სხვადასხვა
როგორ მოვამზადოთ სასკოლო დავალებები სტრესის გარეშე – რჩევები მშობლებს
20 სექტემბერი, 2015. 13:39
საშინაო დავალების მომზადება ხშირად ხდება ბავშვის ცრემლებისა და მშობლების ჩხუბის მიზეზი. ასეთი სახალისო გამონათქვამიც კი არსებობს: "ადრე მეგონა, გაკვეთილების მომზადება ნამდვილი ტანჯვა იყო. როგორ ვცდებოდი. მაგაზე უარესი ტანჯვაა მეცადინეობა საკუთარ შვილთან ერთად".
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს უსიამოვნებები.
- სკოლიდან შინ დაბრუნებული ბავშვი სხვადასხვა ინფორმაციით არის გადატვირთული. მაშინვე ნუ მიაყრით შეკითხვებს სკოლაზე, საკონტროლო წერებსა და ტესტებზე. ორი საათი მიეცით, რომ დაისვენოთ, განიტვირთოს, ისადილოს, ითამაშოს.
- ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სახლში მეცადინეობისთვის საუკეთესო დრო 15-დან 17-18 საათამდეა. ისე მოახდინეთ ორგანიზება, რომ საშინაო დავალებების მომზადება ერთგვარი რიტუალი იყოს, რომელიც ერთსა და იმავე დროს სრულდება. თუ უკვე გვიანია და რაღაც დასამთავრებელი დარჩა, ჯობს დილისთვის გადადოთ, ვიდრე ღამე აკეთებინოთ.
- მეცადინეობის ხანგრძლივობა სხვადასხვა შეიძლება იყოს, ყველა ბავშვი თავის რიტმში მუშაობს. თუმცა 7-12 წლის ბავშვებისთვის რეკომენდებულია უწყვეტი მეცადინეობა ნახევარი საათი. ამის შემდეგ 5-10 წუთი უნდა შეისვენოს, ზურგი მოადუნოს, წყალი დალიოს, ხილით გაისველოს პირი. ნახევარი საათის შემდეგ, თუ არ შეისვენა, ბავშვს უჭირს სრულად კონცენტრირება.
- როდესაც ბავშვი გაკვეთილებს ამზადებს, სასურველია, ჰორიზონტზე მაინც იყოს უფროსი, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, რადგან ბავშვებს უჭირთ დამოუკიდებლად თავიანთი სამუშაოს ორგანიზება. პირველ წელს მაინც მშობელი აქტიურად უნდა ჩაერთოს - კი არ დაუწეროს დავალება თუ გადაუწეროს, მიაჩვიოს მეცადინეობას, დროის განაწილებას, წიგნებთან და რვეულებთან მუშაობას, მაგიდასთან ჯდომას. დამხმარე ბავშვს იმისთვისაც სჭირდება, რომ ვიღაცამ მხარი დაუჭიროს, საჭირო მომენტში შეაქოს და თავდაჯერება შემატოს.
- მარტივ დავალებებში, რომელსაც თავადაც ართმევს თავს, საერთოდ არ უნდა ჩაერიოთ. ხოლო რაც შედარებით რთულია, უნდა დაეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, გზის გაკვალვაში, ისე, რომ საბოლოოდ მაინც თვითონ მიხვდეს სწორ პასუხს და არა პირდაპირ უკარნახოთ.
- თუ არ გაქვთ საშუალება, რომ ყოველთვის გვერდით იყოთ საშინაო დავალებების მომზადები დროს, მასთან ერთად შეათანხმეთ, როგორ უნდა დაგეგმოს ეს პროცესი, გადაანაწილეთ დავალებები. მაგალითად, ბავშვმა დამოუკიდებლად გააკეთოს ზეპირი დავალებები და მსუბუქი სავარჯიშოები, ხოლო შედარებით რთულ დავალებებზე თქვენ დაგელოდოთ.
- როდესაც მის გვერდით ხართ, მიახვედრეთ, რომ სხვა საქმეებიც გაქვთ და ყოველთვის ასე მის განკარგულებაში ვერ იქნებით. შესთავაზეთ, ერთად დაიწყოთ მუშაობა, მერე კი თქვენს საქმეს მიხედეთ, ოღონდ ნებისმიერ მომენტში მზად იყავით დასახმარებლად. ცოტ-ცოტა დამოუკიდებლობას მიაჩვიეთ, თორემ 11 წლისასაც გაუჭირდება დამოუკიდებლად მეცადინეობა.
- ხანდახან თამაშიც შეგიძლიათ გაურიოთ დავალებების შესრულების დროს, მოიშველიოთ დამატებითი წიგნები ან ინტერნეტი, რომ ბავშვს უფრო თვალსაჩინოდ და მისთვის გასაგებად აუხსნათ თუ დაანახოთ რაიმე დეტალი.
- მაქსიმალურად მოიკრიბეთ ნერვები და როდესაც გვერდით უზიხართ, მის მდგომარეობაში წარმოიდგინეთ თავი. ის ჯერ ახლა აღებს ცოდნის კარს და მისთვის ბევრი რამ არის ახალი. არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ ათვისების თუ რაღაც ახლის გაგების გზები და მეთოდებიც. თუ ნერვები არ გყოფნით, ჯობს მალევე მიაჩვიოთ დამოუკიდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩხუბით და გამუდმებული კრიტიკით უფრო დათრგუნავთ ბავშვს და შეიძლება, ისეთი კომპლექსებიც გაუჩინოთ, რაც შემდეგ სამუდამოდ დარჩება.
- ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ათვისების უნარი და საშუალებებიც ყველას სხვადასხვა აქვს და ნუ გადაირევით, თუ რომელიმე მშობელი გეუბნებათ, რომ მისი შვილი ყველაფერს მარტივად ითვისებს. ჯერ ერთი, ნუ იქნებით დარწმუნებული, რომ ის აუცილებლად მართალს ამბობს - ბევრ მშობელს უყვარს ტრაბახი შვილის წარმატებებით; მეორეც - ზოგი ადვილად ითვისებს, მაგრამ მალე ავიწყდება. სხვა კი მეტ ძალისხმევას ანდომებს ათვისებას, მაგრამ უფრო საიმედოდ სწავლობს.
წყარო - mshoblebi.ge
13 თებერვალი, 2016. 12:11
13 თებერვალი, 2016. 11:33
12 თებერვალი, 2016. 02:36
09 თებერვალი, 2016. 18:20
09 თებერვალი, 2016. 12:26
05 თებერვალი, 2016. 16:02
27 იანვარი, 2016. 17:07
24 იანვარი, 2016. 22:04
22 იანვარი, 2016. 11:03