ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. „ნარუშილოვკებთან" დაკავშირებულ ვიდეოკადრებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადება „მოქალაქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. „ნარუშილოვკის" პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას.
რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება, მაგრამ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან.
მე ყოველთვის მკვეთრ ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.
ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება, რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა და თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი.
ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც მიღებული იყო უპირატესობის მოპოვება უკანონო პრივილეგიებით. დემოკრატიის მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ მავნე სენისგან გათავისუფლებას გულისხმობს და წინ უნდა აღვუდგეთ ამ მანკიერების ნებისმიერ გამოვლინებას.
მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა; კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.