სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
სამინისტროსთვის მისასალმებელია ის ფაქტი, რომ UEFA-ს წარმომადგენლები დაესწრებიან ყრილობას, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას და უზრუნველყონ ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების არსებობა.
"ბოლო პერიოდში სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიესალმება ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში UEFA-ს ჩართულობას. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ UEFA-ს წარმომადგენლები დაესწრებიან ყრილობას, რათა ადგილზე გაეცნონ ვითარებას და უზრუნველყონ ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების არსებობა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საქართველოში ფეხბურთის განვითარება. სახელმწიფო სტრუქტურებს UEFA-სთან თანამშრომლობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს და ამის ნათელი მაგალითია თბილისში UEFA-ს სუპერ-თასის ფინალური მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება UEFA-ს სტანდარტების სრული დაცვითა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
აქედან გამომდინარეობდა სამინისტროს მყისიერი რეაგირება UEFA-ს წერილზე, რომელშიც დაფიქსირებული იყო პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან საარჩევნო პროცესებში შესაძლო ჩარევის შესახებ, რასაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მკაცრად ემიჯნება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რეაგირების გარეშე დატოვა ჩვენს მიერ 16 სექტემბერს მიწერილი ოფიციალური კორესპონდენცია, რომლის ასლიც UEFA-ში გადაიგზავნა და ვერ შეძლო ერთი ფაქტის მოწოდებაც კი, რაც სახელმწიფოს მხრიდან საარჩევნო პროცესში ჩარევას დაადასტურებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფედერაციის ხელმძღვანელობის ქმედებას ვაფასებთ მცდელობად, შეცდომაში შეიყვანოს UEFA, ქართული საფეხბურთო საზოგადოება და მედია.
იმედს ვიტოვებთ, რომ სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტი, ნაცვლად პირადი ინტერესებისა, გაითვალისწინებს UEFA-ს რეკომენდაციებს, დაიცავს სრულ ნეიტრალიტეტს მოახლოებულ არჩევნებში და იმოქმედებს კანონის უზენაესობის პრინციპების გათვალისწინებით.
ჩვენის მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვინარჩუნებთ სრულ ნეიტრალიტეტს და გამოვხატავთ მზადყოფნას, შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ფეხბურთის შემდგომ განვითარებაში",- აღნიშნულია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.