reportiori.ge - ბედისწერით ნაკარნახევი საქართველოს არჩევანი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:45
ინტერვიუ
ბედისწერით ნაკარნახევი საქართველოს არჩევანი
ავტორი:
11 სექტემბერი, 2015. 13:30


„საერთო გაზეთის" სტუმარია კონცეფციის - „სამხრეთ-კავკასია - გეოპოლიტიკური სივრცე (რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატი)" ავტორი ბატონი ზურაბ ხონელიძე:

 

- ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა. მისი თქმით, მხოლოდ ერთი მიმართულებით - დასავლეთის გარდა, ევრაზიის კონტინენტის აღმოსავლეთში მიმდინარე ახალ პროცესებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. თქვენ როგორ შეაფასებთ აღნიშნულს?


- შეგახსენებთ გამონათქვამს: „ხანდახან ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, რადგან არ სურთ ილუზიები დაემსხვრეთ". იქნებ, იმიტომ, რომ ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ბატონი კვირიკაშვილის მოსაზრებაში დავინახე, რომ მან, პოლიტიკური დღის წესრიგის შეუცვლელად მთლიანობაში, ლოგიკურად წარმოიდგინა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. ამასთან, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გადაკვეთაზე ჩამოყალიბებული ახალი პარადიგმა მიდგომა ჩვენს ევროოპტიმიზმს ცალსახად ამართლებს. პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბუნებრივია ვიზიარებ ქვეყნის ორიენტირს - ევროინტეგრაციას, როგორც მოდერნულობის წყაროს, ცივილიზაციის განვითარების არეალს, პროგრესის, პოლიტიკური სოც-ეკონომიკური ალტერნატივებისა და ადამიანის უფლებების მედროშეს. მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური, რეგიონული და კულტურული გეოეკონომიკური იდენტიფიკაცია კვლავ პრობლემად რჩება. თუ ამ რეალობას უარვყოფთ, მაშინ ჩვენთვის ჭეშმარიტება არ იარსებებს. ისიც აშკარაა, რომ ფიზიკური გეოგრაფიის პოზიციიდან, პატარა ევროპა შეზრდილია გიგანტურ აზიასთან და ევრაზიის კონტინენტს ერთად ქმნიან თავისი ორი კონტინენტური ნაწილით ევროპითა და აზიით. უნდა დავინახოთ ეს მთლიანობა და ცხოვრებას ჰარმონიულად ასე ვაქცევთ, სხვაგვარად ყოველთვის გაუცხოებული დავრჩებით. განგებამ საქართველოს ევრაზიის კარიბჭის ადგილი მიუჩინა, იმ ევრაზიის კონტინენტისა, რომელიც ბატონმა გიორგიმ იგულისხმა და რომელიც მსოფლიოს გეოპოლიტიკური ღერძია. სწორედ, ევრაზიის დამაკავშირებელი ხიდის, მისი გასაღების ფუნქციამ საქართველოს ისტორიული ბედი ძირეულად განსაზღვრა. შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ეს მოსაზრება, ჩვენი მუდმივი მოცემულობა - რა თქმა უნდა, არა. თვით დასავლეთისთვის საქართველო მისაღები და მიმზიდველია საერთო ფასეულობათა სისტემისა და ამ მდგომარეობისადმი გვაქვს კი უფლება უარვყოთ აღმოსავლეთი ჩვენი საერთო ისტორიული ფესვებიდან გამომდინარე? - რა თქმა უნდა, არა! მივესალმები საგარეო უწყების პირველი პირის პოზიციას, რომელიც ნაკარნახევია მაღალი კომპეტენციით, სტრატეგიული აზროვნებით, ობიექტური აუცილებლობით და რაც სისტემური ხედვის დამკვიდრებისა და ამ თვალსაზრისით, აზროვნების მოწესრიგების წარმატებული მცდელობაა.


