ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური გახდა საკითხი, დავდოთ თუ არა სოციალურ ქსელში ბავშვების ფოტოები. სულ უფრო მეტი ადამიანი მოუწოდებს მშობლებს, ნუ გაავრცელებენ ასე აქტიურად ბავშვების ფოტოებს, განსაკუთრებით - საჯაროდ, ანუ არა მხოლოდ მეგობრებისთვის, და ასევე განსაკუთრებით - შიშველ ფოტოებს.
ინტერნეტი ყოველდღე ივსება ახალ-ახალი ბლოგებითა და სოციალური ქსელებით, ახალ-ახალი ადამიანებით, რომელთაგან თვით ინტერნეტმეგობრებს შორის მყოფებსაც კი უშუალოდ არ ვიცნობთ და ვის რა განზრახვა აქვს, არავინ იცის. ერთი კონკრეტული ადამიანის გვერდზე შესული ნებისმიერ ინფორმაციას შეიტყობ მასზე - მის ოჯახურ მდგომარეობაზე, მის ინტერესებზე, მიდრეკილებებზე, მის ოჯახის წევრებზე, ბევრი იმასაც წერს, სად იმყოფებოდა ან ახლა სად არის, სად და რას აკეთებდნენ ის და მისი შვილები და ა.შ.
ადამიანებს, რომლებსაც ათასგვარი ცუდი აზრი უტრიალებთ თავში, თავისუფლად შეუძლიათ ამ ინფორმაციების თუ ფოტოების სათავისოდ გამოყენება. უამრავი მსოფლიო პრეცედენტი არსებობს, როდესაც სწორედ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციების მეშვეობით შეიტყვეს სერიულმა მკვლელებმა, მძარცველებმა თუ უბრალოდ შურისძიების მოსურნეებმა თავიანთი მსხვერპლის კოორდინატები და ადვილად მოიყვანეს სისრულეში განზრახვა.
გაცილებით მეტი შემთხვევაა, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინტიმურ ფოტოებს, ასევე ბავშვების ერთი შეხედვით უმანკო, მაგრამ შიშველ ფოტოებს პედოფილები თუ სხვადასხვა პორნოსაიტის მფლობელები თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ. ფოტოების გადმოწერა ლამის ყველგან თავისუფალია და ყველას შეუძლია გადმოიწეროს თქვენი ან თქვენი შვილის ფოტო და თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.
ასევე თავიანთი არგუმენტი აქვთ ფსიქოანალიტიკოსებს და პარაფსიქოლოგებს. როგორც ეს უკანასკნელნი ამბობენ, სრულიად არ არის სასურველი, ადამიანის, განსაკუთრებით პატარა ბავშვის ფოტო უამრავმა ადამიანმა ნახოს. გარდა იმისა, რომ ამ მრავალი ადამიანიდან ყველას არ აქვს კარგი "თვალი" და შეუძლია, უბრალოდ, "თვალის სცეს" ბავშვს (ამას ძველადაც ამბობდნენ ხოლმე და პატარებს სპეციალურადაც კი უმაგრებდნენ ქინძისთავებს და სხვა მსგავს ნივთებს, ავი თვალისგან რომ დაეცვათ), ასევე შეიძლება, ათასგვარი ჯადოსა თუ სხვა სიავის მქმნელებმა გამოიყენონ თქვენი ოჯახური ფოტოები და გავნონ. მით უმეტეს, რომ დადგენილია, რაც უფრო მეტ დადებით, მხიარულ ფოტოს დებს ადამიანი და სხვებს ამცნობს, რომ ის ბედნიერია, თავს იქებს, საკუთარ მნიშვნელოვნებს იმაღლებს და ა.შ., მით მეტ შურსა და ბოღმას იწვევს სხვებში, ეს ნეგატიური ემოციები კი ისევ თქვენკენ წამოვა.
სხვათა შორის, ამის გამო ბევრი ქალბატონი ორსულობის დროს არ დებს თავის ფოტოებს (ავი თვალისგან რომ დაიცვას თავი), ხოლო ძალიან ფრთხილი მშობლები ძალიან პატარას ფოტოების დადებას ერიდებიან, ნათლობამდე მაინც.
მით უმეტეს მატულობს საფრთხე, თუ პოტენციური მტრები გყავთ. ამერიკელმა პროფესორმა, პროგრამირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დოქტორმა ჯოან კუზმამ საგანგებო კვლევა მიუძღვნა ამ თემას. მისი თქმით, დღევანდელი პროდესიონალური ფოტოაპარატები, ასევე სმარტფონები ფოტოებზე გეოთეგებს ტოვებენ (ინფორმაციას ფოტოზე ასახული ადამიანის ან ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატების შესახებ), რაც ასევე დიდ საფრთხეს შეიცავს, რადგან ზუსტად გასცემს ინფორმაციას ამ ადამიანზე.
სპეციალისტების რეკომენდაციები ასეთია:
რაც შეიძლება ნაკლებად განათავსეთ ფოტოები საჯაროდ - ანუ ისე, რომ მისი ნახვა მეგობრების გარდა სხვებსაც შეეძლოთ. როდესაც ფოტოს დებთ, მიუთითეთ, რომ ის მხოლოდ მეგობრების სანახავად იყოს.
არ არის აუცილებელი, თქვენი და მით უმეტეს თქვენი მცირეწლოვანი შვილის თითოეული ნაბიჯი და გადაადგილება ათასზე მეტმა ადამიანმა იცოდეს.
არ დადოთ პატარა ბავშვების შიშველი ფოტოები - მიუხედავად ასაკისა!
ბავშვს (14-15 წლამდე მაინც) არ გაახსნევინო სოციალურ ქსელში თავისი ექაუნთი, რომ მოარიდოთ ათასგვარ უცხო და საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს.
წყარო: mshoblebi.ge