მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ პროექტზე მუშაობს. ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროს დაემატება ახალი სააგენტო, რომელიც ხელისუფლებას მცირე მეწარმეობის განვითარების გეგმას წარუდგენს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას არ აპირებს, მაგრამ აქტიურად მუშაობს დარგის ხელშემწყობ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ახალი სააგენტოს გახსნა იგეგმება.
ახალი სააგენტო, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. თუმცა სანამ მთავრობა ქმედითი ღონისძიებების გატარებას შეუდგება, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავენ თხოვნით და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვენ. მათი აზრით, დღეს საქართველოში მცირემეწარმეობა უმძიმეს მდგომარეობაშია და არ სარგებლობს არანაირი შეღავათით.
მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბრუნვის მიხედვით 20 %-ზე ნაკლებია, როცა სხვა ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი გაცილებით დიდია.
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, პირველ რიგში, საგადასახადო კოდექსია. მსხვილი და მცირე ბიზნესების ერთნაირი დაბეგვრა ამ უკანასკნელს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდებოდა. ამიტომ ისინი ითხოვენ, აღდგეს სტატუს-კვო, რაც მცირე მეწარმეობას 1998 წლამდე ჰქონდა. საკანდელიძის ინფორმაციით, მცირე მეწარმეობის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს სესხებზე ხელმიუწვდომლობაც.