„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გოჩა ბახიამ და ადა მარშანიამ, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს. ბახია მსგავსი სახის ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში თანამოაზრეებთან ერთად, ფართომასშტაბიანი და პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს.
„კატეგორიულად არ ვეთანხმები კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების იმ მუხლს,რომელიც აფხაზეთის პირველი პირის დანიშვნის წესს ეხება. ცვლილებების თანახმად, აფხაზეთის საბჭოს შეუძლია უმაღლესი პირი საქართველოს პრეზიდენტთან შეუთანხმებლად დანიშნოს. არავინ უჭერს მხარს ამ კანონის განხილვას. 2 კვირაში უნდათ რომ შეათანხმონ ეს ამბავი ფართო საზოგადოებასთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საზოგადოება უარყოფითად აფასებს ამ კანონპროექტს. თუ მიიღეს ეს კანონი, იგეგმება მასიური აქციები აფხაზეთის მთავრობის წინააღმდეგ. იგეგმება აქციები უზენაესი საბჭოსა და მთავრობის სახლის წინ. დაიწყება მასიური შიმშილობა. ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით. იბადება გონივრული ეჭვი, ეს ყველაფერი იქით ხომ არ არის მიმართული, რომ მართლაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს ვინმემ " - აცხადებს გოჩა ბახია.