reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: მალე ჩემი ფილმი გამოვა და ყველა დაინახავს, რომ ეგენი არიან ჯოჯოხეთის მოციქულები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:42
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: მალე ჩემი ფილმი გამოვა და ყველა დაინახავს, რომ ეგენი არიან ჯოჯოხეთის მოციქულები!
05 ოქტომბერი, 2015. 12:34


„ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი 3 წელიწადი", - ასე აფასებს რეჟისორი გოგა ხაინდრავა „ქართული ოცნების" მმართველობის 3-წლიან პერიოდს. ხელისუფლების მიღწევებზე, წარმატებებზე, გამოწვევებზე, ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების საკითხზე, მედიის თავისუფლებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ხაინდრავა „რეპორტიორს" ესაუბრა:



- ის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მშვიდობიანად ვიცხოვრეთ და არც ყუმბარები დაგვცემია თავზე და არც ტერიტორიები დაგვიკარგავს, მეტყველებს იმაზე, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი ჰქონდა საქართველოს. რთულ ვითარებაში ჩაიბარა ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანა. ფაქტობრივად დანგრეული და მორალურად განადგურებული, დაშინებული და დატერორებული საზოგადოებით... მოლოდინი ბევრად უფრო დიდი იყო, ვიდრე შესაძლებლობა ჰქონდა ქვეყანას და ხელისუფლებას. ეკონომიკური მდგომარეობა რთულია, ლარის კურსის ვარდნამ სერიოზული პრობლემები შექმნა საზოგადოებაში. ობიექტური თუ სუბიექტური, ეს სხვა თემაა, ვფიქრობ, აქაც საბოტაჟის მომენტი იყო ყოფილი მმართველი ძალების მხრიდან. მათი გავლენები, სამწუხაროდ, დღემდე შემორჩენილია და არც არის გასაკვირი, რადგან ისინი დასავლეთიდან „იკვებებიან". რაც შეეხება საგარეო კურსს, დღეს არც ამერიკაზე ვართ გადაბმული და არც რუსეთზე, ლავირების და გარკვეული ბეწვის ხიდზე გავლის პრეცედენტის წინაშე ვდგავართ და ეს ძალიან სასიხარულოა.


- „ქართული ოცნების" მმართველობის შეცდომებზე რას იტყოდით? ასევე, რომელ რეფორმას მიიჩნევთ ყველაზე წარმატებულად?


- შეცდომები, გადაცდომები, ხარვეზები ნებისმიერ ადამიანს აქვს, ასეა ეს ხელისუფლებაც და ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება. ყველაზე წარმატებული რეფორმა, რაც გატარდა, ვფიქრობ, ეს იყო ჯანდაცვის რეფორმა. პრაქტიკულად, ადამიანებს დაუბრუნდათ სიცოცხლის უფლება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სახელწიფო მათზე ზრუნავს. აღარაფერს ვსაუბრობ C ჰეპატიტის პროგრამაზე, რომელმაც მკვდრები გააცოცხლა.


სირთულეებია და ვფიქრობ, საზოგადოების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს პროკურატურაში გაჭიანურებული საქმეები, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც ძალიან გაიწელა. ვხედავთ, რომ დაუსჯელობამ უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლების ნაწილად აღიქმებიან და რეალურად, ძალიან ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, ეს უკმაყოფილება კიდევ იზრდება. საერთო ჯამში, ყველაზე წარმატებული პერიოდი ჰქონდა სახელმწიფოს ბოლო წლების განმავლობაში. საზოგადოებას კი პრობლემები აქვს: დასაქმება, ეკონომიკური მდგომარეობა, სიდუხჭირე. უამრავი პრობლემაა გადაუჭრელი.


- ბოლო დღეებში, აქტუალური გახდა მედიის დამოუკიდებლობის საკითხი. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის ბრალდება ხელისუფლების მისამართით, რომ ადგილი აქვს თავისუფალი მედიის საქმიანობაში ჩარევას და შეზღუდვას. თქვენი მოსაზრებით, რამდენად დასაშვები და რეალურია ეს?


