reportiori.ge - ანი მიროტაძე: გულწრფელი რჩევა არის „რუსთავი 2“-ის მიმართ - მოიშორონ ის ადამიანები, ვინც თემის პოლიტიზირებას ცდილობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:45
ინტერვიუ
ანი მიროტაძე: გულწრფელი რჩევა არის „რუსთავი 2“-ის მიმართ - მოიშორონ ის ადამიანები, ვინც თემის პოლიტიზირებას ცდილობს!
ავტორი:
06 ოქტომბერი, 2015. 16:17


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე კოალიცია „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 3-წლისთავს აჯამებს და აქვე „რეპორტიორთან" ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებზე საუბრობს:


- მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არის კითხვები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხელისუფლების სურვილი არ არის მედიის საქმიანობაში ჩარევა. ჩვენი სურვილია, მედიაში იყოს წესრიგი, რომ ქაოსმა არ შეიწიროს ჩვენი მთავარი მონაპოვარი, სიტყვის თავისუფლება.


- „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და ამ მიმართულებით ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციებს იწყებს. ასევე აანონსებენ ქუჩის აქციებსაც. თქვენი, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლის პოზიცია როგორია აღნიშნულ საკითხზე?


- „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მარტო იყო და ახლაც მარტოა, როდესაც ოპოზიციაშია. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დარჩება მარტო სხვა დროსაც, ვინაიდან, პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების წინაშე ამდენ დანაშაულს ჩაიდენს, ვერასდროს დაიკავებს შესაბამის ადგილს ვერსად. ეჭვი მეპარება, რომ მათ ვინმემ მხარი დაუჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა არსებობდეს ჩვენსა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს იმ უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რაიმე ფორმით ითანამშრომლო „ნაციონალურ მოძრაობასთან". პირადად ჩემთვის, „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა ნიშნავს, გაიკეთო პოლიტიკური ჰარაკირი და ვერასდროს ვეღარ გქონდეს პრეტენზია, რომ ხარ სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტი. თუმცა, ყველას თავისი არჩევანი აქვს. ასევე წარმატებებს ვუსურვებ „ნაციონალურ მოძრაობას". მაგრამ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მათი მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავისი საკონსტიტუციო მოთხოვნები აქვს. არცერთი ეს მოთხოვნა დღეს დღის წესრიგში არ დგას. არანაირი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემაა და შესაძლოა, მოსახლეობა იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ვაკეთებთ, ვერ ვხედავ ვერანაირ წინაპირობას, დღის წესრიგში დადგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი. „ნაციონალურ მოძრაობას" ვურჩევ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავი დაანებონ და მოემზადონ 2016 წლის არჩევნებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. ვერავინ გაბედავს, რაიმე ფორმით გაყალბდეს არჩევნები. ხელისუფლებას არ სურს, ყველა ის დემოკრატიული შედეგი, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება, გადაიფაროს რაიმე გადაცდომებით. წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ვფიქრობ, რომ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, თითოეული სუბიექტი სწორად წარმართული საარჩევნო პოლიტიკური პროცესის პირობებში შეძლებს შესაბამისი შედეგის მიღებას.


- საარჩევნო სისტემაზეც გკითხავთ, რომლის გამოც მუდმივად კრიტიკის ქვეშ ხართ ოპონენტების მხრიდან. ხედავთ თუ არა ხარვეზებს ამ მიმართულებით და რა გეგმები გაქვთ პრობლემების აღმოსაფხვრელად?


- თქვენ იცით, „ეროვნული ფორუმის" პოზიცია იყო, რომ უკეთესია, 2016 წლის არჩევნებიც პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტი ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი, ეს არის ბევრად დემოკრატიული და ასახავს იმ განწყობებს, რაც არის ქვეყანაში. მეორე არგუმენტი გახლავთ ის, რომ ნაკლები პრეტენზიები ექნებოდათ პოლიტიკურ სუბიექტებს. თუმცა, გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე მაჟორიტარული სისტემის მომხრეთა მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტები იყო წარმოდგენილი. მაგალითად, შესაძლოა, ვერ მოესწროს პროპორციულ სისტემაზე ეფექტურად გადასვლა და არ იყოს ის შედეგი, რომელსაც ველოდებით დემოკრატიული არჩევნებისგან. ძალიან ბევრი მაჟორიტარი და არა მხოლოდ ისინი, ხაზს უსვამდნენ, რომ ჯერ კიდევ ბევრ რეგიონში მოსახლეობას ურჩევნია ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში და არა პროპორციული სისტემით გასული რამენიმე დეპუტატი. მაინც მგონია, რომ პატარა შეცდომა დავუშვით, როდესაც 2 ოქტომბრიდანვე, ჩვენი გამარჯვების დღიდანვე არ დავიწყეთ საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის მომზადება, თუ რას ნიშნავს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. მიმაჩნია, რომ სერიოზული მონაპოვარია თუნდაც იმის ჩაწერა კონსტიტუციაში, რომ 2020 წლიდან ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით.


