ზედამხედველობის, კეთილმოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის - თბილისის მერიაში ყველა ეს საქალაქო სამსახური ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ქალაქისთავი, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგროვდა, ისევე როგორც კითხვები თბილისის მერთან. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით ნარმანიასთან.
- რა ხდება მერიაში? რატომ ტოვებენ თანამდებობებს მაღალჩინოსნები?
- მერია დიდი და ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებები ბუნებრივია. ასეთი ცვლილებები ადრეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს. აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარვუდგენ საკრებულოს.
- რატომ დატოვეს თანამდებობა, მაგალითად, ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების ხელმძღვანელებმა?
- ამის შესახებ უმჯობესია მათ ჰკითხოთ. ჩემი აზრით, ისინი კარგად და ეფექტურად მუშაობდნენ. მათი ინტენსიური მუშაობა განსაკუთრებით სტიქიის დროს გამოჩნდა, როცა ერთდროულად სტიქიასთან გამკლავებასაც ახერხებდნენ და მიმდინარე სამუშაოსაც ასრულებდნენ. გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ. ისინი იყვნენ ჩემთან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ერთობლივად შევჯერდით, რომ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს.
- თუ ეფექტურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, რატომ მოუწონეთ გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ?
- როცა ადამიანს სურს გადავიდეს სამუშაოდ, ან მძიმე სამუშაო რეჟიმს გაერიდოს, შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არა გვაქვს. მათ ჰქონდათ უფლება, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობაც არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
- ავთანდილ სუდაძე და გეგი ნიჟარაძე თავის დროზე თქვენ შეარჩიეთ ამ თანამდებობებისთვის?
- ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ჩემ მიერ შერჩეული კადრები იყვნენ. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმოვიყვანე, სადაც ჩემთან ერთად მუშაობდა. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელიც ჩემი ყოფილი თანამშრომელი იყო, რომელთან ერთადაც 10 წლის წინ ვმუშაობდი და ძალიან კარგი ურთ-იერთობა მქონდა.
- ხომ არ უკავშირდება მათი წასვლა თბილისში ბოლო დროს დაგროვილ პრობლემებს? მათ შორის გზებისა და ხიდების დაუსრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს?
- თბილისში გაჭიანურებული მშენებლობა არსად არ მიმდინარეობს, გარდა ორი პროექტისა, რომელიც კონტრაქტორი კომპანიების დაუდევრობით არის გამოწვეული. მათ მიმართაც შესაბამისი ზომები გატარდა. ასე რომ, არც ერთი პროექტი შეჩერებული ან შეფერხებული არ არის. ესეც ხელოვნურად წამოწეული თემაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან და რეალობასთან კავშირი არა აქვს. თუ გულისხმობთ იმას, რომ რომელიმე ხიდის ან გზის შეკეთების მიმდინარე სამუშაოს გამო ქალაქში მოძრაობა შეფერხებულია, ეს ბუნებრივი პროცესია და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქალაქს, სადაც რაიმე სახის საინჟინრო სამუშაოების გამო არ ხდება მოძრაობის შეფერხება. ხიდის შეკეთებას მინიმუმ 3-4 თვე სჭირდება, ისევე როგორც გარკვეული პერიოდი სჭირდება გზის დაგებას. კომპანიამ, რომელიც ზაჰესში ხიდის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ მასთან გავწყვიტეთ ხელშეკრულება და დავაჯარიმეთ. მეორე კომპანია, რომელიც საგზაო სამუშაოებს ასრულებდა და აქვს ვადაგადაცილება, 300 ათასზე მეტი ლარით დაჯარიმდა.
- რომელ კომპანიას გულისხმობთ?
- ეს გახლავთ კომპანია „ხიდი".
- კომპანია „ხიდი" ზაჰესის ხიდს აშენებდა. მე მეორე კომპანიაზე გეკითხებით, რომელიც გზების შეკეთებაზე მუშაობდა და 300 ათასი ლარით დააჯარიმეთ.
