reportiori.ge - „გერმანიაში ქართველების ხელით მარტო ქურდობა და ყაჩაღობა არ ხდება!“... ახალგაზრდა კომპოზიტორ ლევან ბაშარულის გერმანული კარიერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:17
ინტერვიუ
„გერმანიაში ქართველების ხელით მარტო ქურდობა და ყაჩაღობა არ ხდება!“... ახალგაზრდა კომპოზიტორ ლევან ბაშარულის გერმანული კარიერა
16 სექტემბერი, 2015. 12:50


ქართველი კომპოზიტორი ლევან ბაშარული გერმანიაში უკვე წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს. საქართველოდან 2008 წელს წავიდა და მას შემდეგ დაიწყო მისი შემოქმედებითი აღმავლობა გერმანიაში. ის მუსიკას კონკრეტულად ფილმებისთვის ქმნის. უკვე საკმაოდ სახელგანთქმული კომპოზიტორია. მისი უდიდესი წარმატება იმითაც დასტურდება, რომ გერმანიის წლის მთავარი დაჯილდოების ცერემონიაზე კინომუსიკის ჟანრში - Deutscher Filmmusikpreis 2015-ზე, წარდგენილია საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის ნომინაციაზე.


დაჯილდოება 9 ოქტომბერს გაიმართება.

 

„რეპორტიორი" ლევან ბაშარულს ესაუბრა.



 

- დავიბადე 1985 წლის 17 ივლისს ქალაქ თბილისში. მუსიკისადმი ინტერესი ადრეული ასაკიდან გამოვავლინე. 3 წლის ასაკში მოულოდნელად დავიწყე ცნობილი მელოდიების ფორტეპიანოზე დაკვრა. ამით ცოტა შევაშინე ოჯახის წევრები, თუმცა მალევე ყველასათვის ნათელი იყო, რომ მომავალში მე მუსიკის სამყაროს უფრო დავუახლოვდებოდი. მას შემდეგ კავშირი ჩემსა და მუსიკას შორის არ გამწყდარა. ამას ძალიან შეუწყვეს ხელი ჩემმა მშობლებმა. მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, დანგრეული თბილისი, ფინანსური სიდუხჭირე,თუმცა დედა მაინც მატარებდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ქალბატონ შურა ჯანელიძესთან ვოკალურ ანსამბლში. გარდა სიმღერისა, მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით (1992-1999), შემდეგ - კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტალურ-სამუსიკო სკოლა (1999-2001) და ჩავაბარე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის სპეციალობით პროფესორ ზურაბ ნადარეიშვილის კლასში (2003-2007) სწავლის პერიოდში დავეუფლე თანამედროვე საკომპოზიტორო წერის ტექნიკას. ორკესტრაციას, ვიღებდი მონაწილეობას თანამედროვე მუსიკალურ კონცერტებსა და ფესტივალებში. გარდა კლასიკური მუსიკისა, სტუდენტობის პერიოდში ვწერდი ჩემი მეგობარი მომღერლებისთვის სიმღერებს. ასევე მივიღე ბერლინში (2004) მასტერკლასები ფრიდრიხ გოლდმანის (Friedrich Goldmann) ხელმძღვანელობით. 2004 წელს კი გავხდი დავით თორაძის სახელობის სტიპენდიანტი. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ შევქმენი მუსიკა ორი სპექტაკლისთვის - „ანტიგონე" და „დამნაშავედ არ დავბადებულვარ". ეს ჩემთვის ის ინსპირაცია აღმოჩნდა, რომელმაც გადამაწყვეტინა სწავლის გაგრძელება გერმანიაში (მიუნხენში) კინომუსიკის კომპოზიციის მიმართულებით.



2014 წელს დავამთავრე მიუნხენის უმაღლესი სკოლა ( Musikhochschule München) კინოკომპოზიტორის განხრით.

 



ნამუშევრების მოკლე ჩამონათვალი..."Eiway"მოკლემეტრაჟიანი ფილმი-მიუნხენის ტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტების გამოგონებების შესახებ. "Job Interview"-თრილერი.


"Hörst du es auch?" (შენც გესმის ეს?) ჰორორი.


"Nemez" ჟანრი - Coming of Age "ყველაფერი ადამიანებზე". ნოდარ დუმბაძის ნოველების მიხედვით. "Luis Trenker" დრამა.