- ბატონო ზურაბ, თქვენ, საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებული მოვლენების არამხოლოდ ერთ-ერთი მონაწილე არამედ, ის გამონაკლისი დიპლომატი და მეცნიერ-პრაქტიკოსი ბრძანდებით, რომელიც ქვეყანას შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალს სთავაზობს. თქვენი პროექტი, რომელიც რეგიონალური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ეფუძნება, „ხონელიძის პროექტითაა" ცნობილი, რომლის წარდგენასაც ამჯერად საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ რეგიონში სამეგრელო-ზემო სვანეთში გეგმავთ. როგორია თქვენი მოლოდინი?


- დიახ, 80-იანი წლების მიწურულიდან დღემდე არაერთი ტრაგიკული პროცესის მონაწილე გავმხდარვარ, თანაც, არა როგორც უბრალო დამკვირვებელ, ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფი მეთვალყურე, არამედ ადამიანი, რომელიც არსებული თუ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უმაღლეს ხელისუფალთ ყოველთვის ვაფრთხილებდი, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ვთავაზობდი, რომელიც სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებებმა ყურად არ იღეს. ამიტომ, ქვეყანაში ახლადჩამოყალიბებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩავთვალე - ჩემი ნააზრევი სახელისუფლოდან საზოგადოების სამსჯავროზე  გამომეტანა, საერთო განსჯის საგნად მექცია, რათა გამოსავლის ძიებაში ხელისუფლებაც და საზოგადოებაც უფრო აქტიურად იყოს ჩართული. ამ მიზნის რეალიზაციას ემსახურებოდა დღემდე გამართული ყველა შეხვედრა დაწყებული საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიიდან, უმაღლესი სასწავლებლების, ბათუმის და ჩემი მშობლიური ქალაქ ფოთის ჩათვლით. ამჯერად, პროექტს სამეგრელოს გულში, ქალაქ ზუგდიდში წარვადგენ. რატომ ზუგდიდში? - არამგონია აქ, რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს, მითუმეტეს, მათთვის ვისაც ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში სამეგრელოს ისტორიული როლი, მნიშვნელობა და ფუნქცია ესმის.


- ბატონო ზურაბ, გავიხსენოთ, როგორ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის აღდგენა, მას შემდეგ რაც საბჭოთა იმპერიიდან გამოვედით, კანონის მიზანმიმართული უგულველყოფით ხომ? განდევნეს კანონიერი ხელისუფლება, რითაც წონასწორობა დავარღვიეთ და დღემდე ამ გზით მივდივართ. დარღვეული წონასწორობის საფუძველზე კი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, შედეგად უკარო, უსაზღვრო, უფანჯრო სივრცეში აღმოვჩნდით. სად იმალება პრობლემის გასაღები, რატომ ვერ ვითარდება ქართული სახელმწიფო?


- შეგახსენებთ, საბჭოთა რეჟიმის 25 წლიანი უსისტემო დემონტაჟის შედეგებს. მეტიც, ქვეყანამ შიდა და გარე დესტრუქციული ძალების ქმედებით ნგრევა განიცადა, საზოგადოებამ - დეგრადაცია, ტრადიციულმა ღირებულებებმა - დევალვაცია, დაიკარგა სახელმწიფო ტერიტორიის საუკეთესო 1/5, დაახლოებით, 1/10 საკუთარი მიწაწყლიდან განდევნილი და სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირად, დევნილად იქცა. საერთო მოსახლეობის 1/3-მა ქვეყანა დატოვა, ხოლო დარჩენილის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ყოველი მეორე ადამიანი უმუშევარია. საზოგადოებაც დაბნეულია. ფაქტობრივად, გარდამავალი, ანუ დეპრესიული პერიოდი გაგვიხანგრძლივდა. მეტიც, ახალი ქართული სახელმწიფო ვერ შედგა. აი, ასეთი მძიმე მემკვიდრეობა ერგო დღევანდელ ხელისუფლებას.


- შექმნილი მდგომარეობიდან რა საშველს ხედავთ? და სადაა საშველი?