- საგზაო კომპანია, რომელსაც აქვს გარკვეული ვადის ჩამორჩენა, გახლავთ „არენა მშენი".
- როცა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და მოსახლეობისთვის გართულებულია გადაადგილება, ხომ შესაძლებელია 2-3 ცვლაში იმუშაონ მშენებლებმა და უფრო სწრაფად დაასრულონ სამუშაო? და არა ისე, როგორც ეს, მაგალითად, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაციის შემთხვევაში ხდება, როცა საღამოს 6 საათზე ასრულებენ ხიდზე სამუშაოებს.
- გვაქვს ისეთი ობიექტები, სადაც ღამის საათებშიც მიმდინარეობს სამუშაოები, მაგალითად, ვერეს ხეობაში. მაგრამ არის სამუშაოები, რომელიც მხოლოდ დღის საათებში მიმდინარეობს. მაგალითად, ბარათაშვილის ხიდზე, წყლის ზედაპირზე ღამე დაკიდებული მუშაობა სახიფათოა.
- მერიის კონტრაქტორი კომპანია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და ბარათაშვილის ხიდის სარემონტო სამუშაოებს ატარებს, გიგი უგულავას მეგობრის, გეგი ქელბაქიანის კუთვნილი კომპანია „ენსისია". თუ იცოდით ეს?
- ეს ტენდერის შედეგად გამოვლენილი კომპანიაა. ჯერჯერობით მუშაობს ეს კომპანია, თუმცა მუშაობის ტემპით კმაყოფილი ნამდვილად არა ვარ. ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს. თუმცა ერთი ობიექტური გარემოებაც არის. გამომდინარე იქიდან, რომ ხიდი ძალიან ავარიული იყო, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და მას შემდეგ, რაც მოიხსნა ხიდის დაზიანებული მონაკვეთი, კიდევ უფრო მეტი ხარვეზი გამოჩნდა, შესაბამისად, კიდევ დაემატა სამუშაოების მოცულობა, ვიდრე ეს კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.
- ერთია, რომ ამ კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში, მაგრამ მეორე ის, რომ 2012 წელს მისი ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი დაკავებული იყო და ბრალად სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა ედებოდა. ეს ფაქტი არ გიქმნიდათ ცოტა უხერხულობას?
- უხერხულობას ქმნის, მაგრამ თუ კანონმდებლობას მივყვებით, არ გვქონდაუფლება, უარი გვეთქვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის...
- თუმცა ზაჰესის ხიდის შემთხვევაშიც ისევ გეგი ქელბაქიანის კომპანიას დაუკვეთა მერიამ სამუშაოების შესრულება, მას შემდეგ, რაც კომპანია „ხიდთან" გაწყვიტა კონტრაქტი და ამჯერად უკვე ტენდერის გარეშე და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით...
- ზაჰესის ხიდის სამუშაოები ორ ნაწილად გაიყო. ერთია პატარა ხიდი, სადაც ფასთა გამოკითხვა ჩატარდა და გამოკითხვაშიც ამ კომპანიამ გაიმარჯვა. ეს არ არის პირდაპირ დადებული ხელშეკრულება, ხოლო დიდი ნაწილი ამ ხიდისა ხელახლა გადის ტენდერზე და ტენდერში გამარჯვებული კომპანია გააგრძელებს იქ მუშაობას.
- ამბობთ, რომ სამშენებლო კორპორაცია „ხიდმა" ვერ შეასრულა ტენდერით ნაკისრი მოვალეობები, ისინი კი ამბობენ, რომ არასწორად იყო გაწერილი გეგმა-გრაფიკი, რის გამოც უსამართლოდ ჯარიმდებოდნენ, რამაც კომპანია ფინანსურ კრიზისამდე მიიყვანა.
