reportiori.ge - ზაურ გუმაშვილი: ვაჰაბიტები აკონტროლებენ პანკისს, ჩვენ ვაკონტროლებთ ვაჰაბიტებს – ასეთი იყო სააკაშვილის ხელისუფლების ლოგიკა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:08
ინტერვიუ
ზაურ გუმაშვილი: ვაჰაბიტები აკონტროლებენ პანკისს, ჩვენ ვაკონტროლებთ ვაჰაბიტებს – ასეთი იყო სააკაშვილის ხელისუფლების ლოგიკა
ავტორი:
09 სექტემბერი, 2015. 14:16


2015 წლის 6 სექტემბერი. პანკისის ხეობა. ნაშუადღევი. დუისი. ჯოყოლო. სოფლებში ისეთი სიმშვიდეა და უძრაობა, თითქოს უმწვავესმა პერიპეტიებმა, რომლებმაც მსოფლიო კალაპოტიდან ამოაგდო, ამ კუთხეს გვერდი უქცია და ისე უკვალოდ ჩაუარა, როგორც ძალაგამოცლილი სამუმის უკანასკნელმა კუდის მოქნევამ.


ორი კაცი იჯდა ჯოყოლოს თავში, კარჩარაზული ჯიხურის წინ, და ტაქსის შოფერი _ მატანიდან ჩამოსული. ლუდსა სვამდნენ.


ეს იყო და ეს. მათ მიგვასწავლეს, გუმაშვილების უბანი სად იყო. სტუმრები ვართ პროფესორ ზაურ გუმაშვილისა, რომლის ოჯახში იმ დღეს ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ინგუშეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ქართველი მეცნიერები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტ გიორგი კვესიტაძის ხელმძღვანელობით.


შეხვედრა უჰალსტუხოდ გაიმართა და ფრიად ნაყოფიერიც იყო.


ჩვენი მასპინძელი, ბატონი ზაურ გუმაშვილი, პანკისის ხეობის თემების უხუცესთა საბჭოს გამგეობის თავმჯდომარეა. მას, აბა, სხვა ვის, უნდა ელაპარაკო იმ საკითხზე, რომელიც ქვეტექსტად მიჰყვებოდა მეცნიერთა შეხვედრას და რომელიც აფორიაქებს ჩვენს საზოგადოებრიობას: ვაჰაბიზმის მომძლავრება, "ისლამური სახელმწიფო" და ტერორი, რომელიც ამ დაჯგუფებამ ცივილიზებულ მსოფლიოს გამოუცხადა.


ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა.


_ ბატონო ზაურ, მიჩნეულია, რომ პანკისის ხეობაში ერთგვარი დაყოვნებული მოქმედების ნაღმია ჩადებული და, როდის იფეთქებს, არავინ უწყის. სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს საომრად რამდენიმე ახალგაზრდის გაპარვა და სხვა ფაქტები შემთხვევითი არ უნდა იყოს.


_ პანკისის თემა, _ ამბობს ბატონი ზაურ გუმაშვილი, _ გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან არის აქტუალური. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ ჩაიდო ეს ნაღმი. ამ მიმართულებით მოქმედება დღესაც გრძელდება. როგორც ადამიანების, ასევე დიდი მატერიალური რესურსებია ჩართული ამ მოძრაობაში.

 

_ სახალიფოს შექმნას გულისხმობთ კავკასიაში?

 

_ სახალიფოს შექმნის საკითხი აქ არ დგას. სახალიფოს იდეამდე დიდი ხნით ადრე პროცესები მიმართული იყო იქით, რომ აღმოფხვრილიყო ყველაფერი, რაც ჩვენი ხალხის _ ქისტების მეობასთან არის დაკავშირებული, არაბიზაციის პროცესზე ვლაპარაკობ. იგი გულისხმობს ქისტების ტრადიციის, ზნე-ჩვეულების, უმცროს-უფროსობის და ა.შ. ადათ-წესების გაქრობას, რომლებიც ოჯახიდან იწყება და ვრცელდება საზოგადოებაზე. ეს არის ერთ ჩარჩოში მოქცეული ქისტური ტრადიციული სამართალი, რომელიც არასდროს ეწინააღმდეგება ხელისუფლებას, სახელმწიფო სამართალს; პირიქით, ერთმანეთის გამაგრება-განმტკიცებისკენაა მიმართული. ეს იყო ჯაჭვი, რომელიც საზოგადოების ნორმალურ ჩარჩოში მოქცევას ემსახურებოდა.