 

- პასუხის გაცემის მცდელობა იმით უნდა დავიწყოთ, თუ ვინ რას გულისხმობს საშველის დადგომაში. ქვეყნისთვის და ქართველი კაცისთვის საშველი სხვა რამეს ნიშნავს, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის კი სხვას. მაგრამ სად არის ამ გლობალურ სამყაროში თავად ქვეყნის ადგილი - ვერც ერთი ვერ დაკმაყოფილდა. არ არსებობს უპასუხო კითხვა, ოღონდ, გააჩნია ვინ უპასუხებს ამ კითხვას. მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებებს: პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის ზღურბლზე საქართველოს ვერცერთმა ხელისუფალმა ქვეყანას თავისი ბუნებრივ-ისტორიული ფუნქციის შესაფერისი ადგილი ვერ მოუპოვა და ვერც დროის მოთხოვნის ადეკვატური ნაბიჯი გადადგა. ასევე, ვერ შ ეძლო საქართველოს მომავალ ბედში უმთავრესი შიდა ფაქტორის - საზოგადოების რეალური (არა მოჩვენებითი) ჩართულობის უზრუნველყოფა, ტრადიციული გარე ფაქტორების, თანდაყოლილი კონფრონტაციული ძალებისა და მათი ინტერესების იდენტიფიცირება; თანამედროვე ეტაპზე ორი გეო-პოლიტიკური ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის როლისა და ინტერესების მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში გათვალისწინებით აუცილებლობა; ვერ გაითავისა, რომ საქართველოს ტერიტორია, დომინანტი ძალების წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე, ინტერესთა თანხვედრისათვის არასაკმარისი სივრცეა, მით უფრო, მათი ქართულ სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. როცა ქვეყანაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ ადამიანების მსგავსად, მასაც თავისი ბედი აქვს. ქვეყნის ბედი გეო-პოლიტიკაში მდგომარეობს, ესაა დრო და სივრცე. რატომ არის საქართველოსადმი ინტერესი? - სწორედ, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური თვალსაზრისის გამო. საქართველო გზაჯვარედინს წარმოადგენს, რომელიც ერთმანეთთან ცენტრალურ აზიას, ახლო აღმოსავლეთს, წინა აზიას და ევროპას აკავშირებს. აქ, დიდი აბრეშუმის გზა გადის, რომელიც ჩინეთიდან შუა აზიისა და რუსეთის გავლით ევროპას უკავშირდებოდა. დროთა განმავლობაში ამ გზის ფუნქცია კიდევ უფრო გაიზარდა იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებრივი რესურსების კონტროლის, საერთაშორისო ბაზრების ფლობისა და სივრცობრივი ექსპანსიის გამო ბრძოლა გამძაფრდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველო, კულტურათა დიალოგის მისაბაძ პარადიგმას წარმოადგენს, სადაც ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაარსებობენ განსხვავებული მენტალობისა და კონფესიების ხალხები. ტოლერანტობის და სრულშემწყნარებლობის თვალსაზრისით, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება თანამედროვე მსოფლიოსათვის უდავოდ გასაზიარებელია. საქართველო, მთლიანად სამხრეთ-კავკასია წინა აზიაში, მუდამ, ევროპის უკიდურეს ფორპოსტს წარმოადგენდა, საიდანაც იგი ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს უკავშირდებოდა. ამ ავანპოსტის სათანადო შეუფასებლობა და შესუსტება ბიზანტიის იმპერიისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აღმოსავლეთის მიმართულებით, ევროპული და საერთოდ, დასავლური ღირებულებების ადაპტირება და დანერგვა ისტორიულად სწორედ, აქედან იწყებოდა. ეს პროცესი დღესაც ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ჩვენი რეგიონი კატალიზატორია, რომელიც ყველაზე უკეთ აჩვენებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის აქსიოლოგიური, კულტუროლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, რელიგიურ ცივილიზაციათა შორის და ა.შ. თანამშრომლობისა და კოორდინაციის დინამიკის აუცილებლობას.


- ზემოთ ახსენეთ, შემდგარ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდითო, მაგრამ რა მიზეზი აქვს ამას და როგორ ვაშენოთ ქართული სახელმწიფო?

