აკვირდებოდეს პიჯაკმოსხმული ე. ხოფერია სხვის გარდერობს?! როდემდე ვუსმინოთ მ. ასათიანის სიბრძნისმეტყველებას", გ. ჯაჯანიძის მისნობა-მჩხიბაობას, დ. სხირტლაძისა და დ. ობოლაძის ფრთიან გამოთქმებს... როდემდე უნდა დავძვრებოდეთ სხვის სულში?!


სადაცაა გაყვითლდება მთელი ტელეჟურნალისტიკა.  ნუთუ დაილია თემები, ამოიწურა სააზროვნო სივრცე და აღარაფერი შემოგვრჩა საინტერესო, მშვენიერი, ამაღლებული?! ნორმალურ ქვეყანაში ასპარეზი ეთმობა ინტელექტუალს. აბა, დაითვალეთ, რამდენი ასეთი ადამიანი გყავთ მოწვეული?! ისევ „სამოთხის ვაშლებში" ვართ ჩარჩენილი!


სადღაა დარგობრივი ჟურნალისტიკა, როცა პანაშვიდი და პარაკლისი ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისაგან. განა ბევრია ამ ტელესივრცეში მარი მალაზონიასნაირი დარგობრივი ჟურნალისტი თავისი უმაღლესი კვალიფიკაციისა და საჭიროების გადაცემით?!


თქვენთვის უფრო მნიშნელოვანია ე. დეისაძისა და პ. ბურჭულაძის გაპიარება, ვიდრე ის, რომ ერი უსმენდეს ლ. სტურუასა და ბ. ხარანაულს, გ. დოჩანაშვილსა თუ ბ. ბრეგვაძეს... მეცნიერება (თავი) და ხელოვნება (გული) უნდა იყოს წარმმართველი ერის ცხოვრებისა და ეს პროპორციები როგორ გაქვთ დაცული, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ!


ან რაზე უნდა ვილაპარაკო - მისალმება ვერ ისწავლეს წამყვანებმა. გაიძახიან: დილა მშვიდობის, საღამო მშვიდობის. კონსტრუქციის ჩამკეტი „ა" ხმოვანი ჩაიყლაპა: მშვიდობის საღამო, მაგრამ (პრეპოზიციური, შებრუნებული წყობის დროს) საღამო მშვიდობისა, დილა მშვიდობისა - ამის დამახსოვრებას მაინც რაღა უნდა, მაგრამ მასობრივი უცოდინრობაა ყველგან და ყველაფერში!!!


სამწუხაროდ, ქალაქურობადაა მიჩნეული უცხო სიტყვების სპეციფიკური პრონონსით წარმოთქმა (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ „ფ" თანხმოვანი დიდი ხანია F - ით ჩავანაცვლეთ), წამღერებითი ინტონაციის მოძალება, არაბუნებრივი მახვილები. თბილისელობა სკაბრეზულობასაც კარგად ირგებს და ცისფერი ეკრანებიდან დავაკანონეთ დღევანდელი მეტყველება - უვიცობისა და უწიგნურობა-უკულტურობის გამომხატველი ვერბალური ნონსენსი!


მომაბეზრებელია ჟურნალისტის გამოჩენა კალმით ხელში (უხეხულობის დაძლევის უსუსრი სახეობა). რაც შეეხება გადაცემის, პროგრამის შინაარსს, ამაზე ზედმეტია საუბარი, რადგანაც კონცეპტუალურად გააზრებული, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე დაფუძნებული და შერჩეული არაა არც მთავარი თემა და არც - სათქმელი.


როდემდე შეიძლება, მაგ. ი. გრიგოლია სვამდეს შეკითხვას ისე, რომ არც უსმენდეს პასუხს და, თანაც, მეორე შეკითხვად რესპოდენტის პასუხს იყენებდეს?!


დაიკარგა დიალოგის კულტურა ცხოვრებაში, უფრო სწორად, განიდევნა!


ეს არის ერთგვარი მარგინალიზაციაც. „ჩვენ ვსაუბრობთ" ნიშნავს, რომ ვუგებთ ერთმანეთს. გაგება მოსმენით იწყება და კიდევ იმის სურვილით, რასაც განსხვავებულის შემწყნარებლობა ჰქვია! გადაცემის წამყვანს დასმული არა აქვს შეკითხვა და უკვე წამებს უთვლის მოპასუხეს - ასეთ რეჟიმში შეიძლება დაიბადოს აზრი?!


მასმედიის შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტური ჟურნალისტიკის მოთხოვნებს.


ეს ელემენტარული ჭეშმარიტება დღეს სასაცილოდ არ ჰყოფნის ბევრს. საქართველოში ისე წავიდა საქმე, რომ ტელევიზიებს ზედმეტი სახელებიც შეარქვეს: პატარკაციშვილის ტელევიზია, მიშას, ანუ ნაციონალების ტელევიზია (იგივე ხალხზე გამარჯვებული არხი), ბერას ტელევიზია  და მისთ.


ასეთ აჯაფსანდალში დარღვეულია ყველაზე მთავარი პრინციპი: ჟურნალისტს, ბუნებრივია, ექნება პიროვნული პოზიცია თუნდაც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ირგვლივ, მაგრამ ის არ უნდა წარმოადგენდეს მხარეს  (როგორც თანამედროვე საქართველოში „რუსთავი 2" და „ტაბულა" ან „იმედი" და „კავკასია") და გადაცემა უნდა იყოს ყოველთვის დაბალანსებული.


ტელევიზიამ დაამკვიდრა უგემოვნობა და უტიფრობა, მან შექმნა გაუკუღმართებული საზოგადოებრივი აზრი, ცხოვრების „სვეტურ", თანამედროვე გაგებად გამოაცხადა გარყვნილება და აღვირახსნილობა, წაგვართვა მშობლიური ენის კულტურა, გაგვიყალბა ისტორია, დაგვინგრია ტრადიცია, დანერგა ეროვნული ნიჰილიზმი, გამოგვათაყვანა, გვაქცია პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლად...


საზოგადოება არჩევნის პირისპირ დგას: ან უარი უნდა თქვას ტელეისტერიაზე, ან უყუროს ტოკშოუებს, პარლამენტის სხდომებს, პოლიტიკურ დებატებს, გადაერთოს სერიალების დაუმთავრებელ ნაკადებზე, ღამის გასართობ შოუებზე... და არ იკითხოს, არ იფიქროს, არ განმარტოვდეს საკუთარ თავთან, იცხოვროს სხვისი ცხოვრებით, ინტრგით, ჭორით, სკანდალებით...



ფილოლოგიის დოქტორი  საბა მეტრეველი





წყარო: tb24.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016