- ეს არის ისეთი კომპანია, რომელსაც მენეჯმენტი არ გააჩნია, ელემენტარული საკითხები ვერ მოაგვარა და ვერ მოაწესრიგა. ჩვენგან აღებული ავანსი სხვა პროექტს მოახმარა, თუ სად წაიღო, არ ვიცით(?!). ფაქტია, ავანსად რა თანხაც არის წაღებული, ამის ადეკვატური სამუშაოები არ არის შესრულებული, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ საბანკო გარანტიის ამოქმედება და ჩვენი თანხის დაბრუნების პროცედურები. რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ეს კომპანია. პირადად ჩემთანაც იყო რამდენჯერმე მისი ხელმძღვანელი დაბარებული. ადგილზეც ვიმყოფებოდით და ვატარებდით პერიოდულ მონიტორინგებს. ამიტომ ის, რაც მოხდა, 100%-ით კომპანიის ბრალია და თუ რამე პრეტენზია აქვთ მერიასთან, შეუძლიათ, გვიჩივლონ სასამართლოში და შესაბამისად ვაგებთ პასუხს.
- ორი პროექტი შეფერხდა, ორი კომპანია დააჯარიმეთ იმის გამო, რომ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს და კიდევ მეუბნებით, რომ ზედამხედველობის და კეთილმოწყობის სამსახურების ხელმძღვანელები ეფექტურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას?
- რა უნდა ექნათ კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურებს? ისინი აფიქსირებდნენ იმას, რომ კომპანიას ჰქონდა დროში გადაცილება და შესაბამისად ვატარებდით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
- როდის დასრულდება თბილისში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და როდის მოგვარდება საცობების პრობლემა? მაგალითად, რატომ არ დაიწყო დიღმულას ხიდის რეაბილიტაცია ზაფხულის დასაწყისში, როცა პროექტი უკვე მზად იყო, რათა მოგესწროთ მანამ, სანამ თბილისში საავტომობილო მოძრაობა შედარებით შემცირებულია?
- ჩვენ სამუშაოები დავიწყეთ მაშინვე, როგორც კი დედაქალაქში დასრულდა ოლიმპიადა. რადგან ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ოლიმპიური მარშრუტი, იქ სამუშაოებს ვერ დავიწყებდით. შეგვეძლო ეს პროექტი შეგვეჩერებინა და მისი განხორციელება მომდევნო წლის ივლისში დაგვეწყო, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ შესაძლოა ამ ხიდზე გადაადგილება სახიფათო ყოფილიყო. და კიდევ, რა დროსაც უნდა დაიწყო 4-თვიანი სამუშაო დედაქალაქში, ყოველთვის იქნება გადაადგილების პრობლემა, რადგან წელიწადში მხოლოდ ერთადერთი თვე - აგვისტოა, როცა მოძრაობის ინტენსივობა ნაკლებია და მთელი აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. როცა მიმდინარე სამუშაოებს დავასრულებთ, მოგვიწევს ანალოგიური სამუშაოების ჩატარება გულუას ხიდზეც, რადგან ეს ხიდიც გაბზარულია და იქ გადაადგილება სახიფათოა.
- ერთდროულად ძალიან ბევრ ადგილას არის დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არც ერთი პროექტი დასრულებული არ არის (კითხვებს აჩენს ერთდროულად რამდენიმე ხიდზე დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობა). ამ და სხვა ბევრი მოუგვარებელი პრობლემის გამო თქვენი ოპონენტები მოგიწოდებენ კიდეც, რომ გადადგეთ თანამდებობიდან. როგორ ფიქრობთ, ეფექტური მერი ხართ?
- ეგ ოპონენტების გადასაწყვეტი არ არის. ხალხმა უნდა შეაფასოს, მერი ეფექტურია თუ არაეფექტური. არ ვაპირებ საკუთარი თავის შეფასებას. ერთი, რაც ვიცი, რა რესურსებიც გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ვაკეთებთ - გაიძახით, რომ ცუდია და გადათხრილია ქალაქი. არ ვაკეთებდით და გაიძახოდნენ - მერია არ მუშაობს და არაფერს აკეთებსო.