 

- ამაში ბრალს საზოგადოებას დებენ-ხოლმე, რაც სწორად არ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან სერიოზული სამუშაოა, როგორც თვისი ქვეყნის ბედის თანაზიართან. მთავარი ბრალი ელიტას მიუძღვის, რომლის ძირითადი ნაწილი ყალბია, ან, გაუთვითცნობიერებული. მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას როდი ვგულისხმობ, არამედ ყველას ერთად - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, მედია, სამხედრო, და სხვა ელიტებს. სამწუხაროდ, ქართულ ხელისუფლებას, საზოგადოებას, ე.წ. პოლიტიკურ ელიტას ჩვენს დედა ეკლესიასთან ერთად იმ არსებით საკითხზე დღემდე არ უმსჯელია, თუ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, ვინ ვართ, სად ვართ და რა არის ჩვენი მიზანი. იმის დაჯერება რომ ჩვენი ერი, ქვეყანა უნიკალური და რჩეულია, ადვილია და ამისათვის ხელის განძრევაც არაა საჭირო, მაგრამ ნამდვილი უნიკალურობაა ძნელი. ზოგადად, ყველა რელიგიის მოთხოვნაა საკუთარი თავის შეცნობა. ჩვენ რას ვაკეთებთ? განვამტკიცებთ საკუთარი თავის არცოდნას. სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, ცხადია, ყველაფერი მიზნიდან იწყება. ქვეყნის მიზანი რეალურად, დღემდე დეკლარირებული არა გვაქვს, მეტიც, აღრეულია მიზანი და საშუალება, სააზროვნო ველიდან გამოვაძევეთ მიზანი და მისი ადგილი დაიკავა საშუალებამ. ქვეყნის მიზანი დავიყვანეთ პირად მიზნამდე, საშუალება კი, პირად სარგებლამდე. ამ შემთხვევაში, არც მიზანი მუშაობს და არც საშუალება, ვგულისხმობ - ქვეყნისთვის. ასე რთულია მიზნის განსაზღვრა? - არა! ესაა ქართული მარადიული მიზანი, რომელიც ზედაპირზეა. ესაა - ყველაზე დიდი მონაპოვარი - თავისუფლება, ქართული ღირებულებების, ქვეყნის ერთიანობის, მთლიანობისა და გარანტირებული უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა. გვესმის კი რას ნიშნავს თავისუფლება? - ვფიქრობ ბოლომდე არა. აბსოლუტური არაფერი არ არსებობს, მათ შორის, არც თავისუფლება. ყველაფერი ინდივიდის თავისუფლებით იწყება. ადამიანის ყველაზე ღირებული მოთხოვნილება სწორედ თავისუფლებაა. რატომ გვაქვს თავისუფლების შიში, რაც ტვირთად გვექცა და ამ ცნებასთან გარკვეული გაუცხოებაც გაგვიჩნდა. ამ კითხვაზე ბევრი დაფიქრებულა და სიმშვიდე დაუკარგავს. რეალურად, საქართველოს თავისუფლების ხარისხი, მოგვწონს თუ არა, პირდაპირპროპორციულია რეგიონით დაინტერესებული მსოფლიო დომინანტი ძალების, გეო-პოლიტიკური ცენტრების ურთიერთობის ხარისხის. რაც შეეხება, ზოგადად თავისუფლების ხარისხს, ბუნებრივია იგი, ინდივიდის თავისუფლებით იწყება, ზუსტად იმდენადაა საზოგადოება თავისუფალი, რამდენადაც პასუხისმგებელია თავისივე გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგზე.