ეს პროცესი გრძელდებოდა, როგორც ვთქვი, ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრამდე, როცა რადიკალურმა ისლამმა დაიწყო შემოდინება. ამ პრობლემის არსებობის თაობაზე ხშირად ვესაუბრებოდი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვაფრთხილებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, სახელმწიფოს დაინტერესება ამ საკითხმა ვერ გამოიწვია, არ გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები მის შესაჩერებლად. სააკაშვილის ხელისუფლებამ და თვითონ სააკაშვილმა მწვანე შუქი აუნთეს ამ პროცესებს.


პირიქით ხდებოდა: ამ იდეოლოგიის პროპაგანდისტებს ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, სხვადასხვა ვითარებასა და გარემოში ერთმანეთს გვერდით ედგნენ და ეხმარებოდნენ.

 

_ ამბობთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები რადიკალებთან ერთად მოქმედებდნენ?!


_ დიახ, დიახ! ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. ჩვენი ძალოვანების დევიზი იყო: ვაჰაბიტები აკონტროლებენ პანკისს, ჩვენ ვაკონტროლებთ ვაჰაბიტებს! ამ ლოგიკაში ჯდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების აზროვნება.


ამ ლოგიკაში, ასეთ აზროვნებაში მე და ჩემნაირები სხვა მიზანს ვხედავდით: რისთვის სჭირდებოდა ჩვენს ხელისუფლებას რადიკალური ისლამის გავრცელება საქართველოში, მისი პოპულარიზაცია და მისთვის ხელის შეწყობა, მისი გაძლიერება?! რატომ უნდა ყოფილიყო ქართული სახელმწიფო ამით დაინტერესებული?! ხომ ჩნდება ასეთი კითხვა?

 

_ რა თქმა უნდა, ჩნდება.


_ პასუხი ერთია: სააკაშვილის ხელისუფლება, იმჟამინდელი სახელმწიფო დაინტერესებული იყო, ყველაფერი, რაც ქისტებთან და ქისტურ მეობასთან იყო დაკავშირებული, ჩამკვდარიყო.


_ ამბობენ, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს საომრად წასული ახალგარდები პანკისის ხეობაში დაბრუნდნენ და ამჟამად ჭაბუკების ახალი ნაკადის გადასაბირებლად მუშაობენო.


_ წასულები არ დაბრუნებულან. ბოლო პერიოდში ეგ პროცესი, ფაქტობრივად, შესუსტდა. როგორც ჩანს, სახელმწიფო ძალოვანმა სტრუქტურებმა ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი. პროცესი დროებითაა შეჩერებული: გარკვეული კატეგორია ადამიანებისა დაპატიმრებულია. ეს ერთია, მაგრამ ჩვენი საზოგადოების არაბიზაციის მცდელობის პროცესი არ შეჩერებულა, მასობრივად გრძელდება, ახალგაზრდობის 70-80 პროცენტი ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშაა.

 

_ ვინ მართავს ამ პროცესს?


_ ძალა, რომელსაც დიდი რესურსი აქვს.


_ ის ადამიანები, რომლებიც ამ იდეას ქადაგებენ, ხომ თქვენ შორის არიან, აქ ცხოვრობენ, ხეობაში დადიან?


_ რა თქმა უნდა, აქაურები არიან. მათ აქვთ დაფინანსება, საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს მხარს, გახსნილი აქვთ მედრესეები, მიმდინარეობს ბავშვების სულიერი მოწამვლის პროცესი.


მთავარი მათ დოგმატიკაში არის ის, რომ ეროვნება მეორე პლანზეა გადაწეული, პირველ პლანზე რელიგიაა. ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენთვის მთავარი ამოსავალია ეროვნულობა, ტრადიციები. ეს ყველაფერი თუ მოგვისპეს, ჩვენგან რა დარჩება? _ არაფერი! დავკარგავთ იმას, რაც გვავსებს, რითაც სხვებისგან განვსხვავდებით, რაც ასე წმინდად შემოვინახეთ _ ჩვენი წინაპრების მიერ ნაანდერძევი ცხოვრების ნორმა.


დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვიყენეს.



ესაუბრა

 

არმაზ სანებლიძე



P.S. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ პანკისის ხეობაში ჩადებული დაყოვნებული მოქმედების ნაღმი ჰიპერბოლა კი არა, დასაფიქრებელი რეალობაა.


ვინაც ჯერ არს, უნდა ისმინოს!




წყარო: geworld.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016