- როგორ შეაფასებთ ხელისუფლებაში თქვენი მოსვლიდან 3-წლისთავს?


- არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მოსახლეობა სრულად კმაყოფილი არ არის და ვერც იქნება. მეც არ ვარ ბევრი რამით კმაყოფილი, ასევე არიან ჩემი კოლეგებიც. ახლა რომ მკითხონ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა უკეთესად, ვიტყვი, ყველა ღონეს ვიხმარდი, რომ მეტი ინვესტორი შემოსულიყო ქვეყანაში. ჩვენს ელჩებს გავააქტიურებდი იმ მიმართულებით, რომ ყველა ქვეყნისთვის წარედგინათ საქართველო, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემო. კარგად გავაცნობიერებდი, რა არის ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. მათ შორის ეს არის ტურიზმი და შევეცდებოდი, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულიყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს არის ეკონომიკაში ჩადებული რესურსი. ასევე კარგად გავიაზრებდი იმ რეგიონალურ ფუნქციას, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს.


თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მონაპოვარი არის ის, რომ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ვითარდება. დღეს არსებობს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მერწმუნეთ, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს ეს პროცესები. მაგალითად, „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მქონდა გარკვეული კონსულტაციები, საკმაოდ მაღალ დონეზე და დამიჯერეთ, იქ არ არის სურვილი, რომ ვინმე მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ჩაერიოს. სხვა საკითხია, რომ არსებობს პრობლემა. რა თქმა უნდა, პრობლემის არსებობა მეც ისევე მაწუხებს, როგორც დანარჩენ საზოგადოებას. მაგრამ, თუ კარგად ჩავხედავთ ამ პრობლემას, მივხვდებით, რომ პრობლემის სათავე იწყება ბევრი წლის წინ, დარწმუნებული ვარ, „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ეს პრობლემა თავს იჩენდა და იჩინა კიდეც. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესები დასრულდება ისე, რომ არცერთ შემთხვევაში მედიის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება. ჩემი გულწრფელი რჩევა არის „რუსთავი 2"-ის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოიშორონ ის ადამიანები, ვინც თემის პოლიტიზირებას ცდილობს. ეს დააზარალებს თავად ამ პროცესსაც და ზოგადად მედიის თავისუფლებასა და იმიჯს.


ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად მიმაჩნია, რომ ადამიანებს დავუბრუნეთ სიცოცხლის შენარჩუნების უფლება.


აქვე მინდა გითხრათ, რომ 2016 წლის ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით იზრდება. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრს გავაკეთებთ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს არსებობის, გადარჩენისა და ჯანმრთელობის პრობლემა. რა თქმა უნდა, გვყავს ღარიბი მოქალაქეები, მაგრამ გვყავს მთავრობა, რომელსაც არ უნდა, რომ ღარიბი მოქალაქეები ჰყავდეს.


ასევე, ვიცი ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა ბავშვებისთვის სახელმძღვანელოების შეძენას. შესაძლოა, ჩვენს ბავშვებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები არ აქვთ, მაგრამ მთავარია, რომ ყველა ბავშვს აქვს სახელმძღვანელო და ყველა ბავშს აქვს შესაძლებლობა, ისწავლოს.


როდესაც მოსახლეობა კრიტიკულია, ბუნებრივია, ასევეა მედიის შემთხვევაში. არ ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც ფიქრობს, რომ მოსახლეობა და მედია ჩასაფრებულ პოზიციაში იმყოფებიან. მიმაჩნია, რომ ყველა ეს ინსტიტუტი ჩვენ გვაძლევს ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტიმულს, რომ არ მოვდუნდეთ და ყველა პრობლემა დავინახოთ, რომელიც გაგვაჩნია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016