თუ ვთანხმდებით და არ ვცვლით მიზანს, მაშინ მას უნდა მოვერგოთ და უნდა დავიწყოთ მისი რეალიზაციის გზის - საშუალების მოძიება. როგორ ვიპოვოთ იგი? ამისთვის არსებობს მეცნიერული კვლევის მართვის, პოლიტიკური მენეჯმენტის მეთოდი, ე.წ. - „სვოთ" ანალიზი, აბრევიატურა: - ძლიერი მხარეების, სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების განსაზღვრა დადგენა. ასევე, გამოვიყენოთ პესტელი - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ბუნებაზე ზეგავლენა, ორგანიზაციული და სამართლებრივი ფორმები და ა.შ. თვით ამ კვლევის შედეგი მოგვცემს საშუალებას, ჩვენი მიზნის რეალიზაციისა. მაგრამ, ეს ყველაფერი დროს უნდა მიებას. ჩვენ, არ გვესმის რას ნიშნავს დრო და არ ვიცით მას რამდენი განზომილება აქვს. სამწუხაროდ, დროს, ღვთისაგან ბოძებულ ამ უძვირფასეს საჩუქარს, ვერ ვიყენებთ. დრო არ მოდის, დრო მიდის. თუ მას არ მოვერგებით, განწირული ვიქნებით წარუმატებლობისთვის. ამდენად, აუცილებელია საქართველომ იპოვოს საკუთარი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და დღევანდელობის შესაფერისი ადექვატური ადგილი, რაც მას საერთაშორისო ფუნქციას შესძენს. თუ ქართული ეროვნული სახელმწიფოს ძირითად მიზანში ვთანხმდებით, აუცილებელია სისტემური ანალიზის შედეგად ჩამოვაყალიბოთ მისი მიღწევის - მსოფლმხედველობრივი და გარემოპირობების შესაბამისი ერთიანი კონცეფცია, მასზე დაფუძნებული ეროვნული იდეოლოგია. სწორედ, ამ სიახლეს გთავაზობს პროექტი „სამხრეთ-კავკასია" - ერთიანი გეო-პოლიტიკური სივრცე".

 

- გამოდის მიზნამდე მისასვლელი გზაც არასწორად გვქონია შერჩეული, ქვეყანას არც კონცეფცია გააჩნია და ამიტომაც ბოლო 25 წელია ერთიდაიგივე წრეზე ვტრიალებთ. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ?

 

- ნუ დავივიწყებთ, რომ საკუთარ ბედზე ჩვენვე ვართ პასუხისმგებელი. დროა განვთავისუფლდეთ „მამა-მარჩენალის" ძველი დამღუპველი სტერეოტიპის გავლენისგან, როცა ქვეყნის შიგნით - ერთ კაცს და ქვეყნის გარეთ ერთ სახელმწიფოს ვუკავშირებდით ჩვენს გადარჩენას. შევცვალოთ ის, რისი შეცვლაც შესაძლებელი არის და აუცილებელია, უპირველესად ვგულისხმობ მოცემულობას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. შიგნით - პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილის, რომელიც ყალბია. მოვახდინოთ მათი ლუსტრაცია, ჩანაცვლება ევრონული და სისტემური ხედვის მქონე იმ ჯანსაღი ძალებით, რომლებიც ლოკალური მოქმედებისა და ზოგადად, ეფექტიანობის პრინციპის რეალიზაციის უნარით ხასიათდებიან. გარეთ - სამოქალაქო არეალის გაფართოების და სახელმწიფო პოლიტიკის რეგიონულ კონტექსტში გადატანას. ამასთან უნდა გავიგოთ, რომ სამყაროს ერთადერთი ფაქტორი მართავს, ესაა ინტერესი, როგორც კატეგორია. სწორედ იგი განსაზღვრავს თანაარსებობის ვექტორსა და თამაშის წესებს. სადღეისოდ, გლობალური პოლიტიკის ძირითადი აქტორები დაუფარავად გამოხატავენ მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობების ძირითად ინტერესს, მოტივს - გლობალური რესურსებზე კონტროლსა და საერთაშორისო ბაზრებზე დომინანტი მდგომარეობის მოპოვებას. ამ მხრივ, სულ უფრო დიდ ინტერესს იძენს საქართველო  და აქედან გამომდინარე, სამხრეთ-კავკასიური სივრცე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ერთიანი სისტემის ფორსირების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


ეს დიდი თემაა და ცალკე მსჯელობის საგანია.