თეატრის მუსიკა მიუნხენის Galli Theater München ორი სპექტაკლისთვის: "Belladonna" და "Eva und Lilith"


BR რადიო მუსიკა გადაცემისთვის "Krieg im Kopf"( ომი მეხსიერებაში)


ვწერ საკონცერტო მუსიკას სხვადასხვა შემადგენლობისთვის; ასევე მუსიკას აკუსტიკური და ელექტრონული ჟღერადობის შერწყმის პრინციპით.



- არის რაიმე კონკრეტული ფილმი ან კინომუსიკა, რამაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თქვენს პროფესიაზე?

 

- დიახ, ჯეინ კემპიონის „პიანინო". უფრო გვიან - სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია" ჯონ უილიამსის მუსიკით.


ამ ფილმების მუსიკის ესთეტიკა ემთხვეოდა ჩემს მუსიკალურ სამყაროს. რატომღაც 6 წლის ასაკში, როდესაც პირველი სიმღერების წერა დავიწყე, ტერენტი გრანელის ტექსტები ავიღე. (ძალიან „დრამა ბავშვი" ვიყავი...)




 

- საქართველოში ამ ვიწრო სპეციალობის კინოკომპოზიტორთა დეფიციტია, ხომ არ ფიქრობთ, თქვენს ქვეყანაში დაბრუნდეთ ოდესმე და აქ განაგრძოთ თქვენი მოღვაწეობა, ასეთ საინტერესო სპეციალობას პოპულარიზაცია თავად გაუწიოთ?


- მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ქართულ საქმესაც ვემსახურო. ჩემი გერმანიაში მოღვაწეობის მიზანი მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე არ არის გათვლილი. არამედ როგორც ხელოვანი, ვიყო რეალიზებადი და კიდევ უფრო გავიზარდო, რასაც, ვფიქრობ, საქართველოში დარჩენის შემთხევაში ვერ მოვახერხებდი. ჩემი დიდი სურვილით არაერთ ქართველ რეჟისორს დავუკავშირდი და თანამშრომლობა შევთავაზე. მიმაჩნია, რომ რეჟისორების მხრიდან ფილმზე ორიგინალი მუსიკით მუშაობის კულტურა დავიწყებას მიეცა.. მე არცერთ ქართულ პროდუქციაზე არ ვიტყვი უარს, თუ ჩანაფიქრის ხარისხი და იდეა კარგია. საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. ჩემი სამსახურისთვის არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ვიმუშავებ. გარდა ამისა, საქართველოში არ არსებობს ტექნიკა ფილმისთვის დიდი შემადგენლობის საორკესტრო ფილმის მუსიკის ჩასაწერად.



თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან მუშაობის დიდი სურვილის მიუხედავად, ჩემი ბოლო პროექტის მუსიკა ბერლინში ჩავწერე. იმედია, მდგომარეობა შეიცვლება და ამ სფეროში საჭირო ინვენტარისთვის ფინანსების ინვესტირება მოხდება, ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნება. ჩვენ არაჩვეულებრივი მუსიკოსები გვყავს. საქართველოს აქვს კინომუსიკის ბიზნესში ჩართვის პოტენციალი..



 

- კონკრეტული ადამიანებისთვის თუ დაგიწერიათ რაიმე კომპოზიცია?

 

 

- დიახ, ჩემს ორ მეგობარს მივუძღვენი, ქეთი ასათიანს დაბადების დღეზე ვაჩუქე ალტისა და ფორტეპიანოს ემოციური დუეტი; თეონა ხაზალაშვილს სიმღერა დავუწერე, რომელიც მალე ჩაიწერება. ამჟამად ნაწარმოებზე ვმუშაობ, რომელიც ბატონ გია ყანჩელს მიეძღვნება - ალტისა (გიორგი ცაგარელი) და კამერული სიმფონიური ორკესტრისთვის. CD-ის ჩაწერა დაგეგმილია დეკემბერში.


 

-კონკრეტული ქალისთვის თუ მიგიძღვინიათ? თუ არ არსებობს ასეთი ქალი ჯერ თქვენს ცხოვრებაში?

 

 

- კონკრეტულად, არა...



 

- რატომ? გერმანელმა ქალბატონებმა ვერ მოიგეს თქვენი გული?