- მე და თქვენ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გავიცანით, მაშინ დამოუკიდებელი ექსპერტი იყავით და მახსოვს თქვენი კრიტიკული შეფასებები ხელისუფლებისა, ხშირად საკმაოდ ობიექტურიც. შეგიძლიათ ახლა ერთი წუთით მაინც დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიციიდან ახლანდელი ქალაქის მერის მუშაობა შეაფასოთ?
- მე დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრებებს პატივს ვცემ და როცა მერიას ობიექტურად აკრიტიკებენ, ბუნებრივია, ამას გაგებით ვხვდებით. ბევრ რამეს ვიზიარებთ.
- მაგალითად, რაში ეთანხმებით მათ თქვენი მისამართით გამოთქმულ შენიშვნებში?
- როცა ისმის კრიტიკა, რომ ზოგ საკითხზე უფრო ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, ეს კრიტიკა მისაღებია და ჩემს სამსახურებს უფრო მეტი სისწრაფისკენ მოვუწოდებ. როცა მოგვიწოდებენ, მიდგომებში მეტად ინოვაციური ვიყოთ, ხშირად ვეუბნები ჩვენს სამსახურებს, რომ ნუ ვიმუშავებთ მოძველებული მეთოდებით, ვიმუშაოთ ახალი მიდგომებით.
- კონკრეტულად მითხარით, როგორ აფასებთ დღევანდელ მერს?
- არ არის დავით ნარმანია დამოუკიდებელი ექსპერტი და როგორ შეაფასოს ქალაქის მერი? ეს ჰკითხეთ დამოუკიდებელ ექსპერტებს.
- კარგი, მაშინ დამისახელეთ ხუთი პროექტი, რომელიც თქვენი მერობის პერიოდში განხორციელდა.
- პირველ რიგში წყნეთის გზა, რომელიც ჩვენ მიმდინარე წელს გავაკეთეთ. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაგები-წყნეთის გზაზე ბოლო ათი წელია არ ჩატარებულა. მეორე არის ხიდებთან დაკავშირებული პროექტი. ჩვენ ქალაქში არსებული 21 დიდი ხიდი შევამოწმეთ და გამომდინარე აქედან დავიწყეთ დაზიანებული ხიდების აღდგენა(?!). მათ შორის არის აღმაშენებლის ხეივნიდან დიდი დიღმისკენ გადასასვლელი ხიდი, რომელიც მთავრდება. 30 წელზე მეტია ეს ხიდი უფუნქციოდ იყო. ჩვენ დავიწყეთ გენერალური გეგმის მომზადება, რაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტია. გავაკეთეთ არსებული პრობლემების ანალიზი, გამოვაცხადეთ საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც გერმანულ-ქართულმა კონსორციუმმა გაიმარჯვა. გენერალური გეგმის სამუშაოები დაიწყო. ქალაქის გამწვანების კუთხით 130 ათასზე მეტი ხე დავრგეთ ორ სეზონზე. რამდენიმე ისეთი პროექტია, რომელიც აბსოლუტურად ჩვენი დაწყებული და გაკეთებულია.
- რაც ჩამოთვალეთ, იმათგან მხოლოდ ერთი - წყნეთის გზა არის დასრულებული.
- აღმაშენებლის ხეივნიდან დიდ დიღომში გადასასვლელი ხიდიც, ფაქტობრივად, დასრულებულია და ახალი გზა თამარაშვილზე ორ კვირაში დასრულდება.
- ფიქრობთ, რომ ობიექტურობას მოკლებულია მოთხოვნა თქვენი გადადგომის შესახებ?
- რა თქმა უნდა, მოკლებულია!.. მე, მოსახლეობის არჩეული მერი, არ ვაპირებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებებიდან გამომდინარე დავტოვო ჩემი თანამდებობა.
