reportiori.ge - როგორ უნდა მოგვარდეს თბილისში საცობების საკითხი? - შალვა ოგბაიძე კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:09
ინტერვიუ
როგორ უნდა მოგვარდეს თბილისში საცობების საკითხი? - შალვა ოგბაიძე კონკრეტულ პრობლემებზე საუბრობს
ავტორი:
16 სექტემბერი, 2015. 17:14


„საქმე გვაქვს სიზარმაცესთან და გამოუცდელობასთან", - ასე აფასებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე თბილისში არსებული საცობების პრობლემას. როგორც ოგბაიძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში განაცხადა, დედაქალაქში საგზაო მიმართულებით არსებული ხარვეზები გარკვეულ სამსახურებს შორის კოორდინაციის ნაკლებობის ბრალია და პრობლემის მოგვარებას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.   


- ბატონო შალვა, დედაქალაქში არსებული საცობები მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. პირველ რიგში, რა დამოკიდებულება აქვს თბილისის საკრებულოს აღნიშნულზე და რამდენად არის ჩართული პრობლემის მოგვარებაში?


- საკრებულო არ არის გადაწყვეტილების აღმსრულბელი ორგანო, ეს არის  ჩვენი დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო. ჩვენ სწორედაც, ჩვენი მოქალაქეების, ამომრჩევლების თვალი და ყური ვართ, რომ მათთვის მტკივნეული საკითხების დროულად გადაწყვეტას შევუწყოთ ხელი. თავად საკრებულო ვერ დაარეგულირებს ავტომობილების მოძრაობას ქალაქში, მას მხოლოდ შეუძლია, რომ თუ რაიმე დეფიციტია მარეგლამენტირებელ დოკუმენტებში, რაც ხელს შეუშლის აღმასრულებელ ხელისუფლებას, დაეხმაროს მას, მაგრამ საკრებულოს დეპუტატი ვერ დადგება ქუჩაში და მოძრაობას ვერ დაარეგულირებს.

 

- რა არის მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც თბილისში საცობების პრობლემას სრულად თუ არ მოხსნიდა, შეამცირებდა მაინც?


- ერთი წელია, რაც თბილისის მერია და საკრებულო არჩეულია ამ შემადგენლობით. სამწუხაროდ, თბილისის სატრანსპორტო სისტემაში არათუ გაუმჯობესდა, არამედ დამძიმდა სიტუაცია. ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ არგუმენტს, რომ ეს არის დედაქალაქი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თბილისშია და სამუშაო ადგილები რეგიონებში არ არის. ეს არის ზარმაცი ჩინოვნიკის პასუხი. ერთია ობიექტური ფაქტორი, რომელსაც ნამდვილად ვერ გავექცევით და ეს არის ჩვენი დედაქალაქის ადგილმდებარეობა, ავტომობილების რაოდენობა, მაგრამ მეორეა არაკოორდინირებულობა და ამ საქმისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულება. დედაქალაქში არ ხდება კონკრეტული, ლოკალური პრობლემების საკითხების გადაწყვეტა. არ მიმდინარეობს მოძრაობის გაუმჯობესება. არ ხდება იმ საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების ხის ტოტებისგან გათავისუფლება, სადაც ეს ტოტები აშკარად უშლის ხელს ხილვადობას. აღარაფერს ვამბობ გზებზე არსებული ჭების ჩავარდნილ ბუდეებზე. აღარაფერს ვამბობ მაინცდამაინც სექტემბრის თვეში იუსტიციის სახლთან დაწყებულ ასფალტის დაგებაზე. ამის გაკეთება შესაძლებელი იყო მთელი ზაფხულის მანძილზე, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გასული იყო ქალაქიდან. ასეთ დეტალებზე ვსაუბრობ და არა ევროკავშირში შესვლაზე. პრობლემა არის ჩვენი ყოველდღიურობა, ახდილი ჭა, უდისციპლინო მძღოლი, ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილი, ყვითელი მიკროავტობუსებისა და დიდი ავტობუსების მარშრუტების დაულაგებლობა. ეს არის არასრული ჩამონათვალი პრობლემებისა, რომლებიც ჩვენს თვალწინ ჩანს და ამის მოგვარებას მხოლოდ თამარაშვილისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზის გახსნა ნამდვილად ვერ უშველის. საჭიროა გარღვევა მენეჯმენტში. მე ვერ ვხედავ კოორდინირებულ მუშაობას იმ მუნიციპალური სამსახურებისა, რომლებსაც აღნიშნული პრობლემები და საკითხები ეხებათ. აღარაფერს ვამბობ მშენებლობებზე, ურბანულ პრობლემებზე, როდესაც ნებართვა გაიცემა ისე, რომ არ არის გათვალისწინებული საგზაო პრობლემები.


- როგორ ფიქრობთ, ფასიანი გზების გაკეთება ან კენტი და ლუწი სანომრე ნიშნების შემოღება დაეხმარება თუ არა დედაქალაქს მოძრაობის განტვირთვაში?


- კენტი და ლუწი ნომრების შემოღება და ფასიანი გზების გაკეთება არის ყველაზე ზარმაცი ჩინოვნიკის განცხადება. ამას ვერ მივიღებ იქამდე, სანამ არ მოგვარდება დანარჩენი პრობლემები. მთავარი საკითხების გადაწყვეტის შემდეგ შესაძლოა ამაზე ლაპარაკი.

 

- რომელ სამსახურებს შორის არარსებული კოორდინაციით ხართ უკმაყოფილო და ხომ არ ფიქრობთ, რომ კოორდინაციის ნაკლებობა სიზარმაცის ბრალია?


- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან შეხებაშია კეთილმოწყობის სამსახური, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, გამწვანების სამსახური, არქიტექტურის სამსახური, ამ სამსახურებს შორის ჯეროვანი კოორდინაცია არ არსებობს. სრული დეზორგანიზაციაა ამ მიმართულებით და საცობები იწყება ამისგან. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ცვლილებებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. მაგალითისთვის ავიღოთ საბურთალოსა და გამრეკელის ქუჩების გადაკვეთა, აქ არის მუდმივი საცობი. აქ ისეთი სიტუაციაა, რომ საღამოობით თავად მოქალაქეები იწყებენ მოძრაობის დარეგულირებას. რომ არსებობდეს მაკოორდინირებელი სამსახური, მიიღებდა სიგნალს, მივიდოდა და ჩაატარებდა დაკვირვებას. ამ შემთხვევში ან შუქნიშანს უნდა გაუზარდონ მწვანე შუქი, ან მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა უნდა გააკეთონ, ან რაიმე შეზღუდვა უნდა დაწესდეს. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ერთ კონკრეტულ ადგილს სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ისევე როგორც, არ არსებობს ერთი ავადმყოფობა, რომელსაც ერთი რეცეპტი შველის, არ არსებობს საცობი, რომელსაც ერთი უნივერსალური რეცეპტი უშველის. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიზარმაცესთან და გამოუცდელობასთან. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016