- თქვენ ამბობთ, რომ ქართული სივრცე ამ ინტერესებისთვის საკმარისი ტერიტორია არაა და აქცენტს სამხრეთ-კავკასიასა და მის მნიშვნელობაზე აკეთებთ. მაშინ სად, რა გზით და რა საშუალებებითაა შესაძლებელი საერთო ინტერესების თანხვედრა? ამაში საქართველოსთვის საერთაშორისო ფუნქციის შეძენის აუცილებლობა იგულისხმეთ?

 

- გეთანხმებით, საქართველოსათვის, დღემდე გარედან ხელოვნურად თავსმოხვეული ფუნქციის მატარებელი ქვეყნისთვის დამატებითი საერთაშორისო ფუნქციის შეძენას, შეუძლებლად ნუ წარმოვიდგენთ. მისი მიღწევის ერთადერთი გზა არსებობს, რომელიც რეგიონზე გადის. ანუ, საქართველოს რეგიონული ფუნქცია გულისხმობს საერთაშორისო ძალების თანამონაწილეობით (მათი საერთო ინტერესების გათვალისწინებიდან გამომდინარე) სამხრეთ-კავკასიის ერთიანი სივრცის ფორმირებას და ამ სივრცის ჩამოყალიბებაში საქართველოს საჭიროებას. რამდენად მისაღებია ეს საქართველოსთვის? - რა თქმა უნდა, მისაღებია იმიტომ, რომ ეს იმავდროულად, ჩვენი ქვეყნისთვის, საერთაშორისო ფუნქციად იქცევა. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია ქვეყანამ მით უფრო, იმ გეო-პოლიტიკურ გარემოში, როგორიც საქართველოა, დამოუკიდებლად, თვითიზოლაციით, ეფექტურად აკონტროლოს ყველა შიდა და გარე საფრთხეები. აღნიშნული ფუნქციის შეძენის გზად გვესახება საქართველომ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ინტეგრირებით, საკუთარი საარსებო სივრცის (და არა ტერიტორიის) გაფართოების, სხვა ერებთან მშვიდობიანი თანაარსებობის, გლობალურ პოლიტიკაში ძირითადი რეგულატორის - დამატებითი ინტერესისა და მსოფლიოს მომწესრიგებელ ძალთა წონასწორობის დაცვის გზით. ასეთ რეგიონულ სივრცედ ვგულისხმობთ სწორედ სამხრეთ-კავკასიას, სადაც მაორგანიზებელი ცენტრის პრიორიტეტული მნიშვნელობა ოდითგანვე საქართველოს ენიჭებოდა. გამოვრიცხავ ყოველგვარ კავშირს, მით უფრო ფედერაციას ან კონფედერაციას. ვსაუბრობთ მხოლოდ იმ შესაძლებლობების გამოყენებაზე, რომელსაც ერთიანი უსაფრთხო სივრცე იძლევა თავისი მარად ცოცხალი და უნიკალური თავისებურებებით.


- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მისი რეალიზაცია?

 

- ჩვენი ხედვის თეორიულ-მეთოდოლოგიური პოსტულატია გლობალური,  რეგიონული და ნაციონალური ინტერესების „ბედნიერი მორიგების სივრცე - არენა". ეს არაა თამამი ოპტიმიზმი, იგი რეალობაა, რომელსაც აქვს ისტორიული, ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანი ფესვები და სამყაროს თანამდეროვე ტენდენციების განვითარების ლოგიკას, დომინანტ ძალთა დაბალანსებული ინტერესების, რეგიონის ქვეყნების - აზერბაიჯანის და სომხეთის, უპირველესად კი, საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებული როლის გათანამედროვების აუცილებლობის გაგებას ეფუძნება. როგორ მოვერგოთ დროს და არ აღმოვჩნდეთ გლობალიზაციასთან, როგორც ობიექტურ პროცესთან წინააღმდეგობაში? თავად დრო გვკარნახობს - მსოფლიო ცივილიზაცია გლობალიზაციიდან რეგიონალიზაციისაკენ მიისწრაფვის. ჩემი აზრით ყველაზე სასურველი მოდელი სამხრეთ-კავკასიაა.

 

 

 

 

თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"

(გაგრძელება იქნება)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016