მხატვრულ ფილმ „შინდისის გმირების" შემოქმედებითი ჯგუფი ოქტომბერში საფრანგეთში მიემგზავრება. როგორც ფილმის პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა განაცხადა, პარიზში ჯგუფის წევრები ინგლისელ პროდიუსერებს შეხვდებიან, რომლებიც ქართულ მხარეს ფილმის საერთაშორისო კინოფესტივალებზე გატანაში დაეხმარებიან.
„თვის ბოლოს, ოქტომბრის 19-ში, მე, ვოვა კაჭარავა და მინდია ესაძე მივდივართ პარიზში, სადაც ვხვდებით ინგლისელ პროდიუსერებს. ისინი დაგვეხმარებიან ფილმის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში, მათგან მივიღებთ რჩევებს, რეკომენდაციებს. შევთანხმდებით ერთ საერთო კონცეფციაზე და იმ გზით გავაგრძელებთ მუშაობას. ისინი არიან ძალიან გამოცდილი პროდიუსერები; ერთი ევროპის კინოაკადემიის წევრის და მეორე -ხელმძღვანელი. ძალიან დიდი პიროვნებები არიან. პარიზში გავმართავთ სისტემატურ შეხვედრებს, რათა ერთ საბოლოო იდეამდე მივიდეთ. გარდა ამისა, იქ შევხდებით რეჟისორ გელა ბაბლუანს და გავაცნობთ დასრულებულ სცენარს. შესაძლოა, მივიღოთ კიდეც გარკვეული მითითებები მისგან, რა როგორ ჩავასწოროთ. ეს იქნება ბეჭდის დარტყმა გელას მიერ", - განუცხადა „რეპორტიორს" მინაშვილმა.
მხატვრულ ფილმ „შინდისის გმირების" გადაღება 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ფილმის სცენარი აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის ისტორიაზეა აგებული.