 

 

- ინსპირაციული კუთხით ყოველთვის არსებობს ადამიანი, რომელიც მაძლევს დიდ ენერგიას. კი, მოიგეს ჩემი გული, თან არაერთმა, უბრალოდ, სექსს და სულიერ კავშირებს მკაცრად ვყოფ!



 

- ახლა გვიამბეთ გერმანიის წლის მთავარი დაჯილდოების ცერემონიაზე კინომუსიკის ჟანრში-Deutscher Filmmusikpreis 2015-ზე, რომელიც 9 ოქტომბერს გაიმართება. თქვენ კი წლის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის ნომინაციაზე ხართ წარდგენილი... ეს კი უდიდისი წარმატებაა....

 

 

 

 

 

- ზოგადად, მე კონკურსების დიდი მოყვარული არ ვარ. ჯერ არცერთ კონკურსზე არ მიმიღია მონაწილეობა, თუ არ ჩავთვლით მისაღებ გამოცდებს თბილისისა და მიუნხენის კონსერვატორიებში. ამ კონკურსზეც არ დავრეგისტრირებულვარ. კონკურსის პრინციპს მოკლედ აგიხსნით: წლის დაჯილდოებაზე არის 4 ნომინაცია, 1.საუკეთესო მუსიკა ფილმში, 2. საუკეთესო პოპ-ნომერი ფილმში. 3. საუკეთესო წლის ახალგაზრდა კომპოზიტორი (სადაც მე ვარ ნომინირებული) და 4. წლის დამსახურებული მოღვაწე კომპოზიტორი(უფროსი თაობიდან). რაც შეეხება 1 და 2 კატეგორიას. ხდება ნომინანტების გამოვლენა კონკურსის პრინციპით. 3 და 4 კატეგორიებში ჟიური ირჩევს და ასახელებს წლის ნომინანტებს. ჟიური შედგება ცნობილი გერმანელი კომპოზიტორებისაგან.



რამდენიმე ჟიურის წევრს ჩემი სიმფონიური პოემა„ომის შემდეგ" მოსმენილი ჰქონდა, მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ასევე მხატვრული ფილმი „ლუის ტრენკერი"(2015), რომლის პრემიერა მიუნხენის კინოფესტივალზე გაიმართა. და ორ ახალგაზრდა კომპოზიტორთან ერთად მოხდა ჩემი დასახელება ამ ნომინაციაში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. ადგილს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. გერმანიის მასშტაბით სამი საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორის კატეგორიაში ნომინანტობა უკვე მახარებს. ვნახოთ... დაჯილდოების ცერემონია 9 ოქტომბერს არის გერმანიის ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს თეატრში Haale-ში.




 

- „რეპორტიორის" სახელით წარმატებას გისურვებთ! სხვა ქვეყნის კინოინდუსტრიის წარმომადგნელები არ დაინტერესებულან თქვენი შემოქმედებით? ხომ არ გაქვთ სხვა შემოთავაზებებიც?


 

- ჯერჯერობით არა.



- გარდა მუსიკისა, გაქვთ ისეთი გატაცება, რომლითაც უბრალოდ სიამოვნებასღებთ?

 

 

- კი. მოყვარული ფოტოგრაფი ვარ. მუსიკალურ სტუდიაში გატარებული მრავალი საათის შემდგომ ფოტოკამერა ბევრჯერ ამიღია და გარეთ გავსულვარ. ძალიან მეხმარება განტვირთვასა და ახალი ენერგიის მიღებაში.


 

- რას ჰპირდებით ქართველებს?

 

 

- დაპირებას სიურპრიზი სჯობს. უბრალოდ, ნებისმიერ ღონისძიებაზე ლევან ბაშარული ყოველთვის ქართველ კომპოზიტორად იქნება დასახელებული. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი მაქვს საქართველოში ჩაფიქრებული. ჯერ ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. თუმცა, ჩემი გეგმების გარკვეული ნაწილი ყოველთვის საქართველოსთან არის კავშირში.



- დიდი მადლობა, ლევან, საინტერესო საუბრისთვის!

 

 

- უღრმესი მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. მინდა, ბევრს გავაგებინოთ, რომ გერმანიაში ქართველების ხელით მარტო ქურდობა და ყაჩაღობა არ ხდება. იქ ძალიან ბევრი, ძალიან წარმატებული ქართველი მოღვაწეობს და წარმატებას აღწევს. მადლობა...

 

 





 


http://www.levan-basharuli.de/trenker.php


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016