ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", „რეგიონული უთანასწორობის დაძლევის" მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფერო ყველაზე მიმზიდველია ინვესტორებისათვის. კალაძის განმარტებით, არცერთი ჰიდროელექტროსადგურის, თბოელექტროსადგურის პროექტი არ არის შეჩერებული და მიმდინარეობს მშენებლობები.
„ენერგეტიკის სფერო არის ყველაზე მიმზიდველი ინვესტორებისათვის. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება ამ მიმართულებით და არცერთი ჰიდროელექტროსადგურის, თბოელექტროსადგურის პროექტი არ არის შეჩერებული და მიმდინარეობს მშენებლობები . ჩვენ დაახლოებით 500 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ახალ პროექტებზე გვაქვს მემორანდუმები გაფორმებული, რომლის მშენებლობაც დაიწყება 2016 წელს. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები: ეს არის ახალი ხაზების მშენებლობა, ქვესადგურების მშენებლობა , შიდა ელექტროგადამცემი ხაზების მოწესრიგება. შემდეგი 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ამ მიმართულებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარი დაიხარჯება", - განაცხადა კალაძემ.