- მახსოვს, ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ თქვენთან მაშინ ჩავწერე, როცა ახალარჩეული მერი იყავით. მაშინ დებდით პირობას, რომ ქალაქში არსებული მონოპოლიების საქმიანობას კარგად შეისწავლიდით. მათ შორის იყო სამარშრუტო ტაქსების კომპანია და ის ტენდერი, რომლითაც ამ კომპანიამ გაიმარჯვა, ასევე „აუთდორჯის" და „სითი პარკის" საქმიანობა. ამ სამიდან წაიწიეთ წინ?
- „აუთდორჯის" და „სითი პარკის" საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება ტრანსპორტს, ჩვენ ვთქვით, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემას შევეჭიდებოდით და დავასრულეთ კვლევა მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს მთავრობისგან დაევალა, რომ დაფინანსება წამოიღოს EBRD-სგან, ამ უკანასკნელმა უკვე სატენდერო დოკუმენტაცია მოამზადა და გარკვეულ ნაწილს მუნიციპალური ავტობუსებისა მომავალ წელს შემოვიყვანთ. რაც შეეხება „სითი პარკს", ორი დღის წინ სქელტანიანი დოკუმენტაცია გავგზავნე საქართველოს მთავარ პროკურატურაში, სადაც ჩვენი აზრით, „სითი პარკის" სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. მათი საქმიანობის და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების კვლევაც დავასრულეთ და მის დამფუძნებლებს შევთავაზეთ გონივრული ცვლილებები „სითი პარკთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ველოდებით, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჩამოვლენ და თანხმობას განაცხადებენ ამაზე. მრავალსართულიან პარკინგებს დავპირდით ქალაქს და ამასთან დაკავშირებითაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია. ამ კვლევაზე დაყრდნობით რამდენიმე ადგილზე გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, რომ დაინტერესებულმა კომპანიებმა ააშენონ მრავალსართულიანი პარკინგები.
ასევე შესწავლილი გვაქვს „აუთდორჯის" საქმიანობა. მომზადებული გვაქვს წესი საკრებულოში წარსადგენად, რომლის მიხედვითაც, არავის არ უნდა ჰქონდეს ქალაქში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება. „აუთდორჯის" დარჩება მხოლოდ მის მფლობელობაში არსებული სარეკლამო სივრცეები, მაგრამ ნებართვის გამცემი ეს კომპანია ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს თავისუფალი კონკურენციის პრინციპების გათვალისწინებით.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა თანამდებობები დატოვონ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, კახი კალაძის ცოლისძმამ გიორგი არეშიძემ და თქვენმა მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ.
- მე არ შემიძლია რამე დაგიდასტუროთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ის პროცესი, რაც მიმდინარეობდა, ანუ კადრების წასვლის და ახალი კადრების მოძიების პროცესი დასრულებულია, მიმდინარეობს კონსულტაციები საკრებულოსთან. თუ ვინმე მომავალში რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი გადასაწყვეტია.
- არ გიჩნდებათ შეკითხვები, როცა მერიის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებზე ბრალდებები გაისმის? მათ შორის ვგულისხმობ როგორც სოლომონიას, ისე არეშიძეს.
- სოლომონიასთან დაკავშირებით შეკითხვები არა მაქვს. არც არეშიძესთან მაქვს შეკითხვები, ისიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. უბრალოდ, მას კახი კალაძემ მოუწოდა, დაეტოვებინა ეს პოსტი, თუმცა თავად გიორგი ამას არ დაეთანხმა. ის მე მოვიყვანე მერიაში, რადგან დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი მისი გამოცდილება ახალგაზრდულ და სპორტის საკითხებში. გაამართლა კიდეც. გარდა ამისა, ის მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში იდგა ჩემ გვერდით.
- ანუ ამ შემთხვევაში თქვენ არეშიძის პოზიციას იზიარებთ თუ კალაძის?