- ჩემი დამოკიდებულება ბევრჯერ მაქვს გაცხადებული. ყველა საროსკიპო ისე ამთავრებს, როგორც ეს საროსკიპო. ეს არის თაღლითების თავყრილობა, არამარტო სატელევიზიო, არამედ კრიმინალი თაღლითების თავყრილობა, რომელიც ცდილობს, საკუთარი რუპორით მოწამლოს საზოგადოება. ეს ტელევიზია ცდილობს, მოსპოს ყველაფერი პოზიტიური, ეს არის მისი დანიშნულება. არანაირი კავშირი არ აქვთ მათ ნამდვილ ტელევიზიასთან. ახლა რომ მიხვდნენ, სხვა დრო მოვიდა და დაიწყო სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრება, უცებ დაფაცურდნენ ეს ბნელი ძალები. მაინტერესებს, ვისია იმ კომპანიის აქციების 51 %, რომელსაც ტელეკომპანია „საქართველო" ჰქვია - ღირსეული სახელი, თუმცა მის უკან ძალიან უღირსი ადამიანები იმალებიან. იყო მცდელობა, რომ ეს წილები გადაფორმებულიყო კეზერაშვილის ცოლისძმაზე. ახლა აქტიურად ცდილობენ გადაარჩინონ ეს შხამქიმიკატების კომბინატი, რასაც „რუსთავი 2" ჰქვია. ძნელად წარმომიდგენია საქართველოში ადამიანი, რომელიც „რუსთავი 2"-ს განიხილავს როგორც მედიას, თავისუფალი სიტყვის რუპორს.


- შევეხოთ მერაბიშვილ-ახალაია-უგულავას შეწყალების საკითხს. არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა მათი შეწყალების აქტს მოაწეროს ხელი...


- მარგველაშვილს კარგად ვიცნობ. შესაძლოა, ბევრი მისი ნაბიჯი საკამათოა, მაგრამ სრულ ჭკუაზე მყოფი ადამიანი და საკმაოდ პრაგმატული კაცია. არ მგონია, მან შიზოფრენიის იმ სტადიაში შეაბიჯოს და შეიწყალოს ეს ბოროტმოქმედები, რომლებმაც მთელ საქართველოს ავნეს. რას წარმოადგენს მერაბიშვილი, უგულავა თუ ახალაია, ყველამ კარგად იცის. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მალე ჩემი ფილმი გამოვა და ყველა დაინახავს, რომ ეგენი არიან ჯოჯოხეთის მოციქულები. თუმცა მათ შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. ამ დაჯგუფებას რა რაოდენობის ფული აქვს მიტაცებული საქართველოში, ყველამ ვიცით. კეზერაშვილს, რომელიც კალოშებით არის მოსული პოლიტიკაში, 1 მილიარდ 200 მილიონი აღმოაჩნდა, ლონდონში პრესტიჟულ უბანში სახლი აქვს და „რუსთავი 2"-ის ყიდვასაც აპირებდა... საქართველოში ძალიან კარგი პროცესები მიდის, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა... რაც უფრო გახსნილი იქნება ეს პროცესი, მით უკეთესი. სიბნელეში ვცხოვრობდით და სიბნელიდან გამოსვლას ვიწყებთ.


- აკაკი ბობოხიძემ მოსახლეობას მოუწოდა, პასუხი აგებინონ საკუთარ მეზობლებს, „ქართული ოცნების" აგიტატორებს, იმ ადამიანებს, ვინც ისინი შეცდომაში შეიყვანა და ხმა მიაცემინა „ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდებაა?


- ბობოხიძის და მისნაირების პრობლემაა „ქართული ოცნება". მათი პრობლემაა ის საზოგადოებაც, რომელმაც კარგად იცის, რომ ისინი არიან ბოროტმოქმედები, ფაშისტები. მათ არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. კი, იარსებებენ, მაგრამ არანაირი მომხრეები მათ არ ეყოლებათ. ეს დიდი ილუზიაა, არავითარი მხარდამჭერები არ ჰყავთ. მაგათ ჰყავთ თანამესაქმეები, რომელბიც ჩართულები იყვნენ ძარცვა-გლეჯაში, კორუფციაში, ადამიანების დამცირებაში. ეს არის გარკვეული ფენა და ამ ფენას დააკლდება, არათუ მოემატება. ბობოხიძეს რაც უნდა, ილაპარაკოს, მაგრამ დარჩება თავის სამზარეულოში, რომელსაც „ნაცმოძრაობა" ჰქვია. ვამბობ, მათი პოლიტიკური მომავალი საქართველოში არ არსებობს. ვისაც უნდათ, იმას მოუწოდონ... გვაშინებენ, ქუჩაში გადავა პროცესებიო. „ნაცმოძრაობა" მოკვდა, ის მკვდარია და მკვდარს არაფრის შესაძლებლობა არ აქვს. რაც არ უნდა რეანიმირება გაუკეთონ ექსპერტებმა, მედიამ, საერთაშირისო საზოგადოებაში ჩაბუდებულმა ბნელმა ძალებმა, მკვდრის გაცოცხლებას ვერ შეძლებენ. მინდა, დავაწყნარო ყველა, რომ ყველაფერი კარგად იქნება... „ნაციონალური მოძრაობა" მოკვდა დაბადებამდე, რადგან მისი დაბადება იყო ბოროტებაზე აგებული. დიდხანს სიცოცხლე კი ბოროტებას არ უწერია!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016