„მე იგნორირებული ვარ „მაესტროს" მართვისგან. აქამდე ყოველთვის თავს ვიკავებდი საჯარო განცხადებებისგან, მაგრამ ახლა, როცა სასამართლოში შევიდა ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება, ნერვებმა აღარ გამიძლო", - ამ განცხადებას ტელეკომპანია „მაესტროს" წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე აკეთებს. როგორც გაჩეჩილაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ითხოვს არხის მართვის გადაცემას. მისი თქმით, შესაბამისი წინადადებებით პარტნიორებს არაერთი წერილით მიმართა. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მზად არის, ტელეკომპანიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით წარმოადგინოს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია.
„ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი მაქვს ჩაქცეული და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ „მაესტროს" გაკოტრება არ დავუშვა. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ „მაესტროს" გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, თუმცა, პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემს წინადადებას, ჩემთვის უცნობია.
მინდა, იცოდეს მთელმა საზოგადოებამ და საქართველომ, რომ მე მინდა „მაესტროში" შესვლა მართვით და მინდა, ის დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რომლის ღირსიც არის ქართველი საზოგადოება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „მაესტრო" არ გაკოტრდეს და იყოს მოწოდების სიმაღლეზე.
„მაესტრო" უნდა იყოს წამყვანი, დამოუკიდებელი, უფრო გემოვნებიანი და ისეთი ტელევიზია, რომელიც დღეს ქართველ საზოგადოებას ეკადრება. დღეს კი, ის ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მე აბსოლუტურად სხვანაირი წარმომიდგენია „მაესტროს" ეთერი, ხოლო ამ დროს, ის არის „რუსთავი 2"-ის და „იმედის" „გადამღერება", - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, 10 მილიონი საბანკო გარანტია ინვესტორებისგან იქნება წარმოდგენილი.
„ინვესტორები წარმოადგენენ ამ ფულს, ინფორმაცია კი იქნება ღია და გამჭვირვალე. ინვესტორებთან, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ჩვენ მზად ვართ, ერთი კვირის ვადაში გავაფორმოთ ხელშეკრულება მართვაში გადმოცემაზე, კიდევ ერთ კვირაში კი (ანუ ჯამში 2 კვირაში) წარმოვადგინოთ 10 მილიონ აშშ დოლარზე საბანკო გარანტია. ეს აშკარად უკეთესია, ვიდრე გაკოტრება და ლიკვიდაცია", - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძე არხის გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე სასამართლოში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით მოსამართლეს მიმართავს. დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა გია გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველი ირაკლი კორძახიაც. ადვოკატმა განაცხადა, რომ მოსამართლე ლაშა გოჩიაშვილისგან, რომელსაც შესაბამისი განცხადება აწერია, მოითხოვენ, არ გაითვალისწინოს გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე ტელეკომპანიის დირექტორის მოთხოვნა.
„ვაპირებ, დღეს მივმართო მოსამართლეს, რომ არ გაითვალისწინოს დირექტორის მოთხოვნა გაკოტრების თაობაზე, ვინაიდან პარტნიორთა კრებამ 75 %-ით გადაწყვეტილება მიიღო არა გაკოტრებაზე, არამედ გადახდისუუნარობაზე, რომელიც უშვებს რეაბილიტაციის შანსს. ჩვენ ვითხოვთ, რომ დარჩეს „მაესტროს" რეაბილიტაციის შანსი და არ მოხდეს მისი ლიკვიდაცია.
ჩვენ ვაყენებთ წინადადებას, რომ გადმოგვეცეს „მაესტრო" მართვაში. ვიღებთ ვალდებულებას, რომ მას პირველივე წელს გავიყვანთ მოგებაზე, ხოლო 2017 წელს და შემდგომ წლებში ტელეკომპანიის მოგების ფინანსური მაჩვენებელი იქნება 3 მილიონი აშშ დოლარი. ასევე ვიღებთ ვალდებულებას, რომ გადავიხდით მიმდინარე დავალიანებებს და ფინანსური სირთულე „მაესტროს" არ შეექმნება. გარდა ამისა, მზად ვართ, წამოვადგინოთ საბანკო გარანტია 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.
ამას გარდა, მაკა ასათიანმა, რომელიც შპს „სტუდია მაესტროს" ყველაზე დიდი კრედიტორია და რომელსაც აქვს კომპანიისთვის რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიცემული, ვადაზე ადრე მოითხოვა მისი დაბრუნება, რისი უფლებაც არ ჰქონდა, თუმცა ტელეკომპანიის დირექტორს არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ასევე მოხდა კიდევ ერთი საინტერესო რამ: პარტნიორებს უნდოდათ, რომ რუსულ სახელმწიფო ბანკ „ვითიბი"-ში დაეგირავებინათ „სტუდია მაესტროს" მთელი აქტივები, ისე, რომ არც ერთი თეთრი არ შემოდიოდა კომპანიაში. გია გაჩეჩილაძე ამას შეეწინააღმდეგა და ფაქტობრივად ეს გარიგება ჩაშალა.
ერთობლიობაში ეს ყველაფერი - სესხის ვადაზე ადრე გამოთხოვა, ძირითადი აქტივის გატანა „მაესტროდან" და რაც მთავარია, არხის რეაბილიტაციის თაობაზე მშვენიერი წინადადების იგნორირება, ბადებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს გაკოტრების მიზანმიმართულ მცდელობას. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ამის მიზანი - პირველი: ვფიქრობთ, ეს არის კომპანიის გაკოტრების გზით გია გაჩეჩილაძის, როგორც ერთ-ერთი მეწილის თამაშგარე მდგომარეობაში ჩაყენება და მეორე - „მაესტროს" მთელი აქტივების გასხვისება იმ პირზე, რომელიც, მართალი გითხრათ, არ ვიცით, ვინ არის. ფაქტი ერთია, გაკოტრების შემდეგ კომპანიის ლიკვიდაცია ხდება - იყიდება აუქციონზე, ანუ მან შესაძლოა მესაკუთრე შეიცვალოს, ხოლო ეს მესაკუთრე ევროპიდან იქნება, აშშ-დან, რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან, არ ვიცით", - აღნიშნა ირაკლი კორძახიამ.