- მე ორივეს მოსაზრებას პატივს ვცემ. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს გიორგი, მე ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმები. ჯერჯერობით რამდენიმე დღე შვებულებაშია.
- და შეიძლება აღარც დაბრუნდეს მერიაში...
- დაველოდოთ.
- ყოფილ ვიცე-მერთან, ალექსანდრე მარგიშვილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ის წავიდა ვიცე-მერობიდან, თუმცა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობს, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონი ლარია. გაჩნდა მოსაზრება, რომ მას ამით სასათბურე პირობები შეუქმნეს.
- მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, რომელიც რამდენიმე ადამიანისგან არის დაკომპლექტებული, მოამზადა პროგრამები, რომლებიც განვიხილეთ მთავრობის სხდომაზე, მივეცით თანხმობა, გადაგზავნილია საკრებულოში და იქ გაგრძელდება მსჯელობა. ეს არის პროგრამები, რომლებიც დედაქალაქში რამდენიმე მიმართულებით, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობას გულისხმობს, მათ შორის ხალხური რეწვისა და ტურიზმის განვითარებას.
- ანუ ჯერ მხოლოდ პროგრამები არსებობს... ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დიდად გაქებდათ, როცა მერობის კანდიდატი იყავით. საინტერესოა, ბოლო დროს თუ გქონდათ მასთან შეხვედრა?
- არ მქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და რამე ისეთი დისკუსია და კამათი ამ საკითხებზე. ძირითადი კომუნიკაცია მაქვს მთავრობასა და მთავრობის მეთაურთან, როგორც ცალკეული საკითხების შეთანხმების თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური საბჭოს ფორმატში.
- გავიგეთ, მერიაში, მე-14 სართულზე აკეთებთ კაფეტერიას, რომელიც თბილისის ბიუჯეტს დაახლოებით 150 ათასი ლარი დაუჯდება. რა აუცილებლობა იყო კაფეტერიის მოწყობა?
- უმჯობესია, ეს ადმინისტრაციას ჰკითხოთ... მერიის თანამშრომლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში და გვიან ღამემდე არიან მერიის სისტემაში, საჭიროებენ კვებას და აქედან გამომდინარე, ამხელა უწყებისთვის სასადილოს მოწყობა, ვფიქრობ, აუცილებელია.
P.S. კარგია, თუ მერია ახლა მაინც გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ქალაქში მონოპოლიების აღსაკვეთად. თუმცა არც აქამდე ჰქონდათ ამისათვის ცოტა დრო. რაც შეეხება ხიდების სარეაბილიტაციო პროექტებს, კითხვები კვლავ რჩება. მერიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელ ცენტრს ერთდროულად 21 ხიდის კვლევა დაუკვეთა. კვლევის თანახმად, თბილისში თითქმის ყველა ხიდი სასწრაფოდ შესაკეთებელია. მერიამაც ერთდროულად რამდენიმე ხიდის შეკეთება-რეაბილიტაციაზე გამოაცხადა ტენდერი, რისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონები გამოიყო. საინტერესოა, შეამოწმა თუ არა მერიამ კვლევის კომპეტენტურობის ხარისხი და რატომ არ დააეჭვა კვლევის შედეგმა, რომლის თანახმად, თბილისის სხვადასხვა დროს აშენებული ხიდები ერთდროულად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა(?!); ან რატომ გახდა აუცილებელი რამდენიმე ხიდის რეაბილიტაციის ერთდროულად დაწყება, რამაც მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები შეუქმნა? შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ჯერ ერთი ხიდის რეაბილიტაცია დაესრულებინათ და მერე დაეწყოთ მეორეზე სარემონტო სამუშაოები? ამ კითხვებზე დეტალური პასუხის გაცემას ჩვენ შემდეგ ნომრებში შევეცდებით.
ემა ტუხიაშვილი
გაზეთი „კვირის პალიტრა"